საქმე N 330100122005786283
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1032აპ-23 19 დეკემბერი, 2023 წელი
წ–ი პ., №1032აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პ. წ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 -ელი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. პ. წ–ი 29 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. დ–სთან. თანაცხოვრების პერიოდში, თ–ში, ვ–ს მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №..-ში მდებარე ბინა №..-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პ. წ–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა თავის მეუღლეს, ნ. დ–ს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
1.3. თანაცხოვრების პერიოდში, თ–ში, ვ–ს მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №..-ში მდებარე ბინა №..-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პ. წ–ი სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა თავისი მეუღლის - ნ. დ–ს მიმართ, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2022 წლის 17 და 18 თებერვალს, ღამის საათებში, რა დროსაც, პირველ შემთხვევაში, პ. წ–მა მარჯვენა ბარძაყის არეში ჭიქა ჩაარტყა და სახეში ხელი დაარტყა ცოლს, ხოლო მეორე დღეს, მარჯვენა ფეხის არეში ყინულიანი ბოთლი ჩაარტყა და სახეში ხელი დაარტყა მას, რის შედეგადაც, ნ. დ–ე განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
1.4. 2019 წლის 23 ნოემბერს, თ–ში, ვ–ს მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №..-ში მდებარე ბინა №..-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პ. წ–იმა მარცხენა თვალის არეში ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის მეუღლეს, ნ. დ–ს, რის შედეგადაც, დაირღვა თვალის შიგთავსი და განვითარდა იმგვარი დაზიანება, რომ აუცილებელი გახდა ოპერაციული ჩარევის გზით იმავე დღეს მარცხენა თვალის ამოღება.
1.5. 2022 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ვ–ს მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №..-ში მდებარე ბინა №..-ში, ნასვამი პ. წ–იი მოკვლით დაემუქრა თავის მეუღლეს, ნ. დ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ. წ–ს მიერ მეუღლის, ნ. დ–ს, მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, სისტემატური ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულ პ. წ–ს მიერ მეუღლის, ნ. დ–ს, მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე, 2022 წლის 18 თებერვალს მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, ბრალდების ამ ნაწილებით სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პ. წ–ს მიერ ამ დანაშაულების ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით, პ. წ–ი საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პ. წ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პ. წ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
პ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, პ. წ–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ბაქარი შიოშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, წარდგენილ ბრალდებებით პ. წ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ პ. წ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ლ–მ და თ. ს–მ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 17 ივლისს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნათია ქომოშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პ. წ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ – ადვოკატებმა გ. ლ–მ და თ. ს–მ – წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა პ. წ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში დაზარალებულ ნ. დ–მ ჩვენებაში სრულად და თანმიმდევრულად აღწერა 2019 წლის 23 ნოემბერს მის სახლში განვითარებული მოვლენები. დაზარალებულის განმარტებით, მას მარცხენა თვალი ჰქონდა დაზიანებული და თითქმის არამხედველი, თუმცა ანატომიური სახით იყო შენარჩუნებული, რაც გასკდა სწორედ პ. წ–ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად. აღნიშნული ძალადობის თაობაზე მან უამბო დას – მ. დ–ს, გამომძიებელ - მ. შ–ს და ექსპერტ ნ. ჩ–ს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულმა ოფთალმოლოგებმა, განმარტეს, რომ ნ. დ–ს მარცხენა თვალი წლების მანძილზე ჰქონდა დაზიანებული, აღენიშნებოდა მაღალი წნევა და მცირე მიზეზსაც შეეძლო მისი კვლავ დაზიანება, თუმცა იმგვარი გახეთქვა, რასაც 2019 წლის 23 ნოემბერს ჰქონდა ადგილი, აუცილებლად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო რაიმე მძიმე ტრავმასთან. კასატორის პოზიციით, არსებობს პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საკმარისია ბრალდების ამ ნაწილში გამამტუნებელი განაჩენის დასადგენად.
ბრალდების მხარის შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დადგინდა, რომ 2022 წლის 18 თებერვალს, პ. წ–ი მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, ხოლო ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დასტურდება ასევე იმ გარემოებით, რომ 19 თებერვალს დაზარალებული შიშის გამო ვერ ახერხებდა სახლში შესვლას, რადგან ხედავდა, რომ იქ იყო მისი მეუღლე.
რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 11-ელი ნაწილიდან ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, ბრალდების მხარე არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ თითქოს არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები სისტემატურობის დასადგენად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2022 წლის 18 თებერვალს განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცებულებები მიემართება 17 თებერვლის და წინა დღეების ძალადობებსაც.
გარდა ამისა, კასატორს მიაჩნა, რომ სასამართლოს პ. წ–სთვის უნდა დაენიშნა კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, რადგან მან სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება და ბოლომდე ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, ხოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ქმედებებმა სერიოზული ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს პ. წ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულმა ნ. დ–მ განმარტა, რომ 2019 წლის 23 ნოემბერს, დილის საათებში, პ. წ–ი უმნიშვნელო მიზეზით გაღიზიანდა და აგრესიული გახდა. ამის შემდეგ მას სურდა ეკლესიაში წასვლა, რაც პ-მ დაუშალა. აღნიშნულზე შელაპარაკდნენ, რა დროსაც პ. წ–იმა ხელი ძლიერად დაარტყა მარცხენა თვალში, შემდეგ მეორედაც დაარტყა იმავე თვალის მიდამოში, რის შედეგადაც იგრძნო თვალიდან სითხის ჩამოსვლა, ხოლო როცა ხელით მოიწმინდა, სისხლი მოსდიოდა. გაუსაძლისი ტკივილების გამო, მისმა შვილმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მან სასწრაფო დახმარების ექიმებს არ გაუმხილა სიმართლე და უთხრა, რომ წაიქცა. ასევე, არც კლინიკაში დაუფიქსირებია თვალის დაზიანების რეალური მიზეზი. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც ამოუღეს თვალი. დღეის მდგომარეობით, ჩასმული აქვს ხელოვნური თვალი და შესაბამისად, მარცხენა თვალიდან ვერ ხედავს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დაზიანების პ. წ–ს მიერ მიყენების ფაქტი სავალდებულო უტყუარობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რადგან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: ქირურგ-ოფთალმოლოგების, ნ. ლ–ს და ქ. მ–ს, მოწმეების ნ. წ–ს და რ. ჯ–ს ჩვენებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათით, შპს ,,ნ–ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ ნ. დ–მ 2019 წლის 23 ნოემბერს მიიღო თვალის დაზიანება, რამაც მისი დაკარგვა გამოიწვია, მიზეზი კი, დაცემა და თვალის ჩამორტყმა გახდა. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო დოკუმენტაციით, ნ. დ–ს მიერ, თვალზე დაზიანების მიღებისთანავე და შემდგომ პერიოდში სხვადასხა პირებისათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ დაეცა და დაარტყა მარცხენა თვალი. დაზარალებულმა მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ დაზიანების მიზეზი იყო პ. წ–ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. მისი ნათქვამის საპირწონედ კი წარმოდგენილია ბრალდებულის ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ მას დაზარალებულის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული დაზიანება გამოიწვია პ. წ–ს ქმედებამ, ასეთი კი წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.3. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია როგორც მუქარის ფაქტის არსებობა, ასევე უნდა დადგინდეს, რომ მუქარის ადრესატის მხრიდან ეს მუქარა აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. საფუძვლიანი შიშის არსებობა უნდა შეფასდეს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რა დროსაც სასამართლო, ერთი მხრივ, ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა შეფასდეს კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული პირის მხრიდან წარმოთქმული მუქარა ობიექტურად რამდენად გამოიწვევდა საფუძვლიან შიშს. აღნიშნული საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თავად დაზარალებულ ნ. დ–ს და სხვა მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ, ნ. დ–მ სასამართლოში თავდაპირველად განმარტა, რომ პ. წ–მა ,,საწოლზე დააგდო და უთხრა: მაინც მოგკლავო“, რის გამოც, ძალიან შეეშინდა. ამის შემდეგ მან გაითავისუფლა თავი და ლ–თან ერთად წავიდა სახლიდან“. მხარეთა შეკითხვებზე კი დააზუსტა, რომ ,,მამა-შვილს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და პაატამ ყველანი - ის და მისი შვილები – ლ. და ლ. – სახლიდან გამოყარა“. მოწმეებმა: მ. შ–მ და ზ. წ–მა, დაადასტურეს, რომ ნ. დ–ს გადმოცემით, მას საცხოვრებელი ბინა ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად დაატოვებინა პ. წ–მა. თავად ნ. დ–ც სსიპ 112-ში განხორციელებულ შეტყობინებაში მიუთითებს, რომ მეუღლემ წინა ღამით გააგდო სახლიდან და ვერ შედის სახლში.
5.4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას – სისტემატურ ცემას – საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ 2022 წლის 17 თებერვლის და წინარე 10 დღის განმავლობაში პ. წ–მა ნ. დ–ს მიმართ 3-4-ჯერ განხორციელა ძალადობა. ამ ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებით. ასევე არ იზიარებს, კასატორის პოზიციას, რომ მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლომ გამოიყენა 18 თებერვალს განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად, მიემართება 17 თებერვლის და წინა დღეების ძალადობებსაც, რადგან ამ ეპიზოდში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ხოლო სხვა მტკიცებულება რაც სისტემატურ ცემას დაადასტურებდა საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება 2022 წლის 18 თებერვალს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, აღნიშნული გამყარებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების – ე. კ–ს და ხ. ბ–ს ჩვენებებით, რომელთაც უშუალოდ ნახეს დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 7 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №............. დასკვნით, ექსპერტ ნ. ჩ–ს და მოწმე მ. დ–ს ჩვენებებით.
5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება პ. წ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და პ. წ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) ემყარება ერთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5.6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა პ. წ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.7. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, პ. წ–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესიც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.9. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სასჯელის დამძიმების არგუმენტებს, რომ პ. წ-ი არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს: დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას და არა - ვალდებულებას, ხოლო უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის N952აპ-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 იანვრის N633აპ-20 განჩინება).
5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე