Facebook Twitter

საქმე N 330100122006213235

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №979აპ-23 22 დეკემბერი, 2023 წელი

ტ–ე ი., №979აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ტ–ეე (პირადი ნომერი: ...........) და ლ. პ–მი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის), ხოლო გ. ლ–ი (პირადი ნომერი: ...........) - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 06 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ლ–ს შესახვევი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარი შეთანხმებით ი. ტ–მ, ლ. პ–მა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევმა გ. ლ–იმა ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით დასძლიეს ს. ი–სის წინააღმდეგობა, ი. ტ–მ ხელიდან გამოგლიჯა ამ უკანასკნელს „....“-ის ფირმის 300 ლარად ღირებული აირის პისტოლეტი, დაეუფლა მას და რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავის არეში, ლ. პ–მა და ი. ტ–მ სანამ ი–ს გაუკავეს ხელები და გ. ლ–იმა დაზარალებულს შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოაცალა 800 ევრო და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლნენ მას. ამის შემდგომ დაზარალებულის მოთხოვნას უკან დაებრუნებინათ მისთვის წართმეული თანხა, პასუხად კვლავ ძალადობით უპასუხეს, გადმოათრიეს მანქანიდან და ხელისა და ფეხების დარტყმით კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულს მიადგა ფიზიკური სახისა და 2524,48 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. პ–მა და გ. ლ–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განაჩენით ი. ტ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ლ. პ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

ლ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

გ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, გ. ლ–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. ტ–ს, ლ. პ–სა და გ. ლ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. ტ–ს, ლ. პ–სა და გ. ლ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, მოწმეების: ს. ი–ს, ხ. ქ–ს, გ. კ–ს ჩვენებები, ი. კ–ს, რ. ო–ს, გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ამოღების ოქმები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ი. ტ–ს, ლ. პ–სა და გ. ლ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და ი. ტ–ე გაამართლა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით, ხოლო ლ. პ–ს და გ. ლ–ის მიმართ შეცვალა კვალიფიკაცია და ისინი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არის უკანონო და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული/უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. კასატორი მიუთითებს დაზარალებულ ს. ი–ს ჩვენებაზე, რომლითაც მისი განმარტებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა გ. ლ–თან, რის შემდეგაც მასზე იძალადეს ი. ტ–მ, ლ. პ–მა და გ. ლ–მა, რა დროსაც შარვლის უკანა ჯიბიდან ამოაცალეს ფულადი თანხა და ხმოვანი პისტოლეტი. მოწმე ხ. ქ–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2022 წლის 6 აგვისტოს ს. ი–სი სახლიდან გავიდა ფულის დასახურდავებლად, რათა შეეძინა მობილური ტელეფონი, ხოლო უდავოდ მიჩნეული ი. კ–სა და რ. ო–ს გამოკითხვის ოქმებით, ასევე უტყუარადაა დადასტურებული ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების, კერძოდ: ძარცვის ჩადენის ფაქტი. კასატორის პოზიციით მოცემულ შემთხვევაში, მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ს. ი–სი, შემხვედრ ი. კ–ს სთხოვს დახმარებას და ეუბნება, რომ მას ფული წაართვეს და სცემეს, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რ. ო–ს, მისვლისთანავე უყვება, რომ სამმა პირმა ფული და იარაღი წაართვა და სცემა. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები. შესაბამისად, მათი ჩვენებები პირდაპირი ხასიათისაა, როგორც დაზიანებებთან დაკავშირებით, ისევე ძარცვის ფაქტთან მიმართებით. სასამართლომ არასწორად შეაფასა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, როდესაც განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას, ვინაიდან ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პირი – ს. ი–ი. ამგვარი მსჯელობა არასწორია და მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია დაზარალებულის მონაწილეობით, წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებებს. კასატორის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდებულების ჩვენება და საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებული პოზიცია, თითქოს ლ. პ–მა და გ. ლ–იმა დაზარალებული მხოლოდ სცემეს და მისთვის ფულადი თანხა და აირის პისტოლეტი არ წაურთმევიათ. ბრალდებულების ჩვენებები და პოზიციები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ლ. პ–მა, საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ს. ი–ზე მხოლოდ მან იძალადა, ანალოგიურად, მისი მხრიდან განხორციელებული, მხოლოდ ძალადობის ფაქტი დაადასტურა გ. ლ–აც, ამ ყველაფრის საპირისპიროდ კი, ი. ტ–მ არ დაადასტურა რომელიმე მათგანის მიერ დამოუკიდებლად ან/და ერთობლივად, ს. ი–ს ცემის ფაქტი. ამასთან, ასევე არასარწმუნოა დაცვის მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებიც, ვინაიდან აღნიშნული პირები ცხოვრობენ და მუშაობენ მსჯავრდებულების/გამართლებულის საცხოვრებელ უბანში და, შესაძლოა მეგობრობული ურთიერთობა ჰქონდეთ, რაც მათ ჩვენებებს არასანდოს ხდის. ამდენად, სასამართლოს სწორად უნდა შეეფასებინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ გ. ლ–მა, ლ. პ–მა და ი. ტ–მ ჩაიდინეს ძარცვა და, შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებებით უნდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი სამივე ბრალდებულის მიმართ. კასატორის აზრით, მსჯავრდებულების ლ. პ–ს და გ. ლ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ გამომდინარეობს ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, სიმძიმიდან, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებიდან, მათი წარსულიდან და ბრალდებულების პიროვნებებიდან, რის გამოც უნდა დაენიშნოთ უფრო მკაცრი სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ტ–ეის, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ, ასევე ლ. პ–სა და გ. ლ–ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულების ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.3. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ი. ტ–სა და ლ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.4. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულ ს. ი–ს ჩვენება და მისი განმარტებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არსებითად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, კონფლიქტის დაწყების და განვითარების თვალსაზრისით, ხოლო უშუალოდ ძარცვის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ერთადერთი მტკიცებულება. ბრალდების მხარემ აღნიშნულის დასადასტურებლად, სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ ს. ი–ს ჩვენება, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა მისი სანდოობა/უტყუარობა შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს შექმნიდა გამართლებულის და მსჯავრდებულების მიერ ს. ი–ზე განხორციელებული შესაძლო ძარცვის ფაქტის დასადგენად.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობა დაზარალებულმა, ნეიტრალური მოწმისგან - შ. ხ–ს ჩვენებისაგან განსხვავებით აღწერა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ს. ი–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა გ. ლ–თან, რაც მოგვიანებით გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. დაზარალებულის განმარტებით, 2022 წლის 6 აგვისტოს, ავტოსახელოსნოში მას და გ. ლ–ის მოუხდათ შელაპარაკება. გ. ლ–ს მითითებით ავტოსახელოსნოდან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ის სახლში ავიდა, ხმოვან პისტოლეტში ჩადო ტყვია, მეუღლეს უთხრა, რომ ფულის დასახურდავებლად მიდიოდა და ეზოში ჩავიდა. ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ეზოში გ. ლ–ი აღარ იდგა. მოგვიანებით გ. ლ–ი, მეგობრებთან ერთად მივიდა ავტომანქანით და გვერდით გასვლა სთხოვა, დასთანხმდა და ქ–ს ქუჩაზე გადაინაცვლეს. სწორედ იმ ადგილას გ. ლ–მა და მისმა თანხმლებმა პირებმა - ლ. პ–მა და ი. ტ–მ სცემეს. მათ მოსაგერიებლად ხმოვანი პისტოლეტიდან გაისროლა. გ. ლ–ის, ი. ტ–ს და ლ. პ–ს შეეშინდათ, უთხრეს, რომ დამშვიდებულიყო, ესაუბრათ და დააბრუნებდნენ სახლში. მანქანაში უკანა მარჯვენა სავარძელზე დაჯდა, გვერდით გ. ლ–იი მიუჯდა, ხოლო წინა სავარძელზე ლ. პ–მი იჯდა, ი. ტ–ეე მანქანის ფანჯარასთან იდგა, რა დროსაც კვლავ ცემა დაუწყეს. პირველად ხელი თავის არეში გ. ლ–იმა დაარტყა, შემდეგ კი, ლ. პ–მმა და ი. ტ–ეემ დაუწყეს ცემა. ი. ტ–მ წაართვა პისტოლეტი. ინციდენტის დროს მას უკანა მარცხენა ჯიბეში ედო თანხა. ცემის დროს თავდაცვის მიზნით გადაიხარა და იგრძნო ჯიბეში ხელის ჩაყოფა. სავარაუდოდ გ. ლ–მა ამოაცალა თანხა. მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, რაზეც გაბრაზებულებმა კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაიყვანეს ავტომანქანიდან და გააგრძელეს ცემა. საბოლოოდ მან მოახერხა გაქცევა. გაქცევისას არავინ შეუნიშნავს და არც დასახმარებლად მიუმართავს ვინმესთვის. შემდეგ იქვე მყოფ ქალბატონს სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება. დაზიანებები აღენიშნებოდა სახეზე და სხეულზე. გამომძიებელმა მისი მონაწილეობით ჩაატარა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებულები.

5.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სადავო არ არის, რომ ინციდენტი დაიწყო დაზარალებულსა და გ. ლ–ის შორის, ავტოსახელოსნოში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებით. ასევე დაზარალებულის ჩვენების თანახმად, დადასტურებულია, რომ აირის პისტოლეტიდან გასროლა, სწორედ მან განახორციელა. მსჯავრდებულების ლ. პ–სა და გ. ლ–ს აღიარებით დადასტურებულია, რომ გ. ლ–ისა და ს. ი–სის შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, მას შემდეგ, რაც ს. ი–სიმ ხმოვანი პისტოლეტიდან გაისროლა გ. ლ–ისა და დაზარალებულს შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც, ასევე ჩაერია ლ. პ–ი. ს. ი–ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში ასევე დაარტყა ლ. პ–მაც. ამდენად, დაცვის მხარე სამართლაწარმოების არცერთ ეტაპზე არ უარყოფდა, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას დაზარალებულთან, ასევე არ უარყოფდა, რომ გარდა გ. ლ–სა, ს. ი–ს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მიაყენა ლ. პ–მმაც.

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალოდ ძარცვის შემსწრე სხვა მოწმე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. დაზარალებულ ს. ი–ს, დაცვის მხარის მოწმის – შ. ხ–სა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ ავტოსახელოსნოში დაწყებული კონფლიქტის მიმდინარეობას და შემდგომში დაზარალებულ ს. ი–ს მიერ განხორციელებული ქმედებების აღწერას, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. ვინაიდან, ნეიტრალური მოწმეები, ავტოსახელოსნოში კონფლიქტის დაწყების ინიცირებასთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენებისაგან განსხვავებულ გარემოებებს აღწერენ, რაც შესაბამისობაშია მსჯავრდებულებისა და გამართლებულის პოზიციასთან. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა შესაძლოა არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, თუმცა მოცემულ საქმეში არსებული წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობის ხარისხსს უკარგავს მის ჩვენებას, მით უფრო, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნულის საპირწონედ ვერ წარმოადგინა სხვა უტყუარი მტკიცებულება.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ო. არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ხოლო ი. კ. ის პირი, რომელიც დაზარალებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაში დაეხმარა. არცერთი მათგანი არ ყოფილა ფაქტის უშუალო შემსწრე, არ იციან 2022 წლის 6 აგვისტოს, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები და ს. ი–სის მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების თაობაზე ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ მისგან. მათი ჩვენებები, ი. ტ–ს, ლ. პ–სა და გ. ლ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურების თვალსაზრისით, არაინფორმაციულია და მათი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო რაც შეეხება დაზარალებულის სხეულზე არსებული ხილული დაზიანებების თაობაზე გაკეთებულ განმარტებებს, ამ მხრივ მათი ჩვენებები პირდაპირი ხასიათისაა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული.

5.9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს, არა ირიბ ჩვენებებს, არამედ პირდაპირ ჩვენებებს, ძალადობით ჩადენილი ძარცვის შედეგად მიყენებული დაზიანებების თაობაზე და განმარტავს, რომ მოწმის მიერ დაზარალებულის სხეულზე ხილული დაზიანებების არსებობის თაობაზე მიწოდებული ინფორმაციით, იმის მტკიცება, რომ ამ პირმა დაზიანებები მიიღო იმ ვითარებაში, როგორც ამას თვითონ განმარტავდა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. იმ პირობებში როდესაც აღნიშნული მოწმეები არ ყოფილან ფაქტის თვითმხილველი პირები, შეუძლებელია დადგინდეს დაზიანებების მიმყენებელი პირების ვინაობა ანდა ის გარემოებები თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები (თავდასხმის, ძარცვის თუ ძალადობის დროს), შესაბამისად, მოწმეთა რ. ო-ს და ი. კ-ს ჩვენებებით იმ ფაქტის დადგენა, როდის, ვის მიერ და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები ს. ი–მ შეუძლებელია. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ს. ი–ს დაზიანებები გამართლებულმა და მსჯავრდებულებმა მიაყენეს ძარცვის დროს გამოყენებული ძალადობის შედეგად ამ მოწმეთა ჩვენებების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის გამეორებას.

5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.12. საკასაციო სასამართლო, ასევე არ ეთანხმება კასატორს საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმების დამოუკიდებელ მტკიცებულებად განხილვის თაობაზე და განმარტავს, რომ მართალია დაზარალებულის ჩვენება, ამოცნობის ოქმები და საგამოძიებო ექპსერიმენტის ოქმი რაოდენობრივად სხვადასხვა მტკიცებულებებია, თუმცა ცალსახაა, რომ ყველა შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. ამასთან, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, შინაარსობრივად ამოცნობის ოქმები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფაქტობრივად არის დაზარალებულის ჩვენების გაგრძელება მოწმის ჩვენების ადგილზე შემოწმების და იმ პირის/პირების იდენტიფიცირების მიზნით, რომლის თაობაზეც ჩვენებაში უთითებდა დაზარალებული. შესაბამისად, მისი ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმები ვერ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს არ გამოვლენილა მისი ჩვენებისგან დამოუკიდებელი რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც მიანიშნებდა ი. ტ–ეის, ლ. პ–სა და გ. ლ–ს მიერ შესაძლო ძარცვის ჩადენის ფაქტს.

5.13. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა მათ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდეთ ი. ტ–სთან, ლ. პ–თან და გ. ლ–ითან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, როდესაც განმარტა, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ინტერესი შედეგის მიმართ, მტკიცებულებათა გამოკვლევის არცერთ ეტაპზე, არ დადასტურებულა და მიაჩნია, რომ კასატორის განმარტება დაცვის მხარის მოწმეების, გამართლებულისა და მსჯავრდებულების მეგობრობის თაობაზე წარმოადგენს დაუსაბუთებელ ვარაუდს, რაც ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მათი ჩვენებების შინაარს.

5.14. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ი. ტ–ს, ლ. პ–სა და გ. ლ–ს მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტს. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე ის გარემოებები, რის გამოც ლ. პ–მისა და გ. ლ–იის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

5.15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. პ–სა და გ. ლ–ს ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას, ხოლო ი. ტ–სთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც სასამართლოში ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ძარცვის ჩადენას.

5.16. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ლ. პ–სა და გ. ლ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მათ მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.17. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. პ–ს და გ. ლ–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლელს.

5.19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.21. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე