Facebook Twitter

საქმე # 330100121004616337

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №596აპ-23 ქ. თბილისი

დ. ნ. 596აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ბ–სა და თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. დ–ს – დაბადებულს 1--- წელს, – ბრალად ედებოდა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. ნ. დ–ს განზრახული ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა სხვის ქონებას. 2018 წლის დეკემბერში გაიცნო ი. გ–ი, რომელთანაც თავი გაასაღა თ–ი, წ–ს №..ს №.... ბინის მესაკუთრედ და შეჰპირდა, რომ აღნიშნულ ბინას 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ 2 წლით მიაგირავებდა, რასაც ი. გ–ი დასთანხმდა. 2018 წლის 13 დეკემბერს თ–ი მ-ს ქუჩა N..ში მდებარე თ. მ–ს სანოტარო ბიუროში ი. გ–ს გაუფორმა სესხის ხელშეკრულება და მოატყუა, რომ 15 957 ლარის სანაცვლოდ, ორი წლით ანიჭებდა უფლებას ეცხოვრა ხსენებულ ბინაში. ხელშეკრულების გაფორმების დღეს სანოტარო ბიუროში ნ. დ–მ ი. გ–ს გამოართვა 6000 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 28 დეკემბერს ნ. დ–მ ი. გ–ს ბინასთან დაკავშირებით დამატებით გამოართვა 1000 აშშ დოლარი (2669 ეკვივალენტით ლარში), თუმცა ი. გ–სა და მისი ოჯახის წევრებს ერთი დღეც არ უცხოვრიათ აღნიშნულ ბინაში. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ნ. დ–მ ი. გ–ს მიაყენა 7000 აშშ დოლარის (ეკვივალენტით 18626 ლარი) დიდი ოდენობით ზიანი.

2.2. 2016 წელს ნ. დ–მ შეიტყო, რომ მის მეზობელ რ. კ–ს ესაჭიროებოდა 800 აშშ დოლარი. ნ. დ. სარგებლობდა რა მისი ნდობით, გადაწყვიტა თაღლითურად დაუფლებოდა რ. კ–ს ფულად თანხას და შესთავაზა 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ იპოთეკით დაეტვირთა მისი საცხოვრებელი ბინა, მდებარე – თ-ი, ლ-ს დასახლება N-ში, სახლი N-ის N- ბინაში (დღევანდელი: წ......... უბანი, სახლი N.., ბინა N-). ნ. დ–ს განმარტებით, ის თავად მოიძიებდა იპოთეკარს და 8000 აშშ დოლარიდან 800 აშშ დოლარს მისცემდა რ. კ–ს, ხოლო 7200 დოლარს – დაიტოვებდა თავად, ვინაიდან სხვანაირად სესხის ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა. რაც შეეხება პროცენტს, ის თავად უზრუნველყოფდა მის გადახდას. შეთანხმებისამებრ, 2016 წლის 17 ნოემბერს, თ-ი, ნ-ს N- ჩიხში მდებარე ქ. ბ-ს სანოტარო ბიუროში რ. კ–სა და იპოთეკარ კ. ო–ს წარმომადგენელ ა. რ–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შეთანხმებისამებრ, რ. კ–მ აიღო მხოლოდ 800 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა დაიტოვა ნ. დ–მ. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. დ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას იყენებდა რ. კ–ს მოსატყუებლად და მას მხოლოდ ამოძრავებდა ფულის დაუფლების მიზანი, 2017 წლის გაზაფხულზე, ის კვლავ მივიდა რ. კ-თან და განუცხადა, რომ საჭირო იყო ახალი იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან მისი განმარტებით, ის ვეღარ იხდიდა თანხას. ვინაიდან რ. კ–ს შეეშინდა, რომ თანხის გადაუხდელობის გამო ის დაკარგავდა ბინას და ასევე ენდობოდა ნ. დ–ს იძულებული გახდა დათანხმებოდა ნ. დ–ს შემოთავაზებას. ეს უკანასკნელი არწმუნებდა რ. კ–ს, რომ მას ამის შემდგომაც არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა ბინასთან დაკავშირებით და უფრო მეტიც, თუ საჭირო გახდებოდა დააგირავებდა საკუთარ ბინას და რ. კ–ს ბინას დაიხსნიდა იპოთეკისგან. 2017 წლის 3 აპრილს თ-ი, ..... N-..ში თ. ბ-ის სანოტარო ბიუროში რ. კ–სა და მ. ღ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 31 800 ლარზე, საიდანაც სრული თანხა აიღო ნ. დ–მ. 2018 წლის 30 იანვარს ნ. დ–მ კვლავ დაარწმუნა რ. კ–ი, რომ ვერ იხდიდა იპოთეკის თანხას და ბინის დაკარგვის თავიდან აცილებისათვის აუცილებელი იყო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება. რ. კ–ი ბინის დაკარგვის შიშით იძულებული იყო დათანხმებოდა ამ პირობას და 2018 წლის 30 იანვარს თ-ი ლ-ს N..–ში, ე. შ-ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც იპოთეკარები იყვნენ ე. მ-ი და რ. ბ–ი, რომლებმაც საერთო ჯამში 43 200 ლარი გადასცეს ნ. დ–ს. ამის შემდგომ, ვინაიდან ნ. დ. ხსენებულ იპოთეკარებს აღარ უხდიდა პროცენტს, ე. მ–ი დაუკავშირდა რ. კ–ს და მოსთხოვა პროცენტის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა აღსრულებას. რ. კ–მ ნ. დ–ს მოსთხოვა იპოთეკისგან გაეთავისუფლებინა მისი ბინა, რაზეც ნ. დ–მ ის კვლავ მოატყუა და განუცხადა, რომ იპოთეკარებისთვის მისაცემი თანხა თითქმის გასტუმრებული ჰქონდა და დარჩენილი იყო მხოლოდ 4500 აშშ დოლარი. ამის შემდგომ, ნ. დ–მ ნდობის გამოყენებით კვლავ მოატყუა რ. კ–ი, დაარწმუნა ის 3 თვით გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მყიდველი იყო ი. ჩ–ი. ნ. დ–მ დააჯერა რ. კ–ი, რომ აუცილებელი იყო ამ ხელშეკრულების გაფორმება, აღებული თანხიდან ის გაისტუმრებდა ორივე იპოთეკარს და ასევე გააუქმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებასაც. შესაბამისად, 2018 წლის 3 აპრილს, თ-ი ა-ს N-..ში მდებარე ლ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, რ. კ–სა და ი. ჩ–ს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. თავის მხრივ, ნ. დ–მ მოატყუა ი. ჩ–ი, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებადე, ანახა არა რ. კ–ს საცხოვრებელი სახლი, არამედ მის მფლობელობაში არსებული სახლი. ამასთანავე, როდესაც ადგილზე არ გამოჩნდნენ იპოთეკარები ე. მ–ი და რ. ბ–ი, ნ. დ–მ განუმარტა, რომ ისინი იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და შესაბამისად, მათ თანხას ის პირადად გადასცემდა მოგვიანებით. იმავე დღეს, ი. ჩ–ი 10 000 აშშ დოლარი გადასცა ნ. დ–ს. საბოლოოდ, ნ. დ–მ იპოთეკარებს არ დაუბრუნა თანხა და იპოთეკარების მოთხოვნით რ. კ–ს ბინაზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება. ნ. დ–ს ქმედებით რ. კ–მ 26 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი 67 252 ლარი) დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიიღო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ნ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.2.საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელი შთანთქავს თანაბარს და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 10 000 - ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.5. ნ. დ. დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან – 2022 წლის 24 ოქტომბრიდან;

3.6. ნ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 25 მარტიდან - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ–ს ადვოკატმა გ. ბ-ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულისათვის მსუბუქი სასჯელის – ჯარიმის – შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში;

5.1. ნ. დ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

5.2. ნ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;

5.3. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნ. დ–ს დანიშნული სასჯელიდან 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 10 000 - ლარი და საბოლოოდ ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;

5.5. ნ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2022 წლის 24 ოქტომბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით (გარდა ნ. დ–ს აღიარებისა) დაზარალებულ ი. გ–ის განცხადებით, სესხის ხელშეკრულებით, მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ნ. დ., მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ ი. გ–ის ფულად თანხას - 7000 აშშ დოლარს (18626 ლარი), რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, ხოლო ნ. დ–ს მიმართ რ. კ–ს ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ განსახილველ განაჩენში აღწერილი ქმედება, მართალია იწყება 2016 წლიდან, თუმცა აღნიშნული არ შეიცავს ცალკე დამოუკიდებლად დანაშაულის ნიშნებს (წარმოადგენდა მხარეთა შორის შეთანხმებას), ნ. დ–მ კი ბოლო ქმედებით მოატყუა, როგორც რ. კ–ი, ასევე ი. ჩ–ი. ამ ქმედებისათვის კი ნ. დ. გასამართლდა 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით; განსახილველი საქმისა და 2020 წლის 17 ივლისის განაჩენში აღწერილი/დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნ. დ–ს ქმედებები რ. კ–ს და ი. ჩ–ის მიმართ არ წარმოადგენს დანაშაულის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს - უნდა შეფასდეს, როგორც ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირის ორჯერ მსჯავრდება, რადგან ბრალად შერაცხული ქმედება გამომდინარეობს არსებითად იდენტური ფაქტებიდან.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. დ–ს ადვოკატმა გ. ბ–მ და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, კერძო:

7.1. ბრალდების მხარე ითხოვოს ნ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, ბრალად წარდგენილ ორივე ეპიზოდში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

7.2. დაცვის მხარე ითხოვს ნ. დ–ს მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენებას, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 17 აგვისტოს შემოვიდა მსჯავრდებულ ნ. დ–ს ადვოკატის – გ. ბ–ს განცხადება, რომელსაც ერთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, გარდაცვლილი ი. გ–ის უფლებამონაცვლე გ. გ-ი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ ნ. დ–ს მიმართ არ აქვს პრეტენზია, რადგან მისმა ოჯახმა დავალიანება სრულად დაფარა და იგი თანახმაა აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა სახის შეღავათი და იგი გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან. გ. ბ-ე ითხოვს ნ. დ–ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ბ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას – არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ნაცვლად – შეფარდებული თავისუფლების აღკვეთისა, ხოლო ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი – ბრალად წარდგენილი – კვალიფიკაციით (მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი)) და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

2.1. ამდენად, მხარეების შორის დავის საგანი არ არის ნ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული მსჯავრდება და ამ ნაწილში დაცვის მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ შეფარდებულ სასჯელს.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილული იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შესახებ და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, დანაშაულის ხასიათის და მიყენებული ზიანის მოცულობის, ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით ნ. დ–ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. იმავდროულად, ნ. დ–ს აღიარებისა და დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მისწრაფების მხედველობაში მიღებით საპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობითად.

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

5.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. დ–მ დანაშაული ჩაიდინა 2020 წლამდე, დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, ამასთან, დაცვის მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ნოტარიული წესით დამოწმებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადება (ი. გ–ის ეპიზოდთან დაკავშირებით), რომლის თანახმად, გარდაცვლილი ი. გ–ის უფლებამონაცვლე, გ. გ–ი, აცხადებს, რომ მსჯავრდებულ ნ. დ–ს მიმართ არ აქვს პრეტენზია, რადგან მისმა ოჯახმა სრულად დაფარა დავალიანება; იგი თანახმაა აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა სახის შეღავათი და იგი გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

5.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი) უნდა გაუნახევრდეს და ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით უნდა შეეფარდოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი (იხ. მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის N991აპ-22 განჩინება).

6. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილი, კერძოდ, ნ. დ–სა და რ. კ–ს ურთიერთობა და შესაბამისად, ამ ურთიერთობის ფარგლებში ნ. დ–ს მოქმედებები წარმოადგენდა მხარეთა შორის შეთანხმების შედეგს და აღნიშნული არ შეიცავს ცალკე დამოუკიდებლად დანაშაულის ნიშნებს, თუმცა საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. დ–ს აღნიშნულ ბრალდებაში სრულად გამართლების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ ნ. დ–ს ქმედებები რ. კ–ს და ი. ჩ–ის მიმართ არ წარმოადგენს დანაშაულის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს, უნდა შეფასდეს, ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირის ორჯერ მსჯავრდებად, რადგან ბრალად შერაცხული ქმედება გამომდინარეობს არსებითად იდენტური ფაქტებიდან; ნ. დ–მ ბოლო ქმედებით (იგულისხმება რ. კ–სა და ი. ჩ–ს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობასთან დაკავშირებული ურთიერთობა) მოატყუა, როგორც რ. კ–ი, ასევე ი. ჩ–ი, რისთვისაც ნ. დ. გასამართლდა 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, დაზარალებულ რ. კ–ს გამოკითხვის ოქმს (რომელიც დაცვის მხარემ უდავო მტკიცებულებად მიიჩნია) და იმ გარემოებას, რომ თავად დაზარალებული ადასტურებს, რომ 2016 წელს მან მსჯავრდებულის შეთავაზების შემდეგ თავისი ნებით დატვირთა ბინა იპოთეკით და ხელშეკრულებაზე არსებული მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის; აღნიშნულის შემდეგ, 2017 წელს, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა აცნობა, რომ იპოთეკარს ვერ უხდიდა თანხას, მიიღო მისი შეთავაზება და გააფორმა ახალი იპოთეკის ხელშეკრულება (დაზარალებულმა მიუთითა, რომ ამ დრომდე იგი თანხის გადახდასთან დაკავშირებით არავის შეუწუხებია); 2018 წელს მსჯავრდებულმა კვლავ უთხრა, რომ ვერ იხდიდა იპოთეკის თანხას, რის გამოც რ. კ–ი კვლავ დასთანხმდა და სანოტარო ბიუროში გააფორმა ახალი იპოთეკის ხელშეკრულება; აღნიშნულის შემდეგ რ. კ–ი კვლავ დასთანხმდა ნ. დ–ს თხოვნას და 2018 წლის 30 იანვარს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება. 2018 წლის მარტამდე ნ. დ. სრულად უხდიდა იპოთეკარებს პროცენტსა და ძირ თანხას და შესაბამისად, პრობლემაც არ იქმნებოდა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ რ. კ–სთვის ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც თანხის გადახდა მოსთხოვეს მას (რ. კ–ს). ნ. დ–სა და რ. კ–ს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

7.1. მსჯავრდებულისა და დაზარალებულის შეთანხმებისამებრ, 2016 წლის 17 ნოემბერს, სანოტარო ბიუროში დაზარალებულ რ. კ–სა (მესაკუთრე) და იპოთეკარ კ. ო–ს წარმომადგენელ ა. რ–ს (იპოთეკარი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

7.1.1. მოწმე ა. რ–ს 2021 წლის 16 მარტის გამოკითხვის ოქმის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა 6 თვით. ა. რ–ს 4 თვის განმავლობაში უხდიდნენ სარგებელს, ვინ – არ ახსოვს. მეექვსე თვეს უთხრეს, რომ სურდათ ხელშეკრულების გაუქმება, რასაც დასთანხმდა. როგორც მიხვდა იგი ჩაანაცვლეს სხვა იპოთეკარით.

7.1.2. 2017 წლის 3 აპრილის სესხის და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, ა. რ-მა მიმართა ნოტარიუსს და დაადასტურა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილი ყველა ვალდებულება სრულადაა შესრულებული და მესაკუთრის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს.

7.2. 2017 წლის 3 აპრილის სესხის და იპოთეკის შესახებ სანოტარო აქტს თანახმად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მ. ღ-სა (იპოთეკარი) და რ. კ–ს (მესაკუთრე) შორის; სესხი უნდა დაბრუნდეს 1 წლის ვადაში; მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების ვადაზე ადრე დაბრუნება.

7.2.1. 2018 წლის 30 იანვრის სესხის და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, სანოტარო ბუროს მიმართა მ. ღ-მა და მოითხოვა თავის სასარგებლოდ დაფუძნებულ იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ სანოტარო აქტის შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება. აქტის თანახმად, მ. ღ-მა განაცხადა, რომ მან იძულების გარეშე თქვა უარი მის სასარგებლოდ დაფუძნებულ იპოთეკაზე, რომელიც წარმოშობილი იყო მასსა და რ. კ–ს შორის; უარის თქმის საფუძველია მესაკუთრის მიერ სესხის თანხის სრულად დაბრუნება, დარიცხული პროცენტებით.

7.3. 2018 წლის 30 იანვრის სესხის და იპოთეკის შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, რ. ბ-მა, ე. მ-მა და რ. კ–მ გამოხატეს ერთმანეთს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება. ხელშეკრულების თანახმად, რ. ბ–ი და ე. მ–ი არიან იპოთეკარები, ხოლო რ. კ–ი – მესაკუთრე (იპოთეკის საგანი ეკუთვნის რ. კ–ს). სესხი უნდა დაბრუნდეს 6 თვეში – 2018 წლის 30 ივლისს. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ვადაზე ადრე დაბრუნება.

7.3.1. მოწმე რ. ბ–ის 2021 წლის 15 მარტის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 4-5 თვის განმავლობაში იღებდა სარგებელს, რომელიც მასთან მიჰქონდა რ. კ–ს. აღნიშნულის შემდეგ მისთვის არ დაუბრუნებიათ ძირი თანხა, რის გამოც დაუკავშირდა რ. კ–ს, რომელმაც უთხრა, რომ იყო თაღლითობის მსხვერპლი. მომხდარს ძალიან განიცდიდა და ვერც სარგებელს და ვერც ძირ თანხას ვეღარ იხდიდა, შესაბამისად, რ. ბ-მა მიმართა სააღსრულებო ბიუროს.

7.3.2. მოწმე ე. მ–ის 2021 წლის 16 მარტის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რ. კ–ი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში უხდიდა (მასთან მიჰქონდა) სარგებელს. შემდეგ უთხრა, რომ იგი (რ. კ–ი) იყო მოტყუებული და თაღლითობის მსხვერპლი. ნ. დ–მ ე. მ-ს უთხრა, რომ იგი თავად გადაუხდიდა სარგებელს და რ-ს აღარ დაკავშირებოდა, რადგან იყო ცუდად, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ იპოთეკით დატვირთული ბინის მესაკუთრე გახდა ი. ჩ–ი, მიმართა სააღსრულებო ბიუროს. მოწმემ დაადასტურა, რომ რ. კ–ს მისთვის გადახდილი აქვს მხოლოდ 4 თვის სარგებელი, ხოლო ძირი თანხა არ დაუბრუნებიათ არც რ. კ–ს და არც ნ. დ–ს.

7.4. ამდენად, მოწმეებისა და თავად დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ (ამ დრომდე) მსჯავრდებული მოქმედებდა დაზარალებულთან შეთანხმებით და, იმავდროულად, იგი ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას; სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება დაზარალებულის მოტყუების განზრახვა.

8. რაც შეეხება ნ. დ–ს ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება, როგორც რ. კ–ს ასევე ი. ჩ–ს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ნ. დ. წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა იმ ქმედებისათვის, რომლისთვისაც ბრალდების მხარე განსახილველი საქმის ფარგლებში ედავება.

8.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის (არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის) და საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის დანაწესს (არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით შეფასებული იქნა მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულ ი. ჩ–ის მიმართ ჩადენილი დანაშაული და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არ შეფასებულა განსახილველი საქმის ფარგლებში დაზარალებულად ცნობილი – ბინის მესაკუთრე – რ. კ–ს მიმართ ჩადენილი ქმედება ამდენად, ბრალდების მხარე განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულს ედავება რ. კ–ს მიმართ თაღლითობის ჩადენას, რაც არ ყოფილა განხილვის საგანი ი. ჩ–ის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ეპიზოდის განხილვისას, კერძოდ:

9. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით - პირი არ არის ქონების/ქონებრივი უფლების მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული შედეგიანი დელიქტია და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ამასთან, ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის N112აპ-17 განაჩენი); დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს მესაკუთრისათვის რეალური მატერიალური ზიანის მიყენებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბერი N332აპ-15 განაჩენი);

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით) სასამართლომ დაადგინა, რომ:

10.1. 2018 წლის მარტის თვეში, ი. ჩ–ი, თ-ი საცხოვრებელი ბინით სარგებლობისათვის თანხის - 10 000 აშშ დოლარის გასესხებაში დახმარების მიზნით დაუკავშირდა შუამავალ ნ. ხ-ეს, რომელმაც თავის პარტნიორ თ. კ-თან ერთად, ი. ჩ–ი მიიყვანა თ-ი, ს......... რაიონში, წ......... დასახლებაში, №.. კორპუსის №-ში მდებარე, ნ. დ–ს საცხოვრებელ ბინაში, მასთან შესახვედრად და ბინით სარგებლობის უფლებით, იპოთეკური სესხის ხელშეკრულების პირობებზე შესათანხმებლად. ნ. დ-თან იმყოფებოდა რ. კ–იც.

10.2. ნ. დ–მ მოტყუებით, ი. ჩ–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, თავისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაათვალიერებინა თ-ი, წ.......... დასახლებაში, №.. კორპუსში, მე-.. სართულზე მდებარე №- ბინა. უთხრა, რომ აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა რ. კ–ს და მასში დროებით ცხოვრობდა მდგმური. დაარწმუნა, რომ 3 თვეში მდგმური ბინას გათავისუფლებდა და ი. ჩ–ი შეძლებდა სარგებლობას. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ნ. დ. ი. ჩ–ს გადაუხდიდა ბინის ქირას.

10.3. 2018 წლის 3 აპრილს ნ. ხ-ე, თ. კ-ი, ი. ჩ–ი და მისი შვილი – ა. მ-ი მივიდნენ თ-ი, დ-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც დახვდნენ – ნ. დ. და რ. კ–ი. სანოტარო ბიუროში, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ი. ჩ–ი შეიტყო, რომ რ. კ–ს ბინა 2018 წლის 30 იანვარს უკვე დატვირთული იყო იპოთეკური ვალდებულებით, თუმცა ამის შესახებ მისთვის არც ბინის მესაკუთრისგან და არც შუამავლებისგან იყო ცნობილი. ამასთან, ი. ჩ–ი ვერ შენიშნა, რომ დოკუმენტებში ნაცვლად ნაჩვენები ბინის მისამართისა - ,......., ს.... რაიონი, წ.... დასახლება, №.. კორპუსი, №- ბინა“, მითითებული იყო მისამართი: ,........., ს......... რაიონი, წ.......... დასახლება, №-.. კორპუსი, №- ბინა“. იპოთეკური ვალდებულების თაობაზე ინფორმაციის შეტყობის შემდგომ, ი. ჩ–ი თავდაპირველად გადაიფიქრა ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა ნ. დ–მ მოტყუებით, ი. ჩ–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაარწმუნა იგი, რომ პირველადი იპოთეკური სესხის – 16 000 აშშ დოლარიდან, 11 500 უკვე გასტუმრებული იყო. აღნიშნულის დასტურად, ნ. დ–მ ი. ჩ–ს წარუდგინა ყალბი ხელწერილები – 2018 წლის 30 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე რუსულ ენაზე დაწერილი და ხელმოწერილი ტექსტი, რომლის თანახმადაც იპოთეკარები - ე. მ–ი და რ. ბ–ი თითქოსდა ადასტურებდნენ 11 500 აშშ დოლარის ოდენობის სესხის თანხის მიღებას.

10.4. ნ. დ–ს მტკიცებით, ი. ჩ–ისგან სესხის სახით მიღებული თანხით მოხდებოდა პირველადი იპოთეკური სესხის დარჩენილი ნაწილის 4500 აშშ დოლარის გასტუმრება და ბინა გათავისუფლდებოდა იპოთეკური ვალდებულებისგან. გარდა ზემოაღნიშნულისა, ი. ჩ–ის ნდობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით, ნ. დ–მ დაარწმუნა ი. ჩ–ი, რომ იპოთეკური ვალდებულების გასტუმრების შემდგომ, გაუქმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებდა. თავისი სიტყვების დასტურად, ნ. დ–მ შესთავაზა ი. ჩ–ს სესხის ხელშეკრულების გაფორმება გასასესხებელი თანხის – 10 000 აშშ დოლარისა და პირველი იპოთეკის დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის – 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტ, ერთობლიობაში 35 000 ლარზე, სადაც იგი დაფიქსირდებოდა აღნიშნული თანხების მსესხებლად, რაც ნ. დ–ს განმარტებით, დამატებით გარანტიას წარმოადგენდა ი. ჩ–ისთვის, პარალელურად კი, რ. კ–ს ბინაზე ი. ჩ-თან გაფორმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ამასთან, მას შემდეგ, რაც რ. კ–ს ბინას მოეხსნებოდა პირველი იპოთეკური ვალდებულება, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაფორმდებოდა ახალი იპოთეკის ხელშეკრულება ამჯერად ი. ჩ-თან, ბინით სარგებლობის უფლებით.

10.5. ი. ჩ–ი დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას და 2018 წლის 3 აპრილს, თ-ი, დ ა-ს №..ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ი. ჩ–სა და ნ. დ–ს შორის გაფორმდა ჯერ სესხის ხელშეკრულება 35 000 ლარზე, 5 თვის ვადით, ხოლო შემდეგ ი. ჩ–სა და რ. კ–ს შორის –ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, 3 თვის ვადით, რ. კ–ს რეალურად კუთვნილ, თ-......., წ........ დასახლებაში, №--- კორპუსის №- ბინაში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც თავისი სარემონტო მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაჩვენებ ბინასთან შედარებით ნაკლები ღირებულების იყო. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ი. ჩ–ი თანხა - 10 000 აშშ დოლარი გადასცა ნ. დ–სა და რ. კ–ს.

10.6. ნ. დ–მ ი. ჩ–ს დაპირების მიუხედავად, არ გადასცა სარგებლობისთვის ნაჩვენები თითქოსდა რ. კ–ს ბინა, არც იპოთეკისგან გაათავისუფლა რ. კ–ს რეალურად კუთვნილი ბინა და არც სესხის ვალდებულებით მიღებული თანხა დაუბრუნა ი. ჩ–ს. თ-........., წ......... უბანში, №... კორპუსში მდებარე №- ბინა კი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი. ჩ–ის სახელზე.

11. რაც შეეხება განსახილველი საქმის ფარგლებში ნ. დ–სათვის წარდგენილ ბრალდებას, რაშიც იგი გამართლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით, მათ შორის, განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით სამართლებრივად არის შეფასებული ნ. დ–ს ურთიერთობა ი. ჩ–თან. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ: ნ. დ–მ ი. ჩ–ს დაპირების მიუხედავად, არ გადასცა სარგებლობისთვის ნაჩვენები თითქოსდა რ. კ–ს ბინა, არც იპოთეკისგან გაათავისუფლა რ. კ–ს რეალურად კუთვნილი ბინა და არც თითქოსდა სესხის ხელშეკრულებით მიღებული თანხა დაუბრუნა ი. ჩ–ს, ხოლო განსახილველი საქმის ფარგლებში ბრალად წარდგენილი ქმედება მოიცავს რ. კ–თან ნ. დ–ს ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებას.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ნ. დ. ნდობაში შევიდა, ერთ მხრივ, რ. კ–თან, ხოლო, მეორე მხრივ, ი. ჩ–თან და მათ გააფორმებინა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. კერძოდ, 2018 წლის 3 აპრილის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, რ. კ–მ, როგორც გამყიდველმა ი. ჩ–ს, როგორც მყიდველს, მიჰყიდა უძრავი ქონება, გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე/გაფორმებისას მსჯავრდებული შეუთანხმდა:

13.1. დაზარალებულ რ. კ–ს, რომ ი. ჩ–ისაგან მიღებული თანხით – 10 000 აშშ დოლარი – იპოთეკისგან გამოათავისუფლებდა რ. კ–ს ბინას, იმავდროულად, ი. ჩ–ს გადაუხდიდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადახდილ თანხას, გააუქმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას და რ. კ–ს დაუბრუნებდა კუთვნილ ბინას;

13.1.1. საბოლოოდ ნ. დ–მ მოატყუა რ. კ–ი და არ შეუსრულა მიცემული პირობა, კერძოდ, არც იპოთეკისგან გაათავისუფლა სადავო ბინა და არც ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა.

13.2. დაზარალებულ ი. ჩ–ს შეუთანხმდა, რომ მისგან მიღებული თანხით – 10 000 აშშ დოლარი– იპოთეკისგან გამოათავისუფლებდა რ. კ–ს მიერ ი. ჩ–ისათვის გამოსყიდვის უფლებით მიყიდულ ბინას, იმავდროულად, ი. ჩ–ს გადაუხდიდა მასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასესხებელი თანხის - 10 000 აშშ დოლარისა და იპოთეკის დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის - 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტს, ჯამში – 35 000 ლარს. ამასთან, მას შემდეგ, რაც რ. კ–ს ბინას მოეხსნებოდა პირველი იპოთეკური ვალდებულება, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაფორმდებოდა ახალი იპოთეკის ხელშეკრულება, ამჯერად, ი. ჩ–თან, ბინით სარგებლობის უფლებით.

13.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენის თანახმად, ნ. დ–მ შესთავაზა ი. ჩ–ს სესხის ხელშეკრულების გაფორმება ამ უკანასკნელის კუთვნილი გასასესხებელი თანხის - 10 000 აშშ დოლარისა და პირველი იპოთეკის დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის - 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტ, ჯამში – 35 000 ლარზე, სადაც იგი დაფიქსირდებოდა აღნიშნული თანხების მსესხებლად, რაც ნ. დ–ს განმარტებით, დამატებით გარანტიას წარმოადგენდა ი. ჩ–ისთვის.

13.2.2. ნ. დ–მ დაზარალებულ ი. ჩ–ს აჩვენა ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნებისთვის სხვა ბინა და ხელშეკრულების გაფორმების დროსაც (როდესაც გაირკვა გასაყიდი ბინის იპოთეკით დატვირთვის ფაქტი), არ აცნობა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სხვა მისამართზე არსებული ბინა (რომელიც დაზარალებულს არ ჰქონდა ნანახი).

13.2.3. საბოლოოდ ნ. დ–მ მოატყუა და არ შეასრულა ი. ჩ–ისათვის მიცემული პირობა, კერძოდ, (გარდა იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში აჩვენა სხვა ბინა) არც იპოთეკისგან გაათავისუფლა სადავო ბინა, რაც ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პირობა იყო და, იმავდროულად, არც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/მიღებული თანხა გადაუხადა/დაუბრუნა ი. ჩ–ს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებებში აღწერილია, მათ შორის, საერთო კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ის მოქმედებები, რაც განიზრახა და განახორციელა, თაღლითობის სახით, ნ. დ–მ რ. კ–ს კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდეგ შექმნილი პრობლემების გამო, თუმცა როგორც აღინიშნა მას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეთანხმებები ჰქონდა თითოეულ დაზარალებულთან, მათგან, მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიიღო სხვადასხვა სახის სარგებელი და შესაბამისად, მათ მიაყენა ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი ზიანი, კერძოდ: რ. კ–ი მოატყუა, რომ გამოსყიდვის უფლებით ბინის გაყიდვის შემდეგ გაისტუმრებდა იპოთეკარებს, იმავდროულად, მყიდველს დაუბრუნებდა ბინის საფასურს, ხოლო რ. კ–ს – უფლებრივად უნაკლო კუთვნილ ბინას; რაც შეეხება ი. ჩ–ს, იგი მოატყუა იმაში, რომ ერთი მხრივ მიჰყიდა სხვა ბინა და იმავდროულად, მოატყუა რომ გაისტუმრებდა იპოთეკარებს, ხოლო, მას შემდეგ, რაც რ. კ–ს ბინას მოეხსნებოდა პირველი იპოთეკური ვალდებულება, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაფორმდებოდა ახალი იპოთეკის ხელშეკრულება, ამჯერად, ი. ჩ–თან, ბინით სარგებლობის უფლებით. თუმცა მან არც მიღებული თანხა დაუბრუნა და არც ვალდებულებისგან გაათავისუფლა სადავო ბინა.

15. ნ. დ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით დადგენილი ი. ჩ–ის მიმართ ჩადენილი დანაშაული არ მოიცავს განსახილველი საქმის ფარგლებში ბრალად წარდგენილ რ. კ–ს მიმართ ჩადენილ დანაშაულს; აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებისას ნ. დ. არ ყოფილა დამნაშავედ ცნობილი უშუალოდ რ. კ–ს მიმართ ჩადენილი თაღლითობისათვის, სასამართლოს არ შეუფასებია რ. კ–ს მიმართ ჩადენილი ქმედება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაცვის მხარის მტკიცებას ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდებასთან დაკავშირებით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

17. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ რ. კ–ს თანხმობა (მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე). აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულს ამავე კანონით დადგენილ ფარგლებში შეუმსუბუქოს შეფარდებული სასჯელი.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ. დ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ნ. დ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამ ეპიზოდში სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 წლით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 2 წელი.

18.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 წლით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 2 წელი; ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარი და საბოლოოდ ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. ნ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 2 წელი;

2.2. ნ. დ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. კ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 2 წელი;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარი და საბოლოოდ ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 2 წელი;

3. ნ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს – 2022 წლის 24 ოქტომბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი