Facebook Twitter

საქმე # 190100120004177661

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1216აპ-23 ქ. თბილისი

მ-ი ი, 1216აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 11:00-12:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ თ-ში, ს. კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა მისი ყოფილი მეუღლე - ი. მ-ი, რომელიც ყვირილით მოითხოვდა მათი საერთო შვილის გადაცემას. კონფლიქტისას ი. მ-მა ს. კ-ს მოქაჩა თმა, ჩაარტყა ხელი კეფასა და მარჯვენა სახის არეში, ასევე ჰკრა მარჯვენა ფეხი და წააქცია მიწაზე სახით, ხოლო წაქცეულს რამდენჯერმე ჩაარტყა წიხლი წელის არეში. ზემოაღნიშნულის შედეგად, ს. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით:

2.1. ი. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ი. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ასევე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მაისის განჩინებით გ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ი. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N...) დადებული ყადაღა.

2.3. გამართლებულ ი. მ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ი. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილება ი. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულ ს. კ-სა და მისი დის - მოწმე ა. ო-ს ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ასევე მათი განმარტებების საფუძველზე შედგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც სხვა უტყუარი და ნეიტრალური მტკიცებულებების საქმეში არარსებობის პირობებში საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. დადგენილია, რომ დაზარალებული ს. კ-ი და გამართლებული ი. მ-ი იყვნენ მეუღლეები, რომელთაც თანაცხოვრების დროს შეეძინათ შვილი - ი. მ-ი. ისინი წლებია განქორწინდნენ და ერთად აღარ ცხოვრობენ. 2020 წლის 3 ნოემბერს, ი. მ-ი ნამდვილად მივიდა გ- ს რაიონის სოფელ თ-ში, ს. კ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში.

8. დაზარალებულ ს. კ-სა და მოწმე ა. ო-ს ჩვენებების თანახმად, მამის სახლში მისულმა ი. მ-მა ორივე მათგანს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეების - დაზარალებულ ს. კ-ს და მოწმე ა. ო-ს ჩვენებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით ეწინააღმდეგება ერთმანეთს, კერძოდ:

9. დაზარალებულ ს. კ-ს განმარტებით, ი. მ-ი მის ეზოში შევიდა და ბავშვი მოიკითხა. ი-ის დანახვაზე და - ა. გამოვიდა და ი-მა მას თავში რკინა ჩაარტყა, რომელიც შემდეგ გადააგდო. დაზარალებულის განმარტებით, დასახმარებლად გაემართა, რა დროსაც ი-მა ისიც ძირს დასცა და წიხლები ურტყა.

10. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწმე ა. ო-ამ სრულიად განსხვავებულად აღწერა მოვლენები და აღნიშნა, რომ იგი თავად მივიდა ს. კ-ის დასახმარებლად, როდესაც დაინახა, რომ ყოფილი მეუღლე ძალადობდა. მოწმის განმარტებით, შესვლისთანავე, როცა ი-მა მისი და დაინახა, თმაში ჩაავლო ხელი და ეზოში ათრია, შეაგინა და დაარტყა. ამის გამო იგი მივიდა დასახმარებლად, რა დროსაც ი-მა რკინა ჩაარტყა.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ს. კ-სა და მოწმე ა. ო-ას ჩვენების აღნიშნული ნაწილის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მათ ძალადობის გაცხადებულ ფაქტებს მხოლოდ სასამართლოში დაამატეს ა. ო-ს თავში რკინის ნაჭრის ჩარტყმის ფაქტი, რომელზეც გამოკითხვის ოქმში არ იყო მითითებული; ხოლო სასამართლოში ა. ო-ა ამტკიცებდა, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია თავიდანვე მიაწოდეს გამოძიებას, რაც არ დასტურდება არც საგამოძიებო მოქმედების ოქმებითა და არც მისი ჩამტარებელი პირის ჩვენებით. აღნიშნული გარემოება წარმოშობს ეჭვს, რომ ს. კ-სა და ა. ო-ს მიზანია არა ფაქტების ობიექტურად დადგენა, არამედ ი. მ-ს დასჯა.

12. აღსანიშნავია, რომ როგორც დაზარალებულ ს. კ-ის, ისე მოწმე ა. ო-ს ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმე ფ. ი-ის გამოკითხვის ოქმში აღწერილ გარემოებებს (საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მოწმე ფ. ი-ი საქართველოში არ იმყოფებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მისი გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე), კერძოდ: როგორც დაზარალებულმა ს. კ-მა, ისე მოწმე ა. ო-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნეს, რომ ი. მ-ს მიერ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მეზობელი ფ. ი-ი და მათივე ნათესავი - მ. ა-ა, რომლებმაც გააშველეს. თავად ფ. ი-ა კი აღნიშნა, რომ ცემის ფაქტს იგი არ შესწრებია; კარის გაღებისას დაინახა, რომ ავტომანქანა დიდი სისწრაფით გადიოდა მის წინ მიმავალ გზაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის აღნიშნული განმარტება ცალსახად მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მისი მისვლის დროისათვის ი. მ-ს უკვე დატოვებული ჰქონდა ს. კ-ა და ა. ო-ს საცხოვრებელი სახლის ეზო.

13. დაზარალებულისა და მოწმე ა. ო-ს ჩვენებები, თავისი თვისობრიობიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგება სრულიად ნეიტრალურ მტკიცებულებას - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ: დაზარალებულმა ს. კ-მა და მოწმე ა. ო-მ ვითარების აღწერისას აღნიშნეს, რომ ი. მ-ი ფიზიკურად გაუსწორდა მათ, კერძოდ, ს. კ-ი ძირს დააგდო და წიხლები ურტყა, ასევე სხეულზე - მუშტები, რომელიც სახეზეც მოხვდა დაზარალებულს; ს. კ-ა სახით დააგდო ბეტონის იატაკზე. ხოლო ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ ს. კ-ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში - სახეზე, კისერზე, წინამხრებზე, მტევნებსა და კოჭ-წვივის სახსრებზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა საექსპერტო კვლევისას უარი განაცხადა ტანსაცმლის გახდაზე, მისივე განმარტებით, დაზიანებების არარსებობის გამო.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკვანძო საკითხებთან მიმართებით დაზარალებულისა და მოწმე ა. ო-ს განმარტებებს შორის, ასევე მათ ჩვენებებსა და საქმის სხვა მასალებს შორის ამგვარი ერთმანეთის გამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი გარემოებების არსებობა დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს როგორც დაზარალებულის, ისე მოწმე ა. ო-ს ჩვენებებს.

15. რაც შეეხება პროკურორ ნუგზარ მახათაძის აპელირებას გამომძიებელ ნ. ს-ს ჩვენებაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მოწმის ჩვენება ეფუძნება სხვა პირის - დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

16. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ არ ამოწურა იმ მტკიცებულებათა მოპოვება, რაც უფრო ობიექტურად დაადგენდა საქმის რეალურ გარემოებებს; მომხდართან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები - გ. მ-ი (იგი დაცვის მხარემ თავად გამოკითხა) და მ. ა-ა, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმეზე ობიექტური რეალობის დასადგენად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოეპოვებინა არაერთი ნეიტრალური მტკიცებულება, თუმცა საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთა არადამაჯერებელი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამო ჩვენებები.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

18. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე ი. მ-ს მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი