ბს-1609-1183(კ-05) 30 მაისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ლანა ჭანტურიას მდივნობით
კასატორი (მოსარჩელე) _ ბ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გენერალური პროკურატურა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004 წლის 15 ოქტომბერს ბ. ს-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური წლების ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა და ხელფასის ანაზღაურება 1999 წლის ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:
ბ. ს-ე 1975-78 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 1978-1999 წლებში _ საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1995-1999 წლებში იყო გურიის საოლქო პროკურორი. 1999 წელს მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად. არჩევნების დამთავრების შემდეგ, კანონის შესაბამისად, გენერალური პროკურატურის ყველა მუშაკი, მოსარჩელის გარდა, აღდგენილ იქნა თავის პირვანდელ თანამდებობაზე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა განცხადებით გენერალურ პროკურატურას, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს მდივანს და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, მაგრამ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოთხოვნის კანონიერებას ადასტურებს საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების სამმართველოს 2004 წლის 12 იანვრის და გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2004 წლის 3 სექტემბრის წერილები. მოსარჩელის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდნენ იმ მოტივით, რომ გურიის საოლქო პროკურატურა გაუქმებული იყო, რაც უსაფუძვლოა, ვინაიდან ის ითხოვდა წინანდელ ან შესაბამის თანამდებობაზე აღდგენას, ხოლო გურიის საოლქო პროკურატურა მხოლოდ 2004 წლის აგვისტოში გაუქმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციას მოსარჩელესთან არ მოუხდენია საბოლოო ანგარიშსწორება და არ ჩაუბარებიათ მისთვის შრომის წიგნაკი /იხ.ს.ფ. 3-4/.
მოსარჩელემ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა განაცდური წლების ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა /2000 წლიდან 2004 წლის ჩათვლით/, ხოლო, რაც შეეხებოდა მოთხოვნას ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელემ მოითხოვა 20 000 ლარის ანაზღაურება იმავე საფუძვლით /იხ.ს.ფ. 29-30/.
მოპასუხე _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ზ. თ-მ რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ბ. ს-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 82/.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ბ. ს-ე მუშაობდა გურიის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე. საქართველოს გენერალური პროკურორის 1999 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, «პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის 34-ე მუხლის «თ" ქვეპუნქტის თანახმად, 1999 წლის 3 სექტემბერს გენერალური პროკურორის სახელზე წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ბ. ს-ე დაითხოვეს პროკურატურის სისტემიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ განმარტა, რომ «პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის 37-ე მუხლი ითვალისწინებდა პროკურატურის მუშაკის უფლებას, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი იყო პროკურატურის მუშაკის მიერ მხოლოდ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების და არა სხვა საფუძვლით სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, რის გამოც სასამართლომ იხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით და განმარტა, რომ მოხელეს უფლება ჰქონდა კანონით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაესაჩივრებინა სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, მოქმედება, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, ბ. ს-ემ 1999 წელს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურორს, რაზედაც უარი მიიღო, ხოლო სარჩელით სასამართლოს მხოლოდ 2004 წლის 15 ოქტომბერს მიმართა, დარღვეული შრომითი უფლებების აღსადგენად სასამართლოში სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ. 88-90/.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:
აპელანტის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მან სასამართლოს 2004 წლის 15 ოქტომბერს მიმართა სასარჩელო განცხადებით, ხოლო მისი პროკურატურის სისტემიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება 1999 წლის 3 სექტემბერს გაიცა, მოპასუხე მხარე არასდროს უარყოფდა მოთხოვნის კანონიერებას და აპელანტს, არ წარმოშობია ვარაუდი იმისა, რომ ირღვეოდა მისი შრომითი უფლებები (იხ. პასუხი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან). მან უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2004 წლის ოქტომბერში, როდესაც ოფიციალური მიწვევით დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში საკითხის განხილვაზე, სადაც გააგზავნა ბ. ს-ის წარმომადგენელი მ. ჩ-ი, რომელსაც განუცხადეს, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობა არ აპირებდა აპელანტის თანამდებობაზე აღდგენას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება იწყებოდა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, შესაბამისად მის მიერ ხანდაზმულობის ვადა არ იყო დარღვეული /იხ.ს.ფ. 93-94/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ბ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
აპელანტი არ იქნა აღდგენილი პროკურატურის ორგანოებში ან შესაბამის თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში, ამ პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მას უნდა სცოდნოდა მისი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «პროკურატურის შესახებ" კანონი არ ითვალისწინებდა არჩევნებში მონაწილეობის გამო პროკურატურის ორგანოებიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლებული პირის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის აუცილებლობას, აღნიშნულის დამადასტურებელი ნორმატიული საფუძველი არც აპელანტს მიუთითებია, რაც წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს /იხ.ს.ფ. 118-120/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, ვინაიდან არ არის დარღვეული ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა, ამასთან, არსებობს მისი პირვანდელ ან შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორს მიაჩნია, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია ერთთვიანი ვადის გაშვებას, ვინაიდან უფლებების დარღვევის შესახებ შეიტყო სარჩელის შეტანის დროისათვის, როცა ოფიციალურად აიყვანა ადვოკატი, რომელსაც მოპასუხემ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.'კასატორის მითითებით, «პარლამენტის არჩევნების" შესახებ კანონის 36-ე მუხლი ითვალისწინებდა პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციამდე, რაც იყო ბ. ს-ის თანამდებობიდან წამოსვლის საფუძველი. კანონი არ კრძალავდა მის თანამდებობაზე დაბრუნებას თუ ვერ მიაღწევდა დასახულ მიზანს არჩევნებში. კასატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან არ არსებობს ნორმა, რომლითაც მას ეკრძალებოდა სამსახურში დაბრუნება დაკავებული ან შესაბამის თანამდებობაზე, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ის არ ექვემდებარება სამუშაოზე აღდგენას /იხ.ს.ფ. 131-132/.
მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შეპასუხებაში არ ცნო ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
კასატორი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბ. ს-მ დათხოვნიდან 5 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს საფუძვლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ მის მიერ დარღვეული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, საკასაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძველი /იხ.ს.ფ. 155-157/.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /იხ.ს.ფ. 161-164/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა _კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ადგილი აქვს საპროცესო ნორმების დარღვევას, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის მიერ სასამართლოში მიმართვისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების და სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, რომ არ გამოიყენა არც ერთი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, შესაბამისად, სრულიად გაურკვეველია, რას დაეყრდნო სასამართლო აღნიშნული დასკვნის გამოტანისას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსსკ-სის 394 «ე» პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორი ბ. ს-ე 1999 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა გურიის საოლქო პროკურორის თანამდებობიდან, ხოლო იმის გამო რომ არჩევნებში მონაწილეობით ვერ მიაღწია წარმატებას, 1999 წლიდან არაერთხელ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას /იხ.ს.ფ. 8-14/ განცხადებებით, წინანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ასევე, ს.ფ. 15-ზე მდებარე საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების სამმართველოს 2004 წლის 12 იანვრის წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების სამმართველოში განხილულ იქნა ბ. ს-ის განცხადებები პროკურატურის სისტემაში დასაქმების თაობაზე და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს განემარტა, რომ სათანადო შესაძლებლობის არსებობის პირობებში მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, ხოლო ს.ფ 23-ზე მდებარე საქართველოს გენერალური პროკურატურის 2004 წლის 3 სექტემბრის მომართვით კასატორს ეცნობა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, რის შემდეგაც გურიის საოლქო პროკურატურა /სადაც ბ. ს-ე გათავისუფლებამდე მუშაობდა/ გაუქმდა, რის საფუძველზეც ბ. ს-ს უარი ექვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო 1997 წლის 31 ოქტომბრის «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის /კანონის თავდაპირველი რედაქცია/ საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილ ერთვიან ვადაში გაასაჩივროს სამასახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, დადგენილება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს კანონმდებელი უკავშირებს იმ ფაქტს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია ბ. ს-ის სარჩელი ხანდაზმულად, რომ არ გამოუკვლევია ის გარემოება, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო 1999 წლიდან, როცა ბ. ს-მ პირველად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით, თუ 2004 წლიდან, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურატურის 2004 წლის 3 სექტემბრის მიმართვით უარი ეთქვა მოთხოვნის /სამუშაოზე აღდგენის თაობაზე/ დაკმაყოფილებაზე, ამასთან, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, სადავო სამართალურთიერთობაზე რომელი კანონმდებლობით, კერძოდ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით თუ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები უნდა გავრცელებულიყო.
საკასაციო სასამართლო 1995 წლის 1 სექტემბრის «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» კანონის /კანონი გაუქმებულია 2001 წლის 2 აგვისტოს თარიღიდან/ 36-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ადგენს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობის პირობებს თანამდებობრივ მდგომარეობასთან, განმარტავს: პარლამენტის წევრობის კანდიდატად არ შეიძლება წარდგენილი იქნეს... პროკურორები, თუ რეგისტრაციამდე არ იქნენ გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, რაც წარმოადგენდა ბ. ს-ის საქართველოს პროკურატურის ორგანოებიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი სახის დაპირება, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, შესაძლებელია გახდეს დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის საფუძველი, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს პირობებს, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ არ შეიძლება არსებობდეს კანონიერი ნდობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სსსკ-ის 105.2. მუხლის შესაბამისად სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს ს.ფ. 15-ზე მდებარე საქართველოს გენერალური პროკურატურის მომართვას, რომლითაც სათანადო შესაძლებლობის არსებობის პირობებში მოსარჩელს განემარტა, რომ მისი თხოვნა დაკმაყოფილდებოდა და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ, დასკვნა იმის თაობაზე აღნიშნული წერილის (ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი) საფუძველზე, რომლითაც მხარეს ეცნობა, რომ ქმედება (ბ. ს-ის სამუშაოზე აღდგენა) განხორციელდებოდა, წარმოადგენდა თუ არა დაინტერესებული მხარისათვის _ ბ. ს-ისათვის კანონიერი ნდობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს, არსებობს თუ არა «შრომის კანონთა» კოდექსის 109-ე და «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» კანონის 9.5. მუხლებით დადგენილი არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკთა და პარლამენტის წევრის გარანტიების /წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა/ გავრცელების შესაძლებლობა სადავო სამართალურთიერთობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოთმითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4 მუხლის შესაბამისად, საქმეზე სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4 257-ე, 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ნოემბრის განჩინება; საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.