საქმე # 010100122006485275
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1230აპ-23 ქ. თბილისი
ს-ძე ვ 1230აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ.ს-ს, - დაბადებულს .. წლის .. დეკემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ბ-ში, უ-ს I ჩიხის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ვ. ს-მ იძალადა ოჯახის წევრზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ქ. ს-ზე, კერძოდ, მუშტი ორჯერ დაარტყა მარჯვენა სახისა და ცხვირის არეში, რის შედეგადაც ქ. ს-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 8 ოქტომბერს, დილის საათებში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ვ. ს-ძე სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაბა მ-ში, დ. ა-ს ქუჩის №..-ში მყოფ ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ქ. ს-ს, კერძოდ, უთხრა, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდა. ქ. ს-მ ვ. ს-ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით:
2.1. ვ. ს-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ვ. ს*ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ვ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ვ. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასეს ფაქტების დამდგენმა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ქ. ს-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით - არ მისცა დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადა ვ. ს-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
12. შეტყობინების რეგისტრაციის №... დოკუმენტის თანახმად, ქ.-ძ განაცხადა, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, 2 წლის ბავშვთან ერთად სახლიდან გამოქცეულია, ღამით დასარჩენი არ აქვს, მშობლებთან ვერ მიდის, ვინაიდან მეუღლე ემუქრება, რომ მიაკითხავს, ითხოვა თავშესაფარში გადაყვანა.
13. 2022 წლის 8 ოქტომბერს შედგენილი დაზარალებულის ხელწერილის თანახმად, მას შეთავაზეს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაყვანა; განუმარტეს პირობები, იურისტის, ფსიქოლოგის, სოც. მუშაკის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაზედაც დათანხმდა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ჩაირიცხა ბ-ის თავშესაფარში და პოლიციის თანამშრომელმა გადაიყვანა, თუმცა, იქ არსებული პირობების გამო, უარი განაცხადა დარჩენაზე.
14. მოწმის სახით დაკითხული თ. ა-ის ჩვენებით, მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში. 2022 წლის 8 ოქტომბერს შევიდა მოქალაქე ქ. ს-ის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მასზე ფიზიკურას იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა - ვ. ს-ემ და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. განყოფილებაში მისვლისას ქალბატონი ქ-ნი იყო ძალიან აღელვებული და მიუთითებდა მის მიმართ ჩადენილ არაერთი ფიზიკურ ძალადობის ფაქტზე. მოწმის განმარტებით, ქალბატონ ქ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რის გამოც დაინიშნა ექსპერტიზა; გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ოქმი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე თ. ა-ს ჩვენება, რომლებიც ძალადობისა და მუქარის ეპიზოდების ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად, ქ. ს-ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (10.10.2022წ) აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ქ. ს-ს სხეულზე სისხლნაჟღენთების, ნაჭდევისა და სისხლჩაქცევის სახით არსებობა, თუმცა ის მიჩნეული ვერ იქნება ვ. ს-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის, მისი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა. საქმეში კი წარმოდგენილი არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ქ. ს-მ ვ. ს-ის მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედების შედეგად მიიღო.
17. ბრალდების მხარე აპელირებს შეტყობინების ოქმსა და შემაკავებელ ორდერზე, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ორივე წერილობითი მტკიცებულების წყარო არის თავად დაზარალებული ქ. დ-ძე, რომელმაც არ მისცა სასამართლოს მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება; 2020 წლის 29 ოქტომბრის 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი). საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა ქმედებას შედეგად მოჰყვეს საფუძვლიანი შიშის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დგინდება, გაუჩნდა თუ არა ქ. დ-ს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე ვ. ს-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი