Facebook Twitter

საქმე N 010100119003262641

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1000აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი

ი–ე გ., №1000აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. გ. ი–ე (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული გ. ი–ე, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2019 წლის 22 აგვისტოს, ქ. ბ,, გ-ს ქუჩაზე მართავდა „აუდის“ მარკის ავტომობილს, სახ. სანომრე ნიშნით –.........;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული გ. ი–ე, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხუთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2019 წლის 9 სექტემბერს, ქ. ქ–ში, ა–ს ქუჩაზე მართავდა „აუდის“ მარკის ავტომობილს, სახ. სანომრე ნიშნით –........ .

1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, გ. ი–ე (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი;

ამავე განაჩენით, გ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, გ. ი–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. ი–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თავისუფლების აღკვეთა 7 დღით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარი.

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გელა თებიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ი–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

1.4. დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ჯ. წ–მ, შესაგებლით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და გ. ი–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. ი–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარი;

1.6. 2023 წლის 8 თებერვალს მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ჯ. წ–მ, საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმება.

1.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. წ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

1.8. გ. ი–ე დააკავეს 2023 წლის 24 ივლისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს სსკს – თბილისის აეროპორტში.

1.9. 2023 წლის 21 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. ი–მ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენი და მოითხოვა მისი გაუქმება.

2. კასატორის არგუმენტები:

2.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რადგან საქმე განიხლა მისი მონაწილეობის გარეშე, ისე რომ, საქმეზე არ ყოფილა წარდგენილი მსჯავრდებულის თანხმობა საქმის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე და არც ადვოკატისათვის მიუცია უფლებამოსილება, დაეცვა მისი ინტერესები სააპელაციო სასამართლოში. მსჯავრდებულმა მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განხილვისას სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის №168 - უ/20 გადაწყვეტილების გათვალისწინება.

3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

3.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

3.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. ი–ს მიმართ სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვით, დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ,,ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა“. ამავე კოდექსის 297-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად“. სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე გ. ი–ს უფლებებს, შესაბამისი ორდერით, იცავდა ადვოკატი ჯ. წ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ადვოკატი იღებდა მონაწილეობას წინასასამართლო სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა გ. ი–ე, რა დროსაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

3.3. რაც შეეხება, დაცვის მხარის – ადვოკატ ჯ. წ–ს მიერ საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს: განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის საფუძველზე შეამოწმოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერება, ვინაიდან განსახილველი საქმე ეხება განაჩენს, რომელიც გამოტანილია მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე, იმ პირობებში, როცა ადვოკატის საჩივარს არ ჰქონდა დასტური, რომ მსჯავრდებული ითხოვდა საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

3.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცული საქმის სამართლიანი განხილვის უფლების უზრუნველსაყოფად, სასამართლოზე წვდომის უფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტუტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს ,,უზრუნველყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა არამარტო უფლების დარღვევის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი იმ საკითხის გადასაწყვეტად, რაც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას იქონიებს პირის უფლების შინაარსზე თუ შეზღუდვებზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1/2/434 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)“.

3.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, გ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა უფლებები, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გ. ი–ე პრეზიდენტის განკარგულებით, გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2016 წლის 27 ოქტომბერს. გ. ი–ე 2019 წლის 14 თებერვლის მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახით კი განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. რის შემდგომ, 2019 წლის 22 აგვისტოსა და 2019 წლის 9 სექტემბერს, გ. ი–ე კვლავ მართავდა ავტომობილს (რაც არ წარმოადგენს სადავო ფაქტობრივ გარემოებას). დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2020 წლის 1-ელი სექტემბრის №168 - უ/20 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ. ი–ს განცხადება ჩამორთმეული უფლებების ვადის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა. გ. ი–ს (სატრანსპორტო საშუალების მართვის) 5 წლის ვადით ჩამორთმეული უფლების დარჩენილი ვადა შეუმცირდა 2020 წლის 1 სექტემბრამდე. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს, კი 2019 წლის 22 აგვისტოსა და 2019 წლის 9 სექტემბერს გ. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და, ის ფაქტი, რომ მას შემდგომში აღუდგა მართვის უფლება, გავლენას ვერ მოახდინოს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე.

3.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით გ. ი–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. რაც შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.

3.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ი–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე