Facebook Twitter

საქმე # 190100123006832588

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1166აპ-23 ქ. თბილისი

ო. თ. 1166აპ-23 12 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: თ. ო–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ო–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 01 ოქტომბერს გ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ო–მ გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი მეუღლეს – თ. ჯ–ს. აღნიშნულის შედეგად, თ. ჯ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2022 წლის 25 თებერვალს გ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ო–მ გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი მეუღლეს – თ. ჯ–ს. აღნიშნულის შედეგად, თ. ჯ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2022 წლის აპრილში გ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ო–მ გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი მეუღლეს – თ. ჯ–ს. აღნიშნულის შედეგად, თ. ჯ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.4. 2022 წლის 22 დეკემბერს გ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ო–მ გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – თ. ჯ–ს მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის – მ. ო–ს – თანდასწრებით თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში და ძლიერად მოუჭირა ხელის მტევნებზე. აღნიშნულის შედეგად თ. ჯ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.5. 2022 წლის 22 დეკემბერს გ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ო–მ, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – თ. ჯ–ს მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის – მ. ო–ს – თანდასწრებით რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავის არეში, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში და ძლიერად მოუჭირა ხელის მტევნებზე. კონფლიქტის მიმდინარეობისას დაზარალებულს ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.6. 2022 წლის 27 დეკემბერს გ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ო–მ მეუღლეს, თ. ჯ–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის, მ. ო–სის თანდასწრებით განუცხადა, რომ დასჩიჩქნიდა თვალებს. თ. ჯ–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით:

3.1. თ. ო–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( 2022 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;

3.2. თ. ო–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.3. თ. ო–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. თ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 28 დეკემბრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

2022 წლის 22 დეკემბერს გ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ო–მ მეუღლეს თ. ჟ–ს რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავში, ფეხი ჩაარტყა მუცელში და ძლიერად მოუჭირა ხელის მტევნებზე. აღნიშნულის შედეგად, თ. ჟ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (ამოირიცხა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება – გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა და მაკვალიფიცირებელი ნიშანი – დანაშაულის ჩადება არასრულწლოვნის თანდასწრებით).

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენის გაუქმება და თ. ო–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

5.2. მსჯავრდებულ თ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჯ–მ მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენის გაუქმება, თ. ო–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენის ცვლილება და თ. ო–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთება თუ სამართლიანობა თ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა – თ. ჟ–მა, ასევე ბრალდებულის დედამ – ნ. ო–მ და არასრულწლოვანმა მოწმემ მ. ო–მ (თ. ო–ს შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – თ. ო–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ თ. ო–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი)) ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა თ. ო–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებისას ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

14.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

15. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენში არასწორადაა მითითებული დაზარალებულის გვარი, თ. ჟ–ს (დასტურდება დაზარალებულ თ. ჟ–ს განცხადებითა და შემაკავებელი ორდერით იხ.: ტ.1, ს.ფ. 4, 22-32) ნაცვლად მითითებულია თ. ჯ–ი.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე