საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №720აპ-23 თბილისი
შ. მ., 720აპ-23 11 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. შ-ისა და მისი ადვოკატის, მ. ნ-ის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით მ. შ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება, ხოლო 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. შ-ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 4 თებერვლიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
2. განაჩენის მიხედვით, მ. შ-ეს მსჯავრად დაედო:
ü სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები);
ü ქონების მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები).
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
o 2019 წლის 20 მაისს, რ-ში, შპს “ს- კ-ს“ წარმომადგენელ თ. ა-ესა და მ. შ-ეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის საგანს წარმოადგენდა 2009 წელს გამოშვებული „ბიემდაბლიუს“ (BMW X5 XDRIVE 35D) მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – -----). ქურდობისათვის ნასამართლევმა მ. შ-ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი არანაირი ვალდებულება და გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, რ-ში, ასევე დაუდგენელ პირზე, გაასხვისა აღნიშნული ავტომობილი, რითაც ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, არაერთგზის, დიდი ოდენობით. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს “ს-ო კ-ას“ მიადგა 16000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;
o 2019 წლის 18 მაისს, თ-ში, სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ. კ-ის“ წარმომადგენელ ლ. თ-ესა და მ. შ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და სატრანსპორტო საშუალების გირავნობის გენერალური ხელშეკრულება. ქურდობისათვის ნასამართლევმა მ. შ-ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი არანაირი ვალდებულება და გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დ-ის მუნიციპალიტეტში, ასევე დაუდგენელ პირზე, გაასხვისა 2014 წელს გამოშვებული „ჰიუნდაის“ მარკის „ელანტრას“ მოდელის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – -----), რითაც ჩაიდინა მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის, დიდი ოდენობით. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციას“ მიადგა 13614.59 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. შ-ემ და მისმა ადვოკატმა, მ. ნ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. შ-ის გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. შ-ემ და მისმა ადვოკატმა, მ. ნ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. შ-ის გამართლებას იმ საფუძვლით, რომ მისი ქმედებები წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე სამოქალაქო დავას, ხოლო თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. შ-ის ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ითხოვენ მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, მ. შ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 185-ე მუხლების მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით; ხოლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. შ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქებისა და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
10. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
11. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ. Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. შ-ისა და მისი ადვოკატის, მ. ნ-ის, საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე