საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1104აპ-23 თბილისი
მ. მ. , 1104აპ-22 25 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. მ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
§ 2021 წლის 2 მაისს, დაახლოებით, 20:10 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ში მ. მ-ემ მეუღლეს – ი. ი-ს – გაშლილი მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას გამომუშავებული თანხა, საყვარლის ყოლის გამო, სრულად არ მიჰქონდა ოჯახში. აღნიშნული დარტყმების შედეგად ი. ი-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
§ 2021 წლის 2 მაისს, დაახლოებით, 20:10 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ ვ-ში მ. მ-ემ მეუღლეს – ი. ი-ს – განუცხადა, რომ თუკი მასთან გაშორებას გადაწყვეტდა, მოკლავდა, კერძოდ, მოაჭრიდა თავს. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მ. მ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3150 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენით გაუქმდა: მ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თეონა წოწკოლაური ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, წარდგენილ ბრალდებებში მ. მ-ის დამნაშავედ ცნობას და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
5. გამართლებულ მ. მ-ის ადვოკატი კახაბერ შინჯიაშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №498აპ-23).
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მ. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა – ი. ი-მა მ. მ-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი, სამედიცინო ბარათი №-, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამომძიებელ დავით რ-ის ჩვენება – უტყუარად არ მიუთითებს მ. მ-ის მიერ ი. ი-ზე ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე და არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
9. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ დაცვის მხარის მიერ წარმოადგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: მოწმე გიორგი მურცხვალაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ მისი მშობლები არიან მაკა კენჭაძე და მ. მ-ე, რომლებიც 32 წელია, დაქორწინებულები არიან; ისინი ოჯახით პერიოდულად ცხოვრობენ თბილისსა და ცაგერში; ი. ი-ს პირადად არ იცნობს და არც მ. მურცხვალაძესთან მისი ურთიერთობის შესახებ იცის რაიმე; ახსოვს მხოლოდ, რომ მან მამის სამსახურიდან თანხა მოიპარა და შემდეგ პატიებას სთხოვდა. ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა: რატი მურცხვალაძემ და ლოლა ფორჩხიძემ. მოწმე ზვიად კურტანიძის ჩვენებით კი გაირკვა, რომ იცნობს მ. მ-ეს, რომელსაც ჰყავს მეუღლე – მაკა კენჭაძე – და შვილები: რატი, გიორგი და ნატალია მურცხვალაძეები; მ. მ-ესთან მუშობდა ი. ი-ი, რომელსაც მისთვის არ უთქვამს, რომ მ. მურცხვალაძე ძალადობდა ან ემუქრებოდა; არც თვითონ შესწრებია მათ შორის კონფლიქტს; ი. ი-ი ცხოვრობდა ვაზიანში დედასა და დასთან ერთად.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პოლიციის თანამშრომლის 2021 წლის 22 მაისის შეტყობინება შეიცავს ზოგად ინფორმაციას 2021 წლის 2 მაისის ძალადობის თაობაზე; 2021 წლის 22 მაისის №- შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმში ასახული ინფორმაცია არ შეიცავს მითითებას ძალადობის შედეგად განცდილი ტკივილის შესახებ და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, როდესაც დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ან არ უარყო მისი შინაარსი, ვერ გამოდგება მ. მ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად (სუსგ: №685აპ-23, №1143აპ-23, №315აპ-20, №49აპ-20, №679აპ-20, №442აპ-21). ასევე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არის საკმარისი დ. რ-ის ჩვენება, რომელიც არ არის ფაქტის შემსწრე მოწმე; პაციენტის № სამედიცინო ბარათი მტკიცებულებად არ წარმოდგენილა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნა არ დაიშვა მტკიცებულებად საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
11. მუქარასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ., სუსგ №140აპ-21, №65აპ-20, №1001აპ-20).
12. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს საფუძვლიანი შიშის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში გაამახვილა ყურადღება, რომ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია დადგინდეს, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ბრალდებულის მუქარამ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
14. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“– გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. მ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე