Facebook Twitter

საქმე # 330100122005995688

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №707აპ-23 ქ. თბილისი

ა. მ. 707აპ-23 11 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: მ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით მ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის ოქტომბრიდან მ. ა–ი და კ. ა–ი არიან მეუღლეები. დაოჯახების შემდეგ მ. ა–ი კ. ა–ს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, იმის გამო, რომ არის ქალი მუდმივად აკონტროლებდა, ეჭვიანობდა, უშლიდა მუშაობას და თვლიდა, რომ ვინაიდან მამაკაცია, დომინანტი ის არის ოჯახში და სრული უფლება აქვს მეუღლის კონტროლის. კ. ა–სთვის შეუძლებელი გახდა ასეთი დამოკიდებულების გამო მეუღლესთან ცხოვრება და გადაწყვიტა მ. ა–სთან განქორწინება და სამშობლოში - ....... ში დაბრუნება. აღნიშნულის გამო, 2022 წლის 7 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, ვ–ში, .........ის ქუჩის №..-ე კორპუსის, ბინა №..-ში ყოფნის დროს, მ. ა–მა მეუღლის კ. ა–ს მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, კერძოდ: მ. ა–ი, დანის დემონსტრირებით, მეუღლეს კ. ა–ს დაემუქრა, რომ მოკლავდა და არ გაუშვებდა ...........ში, რის შემდეგაც დაუჭრა ჩემოდანი და მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახეში. აღნიშნულის შედეგად, კ. ა–მა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის ოქტომბრიდან მ. ა–სი და კ. ა–ი არიან მეუღლეები. დაოჯახების შემდეგ მ. ა–ი კ. ა–ს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, იმის გამო, რომ არის ქალი მუდმივად აკონტროლებდა, ეჭვიანობდა, უშლიდა მუშაობას და თვლიდა, რომ ვინაიდან მამაკაცია, დომინანტი ის არის ოჯახში და სრული უფლება აქვს მეუღლის კონტროლის. 2022 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ში, .........ის ქუჩის №..-ე კორპუსის, ბინა №..-ში კ. ა–სა და მ. ა–ს შორის ფულთან დაკავშირებით მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის გამოც მ. ა–ი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მეუღლეს კ. ა–ს დაემუქრა, კერძოდ: უთხრა, რომ მამაკაცია და თავად გადაწყვეტდა ოჯახში, როდის და რაში დახარჯავდა თანხას და კ. ა–სი თუ გააგრძელებდა დაუმორჩილებლობას, მოკლავდა ისე, რომ ეჭვს მასზე ვერავინ მიიტანდა. აღნიშნულის შედეგად, კ. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2021 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თ–ში კ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ა–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ წონით - 18,6 გრამს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის შუამდგომლობის საფუძველზე მ. ა–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე N............ (საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) და სისხლის სამართლის საქმე N................ (საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით) გაერთიანდა ერთ წარმოებად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით:

4.1. მ. ა–სი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

4.2. მ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარი;

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი.

4.4. მ. ა–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 14 ივნისიდან 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4.5. მ. ა–სს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა და მოითხოვა მ. ა–სი ასევე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა მოითხოვა მ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათალისწინებულ დანაშაულთან ერთად საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. ამასთან, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რომლებსაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).

12. სასამართლო ითვალისწინებს N....... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს და მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულ – კ. ა–ს, თარჯიმნისა და ოქმის შემდგენელი პირის მიერ, ხოლო ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად მ. ა–მა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ხელმოწერაზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 10-15).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ა. ხ–ი, მ. ნ–ი და მ. ი–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ კ. ა–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მ. ა–ს მიერ მის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი იძულებისა და მუქარის შესახებ, აღნიშნულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე შ. ჯ–მა სასამართლოს მიაწოდა მხოლოდ გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია.

14. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ კ. ა–ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2021 წლის ოქტომბრის თვიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია მ. ა–სთან. ვინაიდან თავადაც და მ.ა- ც აღმსარებლობით არიან მუსულმანები, მეუღლე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმკაცრით, აკონტროლებდა მაქსიმალურად, ეჭვიანობდა ნებისმიერ მამაკაცზე, რადგანაც მისი აზრით ვინაიდან იგი მამაკაცია, დომინანტია ოჯახში და სრული უფლება აქვს მაქსიმალური კონტროლის. იმდენად აუტანელი იყო მეუღლის მხრიდან მუდმივი ეჭვიანობა და უაზრო კონტროლი გადაწყვეტილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება, 2022 წლის 7 ივნისს, შუადღისას მ. ა–ს აუხსნა, რომ სურდა განქორწინება და სამშობლოში დაბრუნება. აღნიშნულზე მ–ი გაბრაზდა და მისი თანნაქონი დანით დაუჭრა ჩემოდანი, დანა შემართა და უთხრა, რომ მოკლავდა და არ გაუშვებდა. აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და სიცოცხლისათვის საშიშად, რადგანაც გაბრაზებული ყველაფერზე იყო წამსვლელი. ამის შემდეგ მ. ა–მა მუქარის მეტი დამაჯერებლობისათვის ერთჯერადად მარჯვენა ხელის მუშტი სახეში ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ გონება არ დაუკარგავს და არც სხეულის დაზიანება მიუღია, ასევე არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის. იმ მომენტში როდესაც დანა ხელში ეჭირა და ემუქრებოდა, მოასწრო ფოტოსურათის ჩუმად გადაღება. მომდევნო დღეებში მ-ს ფიზიკურად აღარ უძალადია, მაგრამ გამუდმებით ესაუბრებოდა, რომ მისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა მეუღლე რომ გაქცეოდა და თუ განქორწინებაზე იფიქრებდა ცოცხალს არ დატოვებდა. 2022 წლის 13 ივნისს აღმოაჩინა, რომ მ. ა–სს უნებართვოდ აეღო მისი კუთვნილი 500 ლარი, მეუღლის სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით 22:00 საათზე, უთხრა თუ რატომ აიღო თანხა უნებართვოდ, აღნიშნულზე მ. ა–სმა განუცხადა, რომ იგი იყო მამაკაცი და თვითონ გადაწყვეტდა ოჯახიდან როდის და რაში დახარჯავდა თანხას და თუ გააგრძელებდა ურჩობას, ისე მოკლავდა, რომ ეჭვს მასზე ვერავინ მიიტანდა, რის გამოც ძლიერ შეეშინდა, მუქარა სიცოცხლისათვის საშიშად მიიჩნია და გაჩუმება არჩია. ცოტა ხანში მ. წავიდა სახლიდან, რითიც ისარგებლა და 23:21 საათზე „.........“-ის საშუალებით დაურეკა საპატრულო პოლიციის გამომძიებელ ქალბატონს სატელეფონო ნომერზე - .........., რომელიც იძიებდა მ. ა–ს საქმეს, ცივი იარაღის ტარების ფაქტთან დაკავშირებით. რადგან პოლიციის თანამშრომელი იყო იფიქრა, რომ შეძლებდა დახმარებას და უთხრა, რომ მეუღლე ემუქრებოდა მოკვლით, ეშინოდა და საჭიროებდა დახმარებას. აღნიშნულმა ქალბატონმა უთხრა, რომ პოლიცია მალე მივიდოდა.

15. დაზარალებულმა კ. ა–სმა 2023 წლის 18 იანვრამდე გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი ს.ს.კ.გ. „...........ს აეროპორტის“ გავლით (იხ.: ტ.3, ს.ფ. 50 – ............. დეპარტამენტის .............. სამმართველოს ......... მონიტორინგის განყოფილების უფროსის დ. თ–ს წერილი), ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია კ. ა–ს ბინაზე გამოცხადების ოქმები, რითიც ირკვევა რომ ბინა დაკეტილია და მასში არავინ იმყოფება (იხ. ტ3, ს.ფ. 52-54), რის გამოც სასამართლო განხილვისას პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა 2022 წლის 15 ივნისის გამოკითხვის ოქმი (იხ.: ტ.2, ს.ფ. 130-132). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი (როდესაც თავად დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა). მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით.

16. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დასტურდება მხოლოდ ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულებით - სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ კ. ა–სის გამოკითხვის ოქმით, რომელიც არ არის გამყარებული არც ერთი სხვა პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულებით - საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე, 259-ე, 269-ე და 243-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე