Facebook Twitter

საქმე # 330100121004702235

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1268აპ-23 ქ. თბილისი

ი-ე ო, 1268აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძისა და მსჯავრდებულ ო. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ო. ი-ს, - დაბადებულს ... წლის ... თებერვალს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ვ-ას მე-. კვარტალში, №... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ი-ძე „ლგბტქ“ თემის წევრ ნ. უ-ს, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, დანის სხეულთან ახლოს დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შედეგად, ნ. უ-ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ვ-ას მე-.. კვარტალში, №... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლგბტქ“ თემის წევრ ნ. უ-ას, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით ო. ი-მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა დაეტოვებინა ზემოაღნიშნული ტერიტორია, რითაც ნ. უ-ს შეეზღუდა ქმედების თავისუფლება.

· 2021 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ვ-ას მე-.. კვარტალში, №... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ი-მ ნ. უ-ს, რომელიც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ვიდეოს უღებდა ო. ი-ის დანაშაულებრივ ქმედებას, გასტაცა მობილური ტელეფონი, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია მასში, წაშალა მისი მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და შემდეგ დაუბრუნა.

· 2021 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ვ-ას მე-.. კვარტალში, №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ი-მ „ლგბტქ“ თემის წევრ ქ. ე-ს, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა დაეტოვებინა ზემოაღნიშნული ტერიტორია, რითაც ქ. ე-ს შეეზღუდა ქმედების თავისუფლება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განაჩენით:

2.1. ო. ი-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ო. ი-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

2.3. ო. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. ო. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2023 წლის 31 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 21 აპრილიდან იმავე წლის 23 აპრილის ჩათვლით.

2.5. გაუქმდა ო. ი-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ზ. ჩ-ის (პირადი №...) მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით ო. ი-ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000 ლარი უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ი-მ ჩაიდინა ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ვ-ას მე-. კვარტალში, №...-ის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ო. ი-მ „ლგბტქ“ თემის წევრებს - ნ. უ-სა და ქ. ე-ს, მათი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მოსთხოვა დაეტოვებინათ ზემოაღნიშნული ტერიტორია, რითაც ნ. უ-სა და ქ. ე-ს შეეზღუდათ ქმედების თავისუფლება.

· 2021 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ვ-ს მე-.. კვარტალში, №... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ი-მ ნ. უ-ას, რომელიც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით იღებდა ო. ი-ის დანაშაულებრივ ქმედებას, გასტაცა მობილური ტელეფონი, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია მასში, წაშალა ნ. უ-ს მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და შემდეგ დაუბრუნა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ო. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება; ასევე სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5.1. მსჯავრდებულ ო. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ო. ი-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ო. ი-ის ბრალდების ეპიზოდი:

7.1. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას მუქარის ეპიზოდთან მიმართებით და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ო. ი-ის მიერ ნ. უ-ს მიმართ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

7.2. დაზარალებულ ნ. უ-ს ჩვენებით, 2021 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, მაშინ, როდესაც ქ. ე-სა და მის შვილთან - ლ. ი-ან ერთად ბრუნდებოდა სახლში, მეზობელმა - ო. ი-მ არ მისცა მათი საერთო საცხოვრებელი კორპუსის წინ, მათთვის სასურველ თავისუფალ ადგილზე ავტომანქანის დაყენების უფლება. მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ო. ი-ძე გაღიზიანდა და ყელის არეში დანა გაუშალა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით მასსა და ო. ი-ეს შორის ქ. ე-ძე ჩადგა.

7.3. ო. ი-ის მიერ ნ. უ-ას მიმართ დანის გამოყენებით მუქარა ქ. ე-აც დაადასტურა. მისი თქმით, ო. ი-ს ხელში ეჭირა დაახლოებით 10-12 სმ სიგრძის დანა, რომელსაც ჰქონდა ვერცხლისფერი პირი.

7.4. შემთხვევის დღეს მსჯავრდებულის ხელში დანის ჭერისა და ამ დანის ნ. უ-ს წინაშე დემონსტრირების შესახებ განაცხადა შემთხვევის ადგილზე მყოფმა ქ. ე-ის არასრულწლოვანმა შვილმა - ლ. ი-მ.

7.5. დანის გამოყენებით მუქარის თაობაზე მიუთითებდნენ პატრულ-ინსპექტორები გ. გ-ი და რ. თ-ი, რომლებიც მყისიერად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი ჩვენებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ნ. უ-ამ და ქ. ე-მ განუმარტეს. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით ასევე ირიბ მოწმედ გვევლინება ა. ლ-ე. მან მეტალისმაგვარი საგანი შენიშნა ო. ი-ს ხელში; მუქარის ფაქტი პირადად არ დაუნახავს, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო დაზარალებულისგან.

7.6. ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საპირწონედ დაცვის მხარემ წარმოადგინა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა მოწმეები, კერძოდ, თ. ჯ-ი, გ. გ-ი, თ. ს-ნი და ნ. შ-ი. ისინი ერთმანეთის მსგავსად საუბრობდნენ შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ. საგულისხმოა, რომ ო. ი-ს მხრიდან დანის გამოყენებით მუქარის ფაქტის არსებობა არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია. მეტიც, მოწმეები - თ. ჯ-ი, თ. ს-ი და ნ. შ-ი კატეგორიულად გამორიცხავდნენ შემთხვევის ადგილზე ო. ი-ის მიერ დანის დემონსტრირებას.

7.7. საკასაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ როდესაც არსებობს თანაბარი ძალის მქონე ერთმანეთის საპირწონე მტკიცებულებებები, სადავო ფაქტის უტყუარად დასადგენად აუცილებელია იმგვარი მტკიცებულების არსებობა, რომელიც სარგებლობს უტყუარობის მაღალი სტანდარტით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ასეთ მტკიცებულებად მიიჩნევს ვიდეოჩანაწერს, რამეთუ აღნიშნულ მტკიცებულებას აქვს მაღალი მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან მასში ასახული ინფორმაცია სრული სიზუსტით ასახავს კონკრეტულ დროსა და ვითარებაში განვითარებულ მოვლენებს.

7.8. საგულისხმოა, რომ მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით ხსენებული ვიდეოჩანაწერებიდან არცერთი არ მიუთითებს მოვლენების იმგვარად განვითარებაზე, როგორც ამას ნ. უ-ა, ქ. ე-ე და არასრულწლოვანი ლ. ი-ე გადმოსცემენ. აღნიშნული ვიდეოჩანაწერების თანახმად, ო. ი-ს შემთხვევის მომენტში დანა არ ჰქონია, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერები ასახავს იმ დროიდან განვითარებულ მოვლენებს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ხოლო თავად ნ. უ-ას ვიდეოჩანაწერი - შემთხვევის ადგილზე იმ დროიდან განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მასსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი აქტიურ ფაზაში იყოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება აფიქრებინებდეს, რომ დანის გამოყენებით მუქარის ფაქტს ადგილი შესაძლოა ჰქონოდა კონფლიქტის დასაწყისში, მაშინ, როდესაც შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები ვიდეოგადამღების თვალთახედვის არეალში ჯერ კიდევ არ ექცეოდა. ასეთ ვითარებაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რა განმარტეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა, მათ შორის, დაზარალებულმა ნ. უ-მ შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორთა წინაშე

7.9. პატრულ-ინსპექტორთა სამხრე-კამერების ჩანაწერებიდან უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ. უ-მ თანამშრომლების წინაშე მომხდარ ფაქტთან მიმართებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ო. ი-ე არ აძლევდა მას და მის პარტნიორს ა/მანქანის საკუთარი სურვილისამებრ, კორპუსის ეზოში გაჩერების შესაძლებლობას და ადგილი ჰქონდა მისი და ქ. ე-ის მიმართ სექსუალური ნიშნით სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნ. უ-ს მსგავსად აცხადებდა ქ. ე-ც. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ არც ნ. უ-ს და არც ქ. ე-ს, პოლიციელებთან პირველივე კომუნიკაციის პერიოდში, ერთხელაც არ უხსენებიათ ო. ი-ს მხრიდან მუქარის ან დანის გამოყენების თაობაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ არც ო. ი-ნ, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით და შესაბამისი წესით ჩაუტარეს პირადი გასინჯვა და არც შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა დანაშაულის საგანი - დანა. ამ პირობებში საკასაციო სასამართლოსთვის გაუგებარია, რას ეფუძნებოდა პატრულ-ინსპექტორების განმარტება, რომ ნ. უ-ამ და ქ. ე-მ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს მათ განუმარტეს ო. ი-ის მხრიდან დანის დემონსტრირებით მუქარის შესახებ. უტყუარი ფაქტია, რომ შემთხვევის ადგილზე ასეთ განმარტებას ადგილი არ ჰქონია (პატრულ-ინსპექტორებს შემთხვევის ადგილზე მისვლის წუთიდან ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები).

7.10. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ო. ი-ის ბრალეულობის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - ნ. უ-ას, ქ. ე-სა და არასრულწლოვანი მოწმის - ლ. ი-ს ჩვენებები. შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირებიდან მოწმეები - ლ. ფ-ი და ა. ლ-ძე ადასტურებენ, რომ დაზარალებულთან კონფლიქტისას ო. ი-ს ხელში ეჭირა მათთვის გაურკვეველი საგანი, ხოლო ამ საგნის ნ. უ-ს ყელის არეში მიბჯენასთან დაკავშირებით მოწმეები ინფორმაციას არ ფლობენ. დაცვის მხარის მოწმეები - თ. ჯ-ი, გ. გ-ი, თ. ს-ნი და ნ. შ-ი კი კატეგორიულად გამორიცხავენ შემთხვევის მომენტში ო. ი-ის ხელში დანის ჭერისა და მისი დემონსტრირების ფაქტს.

7.11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ინფორმაციის ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის პირობებში, საჭირო იყო სხვა უტყუარი, წონადი და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც ურთიერთშეთანხმებული იქნებოდა დაზარალებულების ჩვენებებთან და ისინი ერთობლიობით შექმნიდნენ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველს. თუმცა, ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

7.12. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა, რომ ო. ი-მ ნამდვილად ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით.

7.13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და მსჯავრდებულ ო. ი-ის ამ კონკრეტულ დანაშაულებში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ო. ი-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. ო. ი-ის მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები):

8.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ო. ი-ს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.

8.2. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ო. ი-ს უდანაშაულობის თაობაზე, რადგან ის არ შეესაბამება საქმეში არსებული, საკმარისი და კანონიერი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

8.3. დაზარალებულებმა - ნ. უ-მ და ქ. ე-მ თავიანთ ჩვენებებში თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად გადმოსცეს, რომ ო. ი-ან განვითარებული კონფლიქტის ინიციატორი იყო თავად მსჯავრდებული. დაზარალებულების განმარტებით, როდესაც შინ დაბრუნებულები მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ კონკრეტულ ადგილას აპირებდნენ ავტომანქანის გაჩერებას, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ო. ი-მ მოუწოდა, რომ ავტომანქანას მათთვის სასურველ ადგილას ვერ გააჩერებდნენ და სხვაგან გაეჩერებინათ. ვითარებაში გარკვევის მიზნით, ნ. უ-ა გადავიდა ავტომანქანიდან, რაზეც ო. ი-ე უფრო გაღიზიანდა და მათ შორის განვითარდა კონფლიქტი. იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ქ.ე-სა და ნ. უ-ს; სიგარეტის ნამწვი ესროლა ერთ-ერთ მათგანს, ხაზს უსვამდა მათ სექსუალურ ორიენტაციას და მოუწოდებდა დაეტოვებინათ ტერიტორია. მას შემდეგ, რაც ნ. უ-მ გადაწყვიტა ო. ი-ის ქმედებების ვიდეოგადაღება, მსჯავრდებულმა წაართვა დაზარალებულს მობილური ტელეფონი. ნ. უ-მ და ქ. ე-მ დაადასტურეს, რომ მობილური ტელეფონის დაბრუნების შემდეგ ნ. უ-ს მიერ გადაღებული ვიდეოფაილები იყო წაშლილი, თუმცა მათი აღდგენა მოხერხდა მარტივად.

8.4. დაზარალებულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე მათ მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ გარემოებებს. რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც საეჭვოს გახდიდა ნ. უ-სა და ქ. ე-ის ჩვენებებს, მიუთითებდა მათ სიყალბესა და ო. ი-ის უმიზეზოდ დასჯის სურვილზე, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა. ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულები არიან პროვოკატორები, რომლებმაც წამოიწყეს ჩხუბი ო. ი-ნ და იწვევდნენ მას კონფლიქტში, სრულიად უსაფუძვლოა.

8.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების გარდა, შემთხვევის ადგილზე მყოფმა არაერთმა მოწმემ, კერძოდ, ლ. ი-მ, ლ. ფ-მა და ა. ლ-მ ჩვენების მიცემისას დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილას მისულ ნ. უ-ს ო. ი-მ არ მისცა უფლება, სადარბაზოს წინა გაეჩერებინა ავტომანქანა, ეჩხუბებოდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მათ, ეძახდა „ლეზბიანკებს“; უშუალოდ ნ. უ-ს ეუბნებოდა, რომ კაცი იყო და მოუწოდებდა ტერიტორიის დატოვებისაკენ. ნ. უ-ას მიერ მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღების დაწყებისას, ო. ი- ხელიდან გამოგლიჯა მას ტელეფონი, რომელიც გარკვეული პერიოდი თავად ჰქონდა და შემდეგ დაუბრუნა. მოწმე ლ. ი-მ განმარტა, რომ მობილური ტელეფონის დაბრუნების შემდეგ მასში წაშლილი იყო ნ. უ-ას მიერ გადაღებული ვიდეოფაილი. მოწმე ა. ლ-მ კი დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც ო-მა ნ. უ-ს გამოგლიჯა მობილური, გარკვეული ოპერაციები შეასრულა და მალევე მიუგდო. მოწმეებმა ლ. ფ-მა და ა. ლ-მ განაცხადეს, რომ მათ ო. ინ-ნ რაიმე ტიპის კონფლიქტი ან დაძაბულობა არ ჰქონიათ და ვერც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით გამოვლინდა აღნიშნული პირების მხრიდან ო. ი-ის მიმართ რაიმე პირადი ხასიათის დაინტერესების არსებობა, რომ მათ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ მსჯავრდებული ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

8.6. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზეპირ მტკიცებულებებს სრულად შეესაბამება ნ. უ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი და პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერის ჩანაწერები. დაზარალებულ ნ. უ-ს მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ ო. ი-ძე არ აძლევს უფლებას ნ. უ-ს და მის თანმხლებ პირს, კუთვნილი ავტომანქანა გააჩერონ კორპუსის წინ. ო. ი-ძე იფურთხება თავდაპირველად, ნ. უ-ას, ხოლო შემდეგ - სხვადასხვა მიმართულებით; იგი კატეგორიულად ეუბნება ნ. უ-ს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ ვერ დააყენებს ავტომანქანას და უნდა წავიდეს იქიდან; ამასთანავე ნათელია ო. ი-ის მიერ ნ. უ-სა და ქ. ე-ის მიმართ იძულების ჩადენა სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩანაწერიდან ისმის, რომ ო. ი-ძე მათ მოიხსენიებს სიტყვით „ლეზბიანკა“. ამის შემდეგ ხელს იშვერს მათკენ და იძახის: „ეს არის კაცი, ეს არის ქალი... ეს არის ცოლი, ეს არის ქმარი... თქვენი მატრიარქატი დედას ... (უცენზურო სიტყვა)...“. პატრულ-ინსპექტორების - გ. გ-ისა და რ. თ-ის სამხრე კამერის ჩანაწერებში კი ასახულია, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ნ. უ-ა, ქ. ე-ე და მისი არასრულწლოვანი შვილი შეხვდნენ შეშინებულები; ნ. უ-ა ამოწმებს ტელეფონს და ამბობს, რომ მასში ვიდეოები წაშლილია. იმ მომენტში ქ. ე-ის არასრულწლოვანი შვილი ამბობს, რომ ვიდეოები შეიძლება შენახულიყო წაშლილ ფოლდერში. აღნიშნული ჩანაწერები უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ო. ი-მ ნ. უ-ას კომპიუტერულ სისტემაში - მობილურ ტელეფონში უნებართვოდ შეაღწია და წაშალა მასში არსებული ვიდეოკადრები, რაც, დაზარალებულთა განმარტებით, შემდგომში იქნა აღდგენილი წაშლილი ფაილებიდან. შესაბამისად, ნ. უ-ას მიერ გადაღებული ვიდეომასალის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენის ფაქტი არ მიუთითებს აღნიშნული მტკიცებულების ფალსიფიცირებულ ხასიათზე.

8.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნ. უ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოგრამებიდან, მათი ნაწილი, რომელთა წარმომავლობასა და ავთენტიკურობის თაობაზეც არსებობდა გარკვეული ეჭვები, სრულიად კანონიერად არ გაიზიარა ორივე ინსტანციის სასამართლომ. თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება ნ. უ-ან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმისა და გამოთხოვილი ინფორმაციის გაზიარებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა და შესაბამისი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებათა ოქმები შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რაიმე არსებითი ხასიათის დარღვევები, რომლებიც ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის - 2021 წლის 19 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმისა და გამოთხოვილი ინფორმაციის დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა, არ არის გამოვლენილი. ნ. უ-ას კუთვნილ „XIAOMI-ს “ფირმის მობილურ ტელეფონში არსებული №-VID-20210420-WA0014 და №-VID-20210420-WA0015 ვიდეოგრამების წარმომავლობა დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით, მათ შორის დაცვის მხარის მოწმეებიც მიუთითებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ნ. უ-ა იღებდა კონფლიქტის მიმდინარეობას; ხოლო საგამოძიებო ორგანომ მოცემულ შემთხვევაში იმოქმედა კომპიუტერული საშუალებიდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის დადგენილი შესაბამისი წესებისა და სტანდარტების დაცვით.

8.8. კასატორი - ადვოკატი ლ. ა-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დასდებოდა დაზარალებულების - ნ. უ-სა და ქ. ე-ის მიმართ ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რადგან ექსპერტს არ გამოურიცხავს, რომ იმ მომენტში დაზარალებულების აღელვება და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოწვეული ყოფილიყო არა ო. ი-ის ქცევით, არამედ ზოგადად, მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე საზოგადოების მიუღებლობით.

8.9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ, როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... და ...დასკვნების, ასევე ექსპერტ თ. კ-ს ჩვენებიდან ირკვევა, დაზარალებულების მიმართ კვლევა ჩატარდა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ამ საქმის მასალებზე დაყრდნობით, გამოკვლევაზე მყოფი პირების მიერ განსახილველი ინციდენტის შესახებ გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე, რის შედეგადაც კატეგორიულად იქნა დადგენილი, რომ ნ. უ-ასა და ქ. ე-ს მიმართ ქმედებებმა, რაც საქმის მასალების თანახმად, ჩაიდინა ო. ი-მ, გამოიწვია მათი ფსიქოლოგიური ტანჯვა.

8.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ო. ი--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

8.11. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

8.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

9. ო. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:

9.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

9.2. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ი-ის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები (ო. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება - ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი - ო. ი-მ ნ. უ-სა და ქ. ე-ს არ მისცა საშუალება გაეჩერებინათ ავტომანქანა საცხოვრებელი კორპუსის წინ, საჯარო სივრცეში; მსჯავრდებულმა ნ. უ-ას წაართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი და წაშალა მასში არსებული დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც ნ. უ-ა იმ მომენტში იღებდა; ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - ო. ი-ის მტკიცე და ურყევი სურვილი ჩაედინა დანაშაული; დამდგარი შედეგი - ნ. უ-სა და ქ. ე-ს შეეზღუდათ ქმედების თავისუფლება და მიადგათ მორალური ზიანი; ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი - ქმედების ჩადენას საფუძვლად ნ. უ-სა და ქ. ე-ის სექსუალური ორიენტაციისადმი შეუწყნარებლობის მოტივი ედო) და შესაბამისად, ო. ი-ს განუსაზღვრეს ალტერნატიული სახის სასჯელებს შორის ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - 1 თავისუფლების აღკვეთა, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძისა და მსჯავრდებულ ო. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ი-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი