Facebook Twitter

საქმე # 330100121005052956

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №614აპ-23 ქ. თბილისი

კ. გ. 614აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. გ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 353-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 11 აგვისტოს, ხ–ს რაიონი, დ.... ს–ში, .........ის ქ. N..- ის მიმდებარედ, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აპირებდნენ გ. კ–სათვის ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ძალადობის მუქარით და ფიზიკური ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მუშაკებს. კერძოდ, ხელებისა და ფეხების დარტყმით ი. წ–ს, მ. შ–ს, დ. ბ–ს და ვ. ლ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გ. კ–ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ი. წ–მ, მ. შ–მა, დ. ბ–მა და ვ. ლ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. მათ შორის, ი. წ–ს მიაყენა სხეულის დაზიანება და დაუხია პოლიციის უნიფორმა.

2.2. გ. კ–სემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული 15 ცალი 9X18 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას გ. კ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2021 წლის 11 აგვისტოს, რაც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლების მიერ გ. კ–ს პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი „პორშეს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით – „.........“, ჩხრეკისას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განაჩენით გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის 1-ელი მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. გ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2021 წლის 11 აგვისტოდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ლ–მ და თ. ს–მ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განაჩენის გაუქმება და გ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში სრულად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ს ადვოკატმა შ. გ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს გ. კ–ს გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის: ი. წ–ს, ვ. ლ–ს, მ. შ–ს, ი. ბ–ს, ს. ბ–ს, ნ. გ–ს, ექსპერტ ა. ჩ–ს, ექსპერტ ლ. კ–ს, ექსპერტ პ. დ–ს, ექსპერტ ნ. კ–ს, ექსპერტ შ. კ–ს ჩვენებებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, ამოღების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბალისტიკური ექსპერტიზის N...... დასკვნას, ქიმიური ექსპერტიზის N......... დასკვნას, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N.........დასკვნას, ბალისტიკური ექსპერტიზის N...... დასკვნას, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნას, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N........... დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ. კ–ს მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილს ძალადობითა და ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს (საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2020წლი 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). შესაბამისად, პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც – საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება.

11. გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების მხრივ სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს 2021 წლის 11 აგვისტოს გ. კ–სის მიერ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ძალადობის მუქარით და ფიზიკური ძალადობით წინააღმდეგობა, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ისინი დეტალურად ჰყვებიან, თუ რა ვითარებაში ნახეს გ. კ–ე, რომელსაც განუმარტეს, რომ ჰქონდათ განჩინება მისი პირადი ჩხრეკის თაობაზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტთან დაკავშირებით. რა დროსაც გ. კ–ე გახდა აგრესიული, დაიწყო ლანძღვა-გინება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, კუთვნილი ტელეფონი დააგდო ძირს, გატეხა და გაიქცა ავტომანქანის მძღოლის კარის მიმართულებით, თუმცა ი. წ–მ და დ. ბ–მ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომის უფლება არ მისცეს. გ. კ–ე ხელებს და ფეხებს იქნევდა, იგინებოდა და მკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა ი. წ–ს, რომელიც წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა. წინააღმდეგობისას ი. წ–მ მარჯვენა ხელზე მიიღო დაზიანება ამ დროს გ. კ–ს მანქანის წინა საქარე მინა ჩაიმსხვრა, ძიძგილაობისას გ. კ–მ ი. წ–სეს შემოახია ე.წ. „ჟილეტი“, რომელიც დავარდა ძირს, მანქანის კარებთან, შუშის ნამსხვრევებთან, წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთი, გ. კ–ე არ დაემორჩილა ასევე მ. შ–ს მოწოდებას, დაწყნარებულიყო, რის გამოც, გ. კ–ე დააკავეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე და გაჩხრიკეს.

12. საკასაციო სასამართლო თვალისწინებს, ი. წ–ს მიმართ ჩატარებულ 2021 წლის 19 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნას (უდავო მტკიცებულება), რომლითაც დგინდება, რომ 12.08.2021წ პირადი შემოწმებისას გარეგნულად ი. წ–სეს აღენიშნებოდა ნაჭდევები ორივე ზედა კიდურის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 11.08.2021 წელს.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის ირელევანტურია ე.წ. „ჟილეტის“ დაზიანება – სწორკიდეებიანი ფორმის დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოქმნილია მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, – გამოწვეული იყო თუ არა უშუალოდ გ. კ–ს ქმედებით, იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ გ. კ–ე პირადი ჩხრეკის ჩატარებისას არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მათ შორის ფიზიკური ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია მათ. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის მომენტიდან.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ძალადობის მუქარისა და ფიზიკური ძალადობით წინააღმდეგობის გაწევისას გადაუდებელი აუცილებლობით დაკავებულ გ. კ–ს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა იარაღი და საბრძოლო მასალა (2021 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ გ. კ–ს პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის უკანა მარჯვენა საქამრიდან ამოუღეს მათ შორის შავი ფერის ყავისფერტარიანი პისტოლეტი, ერთი მჭიდით და 8 ვაზნით), საბრძოლო მასალა ამოიღეს ასევე გ. კ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან (2021 წლის 12 აგვისტოს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ხ–ს რაიონის დ... ს–ში, ........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ გ. კ–ს „პორშეს“ მარკის ავტომანქანის სახ. №„......-ის ჩხრეკისას წინა მარჯვენა სავარძლის წინ სათავსოდან, ე.წ. „ბარდაჩოკიდან“, ამოიღეს მათ შორის 7 ცალი ვაზნა). 2021 წლის 12 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი უნომრო იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში „ПM.“ იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილი 15 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული მაკაროვის და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტისათვისაც) განკუთვნილი 9X18 მმ კალიბრის ვაზნა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გაიცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 ივლისის განჩინება, საგამოძიებო მოქმედება – გ. კ–ს პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად, მასთან/მის მფლობელობაში არსებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების, კერძოდ ტექნიკური საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონების მოსაპოვებლად, ვინაიდან ამ ტელეფონებში, შესაძლოა, ინახებოდეს სხვადასხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერები, რაც ადასტურებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და აქტიურ კავშირს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან.

14.1 სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ–ს რაიონის, დ... ს–ში, .......ის ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედება – გ. კ–ს პირადი ჩხრეკისას, გ. კ–ს მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გათვალისწინებით შეიქმნა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირებს ობიექტურად არ ჰქონდათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ ჩხრეკის ვიდეოგადაღება.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2021 წლის 9 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.......... დასკვნას, რომლის თანახმად გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,...პისტოლეტიდან და 15 ვაზნიდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ პისტოლეტის სასხლეტიდან (ობ.N.), სახელურიდან (ობ. N.), ჩარჩოს გარსაცმიდან (ობ. N.) და მჭიდიდან (ობ. N.) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. კ–სეს (ობ. N.; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდ: გ. კ–ს პირის ღრუდან“). ვანზებიდან აღებულ ანაწმენდებზე (ობ. N.., ..) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 272-277). აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ. კ–მ.

15.1. მოწმე ს. ბ-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 24 აგვისტოს გ–ს N.. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გამომძიებლის და ადვოკატის თანდასწრებით, ბრალდებულ გ. კ–სგან მისი თანხმობით და ნებაყოფლობით აიღო ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ჩხირზე, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა სპეცპაკეტში, რომელზეც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. აღებული ნიმუში გადასცა გამომძიებელს. ხოლო მოწმე ნ. გ–მა მიუთითა, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე მოხდა ექსპერტებთან ერთად პაკეტის გახსნა, ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პისტოლეტის სახელურიდან, სასხლეტიდან, ჩარჩოდან, მჭიდიდან და 15 ცალი ვაზნიდან აიღო ბიოლოგიური ანაწმენდი სპეციალური ჩხირის საშუალებით, რომელიც მოთავსდა მუყაოს კოლოფში და დაილუქა პაკეტებში.

15.2. ამასთან, სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან ვაზნებზე არ იყო ანაბეჭდები ეს ვაზნები გ. კ–ს არ ეკუთვნოდა და კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას ((მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.) იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20).

15.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია გ. კ–საგან ნერწყვის ნიმუშის აღების გარემოებები, ასევე – წარმოდგენილ პისტოლეტზე (სასხლეტზე, სახელურზე, ჩარჩოს გარსაცმზე და მჭიდზე) გ. კ–ს გენეტიკური კვალის წარმოქმნის ვითარება და გარემოებები/მიზეზები; მხედველობაში იღებს მოწმეთა – ს. ბ–სა და ნ. გ–ს – ჩვენებებს.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი