საქმე # 140100122005739957
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №930აპ-23 ქ. თბილისი
გ. ვ.930აპ-23 25 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ვ. გ–ს, - დაბადებულს 19..წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 9 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ. გ–მა, 2022 წლის 22 იანვარს, დილის საათებში, გ–ს რაიონ სოფ. .....ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყანარებლობის მოტივით (ვ. გ–ი თვლის, რომ მის მეუღლეს, როგორც ქალს უფლება არ აქვს ვ. გ–ს სახლში არყოფნის დროს, მისი ნებართვის გარეშე მიიღოს სტუმრები, ასევე კონტაქტი ჰქონდეს უცხო პირებთან) არასრულწლოვანი შვილების - 6 წლის ე. გ–ს, 4 წლის ლ. გ–ის და 2 წლის თ. გ–ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - თ. ყ–ზე, კერძოდ, ხელი სამჯერ ძლიერად დაარტყა სახის არეში, ასევე, მარცხენა მკლავის არეში დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება, რა დროსაც თ. ყ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2021 წლის 9 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ. გ–სმა, 2022 წლის 10 თებერვალს, გ–ს რაიონ სოფ. .......ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყანარებლობის მოტივით (ვ. გ–სი თვლის, რომ მის მეუღლეს, როგორც ქალს უფლება არ აქვს გამოთქვას თავისი აზრი, შეეპასუხოს მეუღლეს) არასრუწლოვანი შვილების - 6 წლის ე. გ–ს, 4 წლის ლ. გ–ს და 2 წლის თ. გ–ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - თ. ყ–აზე, კერძოდ, ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში და ორივე ხელის გამოყენებით თმების არეში ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც თ. ყ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2021 წლის 9 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ვ. გ–ი, 2022 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში გ–ს რაიონ სოფ. .......ში მდებარე ი. მ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გენდერის ნიშნით შეუწყანარებლობის მოტივით (ვ. გ–ი თვლის, რომ მის მეუღლეს, როგორც ქალს უფლება არ აქვს გამოთქვას თავისი აზრი, შეეპასუხოს მეუღლეს, ასევე, გამოთქვას უკმაყოფილება რაიმე საკითხთან დაკავშირებით) სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის შედეგადაც თ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2021 წლის 9 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ვ. გ–ი, 2022 წლის 26 მარტს, დღის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს რაიონში, ........ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ვ. გ–ი თვლის, რომ მის მეუღლეს, როგორც ქალს უფლება არ აქვს გამოთქვას თავისი აზრი, შეეპასუხოს მეუღლეს, ასევე, გამოთქვას უკმაყოფილება რაიმე საკითხთან დაკავშირებით) სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც თ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ვ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 მარტის დღის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 მარტის საღამოს საათების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. ვ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 27 მარტიდან;
4. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ მოითხოვა განაჩენის გაუქმება, ვ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან;
4.2. მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. გ–მა მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ვ. გ–ის სრულად გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში:
5.1. ვ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 მარტის დღის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
5.2. ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 მარტის საღამოს საათების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.5. ვ. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 27 მარტიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია ითხოვს ვ. გ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ვ. გ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ვ. გ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 მარტის დღის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ. გ–ს მიერ თ. ყ–ს მიმართ, 2022 წლის 22 იანვარს და 2022 წლის 10 თებერვალს, არასრულწლოვნების თანდასწრებით, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ასევე 2022 წლის 26 მარტს, დღის საათებში მუქარის, რამაც მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია – ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ თ. ყ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ასევე ეფუძნება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ამასთან, ბრალდების მხარის მოწმეები – გამომძიებლები (დ. მ–ი, ი. ბ–ე და ჯ. მ–ი) არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, უშუალოდ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან, აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში(ამასთან, ბრალდების მხარეს დასაკითხად არ წარმოუდგენია დასკვნის გამცემი პირი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ვ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 მარტის დილის საათების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ვ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და 58-ე მუხლებით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ნასამართლობიდან გამომდინარე) გათვალისწინებული წესის დაცვით შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე