საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №643აპ-23 თბილისი
ე-ა ვ., 643აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ე-ას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ვ. ე-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 4,280532 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც ამოიღეს 2021 წლის 30 მარტს ქ. ბ-ში, - გ-ის ქუჩის №- ბინა №--ში მდებარე ვ. ე-ას საცხოვრებელი სახლისა და საცხოვრებელი სახლის სხვენის ჩხრეკის, ასევე, ქ. ბ-ში, - მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. ე-ას მფლობელობაში არსებული, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანის (სახ. №-) ჩხრეკისა და ქ. ბ-ში, -- სასაფლაოს ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
· ვ. ე-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების, 9 მმ ნომინალურ კალიბრიან „COMBAD-PP“ მოდელის №-- პისტოლეტს, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და რომელიც მისგან ამოიღეს 2021 წლის 30 მარტს ქ. ბ-ში, -- სასაფლაოს ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
· ვ. ე-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ, „ZORAKI M906“ მოდელის პისტოლეტს, რომელსაც კუსტარულად აქვს შეცვლილი ლულა და გადაკეთებულია 1900 წლის ნიმუშის, 7,65 მმ-იანი „ბრაუნინგის“ ვაზნების გასასროლად და რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ასევე – ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების, 7,65 მმ „ბრაუნინგის“ 1900 წლის ნიმუშის 13 ვაზნას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს ქ. ბ-ში, - გ-ის ქუჩაზე, №--ის ბინა №--ში მდებარე ვ. ე-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ვ. ე-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 22,17 გრამ „გამომშრალ მარიხუანას“, რომელიც ამოიღეს 2021 წლის 30 მარტს ქ. ბ-ში, - გ-ის ქუჩაზე, №-ის ბინა №--ში მდებარე ვ. ე-ას საცხოვრებელ სახლსა და ბ-ში, - მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. ე-ას მფლობელობაში არსებული „რენჯ როვერის“ ფირმის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვ. ე-ას 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად ამისა, იგი 2021 წლის 20 თებერვალს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, - გ-ას ქუჩაზე მართავდა „რენჯ როვერის“ ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით -, რა დროსაც შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ვ. ე-ა, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ე-ას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 30 მარტიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი პაატა ცეცხლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ე-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულებს.
5. მსჯავრდებულ ვ. ე-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ., იხ. სუსგ: №294აპ-15, №615აპ-21, №615აპ-18, №247აპ-21).
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები და მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ ვ. ე-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. საკასაციო პალატა სრულიად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ სცილდება ვარაუდისა და დასაბუთებული ეჭვის დონეს, რაც ვერ გახდება პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი. კერძოდ:
8.1. ვ. ე-ას პირადი, მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის (მათ შორის – სხვენის) ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას ადასტურებენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები.
8.2. მოწმე ბ. ე-ას ჩვენებით, მისი საძინებლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები მას ეკუთვნის, ხოლო აივნიდან ამოღებული ნარკოტიკი – მის ნაცნობს, ვინმე შ. ბ-ეს, რომელმაც ფუთის შენახვა სთხოვა.
8.3. საცხოვრებელი სახლისა და სხვენის ჩხრეკაში მონაწილე ვ. ე-ას მეზობელმა, ი. ტ-ემ, რომელიც სანდო პირის სახით ოჯახის წევრებმა მიიწვიეს ჩხრეკის მიმდინარეობაზე დასაკვირვებლად, სასამართლოს არ მისცა ჩვენება; შესაბამისად, მის მიერ არ დადასტურებულა ჩხრეკის ოქმში ასახული გარემოებების სისწორე.
8.4. მოწმეებმა – ნ. კ-ამ და დ. ვ-ემ – სასამართლოს განუმარტეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მათ არ მისცეს ჩხრეკის პროცესზე თვალყურის დევნების საშუალება, ამყოფებდნენ მხოლოდ ერთ ოთახში, არ აძლევდნენ გადაადგილების უფლებას, ხელი მოაწერინეს ცარიელ ოქმზე და ფოტოები გადაუღეს კონკრეტულ ნივთებთან, თუმცა მათ ჩხრეკის პროცესი არ დაუნახავთ. მათვე აღნიშნეს, რომ, ასაკიდან გამომდინარე, სხვენში ასვლას ვერ შეძლებდნენ. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დათვალიერების ოქმისა და ფოტოსურათების თანახმად, სხვენში ასასვლელი კიბე რკინის კონსტრუქციისაა, რომელიც კედლის თითქმის შუა ნაწილიდან იწყება და ადის სხვენის ასასვლელამდე, რაც კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მოწმეთა განმარტებებს მასზე ასვლის სიძნელესთან დაკავშირებით.
8.5. მოწმე ს. ფ-ის ჩვენების მიხედვით, პისტოლეტისმაგვარი საგანი არ წარმოადგენდა ცეცხლსასროლ იარაღს (რაც დადასტურდა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითაც), ხოლო ჩხრეკის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე მას შპრიცები მანქანაში არ უნახავს.
8.6. რაც შეეხება სასაფლაოს ტერიტორიაზე ვ. ე-ას პირად ჩხრეკას, მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, ვ. ე-ა იყო მარტო და ამ პროცესს არ ესწრებოდნენ ნეიტრალური პირები, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით კი ვ. ე. სასაფლაოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა მარტო, მას ახლდა ა. ხ., რომლის თანდასწრებით ჩაუტარდა ვ. ე-ას პირადი ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოუჩენიათ.
8.7. თავად ვ. ე-ას ჩვენებით დადგენილია, რომ სასაფლაოს ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ; ამის შემდეგ მესაფლავე და ა. ხ-ი სადღაც წაიყვანეს, მან კი იგრძნო, რომ, ბორკილდადებულს, წელის არეში, საქამრეში ჩაუდეს რაღაც ნივთი (სწორედ ამით აიხსნება პისტოლეტზე ვ. ე-ას ბიოლოგიური პროფილის არსებობა) და ხელი ჩაუყვეს ჯიბეებში; გამომძიებლის მოსვლის შემდეგ მას უკვე მეორედ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს ისეთი ნივთები, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა და აშკარად პოლიციელებმა ჩაუდეს პირველადი ჩხრეკის შემდეგ; პოლიციის სამმართველოში გადაყვანის მერე უთხრეს, რომ, თუკი დანაშაულს არ აღიარებდა, ა. ხ-ს და მესაფლავეს დააკავებდნენ, ოჯახის წევრებსაც პრობლემები შეექმნებოდათ; სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს და აღიარებით ჩვენებას, თუმცა მოგვიანებით თავის ადვოკატს მოუთხრო სიმართლე. ვ. ე-ას ჩვენება დაადასტურა მოწმე ა. ხ-მა, რომელმაც სასამართლოში საკმაოდ ემოციურად, დამაჯერებლად, თანმიმდევრულად და დეტალურად გაიხსენა და გადმოსცა მომხდარი.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმე პოლიციელების ჩვენებებს. ასეთ ვითარებაში ბრალდების საფუძვლიანობასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვი კანონიერად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ, მით უფრო, რომ ბრალდების მხარემ არ იზრუნა იმისათვის, რომ მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, არ უზრუნველყო ჩხრეკის ვიდეოგადაღება ტექნიკური საშუალებებით (თუნდაც – მობილური ტელეფონით), რაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს. მეტიც, ბრალდების მხარეს არც უცდია, რომ სასამართლოს წინაშე დაესაბუთებინა ასეთი ზომების მიღების შეუძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №1276 გადაწყვეტილება).
10. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ე-ას, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით – როგორც საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ისე – განაჩენთა ერთობლიობით – განუსაზღვრა კანონიერი, სამართლიანი და ჩადენილი ქმედების ადეკვატური სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
11. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება, გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე