Facebook Twitter

საქმე # 330100122005697485

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №534აპ-23 ქ. თბილისი

პ. ე. 534აპ-23 21 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. პ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 3 მარტს, ქ. თ–ში, სოფელი ფ–ში, გ–ს ქუჩაზე №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. პ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,9815 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა რ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2. 2022 წლის 10 მარტს, ქ. თ–ში, სოფელი ფ–ში, ...........ის ქუჩაზე №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. პ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,9762 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა რ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით ე. პ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 3 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (3 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე სრულად შთანთქა 2020 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 4 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. პ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

3.5. ე. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 15 მარტიდან;

3.6. ე. პ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. პ–ს ადვოკატმა კ. ჩ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვინაიდან მართალია ე. პ–მა აღიარა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა თავი უდანაშაულოდ მიიჩნია ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში, რაც სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა და სასჯელის ზომად და სახედ განუსაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ე. პ–მა და მისმა ადვოკატმა კ. ჩ–მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ ე. პ–ი სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაკავების დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან, უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პირობითად ჩათვლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად და ე. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 3 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

5.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (3 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა მეორე – თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 იანვრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. პ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

5.5. ე. პ–სს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 15 მარტიდან;

5.6. ე. პ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. პ–სის ადვოკატმა კ. ჩ–მ და მოთხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენის გაუქმება, იმ მოტივით, რომ: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და პასუხგაუცემელი დატოვა საკითხი ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა დანაშაული; ამასთან, კასატორის პოზიციით: ,,მართალია ე. პ–მა აღიარა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ თავი უდანაშაულოდ მიიჩნია, ხოლო სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ე. პ–ი დამნაშავედ მიიჩნია“ და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 13 წელი.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. პ–ს მიერ დანაშაულების – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (ორი ეპიზოდი) – ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ქიმიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე. პ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული;

9.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორი არ უთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც უკანონოდ მიაჩნია გასაჩივრებული განაჩენი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ე. პ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში.

11. რაც შეეხება შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, არამედ მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

12. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა (დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულს დაუნიშნა ჩადენილი დანაშაულისათვის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი