საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-161-152(კ-06) 11 მაისი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ხ-მა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიმართ არსებული დავალიანების ასანაზღაურებლად 2263.54 ლარის გადახდის დაკისრება (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 32).
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ 38).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა რ. ხ-ის სასარგებლოდ სამივლინებო თანხის 1179 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის 1084,54 ლარის გადახდა (ს.ფ. 49-52).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 55-56).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით (ს.ფ. 61-62).
2006 წლის 17 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ხ. ძ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი (ს.ფ. 66-68).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით დანიშნული ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს თან ერთვოდა მინდობილობა, რომელშიც არ იყო აღნიშნული სპეციალურად სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რის გამოც წარმოდგენილი მინდობილობა ვერ ჩაითვლებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილში და 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების მიმნიჭებელ დოკუმენტად. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განჩინებაში აღნიშნული ხარვეზი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იყო შევსებული, კერძოდ, არ იყო წარდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (ს.ფ. 69-71).
2006 წლის 3 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში 2006 წლის 3 მაისს ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადება ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ საკასაციო საჩივრად, რომელიც აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტის მოთხოვნას. ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობას დაასაბუთებდა. კასატორი მიუთითებს მხოლოდ ზოგად გარემოებებზე და მათ მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობაზე, ფაქტობრივად, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ განსხვავდება კასატორის მიერ თავდაპირველად შემოტანილი, ხარვეზზე დატოვებული საკასაციო საჩივრისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილისა და 2006 წლის 26 აპრილის განჩინებებით დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ უზრუნველყო აღნიშნული განჩინებებით მითითებული ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.