საქმე # 330100123007215060
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №958აპ-23 ქ. თბილისი
ბ. ა. 958აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ა. ბ–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 14 მარტს, 23:45 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პატრულ- ინსპექტორ გ. ს–ის მიერ ა. ბ–ს მიმართ გამოიცა №....... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში მეუღლესთან – ნ. მ–სთან, მის სამსახურთან, საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ამასთან, ნ. მ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რის თაობაზეც ა. ბ–სთვის ცნობილი გახდა იმავე დღეს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ა. ბ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2022 წლის 15 მარტს, დაახლოებით, 01:05 საათზე, მივიდა ქ. თ., ზ....-, მ-ს, მ........., №.. კორპუსის ბინა №-–ში, რომელშიც იმყოფებოდა ნ. მ–ე და დაამყარა მასთან კომუნიკაცია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენით:
3.1. ა. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
3.2. ა. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 15 მარტიდან 2023 წლის 18 მარტის ჩათვლით;
3.3. პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება, ა. ბ–სათვის სასჯელის დამძიმების კუთხით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიანა ონიანი ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენში, ა. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. ბ–სათვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. ბ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ ა. ბ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ნ. მ-ის და მოწმეების: გ. ბ-ს, ნ. ფ-ის, თ. ს-ის, გ. გ-ის, მ-ს, ვ. ს-ისა და გ. ს–ის გამოკითხვის ოქმები, №....... შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. ბ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება.
4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო მსჯავრდებულისათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დანიშვნის შესახებ.
5. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკავშირდება ა. ბ–ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. შესაბამისად, მსჯავრად შერაცხული ქმედების - საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ოჯახის წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. „სწორედ ოჯახის წევრის მიმართ ქმედების (შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჩადენამ დააფუძნა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამატებით ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა”(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის N1328აპ-22 განაჩენი, II-16).
6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული წესი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე.
7. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება თავისთავად არ განაპირობებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს ოჯახური დანაშაულის ცნებასა და პასუხისმგებლობის (კვალიფიკაციის) საკითხს, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესს ადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-4 ნაწილები.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისთვის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით დადგენილი სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის - ხანგრძლივობის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენება - იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმართლებელ დამძიმებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის N14აპ-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის N1328აპ-22 განაჩენი, II-14-17).
10. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ა. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევის ვარგის და პროპორციულ საშუალებას - სააპელაციო სასამართლომ ა. ბ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ა. ბ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, არ არის ნასამართლევი.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, მიჩნეულია მთავარ სისტემურ პრობლემად, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალდნენ ძირითადად ქალები, რომლებიც მსხვერპლთა დაახლოებით 87%-ს შეადგენენ“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par. 56, ECtHR, 8/07/2021);
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას, პირის მიერ ჩადენილი ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების გათვალისწინებით ადეკვატური სასჯელის დაკისრებას და იმავდროულად, სასჯელის გამოყენებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით; რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
16. დანაშაულის პრევენცია, ისევე, როგორც შესაძლო დამნაშავის გამოვლენა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება, მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს, რომლის დასაცავადაც, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება შეიზღუდოს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს პრინციპი ინდივიდის თავისუფლების სასარგებლოდ. აღნიშნული გულისხმობს, რომ პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ბ–ს მიმართ გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიება - შემაკავებელი ორდერი - არ აღმოჩნდა საკმარისი შემაკავებელი ეფექტის მატარებელი, იმავდროულად ასევე ითვალისწინებს, რომ ა. ბ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, არ არის ნასამართლევი. შესაბამისად, ა. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მისი რესოციალიზაციის, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მიღწევისთვის სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომელიც ჩაეთვალა პირობითად - იქნება ა. ბ–ს პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი