Facebook Twitter

საქმე N 020100123006968904

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1098აპ-23 22 დეკემბერი, 2023 წელი

ჭ–ა დ., №1098აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ. ჭ–ს მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ჭ–ა (პირადი ნომერი: ................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 01 იანვარს, მოძალადე დ. ჭ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N..........., რომლითაც მას 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი მ. გ–ა, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნული აკრძალვისა, დ. ჭ–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2023 წლის 6 იანვარს საღამოს საათებში მ. ჯ–ს კუთვნილი ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს, მ. გ–ას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით დ. ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა არონიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ჭ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზურგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 3 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა არონიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. ჭ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა დ. ჭ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათი, ის გარემოება, რომ მან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები მოკლე დროში დაარღვია, ამასთან, ის ფაქტი, რომ 2023 წლის 3 აპრილს მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ არაერთი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. კასატორს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დ. ჭ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა დ. ჭ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მაქსიმალურთან მიახლოვებული ვადით. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე