Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1173აპ-23 თბილისი

მ-ო ნ., 1173აპ-23 25 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. მ-ოს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2020 წლის 8 დეკემბერს, შუადღის საათებში, გ. ე-ის ქუჩის №--ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, ნ. მ-ომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეზობელს – ა. გ-ას, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში, შემდეგ კი ნაგვის ასაღები ჩაარტყა მარჯვენა ფეხში, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით ნ. მ-ო, – - ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ-ოს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №690აპ-23, №1041აპ-23, №692აპ-23).

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა ნ. მ-ოს მხრიდან დანაშაულის ჩადენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა ნ. მ-ოს მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:

8.1. დაზარალებულმა ა. გ-ამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულთან სამშენებლო და საყოფაცხოვრებო საკითხებზე (მათ შორის – საერთო სადარბაზოს დასუფთავებაზე) წარმოიშვა კონფლიქტი; 2020 წლის 8 დეკემბერს ნ. მ-ომ მოუქნია ცოცხი თავის არეში, თუმცა მან თავი გასწია და ცოცხი არ მოხვედრია, უბრალოდ, შეეხო, ამის შემდეგ კი პლასტმასის გრძელტანიანი აქანდაზი დაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, რაც ძალიან ეტკინა; გამომძიებელს რატომ უთხრა, რომ ბრალდებულმა თავში ხელი ჩაარტყა და ეტკინა, ვერ ახსნა.

8.2. მოწმე ლ. მ-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ არის დაზარალებულის დედა; 2020 წლის 8 დეკემბერს ბინის შიგნით, კართან მყოფს, მოესმა შვილის ყვირილი, სადარბაზოში გასულმა კი დაინახა, როგორ ჩაარტყა აქანდაზი ნ. მ-ომ ა. გ-ას ბარძაყის არეში; როდესაც შენიშნეს სიწითლე დაზარალებულის მარცხენა ფეხზე, გამოიძახეს პოლიცია; შვილისაგან იცის, რომ იმავე დღეს ნ. მ-ომ ასევე სცადა ა. გ-ასათვის ცოცხის ჩარტყმა თავის არეში, თუმცა ვერ მოახერხა.

8.3. მოწმე გ. ტ-ის ჩვენებით, მის სიდედრს, ნ. მ-ოს, კონფლიქტი მოსვლია მეზობელ ა. გ-თან, რომელიც ემუქრებოდა: „ნახე, მაგას რას ვუზამო“; თვითონ მეზობლებისაგან იცის, რომ დაზარალებული კონფლიქტური პიროვნებაა და სხვადასხვა მიზეზით ხშირად იძახებს საპატრულო პოლიციას.

8.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 6 იანვრის №- დასკვნის თანახმად, რომლის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა სოფიკო ბელქანიამ, პირადი გასინჯვით ა. გ-ას 2020 წლის 8 დეკემბერს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 08.12.2020 წლის თარიღს.

8.5. მოწმეების: გ. მ-ის, თ. ა-სა და ლ. ბ-ის ჩვენებებითა და გ. ბ-ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არცერთი მათგანი უშუალოდ არ შესწრებია 2020 წლის 8 დეკემბერს ნ. მ-ოსა და ა. გ-ას შორის მომხდარ ინციდენტს; მათ დადებითად დაახასიათეს ბრალდებული, ხოლო დაზარალებულზე აღნიშნეს, რომ არის უკიდურესად კონფლიქტური პიროვნება, დავა აქვს თითქმის ყველა მეზობელთან და ახდენს მათ პროვოცირებას, სრულიად უმიზეზოდ სისტემატურად იძახებს საპატრულო პოლიციასა და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს.

8.6. ბრალდებულ ნ. მ-ოს ჩვენებით, დაზარალებულს, რთული ხასიათიდან გამომდინარე, ყველა მეზობელთან (მათ შორის – მასთან) სისტემატურად აქვს კონფლიქტი და სხვადასხვა მიზეზით ასევე სისტემატურად იძახებს საპატრულო პოლიციას; 2020 წლის 8 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ა. გ-ამ სახლის კართან დემონსტრაციულად დაუყარა ნაგავი, მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

8.7. მოწმეებმა, პატრულ-ინსპექტორებმა: ბ. მ-მა და თ. კ-მა სასამართლოს განუმარტეს, რომ 2020 წლის 8 დეკემბერს მიიღეს შეტყობინება სამეზობლო კონფლიტის შესახებ; ადგილზე მისულებს დახვდათ აღელვებული ქალბატონი ა. გ., რომელიც აცხადებდა, რომ ნ. მ-ომ თავში დაარტყა ხელი, შემდეგ კი ნაგვის ასაღები დაარტყა მარჯვენა ფეხზე; მას ფეხზე აღენიშნებოდა დაზიანება (სილურჯე), რომელზეც ამბობდა, რომ მიაყენა ნ. მ-ომ.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა. გ-ას ჩვენებები გამოძიების ეტაპსა და სასამართლოში იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მან გამომძიებელს, ექსპერტსა და სასამართლოს მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა საეჭვოა, მით უფრო, რომ ყველა მეზობელმა დაადასტურა ა. გ-ას მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ნ. მ-ოს მიმართ. გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დაზიანებათა ხასიათი, ხარისხი და ლოკალიზაცია და არა – მათი მიმყენებელი პირი ან დაზიანებათა მიყენების მექანიზმი. დაზიანების ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრა საათებისა და წუთების მიხედვით ექსპერტიზას არ შეუძლია. შესაბამისად, მართალია, ა. გ-ას ფეხზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 დეკემბერს, მაგრამ ამით კატეგორიულად არ დასტურდება, რომ დაზიანება მიყენებულია ზუსტად იმ დროს და იმ ვითარებაში, რაც ბრალის შესახებ დადგენილებაშია მითითებული. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმე ლ. მ-ას ჩვენებებით, საპატრულო პოლიციის მისვლის მომენტისათვის ა. გ-ას ფეხზე აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით, დაზარალებულს ფეხზე აღენიშნებოდა სილურჯე, დაზიანების ფერი კი პირდაპირ კავშირშია მის ხანდაზმულობასთან.

10. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ. მ-ოს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და ნ. მ-ოს მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე