Facebook Twitter

საქმე N 330100122006213448

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1030აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი

გ–ი გ., №1030აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ, ირაკლი ყვავაძის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–იი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის, მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. გ. გ–ი, მეუღლეს – ს. ზ–ს, როგორც ქალს, აღიქვამს სოციალურად უთანასწოროდ, მიიჩნევს, რომ სქესი მას, ანუ მამაკაცს, ანიჭებს უპირატესობას, ჩაერიოს ქალის ცხოვრებაში, აკონტროლოს, შეზღუდოს, საკუთარი შეხედულებისამებრ განუსაზღვროს ცხოვრების წესი, მოითხოვოს უსიტყვო მორჩილება. დასახელებული მოტივით, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, გ. გ–ი, მეუღლეს ს. ზ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია.

1.3. 2022 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თ–ში, წ–ს ქუჩის N..-ში, გ. გ–მა არასრულწლოვანი შვილის, (4 წლის) ა. გ–ს თანდასწრებით, მეუღლეს, ს. ზ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ესროლა ვაზა, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა თავში, კერძოდ, კეფაში, აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2022 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თ–ში, წ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. გ–ი მეუღლეს, ს. ზ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით, 20:40 საათზე, გ. გ–ი მივიდა მეუღლის, ს. ზ–ს საცხოვრებელ ბინაში, თ–ში, დ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, დანის მაგვარი საგნის ტარით აბრახუნებდა კარზე, ითხოვდა, რომ ს. ზ–ს მისთვის კარი გაეღო, პარალელურად, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ გამოსჭრიდა ყელს და მოკლავდა, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით გ. გ–ი წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა დამნაშავედ და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელების დამძიმება, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად. კერძოდ,

გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. გ–ის, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

3.2. 2023 წლის 18 ივლისს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. გ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გ. გ–სთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლოიალური. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულის სპეციფიკა იმ კუთხით, რომ ბრალდებულმა განახორციელა ძალადობა ოჯახის წევრის – მეუღლის მიმართ, რომელთან ერთადაც ცხოვრობს მუდმივად. შეურაცხყოფასა და ძალადობას წინ უძღოდა ინტენსიური ოჯახური კონფლიქტი, რომელიც არ არის ამოწურული და არსებობს მისი გაგრძელების საფრთხე, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყვეს ძალადობრივი ქმედებები მსხვერპლის მიმართ. მხედველობაშია მისაღები ძალადობის ინტენსივობა, ასევე, ის ფაქტი, რომ ძალადობა განხორციელებულია არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ამასთან დაზარალებულს ამ დრომდე აქვს პრეტენზია. აღნიშნული გარემოებები ასახავს გ. გ–ს მიდრეკილებას ოჯახური ძალადობისაკენ, კონკრეტულად კი – მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენისაკენ. შესაბამისად, გ. გ–ს მიმართ, დანაშაულის ყველა ეპიზოდში, სასამართლოს სასჯელის სახედ უნდა გამოეყენებინა თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. გ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში გ. გ–ის ბრალად ასევე წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია ბრალად წარდგენილი სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლებით, რის გამოც, დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება მოტივს – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობას გათვალისწინებულია სასჯელის დანიშვნის დროს.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (გ. გ–იმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში გ. გ–იისთვის თითოეული ეპიზოდისთვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე