საქმე # 330100120003717926
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№831აპ-23 თბილისი
ქ-ი თ, 831აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენით:
თ. ქ-ი, დაბადებული ... წლის .... ივნისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარი.
მსჯავრდებულ თ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან, კერძოდ, 2021 წლის 27 აპრილიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ქ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის არაერთგზის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა გამოიხატა შემდეგში:
შპს „ჯ-მი“ (ს/ნ ......) რეგისტრირებულია 2007 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო 2008 წლის 4 თებერვლიდან რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია თ-ში, გ-ას ქუჩის №...-ში. საზოგადოების დირექტორი და დამფუძნებელი, 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით, არის თ. ქ-ი. შპს „ჯ-ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა თ-ის მიმართულებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ თ. ქ-ს, ევალებოდა შპს „ჯ-ის“ საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახადა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ჯ-ს“ დირექტორმა თ. ქ-მა არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის არაერთგზის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახა საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი და სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების მეორე სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარდა შპს „ჯ-ის“ (ს/ნ ..... ) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სრული გასვლითი შემოწმება, რომლის შედეგადაც, საზოგადოებას, ზემოხსენებული დარღვევების გამო, 2017 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით, 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით, ჯამურად დაერიცხა 639 228 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 425 752 ლარი, ჯარიმა 213 476 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე, 2017 წლის 29 დეკემბერს გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის №36152 ბრძანება ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო, ამავე ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 29 დეკემბერს, გამოიცა №007-525 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც, შპს „ჯ-მს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 904 875,98 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 425 752 ლარი, ჯარიმა 213 476 ლარი და საურავი 265 647.98 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2018 წლის 27 იანვარს.
შპს „ჯ-ის“ მიერ 2017 წლის 29 დეკემბრის №007-525 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა 2018 წლის 25 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურში.
2018 წლის 25 აპრილის სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის №... ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ჯ-ის“ საჩივარი და 2018 წლის 18 სექტემბერს გამოიცა შპს „ჯ-ის“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 26 სექტემბრის №26770 ბრძანება. ბრძანების თანახმად, შპს „ჯ-მს“ 2017 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირებია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 26 სექტემბერს გამოიცა №007-311 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, შპს „ჯ-მს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 904 875,98 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 425 752 ლარი, ჯარიმა 213 476 ლარი და საურავი 265 647.98 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2018 წლის 8 ოქტომბერს.
შპს „ჯ-ის“ მიერ 2017 წლის 29 დეკემბრის №007-525 საგადასახადო მოთხოვნა, 2018 წლის 26 სექტემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №26770 ბრძანება და №007-311 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა 2018 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის სამსახურიდან 2018 წლის 30 ოქტომბრის №122347-03 წერილით შპს „ჯ-ის“ 2018 წლის 23 ოქტომბრის საჩივარი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, 2018 წლის 26 სექტემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №26770 ბრძანებისა და №007-311 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა შპს „ჯ-ის“ 2018 წლის 23 ოქტომბრის საჩივარი, რომელიც 2019 წლის 24 მაისის №6957/2/2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა 2019 წლის 3 ივნისს.
2018 წლის 5 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში განიხილა შპს „ჯ-ის“ 2018 წლის 23 ოქტომბრის საჩივარი, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №34739 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2019 წლის 7 მაისს გამოიცა შპს „ჯ-ის“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა, რომლის საფუძველზეც, გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 4 ივნისის №18049 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, შპს „ჯ-მს“ 2017 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირებია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 5 ივნისს გამოიცა №007-223 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც, შპს „ჯ-მს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1 016 210,11 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 425 752 ლარი, ჯარიმა – 213 476 ლარი და საურავი – 376 982,11 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2019 წლის 13 ივნისს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების მეორე სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარდა შპს „ჯ-ის“ (ს/ნ ....) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სრული გასვლითი შემოწმება, რომლის შედეგადაც, საზოგადოებას 2018 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2015 წლის 1 იანვრიდან – 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით სულ დაერიცხა 1 308 021 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 872 014 ლარი, ჯარიმა 436 007 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე, 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №38314 ბრძანება ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო, ამავე ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიცა №007-499 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც, შპს „ჯ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 1 839 128,98 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 872 014 ლარი, ჯარიმა 436 007 ლარი და საურავი 531 107,98 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2019 წლის 13 იანვარს.
შპს „ჯ-ის“ მიერ 2018 წლის 26 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №38314 ბრძანება, №007-499 საგადასახადო მოთხოვნა და 2018 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი გასაჩივრდა 2019 წლის 7 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურში.
2019 წლის 11 აპრილის სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის №10607 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ჯ-ის“ საჩივარი და 2019 წლის 25 ივლისს გამოიცა შპს „ჯ-ის“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადააანგარიშების დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს №27071 ბრძანება. ბრძანების თანახმად, შპს „ჯ-მს“ 2018 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირებია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 6 აგვისტოს გამოიცა №007-357 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც, შპს „ჯ-მს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1 936 358,54 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 872 014 ლარი, ჯარიმა – 436 007 ლარი და საურავი – 628 337,54 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა 2019 წლის 20 სექტემბერს, ხოლო ელექტრონულად გაეცნო 2019 წლის 12 დეკემბერს.
თ. ქ-მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, იგი ასევე, არ გადავადებულა, დაკორექტირებულა ან გადახდის ვალდებულება არ შეჩერებულა; თ. ქ-მა განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის – 1 297 766 ლარის გადახდას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განაჩენით:
მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები თ. ქ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ-ე ითხოვენ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ალტერნატივის სახით, ბრალის აღიარებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენით დადგენილი სასჯელის ნაწილიდან 2 წლისა და 6 თვის მოხდილად ჩათვლას, ხოლო დარჩენილი 3 წლისა და 6 თვის პირობითად ჩათვლას; ამასთან, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად თ. ქ-ს 50 000 ლარი ჯარიმის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, თ. ქ-ი არ ყოფილა ფაქტობრივი დირექტორი და არასოდეს შეუსრულებია დირექტორის ფუნქცია-მოვალეობები. იგი კომპანიაში მძღოლი იყო. დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებდა უ. თ-უ, რომელიც თ-ან მართავდა კომპანიას. 2017 წლიდან თ. ქ-მა წარადგინა არაერთი განცხადება როგორც პარტნიორის მიმართ, ისე – სამეწარმეო რეესტრში, რათა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ დარიცხული გადასახადის ოდენობა არაზუსტია. თ. ქ-მა არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და ზიანის 500 000 ლარის გადახდის თაობაზე, ხოლო დარჩენილი წლების პირობით მსჯავრად ჩათვლაზე, მაგრამ პროკურატურამ მოცემულზე განაცხადა უარი.
4.2. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მსჯავრდების ნაწილი:
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს თ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნები, ვერ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზემოხსენებულ საფუძვლებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. დაცვის მხარე ერთ-ერთ არგუმენტად უთითებს, რომ თ. ქ-ი კომპანიაში არ ყოფილა ფაქტობრივი დირექტორი და არასოდეს შეუსრულებია დირექტორის ფუნქცია-მოვალეობები. რეალურად, იგი იყო მძღოლი. სააპელაციო სასამართლომ ხსენებულ მითითებას დეტალური პასუხი გასცა, რასაც საკასაციო პალატა აგრეთვე ეთანხმება და იზიარებს. როგორც „ჯ-ის“ ბუღალტერი ნ. ზ-ი ჩვენებაში უთითებს, საწარმოს დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი 2012 წლის ნოემბრიდან იყო თ. ქ-ი, ხოლო 50%-ს ფლობდა თ-ს მოქალაქე უ. თ-უ. თ. ქ-ი, როგორც დირექტორი, ყურადღებას აქცევდა საწარმოს მუშაობას. იგი ჩართული იყო, როგორც სამგზავრო ბილეთების რეალიზაციაში, ასევე, საწარმოს მენეჯმენტში. თავად, როგორც ბუღალტერი, თავის საქმიანობასთან, მათ შორის, გადასახადებთან დაკავშირებით, ანგარიშს აბარებდა მას. მისი თქმით, ხელშეკრულებებზე, რომელიც შპს „ჯ-მს“ გაფორმებული ჰქონდა სს „თ-სა“ და სს „თ-ან“, ხელს აწერდა თ. ქ-ი. ამასთან, მოწმე გ. მ-ე, რომელიც 2012 წლიდან მუშაობდა შპს „ჯ-ში“ მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე, აღნიშნავს, რომ მის კომპანიაში მუშაობის პერიოდში საწარმოს დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი იყო თ-ის მოქალაქე თ. ქ-ი, ხოლო კომპანიის 50%-ს ფლობდა, ასევე, თ-ის მოქალაქე უ. თ-უ. შესაბამისად, ადვოკატის არგუმენტები ხსენებულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
10. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მათგან გამოჰყოფს მოწმე ლ. კ-ის ჩვენებას, რითაც დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით, მას დაევალა შპს „ჯ-ის“ საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა საწარმოს 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმდა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილი. შემოწმების დაწყებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, შპს „ჯ-მს“ ეცნობა, საგადასახადო შემოწმების თაობაზე და გადამხდელს საჭირო ინფორმაცია მოეთხოვა, თუმცა, არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, იგი არ წარუდგინეს. შემდგომ, მათ თავად გამოითხოვეს იმ კომპანიებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაცია, რომლებსაც, სამსახურებრივი ბაზების გადამოწმების შედეგად, კავშირი ჰქონდათ შპს „ჯ-ან“. ჯერ შედგა 2017 წლის 28 დეკემბრის შუალედური აქტი 2014 წელზე (2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე), რადგან ეს პერიოდი ხანდაზმული ხდებოდა და აღნიშნული აქტით შპს „ჯ-მს“ დაერიცხა 425 752 ლარი. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, გადამხდელს კვლავ მოსთხოვეს ინფორმაცია; ამავდროულად, გადამხდელმა გაასაჩივრა შუალედური აქტი. საჩივრის განხილვის დროს, მონაწილეობას იღებდა შპს „ჯ-ის“ დირექტორის, თ. ქ-ის წარმომადგენელი მ. კ-ძე. აღნიშნული დავის განხილვის დროს, მხარე აცხადებდა, რომ წარმოადგენდნენ საჭირო დოკუმენტებს, რისთვისაც მიეცა ვადა, თუმცა არც აღნიშნულ ვადაში წარმოადგინეს იგი და შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა. 2018 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი დარჩენილ პერიოდზე (2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდზე) და შპს „ჯ-მს“ დაერიცხა 872 014 ლარი. მოწმის განმარტებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „ჯ-ის“ დირექტორი იყო თ. ქ-ი, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში, ასევე, საჯარო რეესტრში საწარმოს დირექტორად ფიქსირდებოდა თ. ქ-ი, ხოლო სს „თ-ან“ და სს „თ-ან“ გამოთხოვილ ხელშეკრულებებზე, ასევე, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან“ გამოთხოვილ ნებართვებზე საწარმოს დირექტორის სახელით ხელს აწერდა თ. ქ-ი. მოწმემ განმარტა, რომ შემოწმებული პერიოდი 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე, არ მოიცავდა წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდსა და დარიცხვას. შესაბამისად, მათ მიერ შედგენილი აქტებით განსაზღვრული დარიცხვა არ მოიცავს 2014 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით დარიცხულ თანხას. აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით იგი გაასამართლეს 2016 წელს და ხსენებული თანხა არ შედის ახალ დარიცხვაში.
11. ზემოხსენებული მოწმის ჩვენება პირდაპირ მიუთითებს შემოწმების დეტალებს, რომელიც თავისი შინაარსით ადასტურებს თ. ქ-ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ მნიშვნელოვანი სახის გარემოებებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოწმე ლ. კ-ი მოცემულ დარგში წარმოადგენს სპეციალური ცოდნის მქონე პირს. სწორედ მას დაევალა შპს „ჯ-ის“ საგადასახადო შემოწმება.
12. შპს „ჯ-ში“ მოლარე-ოპერატორის, მოწმე გ. მ-ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, დადგენილია, რომ შპს „ჯ-ის“ ბუღალტერი 2015 წლის მაისამდე იყო ნ. ზ-ი. კომპანიის დირექტორის თ. ქ-ის მითითებით, შესრულებული რეისების შესახებ (სადაც დაფიქსირებული იყო გაყიდული ბილეთების ჯამი და მგზავრთა რაოდენობა), ასევე, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, აწვდიდა ნ. ზ-ს, რომელიც, მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, ახორციელებდა კომპანიის შემოსავლის დეკლარირებას. შპს „ჯ-სა“ და თურქი პარტნიორის (თ-ი კომპანია მეტრო) ავტობუსები თ-ის მიმართულებით რეისებს ასრულებდა ო-ის ავტოსადგურიდან. შპს „ჯ-მს“ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა თბილისის ცენტრალურ ავტოსადგურთან, ბათუმის ავტოსადგურსა და თურქულ კომპანიასთან (საქართველოდან და პირიქით, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზებაზე). ანგარიშსწორება გაყიდული ბილეთებიდან შემოსულ თანხებზე თ. ქ-ნ ზოგჯერ ყოველდღიურად ხდებოდა, ზოგჯერ კი, კვირაში ერთხელ, რადგან თ. ქ-ი პერიოდულად მიდიოდა თ-ში. მისი დაბრუნების შემდეგ კი ასწორებდნენ ანგარიშს. შპს „ჯ-ა მ-მში“ მოლარე-ოპერატორად მუშაობისას, უშუალო კავშირი ჰქონდა კომპანიის დირექტორ თ. ქ-ნ და მისი მითითებით, ახორციელებდა ბილეთების გაყიდვებს ო-ის ავტოსადგურში განთავსებული სალაროდან. როგორც მისთვის ცნობილია, შპს „ჯ-მს“ 2014-2015 წლისა და 2015-2017 წლის საანგარიშო პერიოდზე, საგადასახადო შემოწმების შუალედური და ძირითადი აქტის საფუძველზე, დამატებით დაერიცხა გარკვეული თანხა. აღნიშნული დარიცხვა თ. ქ-მა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში ადვოკატ მ. კ-ის დახმარებით.
13. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი (რომლებიც კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად ასახულია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებში) არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, აშკარა და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ნაწილში შეესაბამებიან ერთმანეთს. ამასთან, საქმეში არ იკვეთება რაიმე, უტყუარი სახის გარემოება, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა კონკრეტული მტკიცებულების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს. შესაბამისად, ადვოკატის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები თ. ქ-ის გამართლების თაობაზე, არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საკანონმდებლო საფუძველს.
სასჯელის სამართლიანობა:
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს.
15. დაცვის მხარე, ერთი მხრივ, კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით, ითხოვს თ. ქ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო მეორე მხრივ, ალტერნატივის სახით, ბრალის აღიარების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე დაყრდნობით, ითხოვს სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. ამასთან, დამატებითი სასჯელის სახედ უთითებს ჯარიმის თანხის კონკრეტულ ოდენობაზე.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ხსენებული მუხლი განსაზღვრავს კუმულაციურად სამი გარემოების თანაარსებობას (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №888აპ-21 და №305აპ-21 გადაწყვეტილებები), კერძოდ: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ: ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მსჯავრდებულის მიმართ გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო განსაზღვრავს საქმეში არსებული ყველა გარემოების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, ჩადენილი ქმედების ხანგრძლივი პერიოდისა და უშუალოდ არიდებული გადასახადის ოდენობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და მისი, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე დაყრდნობით შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს.
18. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი