საქმე # 010100115001206670
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №677აპ-23 ქ. თბილისი
ა. ზ. 677აპ-23 21 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–სეს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ქ. ქ–ში, ა–ს გამზირზე, N..-სა და N...-ში მდებარე სამსართულიანი შენობის სასტუმროდ ფუნქციონირებას რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ზ. ა–ე. იგი, შესაბამისი ანაზღაურებით, სასტუმროში სისტემატურად იღებდა სტუმრებს და უწევდა სათანადო მომსახურებას;
2.2. აღნიშნული სამსართულიანი სასტუმრო, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფუნქციონირებდა „სამშენებლო ნორმების და წესების“ – 2.08.02-89 – „საზოგადოებრივი შენობების“ პუნქტი 1.99-ის, 1.100-ის, 1.102-ის, 1.104-ის, 1.109-ის, 3.52-ის, ამავე წესების აუცილებელი დანართი 9-ის პუნქტი 7-ისა და 2.01.02.-85 „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების“ პუნქტი 1.1-ის, 1.8-ის, 4.3-ის, 4.20-ის და 4.28-ის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატება იმით, რომ მესამე სართულის კონსტრუქციები არ აკმაყოფილებდა წაყენებული ცეცხლმედეგობის მინიმალური ზღვრის პარამეტრებს და ცეცხლის გავრცელების მაქსიმალური ზღვრის პარამეტრებს, საევაკუაციო გზებზე (საერთო დერეფანი, კიბის უჯრედი, ვესტიბიული, ჰოლი, ფოიე) კედლები და ჭერი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით, ასევე შენობის გარე კედლების გარე ზედაპირი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით, თითოეულ სართულზე არ იყო მოწყობილი ერთმანეთისაგან განცალკევებული, ორი საევაკუაციო გასასველი, არ იყო მოწყობილი სახანძრო შეტყობინების სისტემა, შენობას არ გააჩნდა მეორე საევაკუაციო კიბე, განაპირა სათავსოდან არსებულ კიბემდე მანძილი შეადგენდა პირველ და მეორე სართულზე ოც მეტრზე მეტს, მესამე სართულზე – ათ მეტრზე მეტს, შენობა არ იყო აღჭურვილი სახანძრო მაუწყებლობის სისტემით.
2.3. სასტუმროში ასევე არ იყო დაცული საქართველოში მოქმედი „სახანძრო უსაფრთხოების წესების“ პირველი მუხლის მე-15 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-4, მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 41-ე მუხლის მე-12, 24-ე და 29-ე პუნქტების, მე-3 სავალდებულო დანართის მე-8, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, შენობაში არ იყო გამოკრული საევაკუაციო გეგმები, საევაკუაციო გზებზე არ იყო მოწყობილი სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები, არ იყო მოწყობილი ხანძრის შესახებ მაუწყებლობის სიტემა, შენობაში ნაწარმოები გადაგეგმარებისას არ იყო დაცული შენობის დანიშნულების (სასტუმრო) შესამაბისი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, საპროექტო გადაწყვეტილების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, საევაკუაციო გასასვლელების კედლები, ჭერი, კიბის საფეხურები არ იყო უწვადი მასალით მოწყობილი, საევაკუაციო გზებზე არ იყო სახანძრო უსაფრთხოების თვითმანათობელი მაჩვენებლები, არ იყო სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, შენობას არ გააჩნდა ორი საევაკუაციო გასასვლელი, შენობა არ იყო ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების და წესების დაცვით აშენებული.
2.4. ამდენად, ზ. ა–სეს, როგორც სასტუმროს ხელმძღვანელსა და მფლობელს, უშუალოდ ევალებოდა საქართველოში მოქმედი ,,სახანძრო უსაფრთხოების წესების“ და „სამშენებლო ნორმების წესების“ დაცვა, თუმცა მას სასტუმროში ზემოაღნიშნული წესების მოთხოვნები არ ჰქონდა დაცული. 2015 წლის 8 მაისს, ზ. ა–სემ ქ. რ–ში არსებული ცეკვის ანსამბლის – „ს-ის“ – ხელმძღვანელ გ. მ–სთან მოლაპარაკების საფუძველზე, სასტუმროში მიიღო და მე-2 და მე-3 სართულებზე განათავსა ა–ს რეგიონში გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები – ოცდაჩვიდმეტი ბავშვი, მათი თანმხლები მშობლები, ოჯახის წევრები და ანსამბლის თანამშრომლები.
2.5. 2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, სასტუმროს მესამე სართულზე განთავსებულ N... ოთახში შენობაში დამონტაჟებული ელექტროსადენების (ელექტროგაყვანილობის) გაუმართაობის გამო გაჩნდა ხანძარი. სასტუმროს ხელმძღვანელის ზ. ა–ს მიერ სასტუმროში სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევამ და ამ წესების დაუცველობამ, ხანძრის შედეგად, გამოიწვია ანსამბლის მცირეწლოვანი წევრების: რ. დ–ს, დ. ზ–სა და თ. ხ–ს სიცოცხლის მოსპობა, რომლებსაც ხანძრის გაჩენის მომენტში მითითებულ ოთახში ეძინათ.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განაჩენით ზ. ა–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. შ–მ, რომელმაც მოითხოვა ზ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ადვოკატმა პ. შ–მ, რომელიც ითხოვს ზ. ა–ს გამართლებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ზ. ა–ს გამართლება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ზ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ. ა–ს მიერ დანაშაულის – უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა – ჩადენა; ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ უთითებს, მათ შორის, ისეთ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ სასტუმროში და იცოდნენ, როგორ იმართებოდა სასტუმრო (მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და ნათესავების ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ. ა–ე არ ყოფილა სასტუმროს ხელმძღვანელი) და ითვალისწინებს:
10. მოწმე ნ. ა–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, იგი არის ცეკვის მასწავლებელი და ხშირად უწევს სხვადასხვა ფესტივალზე ბავშვების წაყვანა. 2007 წელს, ანსამბლს უნდა მიეღო მონაწილეობა ბ–ში დაგეგმილ ფესტივალში, ამიტომ მეგობარსა და კოლეგას – გ. მ–ს სთხოვა რჩევა სასტუმროსთან დაკავშირებით. მეგობარმა ურჩია ქ–ში მდებარე „ხ–ს სასტუმრო“. ჯ–ს ჯერ ტელეფონით დაუკავშირდა, ხოლო ქ–ში ჩასვლისას გაიცნო და უთხრა, რომ სასტუმროში სურდა ბავშვების მიყვანა. თავის მხრივ, ჯ–მა უთხრა, რომ სასტუმროს მეპატრონე თავად იყო და მასთან ჰქონოდა ურთიერთობა. შესაბამისად, ჯ–თან ჰქონდა საქმიანი გარიგება – შეუთანხმდა ვიზიტის პირობებსა და ფასზე (მათ შორის, დააზუსტა ბავშვების რაოდენობა). აღნიშნულის შემდეგ, ა–ში ჩასვლისას, ჩერდებოდა ჯ-ს სასტუმროში. საჭიროების შემთხვევაშიც იგი (ჯ–ი) ეხმარებოდა და მის გარდა ურთიერთობა სხვასთან არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ მითითებულ სასტუმროში 4-ჯერ გავლით, 2-ჯერ კი ორ-ორი კვირა დარჩა. იცის, რომ სასტუმროს მფლობელი იყო ჯ–ი, ამასთან, ,,ჯ–ი იყო იქ ყველაფერი, ის გასცემდა განკარგულებებს“.
11. მოწმე ჯ. გ–ს ჩვენებას, რომ მისი შვილი – თ. გ–ი არის ქ. რ–ს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ს-ის“ მოცეკვავე. ანსამბლის ხელმძღვანელია გ. მ–ა. 2015 წლის 8 მაისს ანსამბლს გაჰყვა ა–ს რეგიონში ფესტივალზე. დაბინავდნენ ქ. ქ–ში, „ხ–ს სასტუმროში“. 2015 წლის 9 მაისს, ფესტივალის შემდეგ, გვიან ღამით დაბრუნდნენ სასტუმროში. მშობელთა ნაწილი აღნიშნავდა ანსამბლის წარმატებას (იყიდეს 2 ბოთლი სასმელი და ტკბილეული), ნაწილი ისვენებდა. ერთ-ერთი ბავშვის და – მ. რ–ე – პერიოდულად ბავშვების შესამოწმებლად ადიოდა მათ ოთახში. რაღაც დროს საუბრისას თქვა, რომ ოთახში იგრძნო პლასტმასის წვისათვის დამახასიათებელი სუნი. აღნიშნულის გამო ჯ. გ–მა გადაწყვიტა ბავშვების ოთახის შემოწმება, თუმცა, იმავდროულად, ქუჩიდან გაიგო შემზარავი ხმა. გაიქცნენ ზედა სართულზე და დაინახეს, რომ მესამე სართულზე ჭერს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. შეეცადა იმ ოთახის კარის გაღებას, რომელთანაც ცეცხლი ყველაზე ახლოს იყო, თუმცა ვერ შეძლო, ამიტომ ლ. ო–მ ფეხით შეამტვრია კარი. ოთახი მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში სასტუმროს შენობა დატოვეს ანსამბლის წევრებმა და მათმა მშობლებმა. მოწმემ განმარტა, რომ სასტუმროს მეპატრონეს – ჯ. ა–ს არ იცნობდა და პირველად ნახა 9 მაისს (იგი იჯდა ისეთ ადგილზე და ისე იქცეოდა, რომ სასტუმროს მეპატრონე უნდა ყოფილიყო. მის ქცევაში გულისხმობს იმას, რომ მათზე ყურადღების მიქცევის მიზნით, ის მითითებებს აძლევდა ბარმენს).
12. მოწმე გ. მ–ს (ქორეოგრაფი) ჩვენებას, რომ ბ–ში ჩასული, იგი ყოველთვის ,,ხ–ს“ სასტუმროში ბინავდებოდა, შვიდჯერ მაინც იქნება ნამყოფი. მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 9 მაისს კულტურულ ღონისძიებაში – საერთაშორისო ფესტივალში – მონაწილეობის მისაღებად ბავშვები ჰყავდა წაყვანილი ა–ში. 8 მაისს, ოცდაჩვიდმეტ ბავშვსა და 13 მშობელთან ერთად ,,ხ–ს“ სასტუმროში თერთმეტი ნომერი დაიკავეს.
12.1. მოწმემ განმარტა, რომ ა–ში ჩასვლამდე დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ჯ–თან დაკავშირებას, საბოლოოდ ჯ–ს მეუღლის ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდა სასტუმროში ვიზიტზე.
13. მოწმე ლ. ო–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, ქორეოგრაფ გ. მ–სთან ერთად 2015 წლის 8 მაისს ანსამბლი ,,ს–ს“ წევრები ჩაიყვანა ქ. ქ–ში და დაბინავდნენ სასტუმროში, რომელსაც, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, ხელმძღვანელობდა ზ. ა–სე. მოწმემ განმარტა, რომ გ. მ–ა საჭიროების შემთხვევაში აგზავნიდა ზ. ა–სთან, შესაბამისად, სასტუმროში ყოფნის პერიოდში სხვისთვის დახმარებისთვის არ მიუმართავს. ამასთან, როდესაც ჩადიოდნენ ქ–ში, მათ ხვდებოდა და შემდეგ აცილებდა ზ. ა–ე.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2015 წლის 27 სექტემბრის N.......-ის დასკვნის თანახმად: N......... პაკეტში მოთავსებულ პოლიეთილენის შავი პარკიდან ამოღებულ ელექტროსადენების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებულ ელექტროსადენებზე აღინიშნებოდა მოკლე ჩართვისათვის დამახასიათებელი ნადნობები და გარდამავალი წინაღობის ნიშნები გადახურებით გამოწვეული კოროზიის სახით.
15. საინჟინრო ექსპერტიზის 2015 წლის 21 ოქტომბრის N.......... დასკვნის თანახმად, ქ. ქ–ში, ა–ს გამზირი N.. და ...-ში მდებარე ზ. ა–სის მფლობელობაში არსებულ სასტუმროში, 2015 წლის 10 მაისს გაჩენილი ხანძრის დროს არ იყო დაცული:
15.1. „სამშენებლო ნორმების და წესების“ 2.08.02-89 „საზოგადოებრივი შენობების“ პუნქტი 1.99-ის, 1.100-ის, 1.102-ის, 1.104-ის, 1.109-ის 3.52-ის, ამავე წესების აუცილებელი დანართი 9-ის პუნქტი 7-ის მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმით, რომ შენობას არ გააჩნდა მეორე საევაკუაციო კიბე, განაპირა სათავსოდან არსებულ კიბემდე მანძილი შეადგენდა პირველ და მეორე სართულზე ოც მეტრზე მეტს, მესამე სართულზე ათ მეტრზე მეტს, შენობა არ იყო აღჭურვილი სახანძრო მაუწყებლობის სისტემით.
15.2. სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.01.02-85 „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების“ პუნქტი 1.1-ის, 1.8-ის, 4.3-ის, 4.20-ის და 4.28-ის მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმით, რომ შენობის მესამე სართულის კონსტრუქციები არ აკმაყოფილებდა მათდამი წაყენებული ცეცხლმედეგობის მინიმალური ზღვრის პარამეტრებს და ცეცხლის გავრცელების მაქსიმალური ზღვრის პარამეტრებს;საევაკუაციო გზებზე (საერთო დერეფანი, კიბის უჯრედი, ვესტიბიული, ჰოლი, ფოიე) კედლები და ჭერი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით, ასევე შენობის გარე კედლების გარე ზედაპირი არ იყო მოპირკეთებული უწვადი მასალით; თითოეულ სართულზე არ იყო მოწყობილი ერთმანეთისაგან განცალკევებული ორი საევაკუაციო გასასვლელი; არ იყო მოწყობილი სახანძრო შეტყობინების სისტემა.
15.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის N449 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების“ პირველი მუხლის მე-15 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-4, მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 41-ე მუხლის მე-12, 24-ე და 29-ე პუნქტების, მე-3 სავალდებულო დანართის მე-8, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 პუნქტების მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმით, რომ შენობაში არ იყო გამოკრული საევაკუაციო გეგმები, საევაკუაციო გზებზე არ იყო მოწყობილი სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები, არ იყო მოწყობილი ხანძრის შესახებ მაუწყებლობის სიტემა, შენობაში ნაწარმოები გადაგეგმარებისას არ იყო დაცული შენობის დანიშნულების (სასტუმრო) შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, საპროექტო გადაწყვეტილების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, საევაკუაციო გასასვლელების კედლები, ჭერი, კიბის საფეხურები არ იყო უწვადი მასალით მოწყობილი, საევაკუაციო გზებზე არ იყო სახანძრო უსაფრთხოების თვითმანათობელი მაჩვენებლები, არ იყო სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, შენობას არ გააჩნდა ორი საევაკუაციო გასასვლელი, შენობა არ იყო ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების და წესების დაცვით აშენებული.
15.4. ქ. ქ–ში, ა–ს გამზირის N...-სა და ....-ში მდებარე ზ. ა–ს მფლობელობაში არსებული სასტუმროში, 2015 წლის 10 მაისს გაჩენილი ხანძრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ აღნიშნული შენობა აშენებული იქნებოდა შენობის დანიშნულების (სასტუმროს) შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით. კონკრეტულ შემთხვევაში, ხანძრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ შენობაში დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა იქნებოდა გამართული, ხოლო დამდგარი შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა თუ შენობაში დამონტაჟებული იქნებოდა სახანძრო სიგნალიზაცია (ხანძრის შესახებ მაუწყებლობის სისტემა).
15.5. ქ. ქ–ში, ...........ის N... და ...-ში მდებარე სასტუმროში, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა სასტუმროს მეპატრონეს (ხელმძღვანელს) ან აღნიშნულზე მის მიერ უფლებამოსილ პირს.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემო აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი სარგებლობდნენ აღნიშნული სასტუმროს მომსახურებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ უშუალოდ მსჯავრდებულთან; რაიმე საკითხთან დაკავშირებით დახმარებისათვის მიმართავდნენ მას.
16.1. აღნიშნული მოწმეების ჩვენებების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს; მათი მხრიდან რაიმე დაინტერესება, განსხვავებით დაცვის მხარის მიერ მითითებული მოწმეებისა (მსჯავრდებულის ნათესავები და მასთან დასაქმებულ პირები), არ იკვეთება.
17. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმის სახით დაკითხული: გ. მ–ს, ნ. ა–ს, ლ. ო–ს და ჯ. გ–ს ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ქ. ქ–ში, ა–ის გამზირი N.. და N...-ში მდებარე სამსართულიან შენობაში მოწყობილი სასტუმროს მუშაობას ხელმძღვანელობდა ზ. ა–ე და აღნიშნულ სასტუმროში უსაფრთხოების წესის დარღვევამ გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ზ. ა–ს მიერ სასტუმროში უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. შ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი