Facebook Twitter

საქმე N 020100121004336250

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1015აპ-23 19 დეკემბერი, 2023 წელი

ბ–ი ც., №1015აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ც. ბ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2020 წლის 7 მაისს ქ.ქ–ში, ჭ–ს გამზირი N.......-ში მდებარე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,........... კაპიტალი“-ს ქ–ს ფილიალში ც. ბ–იმა ამავე კომპანიის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააფორმა საბანკო კრედიტის (ავტოსესხი) და გირავნობის ხელშეკრულებები, რა დროსაც მან მოატყუა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,......... კაპიტალი“-ს უფლებამოსილი თანამშრომელი, თითქოსდა ბანკის წინაშე ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას შეასრულებდა პირნათლად და გარანტად წარადგინა კუთვნილი ,,ფოლკსვაგენ ჯეტა“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით ............ კომპანიისგან საბანკო კრედიტის სახით მიღებული 7000 ლარის მართლსაწინააღდეგოდ დაუფლების შემდგომ მან არც ერთხელ არ შეასრულა ნაკისრი ფინანსური ვალდებულება. ამასთან, არ წარადგინა მოთხოვნილი უზრუნველყოფის საშუალება - ავტომანქანა, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,............ კაპიტალი“-ს კუთვნილი 7000 ლარი, რის შედეგადაც კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ც. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ც. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 20 ივნისს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმება, ც. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ც. ბ–ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმე ი. გ–ამ განმარტა, რომ ც. ბ–მა არცერთხელ არ შეასრულა შპს “...... კაპიტალის“ მიმართ სესხის და გირავნობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებული მისი მობილური ტელეფონის ნომერი მუდმივად იყო გამორთული, რაც შეუძლებელს ხდიდა მასთან კომუნიკაციას. ხსენებული ხაზს უსვამს და ამყარებს იმ ფაქტს, რომ ც. ბ–იმა ავტომანქანა გირავნობით დატვირთა ისე, რომ აღებული თანხის თაღლითურად დაუფლება წინასწარ ჰქონდა განზრახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი, როგორც ხელშეკრულების კეთილსინდისიერი მხარე შეინარჩუნებდა ავტომანქანას ნორმალურ მდგომარეობაში, რათა შეესრულებინა აღებული ვალდებულება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ც. ბ–მა იცოდა, რომ მას არ ჰქონდა თანხის გადახდის შესაძლებლობა და არც აპირებდა კომპანიისთვის ვალის დაბრუნებას. მის მიერ თაღლითობის ჩადენის განზრახვაზე, ასევე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ც. ბ–მა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები გააფორმა ავტომანქანის საკუთრებაში რეგისტრაციიდან მეორე დღეს, რაც მიუთითებს, რომ მან ავტომანქანა გამოიყენა თაღლითობის საგნად და სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რაც სცდება ვალდებულების შეუსრულებლობის სამოქალაქო-სამართლებრივ დავას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ც. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის განხორციელების დროს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რისი დახმარებითაც ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნვეყოფა. რის გამოც, მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშანს. არსებობს მოტყუების, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ორი სახე: აქტიური მოტყუება, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინებით და პასიური მოტყუება, რაც გულისხმობს იურიდიული ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო და რითიც ეს უკანასკნელი შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას, წინააღმდეგ შემთხევაში ქმედება თაღლითობად ვერ დაკვალიფიცირდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ბ–ს ქმედებაში გამოკვეთილია არ არის მისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდებით.

5.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ც. ბ–იმა სს მიკროსაფინანფო ორგანიზაცია ,,............ კაპიტალი“-ს კუთვნილი თანხა მიიღო მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო რაიმე მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა, მის განზრახვას აღნიშნული თანხის თაღლითურად დაუფლების თაობაზე წარმოდგენილი არ არის.

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ც. ბ–ს მიერ თაღლითობის ჩადენას და ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ: საკრედიტო N ............. ხელშეკრულება, კერძო აღმასრულებელ დ. ე–ს წერილი, მოწმეების - დ. ე–ს, ე. მ–ს ჩვენებები არ ქმნიან მტკიცებულებათა ერთობლიობას რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ც. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე