საქმე N 330100122005874916
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №875აპ-23 ქ. თბილისი
ნ. ლ. 875აპ-23 26 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ძ–სა და ლ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ნ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ნ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2005 წლიდან ნ. ბ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. ნ–სთან, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილები: 15 წლის გ. და 12 წლის ნ–ი. თანაცხოვრების მანძილზე ცხოვრობდნენ ქ. თ–ში, წ–ს ქუჩა №..-სა და .........ას გამზირის №.., ბინა №..-ში. 2018 წელს ისინი დაშორდნენ. თანაცხოვრების პერიოდის მანძილზე და განქორწინების შემდგომაც მათ შორის 2015 წლის შემოდგომიდან 2021 წლის შემოდგომამდე დროის შუალედში – ქ. თ–ში, წ–ს ქუჩა №..-სა და .........ას გამზირის №.., ბინა №..-ში ლ. ნ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა ნ. ბ–ის არ ჰქონდა მეუღლის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მასთან შეუთანხმებლად გადაადგილების უფლება, ასევე პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უფლება, არასრულწლოვანი შვილების - გ. და ნ. ნ–ების თანდასწრებით სისტემატურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა ნ. ბ–ზე, კერძოდ, ამცირებდა, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით. შედეგად, ნ. ბ–ი თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა ტანჯვას. ასევე ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გ. და ნ. ნ–ებს მიაყენა მორალური ზიანი;
2.2. 2017 წლის ზაფხულში ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უსაფუძვლო მიზეზით ლ. ნ–მა თავის არასრულწლოვან შვილებს - 2007 წლის 23 იანვარს დაბადებულ გ. ნ–სა და 2010 წლის 24 აპრილს დაბადებულ ნ. ნ–ს – უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ნ. ნ–ს ხის ტოტი დაარტყა ხელებზე, გ. ნ–ს კი – ზურგზე. ლ. ნ–ს ქმედების შედეგად ნ. და გ. ნ–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2019 წლის გაზაფხულზე ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ. ნ–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ნ. ბ–ს არ ჰქონდა მეუღლის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის, მასთან შეუთანხმებლად გადაადგილების უფლება, ასევე პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უფლება და მის მოვალეობას მეუღლის უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა, არასრულწლოვანი შვილების – გ. და ნ. ნ–ების – თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს, ნ. ბ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ითრია თმით. ამავე ვითარებაში ლ. ნ–მა შვილს - არასრულწლოვან გ. ნ–ს - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – დედის გამოსარჩლების მიზეზით სცემა. ლ. ნ–ს ქმედებებით ნ. ბ–მა და გ. ნ–მა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ასევე, ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გ. და ნ. ნ–ებს მიაყენა მორალური ზიანი;
2.4. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა ნ. ბ–ის არ ჰქონდა პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უფლება, 2022 წლის 22 მარტს, დაახლოებით, 18:00 საათზე ლ. ნ–მა ყოფილი მეუღლე, ნ. ბ–ი, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიიდან მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადააადგილა ლ–ს ტბის მიმართულებით, ხოლო ლ–ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ავტომანქანაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. როგორც ქ. თ–ი, ბ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ასევე, ლ–ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ. ნ–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ბ–ის. კერძოდ, ხელები და ფეხები ურტყა სახისა და სხეულის არეში, თმა რამდენჯერმე ძლიერად მოქაჩა და ცხვირზე უკბინა. ამავე ვითარებაში რამდენჯერმე დაემუქრა მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით. ნ. ბ–მა მუქარა რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, ხოლო განხორციელებული ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა და მიიღო დაზიანებები თავის არეში, ასევე მიიღო ზედა ყბის მარჯვენა ნაზალური მორჩის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა და სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოში. დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ლ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ. ნ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. ლ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 22 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
4.1. მსჯავრდებულმა ლ. ნ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ. ფ–მ და გ. ძ–მ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ლ. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
4.2. მსჯავრდებულმა ლ. ნ–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. კ-მ მოითხოვეს ლ. ნ–სის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ლ. ნ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე და 111,126-ე მუხლებზე გადაკვალიფიცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ძ–მ და ლ. ფ–მ, რომლებიც ითხოვენ ლ. ნ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ლ. ნ–სის ქმედების (საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას. ვინაიდან ლ. ნ–ს ნ. ბ–იისათვის თავისუფლება არ აღუკვეთავს, დაზარალებული მანქანაში თავისი ნებით ჩაჯდა და მას ჰქონდა შესაძლებლობა დაეტოვებინა მანქანა.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ლ. ნ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მხარეთა შორის დავის საგანია ლ. ნ–მა 2022 წლის 22 მარტს განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული თუ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის - დაზარალებულ ნ. ბ–ს, მოწმეთა: გ. ხ–ს, გ. გ–ს, ჟ. ბ–ს, ლ. შ–ს, ნ.ბ–ს, მ. ყ–სა და ქ. კ–ს ჩვენებებით, ნ. ბ–ს 2022 წლის 23 მარტის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, 2022 წლის 6 მაისის ნ. ბ–ს სამედიცინო ისტორიის ამოღების ოქმით(უდავო მტკიცებულება), სამედიცინო ექსპერტიზის N............. დასკვნით(უდავო მტკიცებულება), 2022 წლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, 2022 წლის 18 მაისისა და 2022 წლის 9 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით, 2022 წლის 2 მაისის, 3 მაისის და 6 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებითა და 2022 წლის 9 ივნისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით (შპს „.....“ და სს „ს–დან“, შპს „..........დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის) და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ლ. ნ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით – ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ნ. ბ–ის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მოწმეთა: გ. ხ–სა და გ. გ–ს ჩვენებებთან, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველნი არიან, ლ. შ–ს, ნ. ბ–ს, მ. ყ–ს, ქ. კ–ს ჩვენებებთან, ასევე გ. ნ–ს გამოკითხვის ოქმთან და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან – კერძოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერებთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „მ–ნ“, შპს „ს–დან“ და შპს „........დან“ გამოთხოვილი მობილური ტელეფონის ნომრების დეტალურ ინფორმაციასთან და საქმის სხვა მასალებთან.
12. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ არ დასტურდება ლ. ნ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რადგან დაზარალებულს ჰქონდა მანქანიდან გადასვლის შესაძლებლობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, დაზარალებული ნ. ბ–სა და მოწმეთა – გ. ხ–სა და გ. გ–ს – ჩვენებით დგინდება, რომ გ. ნ–ი ნ. ბ–ის ყოველი სიტყვის თქმისა თუ გადმოსვლის მცდელობის დროს უსწორდებოდა ფიზიკურად, მანქანაში ნ. ბ–ს მხარეს ეყარა ნივთები და კარის სახელურსაც ვერ პოულობდა. ლ. ნ–ი არ აძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას, ნ. ბ–ს განმარტებით, ერთ-ერთი მცდელობისას კი, როდესაც კარებისკენ გაიწია ლ. ნ–მა ნიკაპში იდაყვი ამოარტყა. გ. ხ–მ და გ. გ–მ მიუთითეს, რომ ლ–ს ტბაზე ასვლამდეც და იქიდან წამოსვლის მერეც ნ. ბ–ი ლ. ნ–სს სთხოვდა, გაეშვა სახლში, მაგრამ ლ. ნ–ი არ უშვებდა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 6 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნას (უდავო მტკიცებულება, ექსპერტი გ. ტ–ი), რომლითაც დადგენილია, რომ „..........ის ცენტრის’’ სტაციონარული პაციენტის N....... სამედიცინო ბარათის ჩანაწერებით ნ. ბ–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 23.03.2022 წ. 03:10 საათზე, გაეწერა 24.03.2022წ. 14:00 საათზე. დაესვა დიაგნოზი: ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, რაც ასევე დადასტურდა ექსპერტიზაზე წარდგენილი CD დისკის შესწავლის შედეგად; 31.03.22წ. მოქ. ნ. ბ–ის პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე და მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ, გარეთა ზედაპირზე;
დაზიანებები თავის მიდამოში (ზედა ყბის მარჯვენა ნაზალური მორჩის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა და სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოში) მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით; მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ, გარეთა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 18 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად, ნ. ბ–ის ხმამაღლა წაეკითხა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელსაც ის დაეთანხმა სრულად,რის შემდეგაც მოწმემ მიუთითა მხოლოდ გადაადგილების მარშუტი და არ უსაუბრია მანქანაში არსებულ ნივთებზე, რომელიც ხელს უშლიდა კარის გაღებასა და გადმოსვლისას.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში არ შემოწმებულა ავტოსატრანსპორტო საშუალების შიგნით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენება (მათ შორის – საკასაციო საჩივარში მითითებული „ვოლტის“ ყუთის ადგილმდებარეობა და აღნიშნული ავტომობილის კარის სახელურისადმი წვდომის დაბრკოლება). საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში სრულად უნდა შემოწმებულიყო დაზარალებულის მიერ გამოძიებოს ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია (ყველა არსებითი ხასიათის დეტალი), იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული საგამოძიებო ექსპერიმენტის წყარო არის დაზარალებული, რომელიც დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სადავოდ გაეხადა მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ი საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს; ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლით დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებებს.
14.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მანქანაში ნივთების (ყუთების ) არსებობას ნ. ბ–ითან ერთად ადასტურებს მანქანის მეპატრონე გ. ხ–ც (მოწმემ მიუთითა, რომ უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს იდო მისი „ვოლტის“ ორი ერთმანეთში ჩადებული სამუშაო ჩანთა. მათი გადაწევის გარეშე მარჯვენა მხრიდან ვერ ჩასხდებოდნენ).
15. ასევე დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება დაზარალებულ ნ. ბ–ს ჩვენების არასანდოობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზარალებულმა ნ. ბ–მა 2022 წლის 22 მარტის გამოკითხვისას მიუთითა, რომ მანქანის საჭესთან იჯდა ლ. ნ–სი, 2022 წლის 10 აპრილის გამოკითხვის ოქმში კი მიუთითა, რომ მანქანაში კიდევ ორი პირი იყო, ლ. ნ–ი კი საჭესთან არ დამჯდარა – მანქანაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე გვერდით ეჯდა.
15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველ შემთხვევაში, დაზარალებული ნ. ბ–ი გამოიკითხა 2022 წლის 22 მარტს 23:20 – 02:00 საათზე, შემთხვევიდან მალევე. მართალია, მან მიუთითა, რომ საჭესთან იჯდა ლ. ნ–ი, თუმცა მანქანაში სხვა პირების ყოფნა არ გამოურიცხავს. ამასთან, 2022 წლის 10 აპრილს ნ. ბ–ი მისივე ინიციატივით, კონკრეტული გარემოების დაზუსტების მიზნით გამოიკითხა დამატებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ 2022 წლის 22 მარტს ლ. ნ–ს მითითებით ჩაჯდა ავტომანქანაში უკანა მარცხენა კარიდან და ლ. ამავე კარის მეშვეობით მიუჯდა გვერდით. ლ. ნ–მა მის მიმართ განახორციელა ძალადობა, რაც გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდეგაც ავტომანქანასთან მივიდა მისთვის უცნობი ორი მამაკაცი. მათ გამოაღეს წინა ორი კარი, ჩასხდნენ სასწრაფოდ და ცდილობდნენ, ლ. მოეცილებინათ, რათა აღარ დაერტყა მისთვის. ამავე გამოკითხვის ოქმში ნ. ბ–ი განმარტავს, რომ წინა გამოკითხვის დროს მისთვის უცნობი მამაკაცების შესახებ არ მიუთითა, რადგან არ სურდა, მათ პრობლემები შეჰქმნოდათ. მომხდარის გამო იყო აღელვებული, შეშინებული და სტრესულ მდგომარეობაში. სწორედ აღელვებისა და სტრესის გამო გადაწყვიტა, არაფერი ეთქვა მათ შესახებ. რომ არა ისინი, შესაძლოა, ლ. ნ–ს იგი მოეკლა კიდეც. როდესაც ნაწილობრივ დამშვიდდა და სტრესი მოეხსნა, გაიაზრა, რომ მისი ქმედება იყო არასწორი და გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა სცოდნოდა სამართალდამცავ ორგანოებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 51-58). ამასთან, მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დეტალურად აღწერა 2022 წლის 22 მარტს განვითარებული მოვლენები, რა დროსაც მოწმეთა – გ. ხ–სა და გ. გ–ს ჩვენებებთან თანხვდენილად მიუთითა მათი მანქანაში ყოფნის ფაქტისა და ქმედებების შესახებ. დაზარალებულმა 2022 წლის 10 აპრილის გამოკითხვის ოქმის იდენტურად მიუთითა მიზეზებზე (იფიქრა, რომ რადგან გადაარჩინეს და შეუმსუბუქეს მდგომარეობა, თუნდაც იმიტომ რომ ლ. ნ–მა რკინა არ დაარტყა, უნდოდა მათთვის არ შეექმნა პრობლემები. პირველად ჩვენების მიცემისას ტკივილისგან იყო დასუსტებული, სახე თუ ჰქონდა ვეღარ გრძნობდა, იმ მომენტში ასე უთხრა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ დიდი სისულელე გააკეთა და შემდეგ მივიდა საგამოძიებო ორგანოში (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) და ყველაფერს მოჰყვა ისე, როგორც იყო. იმ დროს გამომძიებელს ამ პირებზე ინფორმაცია არ ჰქონია და მისგან გაიგო. მოწმემ დააზუსტა, რომ მისი ქცევა განპირობებული იყო მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობითა და მადლიერებით, არ სურდა პრობლემები შეექმნა მათთვის, რის გამოც თავიდან არ მიუთითა გ. ხ–სა და გ. გ–ს მანქანაში ყოფნის შესახებ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის სხდომის ოქმი 14:39:51 – 14:42:21) .
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გ. ხ–სისა და გ. გ–ს ქმედებაში დანაშაულის არსებობის შესახებ და იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოცემული გარემობა ვერ გამორიცხავს ლ. ნ–სის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ამასთან, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე გ. ხ–სა და გ. გ–ს მიერ დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. ტ.2, ს.ფ. 305-306).
17. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა (სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვეს CD დისკები და დადგინდა, რომ ლ. ნ–ს სისხლის სამართლის საქმეში ეს დისკები არ იდო) სს „ს–დან“, შპს „.....დან“ შპს „მ–ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამობეჭდილი ვერსია შეედარებინათ დისკებზე არსებულ ჩანაწერებთან, რითიც უნდა დაედგინათ ის ფაქტი, რომ ნ. ბ–მა წინა დღეს დაურეკა ლ. ნ–ს და თავად სთხოვა შეხვედრა მას. სასამართლო ითვალისწინებს 2022 წლის 10 ივნისის ოქმს მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ოქმში მითითებულია, რომ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ. კ–ს მიეცა იმ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა, რომლის წარდგენასაც ბრალდების მხარე სასამართლოში აპირებს, ასევე გადაეცა მტკიცებულებათა ასლები, მათ შორის: კომპიუტერული დისკები სს „ს–ნ“, შპს „...........დან“(„ბ–დან“) და შპს „მ–დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 307-312). ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები, რა დროისაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით, არ გახსნეს დისკებზე არსებული ინფორმაცია და მიიჩნიეს გამოკვლეულად (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი 15:36:55-15:42:29).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ნ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ძ–სა და ლ. ფ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე