საქმე # 820100123006793586
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1286აპ-23 ქ. თბილისი
მ-ძე დ. 1286აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ-. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით:
1.1. დ. მ-ძე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა”, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუდგინდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-მ ჩაიდინა არაერთგზის, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა დ. მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და ზურგის არეში მუშტის, ხოლო ფეხებზე ჯოხის დარტყმებით, არაერთგზის, იძალადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე - ა. კ-ზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 იანვრიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულმა დ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სასჯელის შემსუბუქება ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ დ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ა. კ-სა და მოწმეების - კ. ა-ს, ნ. ა-ის, ზ. გ-ის გამოკითხვის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. მ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს დ. მ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. კასატორის ძირითად არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის კონტექსტში წარმოადგენს დანაშაულის აღიარება და მონანიება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ის მიერ დასახელებული გარემოებები მართლაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა, კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებათა შეფასება არაა საკმარისი და მხედველობაშია მისაღები აგრეთვე საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულ დ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა დ. მ-მ განმეორებით ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ) და მსჯავრდებულ დ. მ-ს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის არგუმენტაციას, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი