საქმე N 010100122006583072
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1145აპ-23 26 იანვარი, 2024 წელი
ს-–ი ა., №1145აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ს–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ. ქ-ში, ა. ს–მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის – ე. კ–ს მიმართ, რომელთან ერთადაც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა, კერძოდ, ძლიერად გადაუგრიხა ხელები ე. კ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ქ–ში, ა. ს–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – ე. კ–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ე. კ–მ ა. ს–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ს–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 პრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა. ს–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – დაემატა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ს–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ა. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 6 ნოემბრიდან.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნებოდა სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ: ა. ს–ს მუქარის ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 111 მუხლზე მითითება.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენით ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ს–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 პრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა. ს–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ს–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
ა. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 06 ნოემბრიდან.
3.3. 2023 წლის 9 ივნისს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნიკა მენთეშაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საქართველოს სსკ-ის 111 მუხლზე მითითებით და ა. ს–ითვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება, იმის თაობაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111 მუხლზე მითითებას დამატებით არ საჭიროებს სამართლებრივად არამართებულია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 23 მაისის N268აპ-22 გადაწყვეტილებაში გაიზიარა მოცემულ საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რის გამოც, უნდა შეიცვალოს. ამასთან, კასატორის აზრით ა. ს–ისათვის დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჩადენილი ქმედებების არაპროპორციულია. სასჯელის ეს სახე შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათთან და მის პიროვნებასთან, კერძოდ, მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდი, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო პალატა, თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო.
5.3. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიღებული უდავო მტკიცებულებებით: დაზარალებულ ე. კ–ს, მოწმეების – ი....................... გამოკითხვის ოქმებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებით, 2022 წლის 6 ნოემბრის N0----- შემაკავებელი ორდერითა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 ნოემბრის ექსპერტის N........... დასკვნით, ა. ს–ის დაკავების ოქმითა და მსჯავრდებულის აღიარებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. ს–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
5.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. ს–მ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ: იმ პირის მიმართ ვისთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.5. საკასაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან არასწორად იქნა ამორიცხული საქართველოს სსკ-ის 111 მუხლზე მითითება.
5.6. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ მართალია, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ხსენებული კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა ,,დ“ ქვეპუნქტი, სადაც მაკვალიფიცირებლად მითითებულია ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ზოგად ნორმას - საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლს, მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელი ნორმის შენიშვნით განისაზღვრება პირთა წრე, რომლებიც საქართველოს სსკ-ის მიზნებისთვის ითვლება ოჯახის წევრად.
5.7. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, „ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.“ ზემოაღნიშნული მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.8. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლში მოცემულია იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლებიც მიიჩნევა ოჯახურ დანაშაულად, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნით კი, განისაზღვრება პირთა წრე, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის ითვლებიან ოჯახის წევრებად. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ა. ს–მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, იმ პირის მიმართ, ვისთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, ოჯახის წევრად, ასევე მიიჩნევიან პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლი ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, საჭიროებს ამ მუხლზე მითითებას.
5.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში მიღწევადია სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში. დანაშაულის ხასიათი და ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება ასახულია შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში და არ არსებობს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შერჩეული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის მიზნებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს მოცემული დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის დამძიმების წინაპირობა.
6.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ს–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი თითოეული ეპიზოდისათვის სამართლიანია და უზრუნველყოფს სასჯელის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
6.7. სააპელაციო სასამართლომ, ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა. ს–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ს–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა. ს–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს- 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ნაწილობრივ დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ს–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
7. მსჯავრდებულ ა. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს – 2022 წლის 6 ნოემბრიდან.
8. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონტროლი მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე