საქმე # 330100122005890494
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №661აპ-23 ქ. თბილისი
ს. გ. 661აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანასთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის გიორგი ჯავარაშვილისა და მსჯავრდებულ შ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. მ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: შ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 30 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, .........ის გამზირზე №..-ში, შ. ს–სა და ე. ფ–ე, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფ “მერსედესის” მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით ........, ერთად ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 24 389,60 ლარის ღირებულების 5 422 კოლოფ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ „NZ Gold”-ის და „GR”-ის სახელწოდების უაქციზო სიგარეტებს, რაც გამოვლინდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
3.1. შ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.2. შ. ს–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. შ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 3 მაისიდან.
4. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, პირთა ჯგუფის - შ. ს–ს და ე. ფ–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, თუმცა უტყუარად დადასტურდა, რომ შ. ს–მ, ნამდვილად იცოდა, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს, ქ. თ–ში, ...........ის №..-ში, ე. ფ–ეე თავის მართვის ქვეშ მყოფ ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ,,.......”, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 24 389,60 ლარის ღირებულების 5 422 კოლოფ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ,,NZ Gold-ის“ და ,,GR-ის“ სახელწოდების უაქციზო სიგარეტს, დამალა მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანასთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანასთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა მოითხოვა განაჩენში ცვლილება, შ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
5.2. მსჯავრდებულ შ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება შ. ს–ს მიმართ და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
7.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანასთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანასთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორი გ. ჯ–ი ითხოვს შ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
7.2. მსჯავრდებულ შ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ–ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენის გაუქმებას/ცვლილებას, შ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
8. 2023 წლის 8 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა დამატებით წარმოადგინა ამავე სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით დაკითხული კ. ჯ–ს 2023 წლის 17 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც კ. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით; განცხადებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე კ. ჯ–ს ბრალდების საქმეზე, მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი, სადაც კ. ჯ–ი აღიარებს ჩვენების შეცვლის ფაქტს შ. ს–ს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს შ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს შ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შ. ს–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა პირთა ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც შ. ს–სას მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით) საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შ. ს–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა ჯგუფურად და ითვალისწინებს, მოწმე ლ. მ–ს (შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელი) ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს, ღამის საათებში, მეწყვილე ი. მ–სთან ერთად ქ. თ–ში, .............ის გამზირის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა და გადაამოწმა ე. ფ–ს მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის ავტომობილი, რომელშიც მძღოლის გვერდით იჯდა შ. ს–სა. ავტომობილში(სალონის უკანა მხარეს – სავარძელსა და დაბლა, საბარგულში) აღმოჩნდა „NZ Gold”-ის და „GR”-ის სახელწოდების უაქციზო სიგარეტის ყუთები, ასევე სიგარეტის შეკვრები, ბლოკები. ი. ს–სა და ე. ფ–ს ახსნა-განმარტებების საფუძველზე, ყველა დოკუმენტებში მიუთითა, რომ სიგარეტები ეკუთვნოდა ე. ფ–ს (რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შ. ს–სა და ე. ფ–ს ახსნა-განმარტებებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15-17). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ 2021 წლის 30 დეკემბრის ოქმს (ტ.1, ს.ფ. 14), ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და განთავსების შესახებ ოქმსა (ტ.1, ს.ფ. 13) და საქონლის ჩამორთმევის(ამოღების) შესახებ 2021 წლის 30 დეკემბრის ოქმს (ტ.1, ს.ფ. 11) და მიუთითებს, რომ ყველა წერილობით მტკიცებულებაში ცალსახადაა მითითებული, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს, 21:26 საათზე, ქ. თ–ში, ............ის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ე. ფ–ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით „.........”, გაჩერებისა და გადამოწმებისას სატრანსპორტო საშუალების ბორტზე განთავსებული იყო ე. ფ–ს კუთვნილი საქონელი, კერძოდ: უაქციზო თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი).
13. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ შ. ს–ს კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მოწმეთა: დ. ს–ს, კ. ბ–სა და კ. ჯ–ს ჩვენებებით საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით დასტურდება შ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, ჩადენა. 2022 წლის 15 აპრილს შ. ს–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი „აიფონ 10“-დან 2022 წლის 27 აპრილს გამოთხოვილი ინფორმაციით (მიმოწერებით: შ. ს–სა და დ. ს–ს, შ. ს–სა და კ. ჯ–ს, შ. ს–სა და კ. ბ–ს შორის) არ დასტურდება, რომ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს, სიგარეტებს აქციზური მარკის გარეშე, შ. ს–სა ინახავდა. შ. ს–სა და დეიდამისს – მ. ფ–ს შორის არსებულ მიმოწერასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს მოწმე მ. ფ–ს განმარტებასაც.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით ე. ფ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის) ჩადენისათვის, რაც ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია.
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიუთითებს, რომ შ. ს–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
15.1. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილ ამავე სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით დაკითხული კ. ჯ–ს მიმართ 2023 წლის 17 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენთან ( კ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით) დაკავშირებით, სხვა გარემოებებთან ( მათ შორის: საკასაციო წარმოების ფარგლებში ახალი მტკიცებულების წარმოდგენის, გამოკვლევის და მის საფუძველზე გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობა) ერთად ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც არ არის საბოლოო, არ არის ამოწურული მისი გასაჩივრების შესაძლებლობა და არ არსებობს აღნიშნული განაჩენის არც პრეიუდიციად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.
16. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ასევე არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის პოზიციას შ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში გამართლებისა და უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ფ–ს(მძღოლის) გვერდით ავტომობილში მჯდომი შ. ს–სათვის აშკარად შესამჩნევ ადგილას (სალონის უკანა მხარეს - სავარძელზე და დაბლა) აღმოჩნდა სწორედ იმ სახელწოდების უაქციზო სიგარეტები, რომელთა შეძენასა და მიწოდებასაც რამდენიმე დღით ადრე სთავაზობდა დ. ს–ს და კ. ჯ–ს (რაც დასტურდება შ. ს–სას 2021 წლის 24 დეკემბრის მიმოწერით დ. ს–სთან და 25 დეკემბრის მიმოწერით კ. ჯ–სთან, ასევე მოწმეთა დ. ს–სისა და კ. ჯ–ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით), 2021 წლის 31 დეკემბერს შ. ს–სა და დ. ს–სის მიმოწერით (სადაც შ. ს–სა უთითებს, რომ „ტავარი წაართვეს“), შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ მან ნამდვილად იცოდა ე. ფ–ეის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის შესახებ. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ე. ფ–ს მიერ მითითებული უაქციზო სიგარეტების შეძენა მოხდა 2021 წლის 30 დეკემბერს (მათ შორის არც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად).
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს შ. ს–სა და დ. ს–ს შორის არსებული მიმოწერის შინაარს, 2022 წლის 10 იანვარისა და 2022 წლის 11 იანვარის ამოღების ოქმებს ( ამოღებული სიგარეტების ოდენობას - 5422 კოლოფი), მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №...... დასკვნას, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმი - 5 422 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის (4 830 კოლოფი, „NZ Gold”-ის სახელწოდების უაქციზო სიგარეტი და 592 კოლოფი „GR”-ის სახელწოდების უაქციზო სიგარეტი) მთლიანი საბაზრო ღირებულება 2021 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 24 389.6 ლარს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ. ს–სამ იცოდა ის გარემოება, რომ ამოღებული სიგარეტების ღირებულება აღემატებოდა – 10 000 ლარს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორი დაცვის მხარის არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანასთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანასთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის გიორგი ჯავარაშვილისა და მსჯავრდებულ შ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი