Facebook Twitter

საქმე N 200100121004868424

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1029აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი

ჟ–ი ა., №1029აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ჟ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არაერთგზის (სამი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა. ჟ–მა, 2021 წლის აპრილის თვის შუა პერიოდში, თ–ს რაიონის სოფელ რ–ში, თავისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ორსულ, ნ. ფ–ს, კერძოდ: ბარის ტარით სცემა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება ა. ჟ–მა ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ფ–ს არ თვლიდა ოჯახის სრულფასოვან წევრად, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, არ აძლევდა საშუალებას გაეკეთებინა მაკიაჟი ან დაუკითხავად წასულიყო სადმე, ვინაიდან იყო ქალი და ყველაფერი უნდა შეეთანხმებინა მასთან.

1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა. ჟ–მა, 2021 წლის მაისის თვის შუა პერიოდში, თ–ს რაიონის სოფელ რ–ში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ორსულ ნ. ფ–ს, კერძოდ: ა. ჟ–იმა დაინახა, რომ ნ. ფ–სა სახლიდან გადიოდა სახეზე მაკიაჟით რის გამოც, მან ორჯერ დაარტყა მუშტი ნ. ფ–ს მარჯვენა თვალის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ა. ჟ–მა ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ნ. ფ–ს – არ თვლიდა ოჯახის სრულფასოვან წევრად, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, არ აძლევდა საშუალებას გაეკეთებინა მაკიაჟი ან მის დაუკითხავად წასულიყო სადმე, ვინაიდან იყო ქალი და ყველაფერი უნდა შეეთანხმებინა მასთან.

1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა. ჟ–მა 2021 წლის 07 ივნისს თ–ს რაიონის სოფელ რ–ში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ორსულ – ნ. ფ–ს – იმის გამო, რომ ნ. ფ–სა ა. ჟ–ს დაუკითხავად გაჰყვა ნ. გ–ს სასაფლაოზე. ა. ჟ–იმა თავდაპირველად გაშლილი ხელი გაარტყა ნ. ფ–ს სახის არეში, ხოლო შემდეგ მაგიდიდან აიღო მწვანე ფერის ქანჩი, ესროლა ნ. ფ–ს და მოარტყა სახის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ. ფ–სამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ა. ჟ–მა ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ნ. ფ–ს – არ თვლიდა ოჯახის სრულფასოვან წევრად, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, არ აძლევდა საშუალებას გაეკეთებინა მაკიაჟი ან მის დაუკითხავად წასულიყო სადმე, ვინაიდან იყო ქალი და ყველაფერი უნდა შეეთანხმებინა მასთან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენით ა. ჟ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ჟ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 16 აგვისტოს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ვალერი გიორგაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ჟ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია ა. ჟ–ს დამნაშავედ ცნობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო დაზარალებულ ნ. ფ–ს მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, დაზარალებულმა მიუთითა თ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ის კონკრეტული ადგილი, სადაც ა. ჟ–მა მასზე იძალადა ფიზიკურად 2021 წლის აპრილის თვეში, 2021 წლის მაისის თვეში და 2021 წლის 07 ივნისს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. კასატორის პოზიციით, ხსენებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მიჩნეულ უნდა იქნეს დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებად და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. გარდა ამისა, სასამართლოში დაიკითხა სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკი თ. ქ–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 08 ივნისს სამსახურში ყოფნისას გამოცხადდა თ–ს რაიონის სოფელ რ–ში მცხოვრები ნ. ფ–სა, რომელმაც საუბრისას განმარტა, რომ მისი მეუღლე, ა. ჟ–ი, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც სურდა თავშესაფარში გადაყვანა, რადგან არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი. მას ტუჩზე აღენიშნებოდა დაზიანება, რაზეც განმარტა რომ წინა დღეს ა–მ ესროლა ქანჩი, რომელიც მოხვდა სახეზე ტუჩის არეში და მიიღო დაზიანება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია, რომ ნ. ფ–ს პირადი შემოწმების დროს აღენიშნებოდა ნაჭდევი ქვედა ტუჩის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვენება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (07.06.2021 წ.). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად შესაბამება, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ასევე ნ. ფ–ს სხეულზე არსებულ დაზიანებას.

4.2. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ჟ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ჟ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ჟ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნ. ფ–მ (მეუღლემ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. ჟ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ ნ. ფ–ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის განმეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულად ცნობილმა პირმა უარი განაცხადა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა ვითარების აღდგენა ან საქმისათვის არსებითი გარემოებების დადგენა, მათ შორის ქანჩის მოძიება ან სხვა. ხოლო როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის განმეორებას, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1ივნისის განჩინება, საქმე №49აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმის - თ. ქ–ს – ჩვენებით, ის სოციალური მუშაკია და ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა ნ. ფ–მ, რომელმაც მოითხოვა თავშესაფარში გადაყვანა. აღნიშნული ჩვენება ირიბია, რადგან ის გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, აღნიშნული ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 11 ივნისის N............. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ირკვევა, რომ 09.06.2021 წლის პირადი გასინჯვით, ნ. ფ–ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანება – ნაჭდევი ქვედა ტუჩის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს – 07.06.2021 წელს. მართალია, აღნიშნული დასკვნით დადასტურდა დაზიანების არსებობა, თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნ. ფ–ს მიაყენა ა. ჟ–მა და ამ დაზიანების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი – წარმოდგენილი არ არის.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. ჟ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე