საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1116აპ-23 თბილისი
ღ-ი ვ., 1116აპ-23 25 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ღ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 15 იანვრის, 14 თებერვლისა და 17 თებერვლის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ვ. ღ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 18 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ღ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (3 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენით ვ. ღ-ი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 20 თებერვლის მომართვის თანახმად, ვ. ღ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა გადახდილი აქვს.
· 2023 წლის 15 იანვარს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ქ. რ-ში, მ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ. ღ-მა მეუღლეს – ნ. კ-ს – მუშტები რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ. რ-ში, მ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ. ღ-მა მეუღლეს – ნ. კ-ს – თავი ჩაარტყა ცხვირის არეში, ასევე – ხელები ჩაავლო მაჯაში და ძლიერად მოუჭირა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით, 20:00 საათზე, რ-ში, მ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ. ღ-მა მეუღლეს – ნ. კ-ს – თავი ჩაარტყა შუბლის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ქ. რ-ში, მ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თანაცხოვრების პერიოდში, ვ. ღ-ი მეუღლეს – ნ. კ-ს – ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ შვილებთან ერთად სახლიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყელს გამოსჭრიდა. მუქარას ბოლოს ადგილი ჰქონდა 2023 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით, 20:00 საათზე, მათივე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას. ვ. ღ-ის მხრიდან ჩადენილი ქმედებების გამო, ნ. კ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დასახმარებლად განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა დარჩენილი სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურად დაუცველია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ინფარქტგადატანილი დედა (რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია), რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებული ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ღ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (3 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლებით მსჯავრდება).
8. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება) და დამამძიმებელი (განზრახი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების (დარჩენილი სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის) სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე