Facebook Twitter

საქმე # 190100123006609510

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1073აპ-23 ქ. თბილისი

ხ. შ.1073აპ-23 27 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 3 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე დროის პერიოდში, ქალაქ რ–ში, ლ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა N..-ის საძინებელ ოთახში, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, შ. ხ–სი სისტემატურად ცემდა და ძალადობა ინტიმურ პარტნიორ ფ. ნ–ზე; შ. ხ–ი თვლიდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა, ჰყოლოდა სხვა ინტიმური პარტნიორები, ხოლო ფ. ნ–ა ამ ფაქტს გაგებით უნდა მოჰკიდებოდა. 2022 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ რ–ში, ლ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა ..-ის საძინებელ ოთახში, აღნიშნულზე შეკამათებისას გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფ. ნ–ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, გაეკიდა კარისაკენ გაქცეულს და თმების თრევით მიიყვანა ისევ საწოლამდე;

2022 წლის 4 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რ–ში, ლ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა N..-ის საძინებელ ოთახში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, შ. ხ–სმა იძალადა ინტიმური პარტნიორის, ფ. ნ–ს მიმართ, კერძოდ შ. ხ–ი თვლიდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა, ჰყოლოდა სხვა ინტიმური პარტნიორები, ხოლო ფ. ნ–ეა ამ ფაქტს გაგებით უნდა მოჰკიდებოდა, აღნიშნულის გამო შეკამათებისას ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, გაეკიდა, კარისაკენ გაქცეულს და თმების თრევით მიიყვანა ისევ საწოლამდე.

2022 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რ–ში, ლ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა N..-ის საძინებელ ოთახში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, შ. ხ–მა იძალადა ინტიმური პარტნიორის, ფ. ნ–ს მიმართ, კერძოდ შ. ხ–ი თვლიდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა, ჰყოლოდა სხვა ინტიმური პარტნიორები, ხოლო ფ. ნ–ა ამ ფაქტს გაგებით უნდა მოჰკიდებოდა, აღნიშნულის გამო შეკამათებისას ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში.

2022 წლის 6 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რ–ში, ლ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა N..-ის საძინებელ ოთახში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, შ. ხ–სმა იძალადა ინტიმური პარტნიორის, ფ. ნ–ს მიმართ, კერძოდ შ. ხ–ი თვლიდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა, ჰყოლოდა სხვა ინტიმური პარტნიორები, ხოლო ფ. ნ–ეა ამ ფაქტს გაგებით უნდა მოჰკიდებოდა. აღნიშნულის გამო შეკამათებისას, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში. შ. ხ–ს ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა ფ. ნ–მ.

2022 წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში, ქალაქ რ–ში, ლ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა N..-ის საძინებელ ოთახში, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, შ. ხ–სმა იძალადა ინტიმური პარტნიორის ფ. ნ–ეას მიმართ. კერძოდ შ. ხ–სი თვლიდა, რომ მას როგორც მამაკაცს უფლება ჰქონდა ჰყოლოდა სხვა ინტიმური პარტნიორები, ხოლო ფ. ნ–ა ამ ფაქტს გაგებით უნდა მოკიდებოდა. აღნიშნულის გამო შეკამათებისას ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, ასევე მარცხენა მკლავისა და მარცხენა გვერდის არეში და თმის დაქაჩვით ათრია იატაკზე. შ. ხ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფ. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

2.2. 2022 წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში, ქალაქ რ–ში, ლ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა N..-ის საძინებელ ოთახში, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, შ. ხ–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ინტიმური პარტნიორის ფ. ნ–ს მიმართ, კერძოდ შ. ხ–ი თვლიდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა ჰყოლოდა სხვა ინტიმური პარტნიორები, ხოლო ფ. ნ–ა ამ ფაქტს გაგებით უნდა მოკიდებოდა, მიანიშნა მაგიდაზე დადებულ დანაზე და უთხრა, რომ ამ დანით მოკლავდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ფ. ნ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით შ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;

3.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ხ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;

3.4. შ. ხ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 9 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ შ. ხ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას შ. ხ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ შ. ხ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს შ. ხ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც შ. ხ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის განსაზღვრა განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

12. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც შ. ხ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ შ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით (დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 2 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მაქსიმალური ვადით – 1 წლით. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულთა ერთობლიობით) შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ შ. ხ–სმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ნასამართლობის არმქონეა და შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წინაპირობები.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენების მუქარით (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით) არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა 2022 წლის 10 ნოემბერს ჩატარებული დათვალიერების ფარგლებში ამოღებული დანის კუთვნილებას ცივი იარაღის კატეგორიისადმი. შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო სათანადო ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, in dubio pro reo პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მითითებული დამამძიმებელი გარემოება გაეთვალისწინებინა სასჯელის განსაზღვრისას(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის 550აპ-23 განჩინება). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს მაქსიმალური ვადით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე