Facebook Twitter

საქმე # 160100122005371451

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №733აპ-23 ქ. თბილისი

გ. რ. 733აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 მუხლის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილების „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

რ. გ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენით, რ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტით.

2.1. იყო რა ნასამართლევი, რ. გ–მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით – 2,203 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა 2021 წლის 3 დეკემბერს, 23:30-23:50 საათის შუალედში მარნეულის რაიონული სამმართლველოს თანამშრომლების მიერ ქ. თ–ში, ქ–ს მე.. შესახვევის N.. კორპუსს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად;

2.2. იყო რა ნასამართლევი, რ. გ–მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება ABD-BUTINACA-ს საერთო წონით 0,2123 გრამი, რომელიც ამოიღეს 2021 წლის 3 დეკემბერს 23:30-23:50 საათის შუალედში, მარნეულის რაიონული სამმართლველოს თანამშრომლების მიერ ქ. თ–ში, ქ–ს მე.. შესახვევის N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით:

3.1. რ. გ–ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ", ,,ე" და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. რ. გ–ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. რ. გ–სეს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და რ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილების „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ რ. გ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ–მ და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენის გაუქმებას, რ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ზაზა ცქვიტარია ითხოვს რ. გ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით; ასევე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. ხოლო დაცვის მხარე, შესაგებლით - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ. გ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის, როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვისათვის, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისე - ახალი ფსიქოატიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვისათვის, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

11. გამართლებულ რ. გ–ს ჩვენების (მან უარყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა და მიუთითა პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების ჩადებაზე, განმარტა, რომ ჩხრეკისას ფოტო და ვიდეო გადაღება არ განხორციელებულა და ვერც განხორციელდებოდა, რადგან ასეთი საგამოძიებო მოქმედება მისთვის არ ჩაუტარებიათ, მანქანაში ჩასმისას ჯიბეში ჩაუყვეს ხელი და „მარიხუანა“ ამოუღეს, რომლის თან ქონასაც ადასტურებს. პოლიციის განყოფილებაში ე. ბ–მ ჩაიცვა რეზინის ხელთათმანი და ძალის გამოყენებით პირში ხელი შეუყო, თითქოს პირის ღრუში დამალულ ნარკოტიკს ეძებდა, როგორც შემდეგ მიხვდა ამ გზით მოიპოვეს ნერწვის ნიმუში ნივთმტკიცებაზე დასატანად), მოწმე გ. ა–ს ჩვენებისა (2021 წლის 3 დეკემბერს ღამის საათებში, დაახლოებით, 12:00 საათზე, მეგობარ რ. გ–სთან ერთად იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოულოდნელად მათთან მივარდა შავებში ჩაცმული ათიოდე პირი, რომლებმაც ჰკითხეს მათთვის უცნობი ადამიანის სახელი და გვარი. გვერდით მდგომი ვერცხლისფერი ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს; მან დაინახა, როგორ სვამდნენ ასევე ძალის გამოყენებით რ. გ–ს შავი ფერის ავტომობილში) და მოწმე გ. კ–ს ჩვენების (რ. გ–ე და გ. ა–ი მის თვალწინ ისე წაიყვანეს სხვადასხვა ავტომობილებით, რომ მათთვის ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ. გ–ს ბრალდება ძირითადად ემყარება სადავო პირადი ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებას და პოლიციელთა ჩვენებებს, პირადი ჩხრეკის ფარგლებში არ იყო დაცული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა; ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია და იმავდროულად, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც გამართლებულის, ასევე მოწმეთა: გ. ა–სა და გ. კ–ს ჩვენებებს, ბრალდების მხარის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ რ. გ–მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

11.1. საკასაციო სასამარლო, იმავდროულად, ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა რაოდენობას, იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 3 დეკემბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად რ. გ–მ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, შესაბამისად ვიდეოფიქსაციის საშუალების ხელმისაწვდომობას (მათ შორის, მობილური ტელეფონი) და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება (ა. დ–ს მიერ მ–ში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ. თ–ში, ქ–ს მე.. შესახვევის N.. მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდებოდეს რ. გ–ე რომელსაც თან უნა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება) არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო. აღსანიშნავია, რომ „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-109).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან, თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105).

13. ამასთან, თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102).

14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნივთმტკიცება (ნარკოტიკული საშუალებები – „ჰეროინი“ და კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ABD-BUTINACA); სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ჩხრეკის შესაბამისობას ჩხრეკის ოქმში ასახულ გარემოებებთან, „გაკეთებული იყო ხელისუფლების იმ ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რომელმაც დაიწყო საქმის წარმოება და რომელიც დაინტერესებული იყო მისი შედეგებით. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო მომჩივანთა ბრალდებების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მტკიცებულებები ჩაუდეს. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არ იყო არაბუნდოვანი … საქმის მასალებში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება არ იყო საკმარისად მყარი დამოუკიდებლად“ (Tlashadze and Kakashvili v. Georgia, no.41674/10, § 52, ECtHR, 25/03/2021; Kalandia v. Georgia, N57255/10, § 43, ECtHR, 22/04/2021).

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (მათ შორის - საქართველოსთან მიმართებით), რომელიც ეხება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების და ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობის საკითხს, სადაც სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების მოპოვების ფორმა წარმოშობდა ეჭვებს მის სანდოობასა და სიზუსტესთან დაკავშირებით (იხ., მაგალითად, Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, 14/03/2019; Tlashadze and Kakashvili v. Georgia, no.41674/10, 25/03/2021; Shubitidze v. Georgia, no. 43854/12, 12/06/2021).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ (იქვე, II-108). „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს” ( იქვე, II-107).

17. რაც შეეხება ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს რ. გ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის რ. გ–სადმი კუთვნილებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზოგადად, ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, წარმოადგენდეს ნეიტრალურ, სანდო მტკიცებულებას, თუმცა, იმავდროულად, ყურადღებას მიაქცევს რ. გ–ს განმარტებას ნივთიერ მტკიცებულებებზე მისი ბიოლოგიური მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით (რ. გ–ს მტკიცებით, ნივთიერ მტკიცებულებებზე მისი გენეტიკური პროფილის აღმოჩენა განაპირობა პოლიციის განყოფილებაში ნერწყვის ნიმუშის იძულებით აღებამ და ამ მასალის მათზე გადატანამ) და მიუთითებს, რომ იმ ბუნდოვანებებისა და საეჭვო გარემოებების არსებობის ფონზე, რომლებიც მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს გამოვლინდა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა გამოსაკვლევ ობიექტზე (ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ABD-BUTINACA) რ. გ–ს გენეტიკური პროფილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდების მხარემ არ მიიღო სათანადო ზომები ვიდეოკამერების ჩანაწერების მოსაპოვებლად, საკასაციო სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულებებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის რ. გ–სადმი კუთვნილებას, ვერ შეაფასებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად.

18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს), საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას) დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). ამასთან, „გამოძიებისთვის რეალურად ხელთარსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-110).

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების სადავო ჩვენებების გარდა სისხლის სამართლის საქმეში სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ამასთან მათი ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება მსჯავრდებულისა და მოწმეების: გ. ა–ს და გ. კ–ს ჩვენებებს, ჩხრეკის მწარმოებელი პირების მიერ უგულებელყოფილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები და დარღვეული იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. შესაბამისად, იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ. გ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

21. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე