Facebook Twitter

საქმე N 160141522005590585

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №770აპ-23 19 დეკემბერი, 2023 წელი

ვ-ი ვ., №770აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვ. ვ–ს (პირადი ნომერი: ..............) ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 17 დეკემბერს (საბრალდებო დასკვნის შედგენის დღეს) მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგით:

2002 წლის 9 ივლისს, ვ. ვ–მა და ე. ნ–მა წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმა ფულის დაუფლების მიზნით. მათ ავტომანქანით – ვაზ. 2101 სახ. №.........., რომელიც ითხოვეს ჯ. ნ–სან, ..........ის საზღვრიდან, ე.წ. „ბ–ს“ საბაჟოდან მ–ს რაიონის სოფელ ს–ს ბაზრობაზე წამოიყვანეს ს–ს რესპუბლიკის მოქალაქეები – ა. ა–ი და ს. ო–ი, რათა გზაში მათ ყაჩაღურად დასხმოდნენ თავს. მ–ს რაიონის სოფელ ს–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ დანის მუქარით ა. ა–ს გასტაცეს 310 აშშ დოლარი, 12000 სომხური დრამი და სამკაულები, ხოლო ს. ო–ს – 410 აშშ დოლარი და სამკაულები, რის შემდეგაც მიიმალნენ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ვ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ვ. ვ–ს, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 2 თვით და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. ვ. ვ–ი დაკავებული იქნა 2022 წლის 15 მარტს .

2.4. 2022 წლის 12 აპრილს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ხ–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ვ. ვ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენში.

ვ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვ. ვ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და, საბოლოოდ, განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაზეც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ვ. ვ–ს მიერ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: დაზარალებულმა ა. ა–მა მიუთითა, რომ ვ. ვ–მა სწორედ ე. ნ–თან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა. ანალოგიური დაადასტურა დაზარალებულმა ს. ო–ც. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად შეაფასა აღნიშნული ჩვენებები და ვ. ვ–ი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში გაამართლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ: საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5.2. საკასაციო სასამართლო ვ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების: ა. ა–ს და ს. ო–ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, მოწმეების: ე. ნ–სა და ჯ. ნ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, 2002 წლის 9 ივლისის დათვალიერების ოქმით და ვ. ვ–ს აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ 2002 წლის 9 ივლისს, ვ. ვ–ი დანის გამოყენების მუქარით დაეუფლა ა. ა–სა და ს. ო–ს ფულად თანხას და სამკაულებს, ხოლო ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ე. ნ–ი და ვ. ვ–ი ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში - სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ყველა მოწმე მიუთითებს, რომ ვ. ვ–ი მოქმედებდა მარტო, საქმეში გამოკვეული მტკიცებულებებით, ასევე ვერ დადასტურდა ვ. ვ–სა და სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჯგუფურად განხორციელება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ ე. ნ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ვ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

5.3. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი, რომლითაც ვ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით არის კანონიერი.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

5.8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე