Facebook Twitter

საქმე # 140100121004953996

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №662აპ-23 ქ. თბილისი

გ. შ. 662აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის, ასევე მსჯავრდებულ შ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. შ. გ–ს, – დაბადებულს 1--- წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1.1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

1.1.2. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა) და საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა) მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

1.1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

1.1.4. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

1.2. ვ. ზ–ს, – დაბადებულს 1--- წელს, – ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით შ. გ–სა და ვ. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. შ. გ–მ დაუდგენელ დროს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და 2021 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 20:15 საათზე, გ....., ს–ს ქუჩა №...–ის მიმდებარედ მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ ვაზნებს;

2.2. ამავე დღეს, გ....., ს–ს ქუჩა №...–ის მახლობლად, კ. კ–ს კუთვნილი მშენებარე ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე შ. გ–მ, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზ. რ–ს მარცხენა მუხლის სახსრის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ზ. რ–ე მიყენებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2.3. შ. გ–მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით – 0,4339 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც 2021 წლის 29 ივნისს, დღის საათებში, გ....... ბ ........... ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

2.4. შ. გ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ზ. რ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტს შეესწრო ვ. ზ–ე, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ შ. გ–მ ჩაიდინა მძიმე დანაშაულები, მაგრამ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით:

3.1. შ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. შ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, მასვე 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 7 წლით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან დაემატა –2 წელი და შ. გ–ს საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომელიც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 29 ივნისიდან;

3.2.5. შ. გ–ს 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება;

3.3. ვ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლიც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 12 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

4.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა მოითხოვა შ. გ–ს დამნაშავედ ცნობა, როგორც საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; ხოლო მსჯავრდებულ ვ. ზ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ხანგრძლივობასთან მიახლოებული ხანგრძლივობით შეფარდება;

4.2. შ. გ–სა და ვ. ზ–ს ადვოკატმა შ. გ–მა მოითხოვა მსჯავრდებულების სრულად გამართლება.

4.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება შ. გ–ს და ვ. ზ–ს მსჯავრდების ნაწილში, ასევე - შ. გ–ს სასჯელის ნაწილში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით:

5.1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი მსჯავრდებულების – შ. გ–სა და ვ. ზ–ს მიმართ, კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად;

5.2. ამავე განაჩენში შევიდა ცვლილება ნივთიერი მტკიცებულების ნაწილში, კერძოდ: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა, სახ. № N........., უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს; შ. გ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფული, სიგარეტის კოლოფი და ღერები – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ცელოფნები, ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები - განადგურდეს, ხოლო დანარჩენი ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა და მსჯავრდებულ შ. გ–ს ადვოკატმა გ. მ-მა;

6.1. ბრალდების მხარე ითხოვს შ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, ხოლო ვ. ზ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ხანგრძლივობასთან მიახლოებული ხანგრძლივობით შეფარდებას;

6.2. ადვოკატი გ. მ–ი ითხოვს შ. გ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს: პროკურორმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ შ. გ–ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (რაშიც იგი გამართლებულია), ასევე მსჯავრდებულ ვ. ზ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე – შ. გ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილისა და მსჯავრდებულ შ. გ–ს ადვოკატის გ. მ–ს საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, შ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას შ. გ–ს მსჯავრდების ნაწილში, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას შ. გ–ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ იგი შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მტკიცებულების, მათ შორის, მასრებისა და ლითონის საგნების, ფალსიფიკაციის შესახებ.

5.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 3 ივნისის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამი სავარაუდოდ მასრა, რომელიც ცალ-ცალკე დაილუქა პაკეტებში - F.... (პაკეტი N..), F--------- (პაკეტი N..), F--------- (პაკეტი N..), ასევე – სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი – ლითონის ორი საგანი, რომლებიც ასევე ცალ-ცალკე დაილუქა პაკეტებში - F--------- (პაკეტი N..), F--------- (პაკეტი N..).

5.1.1. აღნიშნული ოქმის თანახმად, ოქმი შედგენილია დეტექტივ-გამომძიებელ – ლ. ი–ს მიერ, დათვალიერება ჩატარდა მოწმეების – კ. კ–ს, გ. პ-ის, დ. ბ–ს, ი. ე-ის, ექსპერტების – ი. მ–ს, ბ. პ-ის, ვ. ა-ის მონაწილეობით, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოქმის ბოლოში სხვადასხვა გრაფებში დაფიქსირებულია ყველა დასახელებული პირის სახელითა და გვარით შესრულებული ხელმოწერა (საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერის გრაფაში არ არის მითითებული მოწმე კ. კ–ს ხელმოწერა, თუმცა იმავე გვერდზე ფიქსირდება მისი ხელმოწერა ორ სხვადასხვა ადგილას: შენიშვნა/შესწორებისა და ოქმის ასლის მიმღები პირის გრაფებში). ამასთან, ოქმში დაფიქსირებულია, მათ შორის, კ. კ–ს ხელმოწერით, რომ შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა (ტ. N1; ს.ფ. 8-56).

5.2. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 2 ივლისის დაქტილოსკოპიური დასკვნის თანახმად, ექსპერტიზა ჩაატარა უფროსმა ექსპერტმა – ქ. პ–მ. ექსპერტიზაზე წარდგენილია 5 ცალი – F...; F..; F..-; F...; F.. პაკეტი. პაკეტების შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტების გახსნას ესწრებოდა ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი – ნ. გ–ი და ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი – გ. კ.

5.2.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილისა და დასკვნაზე თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, აღნიშნულ პაკეტებზე იკითხება ხელნაწერი ტექსტი: ,,ლ. ი., ი. მ-ე, ბ. პ-ი, ვ. ა-ე“ (ტ. N4; ს.ფ. 96-104).

5.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 5 ივლისის ბალისტიკური დასკვნის თანახმად, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარა მთავარმა ექსპერტმა გ. კ-მ. გამოკვლევაზე წარედგინა დადგენილება 2 ფურცლად, გამოსაკვლევი ობიექტები 5 ფუთად დალუქული: F.....; F....; F......; F.........; F........... საკვლევი ობიექტები გაიხსნა მთავარი ექსპერტების: ქ. პ-ის და ნ. გ-ის თანდასწრებით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა (ტ. N4; ს.ფ.89-94).

6. სასამართლო სხდომაზე დეტექტივ-გამომძიებელმა ლ. ი-მ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მასრები და ლითონის საგნები, რომლებიც შემდგომში ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა გულარი. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი მასრები და ლითონის საგნები ექსპერტებმა დალუქეს ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ბიუროში ლუქები იქნებოდა დარღვეული, აღნიშნული აუცილებლად მიეთითებოდა ექსპერტიზის დასკვნაში (16:15:02). მოწმემ ასევე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შესაბამის ოქმებზე მისი ხელმოწერები.

7. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში შ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ პროკურორის პოზიცია შ. გ–ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ვარაუდი. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

7.1. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლების ჩვენებებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შ. გ–ს პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს, ,,პარლამენტის“ ფირმის სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო, მათ შორის, შავ პოლიეთილენის პაკეტში (ცელოფანში) შეფუთული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის 2021 წლის 30 ივნისის N....ქრ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ,,ჰეროინის“ რაოდენობაა – 0,4339 გრამი, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2021 წლის 29 დეკემბრის N........ დასკვნის თანახმად, პოლიეთილენის პაკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის შ. გ–ს, საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ამოღების 2021 წლის 29 ივნისის ოქმის თანახმად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, შ. გ–საგან ამოიღეს მისი კუთვნილი ტანსაცმელი, მათ შორის, შავი ფერის სპორტული შარვალი, წინა მხარეს ორი ჯიბით (წინა მარცხენა ჯიბესთან საფირმო ნიშნით, უკანა მარჯვენა მხარეს საფირმო ნიშნით „EA 7 EMPORIO ARMANI“, შარვალს წელის არეში გაყრილი აქვს მოლურჯო ფერის ზონარი), რომელსაც ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 24 თებერვლის N.... დასკვნის თანახმად, ორივე ჯიბის სარჩულზე აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანებები – მინუს მასალით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე ასევე დათვალიერდა აღნიშნული შარვალი და დადგინდა, რომ მისი ორივე ჯიბის სარჩული დარღვეულია იმგვარად, რომ იქ შეუძლებელია რაიმეს მოთავსება.

7.2. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის პოზიციის (შ. გ–ს პირადი ჩხრეკისას არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და მან შარვალს ჯერ კიდევ პირად ჩხრეკამდე დაუზიანა ჯიბეები, ვინაიდან მოლოდინი ჰქონდა, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთს ჩაუდებდნენ) გათვალისწინებით და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის პოზიციას, რომ შ. გ–ს პირადი ჩხრეკის ადგილას ვიდეოკამერები არ ფუნქციონირებდა – არ იყო ჩართული; ჩხრეკის ადგილზე მისვლამდე პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე პირმა უარი უთხრა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ხოლო უშუალოდ ადგილზე სხვა ადამიანები არ იმყოფებოდნენ; პოლიციელებმა დამაჯერებლად დაასაბუთეს, თავად რატომ ვერ მოახერხეს ჩხრეკის ვიდეოფიქსაცია (მობილური ტელეფონი სიჩქარის გამო სამსახურში დარჩა); შ. გ–მ შარვალი შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საპირფარეშოში ან/და ტანსაცმლის გამოსაცვლელად იზოლირებულ ოთახში მარტო შესვლისას დახია, უშუალოდ ჩხრეკის დროს სადავო შარვლის ჯიბეები დაზიანებული არ იყო.

7.3. ბრალდების მხარის აღნიშნულ ვერსიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ ფოტოილუსტრაციასაც (ტ. 10; ს.ფ. 244) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ შ. გ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილში, ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით შ. გ–ს მსჯავრად შერაცხული თითოეული დანაშაულისათვის განესაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

9. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენის თანახმად: ,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან დაემატოს 2 (ორი) წელი, რის შედეგად, შ. გ–ს საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2021 წლის 29 ივნისიდან; აგრეთვე, მსჯავრდებულ შ. გ–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების უფლება“.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს) საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1. საქართველოს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

10.2. ამდენად, ხსენებული ნორმა ეხება დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესს. აღნიშნული მუხლის სისტემური, ტელეოლოგიური და გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, იგი მოიცავს მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრის შთანთქმას ან (ანდა) შეფარდებული სასჯელების ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრებას. შესაბამისად, განმარტება, რომლის თანახმად, შესაძლებელია მკაცრი სასჯელის მიერ ერთი სასჯელის შთანთქმა, ხოლო მეორის ნაწილობრივ ან მთლიანად დამატება, არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შინაარსს.

10.3. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას იძლევა სასჯელის შთანთქმის ან ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების შესაძლებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა, როგორც შთანთქმის, ასევე შეკრების წესი ერთდროულად; საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო სასამართლოს უკრძალავს საქართველოს სსკ-ის უფრო მკაცრი მუხლის გამოყენებას, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას ან მსჯავრდებულისათვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილების მიღებას, როდესაც ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია, - ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს ამ ნაწილში არ გაუსაჩივრებია გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენები - გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 7 წლით უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ შ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 7 წლით. მასვე, 5 წლით უნდა ჩამოერთვა იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების უფლება.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას ვ. ზ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრების შესახებ, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ხანგრძლივობასთან მიახლოებული ზომით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

12.1. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ვ. ზ–ეს განუსაზღვრა სასჯელი იმ ზომით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია; ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

12.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10 ).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ შ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. შ. გ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. შ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, 5 წლით ჩამოერთვას იარაღის შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 7 წლით, შთანთქას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელები და შ. გ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, 5 წლით ჩამოერთვას იარაღის შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება;

3.2.5. შ. გ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2021 წლის 29 ივნისიდან;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი