Facebook Twitter

საქმე # 330100122006625837

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №932აპ-23 ქ. თბილისი

ბ. მ. 932აპ-23 26 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: მ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ბ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ–ში, ............ის ქუჩა №.., ბინა №..-ში ყოფნისას, თ. მ–ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე, მ. ბ–ი, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კერძოდ, შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ, მან თ. მ–ს უთხრა, რომ მალე აღარ იქნებოდა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენით:

3.1. მ. ბ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გამართლებულ მ. ბ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ და მოითხოვა მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ მ. ბ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მ. ბ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

12. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება; ბრალდების მხარეს დაზარალებულის ჩვენების გარდა მ. ბ–ს მიერ 2022 წლის 9 ოქტომბერს ჩადენილი მუქარის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულება.

13. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ თ. მ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მისი მამის – გ. მ–ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან.

14. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებს შორის არსებით წინააღმდეგობას სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ბინაში მყოფი პირების და ა. ბ-ს ადგილსამყოფლის შესახებ.

15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. მ–მა მუქარის ფაქტთან დაკავშირებით გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ ნაწილში ირიბი ჩვენებაა, რომლის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ვინაიდან მოწმეს (მისივე განმარტებით) არ გაუგია საუბრის შინაარსი, მისი ჩვენებით დაზარალებულის აღელვების მიზეზის უტყუარად დადგენა ვერ ხდება.

17. სასამართლო ითვალისწინებს შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციას, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 9 ოქტომბერს, 16:31 საათზე, ტელეფონის ნომერზე ........... - ტელეფონის ნომრიდან ........... (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის დ. ი–სის წერილით დგინდება, რომ 322 ... სააბონენტო ნომრის მქონე ტელეფონის აპარატი განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სარგებლობისათვის იხ. ტ.1, ს.ფ. 92) განხორციელებულია სატელეფონო ზარი, თუმცა ამოღების ოქმით და მასზე დართული მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრების აღრიცხვის ჟურნალით არ ფიქსირდება 2022 წლის 9 ოქტომბერს მ. ბ–ს მიერ სატელეფონო ზარის განხორციელების ფაქტი. სასამართლო ითვალისწინებს ი. გ–ს ჩვენებასაც (შესაძლოა მ. ბ–ს დაერეკა, მაგრამ აღნიშნულის აღრიცხვა არ მომხდარიყო) რითიც უპირობოდ ვერ დგინდება მ. ბ–ს მიერ აღნიშნული ტელეფონით სარგებლობის ფაქტი.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

19. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე