საქმე # 030100123007328663
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1280აპ-23 ქ. თბილისი
შ-ა დ, 1280აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. შ-ს, - დაბადებულს .. წლის .... მაისს, - ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 1 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.ფ-ში, გ-ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას დ. შ-ია სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ნ. შ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 2 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.ფ-ში, გ-ს ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დ. შ-ამ დედას - ნ. შ-ას მოთხოვა მოეძებნა მაღალანაზღაურებადი სამსახური, ფული კი მისთვის მიეცა, რაზეც უარის მიღების შემდეგ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მას ერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა მხრის არეში და ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით:
2.1. დ. შ-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა დ. შ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. გამართლებულ დ. შ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, დ. შ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ დ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. კ-ამ შესაგებლით მოითხოვა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არასწორად შეფასდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. შ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ნ. შ-მ განმარტა შემდეგი: შვილმა - დ. შ-მ უთხრა ძაღლი გაეყვანათ გარეთ და იქ ჰყოლოდათ, რადგან ოთახში ისაქმებდა და ცუდი სუნი იდგა. ასეც მოიქცნენ. დილით დ-მა ჰკითხა, რატომ ტიროდა, რაზეც უპასუხა, რომ ძაღლი ეცოდებოდა. დ-ი ელაპარაკებოდა ხმამაღლა, რადგან კარგად არ ესმის, მაგრამ ხელით არ შეხებია. ამ დროს დაურეკა ნაცნობმა ჟურნალისტმა ე. ჯ-მ, რომელსაც უთხრა, რომ ძაღლის გამო ტიროდა. ე-ო რამდენიმე წუთში მივიდა მასთან ბინაში და შესვლისთანავე დაიწყო მისი შვილის გადაღება. დ-მა უთხრა, რატომ მივიდა, სტუმრად არ მიუწვევია, რაზეც იგი სადისტურად იღიმებოდა. შვილმა ჩაიცვა და თქვა, წავალო, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ ე-მ პოლიციაში დარეკა. მალე პოლიციაც მივიდა და დ-ი დააკავეს. შემდეგ თვითონაც წაიყვანეს პოლიციაში დაკითხვაზე, რა დროსაც ვერ აზროვნებდა და ვერც ვერაფერს გებულობდა, ისტერიკამდე იყო მისული, რადგან მისი შვილი პოლიციაში მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგო, რას ეკითხებოდნენ, ხელი ყველაფერს მოაწერა, მაგრამ რაზე მოაწერა, არ იცის. დაზარალებულის განმარტებით, იგი და მისი შვილი, 42 წელია, ერთად ცხოვრობენ და არასოდეს უჩხუბიათ. დ-ს არ უნდოდა, რომ მეეზოვედ ემუშავა, რადგან დამსახურებული მასწავლებელია და ქალაქში ცნობენ. ეუბნებოდა, რომ ისეთ ადგილზე დაეწყო მუშაობა, სადაც ვერ დაინახავდნენ და არ შერცხვებოდა. ქ-ში გაუშვეს შემოწმებაზე, სადაც დადგინდა, რომ ძალადობის კვალი არ ჰქონდა. მას არავინ დამუქრებია.
8. თავის მხრივ, ფაქტის თვითმხილველნი არ ყოფილან მოწმე ე. ჯ-ია და შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პოლიციის თანამშრომლები - თ. კ-ე, ლ. ლ-ა და ა. პ-ა. ამ პირთა ჩვენებები დ. შ-ს მიერ დედის - ნ. შ-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის შესახებ ირიბია, რომელთა შინაარსიც თავად ინფორმაციის მიმწოდებელმა წყარომ - დაზარალებულმა ნ. შ-მ არათუ არ დაადასტურა, არამედ უარყო კიდეც სასამართლო სხდომაზე.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
10. რაც შეეხება პროკურორ ემელიანე ბერაიას აპელირებას შემაკავებელ ორდერზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი ასევე ეფუძნება დაზარალებულ ნ. შ-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დ. შ-ს მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის შესახებ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ნ. შ-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო ასეთი ფაქტები, შემაკავებელი ორდერი მისი ჩვენებისგან განცალკევებით მოკლებულია მტკიცებულებით ღირებულებას და ვერ განიხილება როგორც ისეთ პირდაპირ მტკიცებულებად, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი №56-ის ასლი) - მონაცემებისა: მოქ. ნ. შ-ას გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 20.05.2023წ-ს და დაესვა დიაგნოზი: სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქ. ნ. შ-ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შეუძლებელია დადასტურდეს დ. შ-ს მიმართ წარდგენილი დანაშაულის სავალდებულო ნიშანი - ფიზიკური ძალადობის დროს დაზარალებულში ტკივილის განცდა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ. შ-მ განაცხადა, რომ დ. შ-ას მასზე არ უძალადია და სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნითაც დადასტურდა მის სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არარსებობა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები კი საკმარისი არ არის დანაშაულის ამ სავალდებულო ნიშნის დასადასტურებლად.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
15. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
16. მოცემულ შემთხვევაში თავად დაზარალებულმა ნ. შ-მ უარყო დ. შ-ს მიერ მასზე სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, მუქარის არსებობის შემთხვევაშიც კი, აღიქვა თუ არა ეს მუქარა დაზარალებულმა რეალურად და, შესაბამისად, გაუჩნდა თუ არა მას მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რაც სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.
17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე დ. შ-ს მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი