Facebook Twitter

საქმე N 330100122005957674

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1031აპ-23 11 დეკემბერი, 2023 წელი

გ–ი ვ., №1031აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის, საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე, მსჯავრდებულ ვ. გ–ის მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. გ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 28 მაისს, დაახლოებით, 11:00 საათზე, თ–ში, ზ–ს დასახლების, მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კვარტლის, ..-ე კორპუსის, ბინა №..-ში ვ. გ–მა ორი პირის მიმართ, კერძოდ, მეუღლისა და არასრულწლოვნის - ვ.-ი. გ–ს მიმართ, არასრულწლოვან, 2005 წელს დაბადებულ, ნ. თ–ს თანდასწრებით განახორციელა ძალადობა. კერძოდ, მეუღლეს - მ. თ–ს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნითა და მორჩილებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, ხელი წაავლო ძლიერად ხელზე და ფიზიკური ძალის გამოყენებით აივანზე გაიყვანა. ამავდროულად, ვ. გ–იმა 2010 წელს დაბადებულ ვ.-ი. გ–ს ხელი დაარტყა მკლავზე და ძლიერად მოუჭირა იდაყვზე. ვ. გ–ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ. თ–მ და ვ. ი. გ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2022 წლის 28 მაისს, დაახლოებით, 11:00 საათზე, თ–ში, ზ–ს დასახლების, მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კვარტლის, ..-ე კორპუსის, ბინა №..-ში ვ. გ–მა მეუღლის - მ. თ–ს - მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნითა და მორჩილებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც, მ. თ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, ვ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლდა.

ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ და მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - მ. ტ–მ. ბრალდების მხარემ მოითხოვა ვ. გ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით, ასევე მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. გ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. გ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ვ. გ–ს გამართლების ნაწილში უკანონოა. დაზარალებულ - მ. თ–ს ჩვენება, არასრულწლოვანი მოწმეების: ნ. თ–ს, ვ. ი. გ–სის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მ. თ–სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მ. თ–ს მიერ „112-ში“ განხორციელებული ზარის ჩანაწერი - ადასტურებს ვ. გ–ს მიერ ვ. ი. გ–სის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტსა და მის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, კასატორის მითითებით, საპოლიციო ჩარევები არ აღმოჩნდა საკმარისი ვ. გ–ს შემდგომი ქცევის უზრუნველსაყოფად, მსჯავრდებული დამოკიდებულია ალკოჰოლზე, უჭირს საკუთარი ქმედებების კონტროლი. შესაბამისად, ვ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ვ. გ–ს მიერ მ. თ–ს მიმართ, 2022 წლის 28 მაისს, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტები, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

5.3. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების: შეტყობინების, დაზარალებულ მ. თ–ს ჩვენების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და გამოძიების ეტაპზე გამოკითხული არასრულწლოვნების ჩვენებების შინაარსზე, რომლებიც მისი განმარტებით ადასტურებენ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებს.

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. გ–ს მიერ არასრულწლოვან შვილზე ვ. ი. გ–სზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანმა მოწმეებმა - ვ. ი. გ–მ და ნ. თ–მ, საპროცესო წარმომადგენლისა და ხელწერილის საფუძველზე უარი განაცხადეს სასამართლო სხდომაზე მოსვლაზე და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მართალია, დაზარალებულმა მ. თ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ვ. გ–მა, ვ.-ი. გ–ს ხელი დაარტყა მკლავზე და მოუჭირა, თუმცა, დაზარალებულს სასამართლოსთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის თაობაზე, განიცადა თუ არა ვ. ი. გ–მ ფიზიკური ტკივილი, დარტყმის ანდა მკლავზე ხელის მოჭერის შედეგად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, მ. თ–ს, ასევე არ მიუთითებია რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც სუბიექტური ანდა ობიექტური ნიშნით აღნიშნულის დადასტურების საშუალებას მისცემდა სასამართლოს.

5.6. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ვ. ი. გ–მ (შვილმა) და მოწმე ნ. თ–მ (გერმა), საპროცესო წარმომადგენლისა და ხელწერილის მეშვეობით უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ვ. გ–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა და ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.7. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა მ. თ–მ ზოგადად მიუთითა ვ. გ–ს მიერ, ვ.-ი. გ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია: რა მოიმოქმედა არასრულწლოვანმა დარტყმის შემდეგ, ხომ არ გაუზიარა მას დარტყმის შედეგად განცდილი ტკივილი, ანდა რაიმე ფორმით, თუნდაც ტირილით, ხომ არ გამოხატა აღნიშნული.

5.8. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში ვერ დადასტურდა ძალადობის შედეგად ვ. ი. გ–ს მიერ ტკივილის განცდის ფაქტი, მოწმეს სასამართლოსთვის არ მიუწოდებია ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სუბიექტური ან ობიექტური ტესტით შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო, რომ ვ. ი. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით (ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.

5.9. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გამოძიების ეტაპზე გამოთხოვილი შეტყობინება, დაზარალებულ - მ. თ–სის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი - ადასტურებს ვ. გ–ს მიერ შვილის, ვ. ი. გ–ს მიმართ განხორციელებული იმგვარი ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ვ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ვ. გ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. გ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ვ. გ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლელს.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე

საბოლოო