საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №801აპ-23 თბილისი
მ-ი დ., 801აპ-23 26 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ მ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
o დ. მ-ს ბრალად დაედო სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 13 მარტს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თ-ში, ალ. გ-ის I შესახვევის №--ის (ყოფილი დ-ის - შესახვევის №-) მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირების დროს, დ. მ-მა მოკვლის განზრახვით: თანნაქონი დანა გ. ფ-ს დაარტყა თავში, შემდეგ – ზურგისა და მარცხენა მხრის არეში, რითაც მიაყენა რამდენიმე ნაკვეთი და შემავალი ჭრილობა; ედიშერ ფრიდონაშვილს დანა დაარტყა და ჭრილობა მიაყენა ხელის მტევნის არეში, ხოლო მ. ფ-ს – მუცლისა და მარჯვენა ხელის არეში, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, დ. მ-მა განზრახვა ვერ აღასრულა, რადგან იქ შეკრებილმა პირებმა გააშველეს და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულებს შეუნარჩუნდათ სიცოცხლე;
o ზ. მ-ს ბრალად დაედო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 13 მარტს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თ-ში, ალ. გ-ს I შესახვევის №--ის (ყოფილი დ-ის - შესახვევის №-) მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ზ. მ-მა, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანის გამოყენებით გ. გ-ას ერთი შემავალი და ორი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, ხოლო დ. მ-ს – სამი ჭრილობა წელისა და გულმკერდის არეში, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ზ. მ-მა განზრახვა ვერ აღასრულა, ვინაიდან იქ შეკრებილმა პირებმა გააშველეს და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულებს შეუნარჩუნდათ სიცოცხლე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
· დ. მ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 მარტიდან;
· ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (გ. გ-ას მიმართ) და 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დ. მ-ის მიმართ);
· ზ. მ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ. გ-ას მიმართ) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (დ. მ-ის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. მ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 მარტიდან.
3. განაჩენის მიხედვით:
Ø დ. მ-ს მსჯავრად დაედო სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ძვ. რედაქცია);
Ø ზ. მ-ს მსჯავრად დაედო: გ. გ-ას მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო დ. მ-ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
ü თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ზ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;
ü მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატმა, მ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. მ-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
ü თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ზ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;
ü მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატმა, მ. შ-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; დ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გიორგი და მ. ფ-ების მიმართ, ხოლო ამავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით – ედიშერ ფრიდონაშვილის მიმართ და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, დ. მ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია), ხოლო ზ. მ-ი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა (გ. გ-ას მიმართ) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (დ. მ-ის მიმართ). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (დ. მ-ისა და ზ. მ-ის მიმართ როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელთან მიმართებით), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
10. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
11. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ. Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ დ. მ-ის ადვოკატ მ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე