Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №51I-23 თბილისი

უ. ე. (ე.), 51I-23 25 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, ე. (ე.) უ.ს, საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ე. უ.ს მიმართ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:

· თურქეთის რესპუბლიკის ქარაფინარის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2022 წლის 7 აპრილის საბრალდებო აქტის მიხედვით, ე. უ.ს ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის №- სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

· 2023 წლის 19 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ქარაფინარის სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ე. უ.ს დაკავების ბრძანება.

2. საქმის მასალების მიხედვით, ე. უ.ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ь 2020 წელს, დაუდგენელ დროს, ე. უ.მ თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ ჩაიდინა სქესობრივი ძალადობა, კერძოდ: მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელით ეხებოდა დაზარალებულის გენიტალიებს და მკერდზე ეფერებოდა. მან ასეთი ქმედება დაზარალებულის მიმართ ჩაიდინა არაერთხელ, ასევე, ეაკულაცია მოახდინა მის სხეულზე;

ь 2021 წელს, ე. უ.მ თავისი არასრულწლოვანი გერის სხეულში, მისი ნების საწინააღმდეგოდ და უმწეობის გამოყენებით, ჩაიდინა სექსუალური ხასიათის შეღწევა, როგორც ვაგინალური, ასევე ანალური გზით. 2021 წლის 4 ნოემბერს, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ა.ნ-მ დედას უთხრა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მამინაცვალი მასზე ძალადობდა, რის შემდეგაც დაზარალებულის დედამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო ე. უ. მიიმალა.

3. ე. უ.ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

o 2023 წლის 15 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. უ.;

o მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ე. უ.ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 15 სექტემბრიდან;

o 2023 წლის 16 და 24 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე. უ.ს ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ე. უ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 15 მარტამდე;

o თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ე. უ.ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2023 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე. უ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე. უ.ს, - თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სქესობრივი ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა, ე. უ.მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და თურქეთის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მისი ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს, სასამართლომ არ გაიზიარა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და უგულებელყო სამართალი.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი თემურ ცინდელიანი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, ე. უ.ს, საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს ე. უ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ე. უ.ს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ე. უ. არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე. უ.ს უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მისი ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს; რომ სასამართლომ არ გაიზიარა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და უგულებელყო სამართალი; ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ამასთან, ე. უ.მ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო ზოგადი განცხადებები ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად. ამავე დროს, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. უ.ს მიმართ სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. ამავე დროს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. უ.ს უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; მას მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა. ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, ე. (ე.) უ.ს, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე