Facebook Twitter

საქმე N 330100113363748

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1076აპ-23 ქ. თბილისი

ქ-ა მ, 1076აპ-23 31 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, რევაზ ნადარაია

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

1.1 დ. ჭს, დაბადებულს ... წელს, ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.2 ბ. ა-ს, დაბადებულს ... წელს, ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.3 რ. ჭ-ს, დაბადებულს ... წელს, ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.4 მ. ქ-ს, დაბადებულს ... წელს, ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის №101 ბრძანების საფუძველზე, ბ. ა-ია დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის №7 ბრძანების საფუძველზე, რ. ჭ-ძე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №3 ბრძანების საფუძველზე, მ. ქ-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის №7 ბრძანების საფუძველზე, დ. ჭ-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

2006 წლის გაზაფხულზე ბ. ა-მ გადაწყვიტა სხვადასხვა უკანონო გზით გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემისა და დამცირების თაობაზე საქართველოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მან გამოიყენა იმჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული პ. მ-ი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობაზე უარის თქმა და შესაბამისი განცხადებაც ჰქონდა გაკეთებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინა ხელმძღვანელობასთან, თუმცა ეს განცხადება არ იყო ცნობილი სხვა კრიმინალური ავტორიტეტებისათვის. შესაბამისად, პ. მ-ი მათ წრეში კვლავ ე.წ. ,,კანონიერ ქურდად’’ იყო ცნობილი და ბ. ა-ნ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების კრიმინალური ავტორიტეტების საერთო თანხის ე.წ. ,,ობშიაკის” ადგილსამყოფლის დადგენა ჰქონდა დავალებული.

2006 წლის იანვარ-თებერვალში, რიცხვი ზუსტად არ არის დადგენილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარე ბ. ა-მ უფლებამოსილების გადამეტებით საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსსკ-ის 150-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ,,პატიმრობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 90-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ქ-ს, როგორც მასთან დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირს, დაავალა ამავე საპყრობილეში მყოფი პატიმრის – პ. მ-ს – მიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მის სამუშაო კაბინეტში.

აღნიშნული უკანონო ბრძანების შესასრულებლად მ. ქ-მ გადაამეტა მისი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ რამდენიმე დაუდგენელ პირთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №372 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების’’ მე-17 თავით გათვალისწინებული ბადრაგირების წესების სრული იგნორირებით, ამავე დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პ. მ-ს გადააცვა სპეცდანიშნულების რაზმის ფორმა, გაუკეთა ნიღაბი, კერძო პირის ავტომანქანით უკანონოდ გაიყვანა №... საპყრობილის ტერიტორიიდან და მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, თავმჯდომარის კაბინეტში. აქ მას დახვდნენ ბ. ა-ია, ამავე დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსი – რ. ჭ-ძე, დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ა. ხ-ა და საქართველოს შსს ,,კუდ“-ის მეორე სამმართველოს უფროსი – გ. დ-ძე, მეტსახელად – ,,მ-ა”.

ბ. ა-ს სამუშაო კაბინეტში შემდგარი ერთობლივი საუბარისას, გ. დ-მ პ. მ-ს დაავალა დამამტკიცებელი საბუთის მოპოვება, რომლის გამოქვეყნებითაც საზოგადოების თვალში გაქარწყლდებოდა ბოლო პერიოდში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები ბ. ა-ს მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემისა და დამცირების შესახებ. გ. დ-მ პ. მ-ს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, პატიმრების გასეირნების დროს, მას შემდეგ, რაც პატიმრები დატოვებდნენ საცხოვრებელ ფლიგელს, ე.წ. ,,კანონიერი ქურდების’’ პალატის წინ მდებარე დერეფანში გარედან დაამონტაჟებდნენ ფარულ ვიდეო და აუდიოკამერას. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორის განკარგულებით აღნიშნულ დერეფანში ჩამოიყვანდნენ პატიმარ ზ. ვ-ს, რომელიც დაწესებულების კრიმინალურ წრეებში მოიაზრებოდა, როგორც დაწესებულების ე.წ. ,,მაყურებელი’’. პ. მ-ს, როგორც ,,კანონიერ ქურდს’’, ფარული კამერის მხედველობისა და სმენადობის არეში ზ. ვ-ნ უნდა ესაუბრა დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც უნდა დაედანაშაულებინა ბ. ა-ა. აქედან გამომდინარე, ბ. ა-ს ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით უნდა დაევალებინა ზ. ვ-ის, რათა მას შეერჩია რომელიმე გაუხმაურებელ საქმეზე საზოგადოებისათვის ასე თუ ისე ცნობილი პატიმარი, რომელიც იმავდროულად იქნებოდა მისთვის სანდო კაცი. ზ. ვ-ნს ამ პატიმრისათვის უნდა შეეთავაზებინა, რომ საკუთარ სხეულზე მიეყენებინა რაიმე სახის მსუბუქი თვითდაზიანება, შემდგომ ეჩივლა უფლებადამცველ ნ. კ-ან და ამ დაზიანების მიყენებაში დაედანაშაულებინა ბ. ა-ია. ბ. ა-ს გეგმით პ. მ-სა და ზ. ვ-ს შორის შემდგარი საუბარი ჩაიწერებოდა ფარული კამერით. მას შემდეგ, რაც ზ. ვ-ის მიერ შერჩეული პატიმარი მიიყენებდა თვითდაზიანებას და იჩივლებდა ნანა კაკაბაძესთან, რომელიც, თავის მხრივ, ამ ფაქტს პრესასა და ტელევიზიაში გააშუქებდა, ამ მომენტში ბ. ა-ია გამოაქვეყნებდა პ. მ-სა და ზ. ვ-ს შორის შემდგარი საუბრის ვიდეო და აუდიოჩანაწერს, რითაც საზოგადოებას მოატყუებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე ინსცენირებულია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ, მათთვის არასასურველი დეპარტამენტის თავმჯდომარის ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით.

ბ. ა-ია და მისი თანმხლები პირები პ. მ-ს დავალების შესრულების შემთხვევაში დაჰპირდნენ დახმარებას უზენაეს სასამართლოში, სადაც მას გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები. პ. მ-ი იძულებული იყო, დასთანხმებოდა შეთავაზებულ წინადადებას. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ ა. ხ-ა მას გადასცემდა მობილურ ტელეფონს, რისი საშუალებითაც მუდმივად ექნებოდა მასთან კავშირი და მიღებულ დავალებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე მიაწვდიდა ინფორმაციას. ორი დღის შემდეგ ა. ხ-მ მართლაც გადასცა ,,სად“-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პ. მ-ს მ. ქ-ნ მისთვის გადასაცემად მიღებული მობილური ტელეფონი ჩართული სიმბარათით.

მიღებული დავალების შესრულებამდე პ. მ-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა ზ. ვ-ს და ფარული კამერით ჩაწერამდე შეეცადა გაეგო მისი აზრი რომელიმე ცნობილი პატიმრის თვითდაზიანების მიყენებაზე დათანხმების შესაძლებლობის შესახებ. ზ. ვ-მა, რომელიც ნაკლებად ენდობოდა პ. მ-ს და ეჭვიც კი ჰქონდა მისი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თაობაზე, ბოლომდეც კი არ მოუსმინა მას და გაეცალა. პ. მ-ი მიხვდა, რომ დავალებას ვერ შეასრულებდა, თუმცა ამის თაობაზე არაფერი უთქვამს ბ. ა-ის, მასთან შეხვედრაც არ მოუთხოვია.

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად ბ. ა-მ გადაამეტა თავისი, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, საკუთარი არაკანონიერი განზრახვის განხორციელება შენიღბა კანონიერი ფორმით და 2006 წლის 25 მარტს №10/1-1791 წერილით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს გ. მ-ს. მან წერილში იცრუა, რომ თითქოს, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 2006 წლის 25 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ კანონიერ ქურდებს უნდა მოეწოდებინათ ამავე დაწესებულებაში მოთავსებული სპეცკონტინგენტისათვის იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დეზორგანიზაციის მიზნით მიაყენონ ერთმანეთს ფიზიკური დაზიანება, ან მიიყენონ თვითდაზიანება. მან პროკურატურისაგან მოითხოვა ნებართვა ფარულ ვიდეო და აუდიოჩაწერაზე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა, დ. ზ-მ, 2006 წლის 25 მარტს გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერის გამოყენების შესახებ. იმავე დღეს, 18:30 საათზე, ,,სად“-ის სამკურნალო დაწესებულების ე.წ. ,,ქურდების ფლიგელის’’ დერეფანში დამონტაჟდა ფარული კამერა. ბ. ა-ს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, პატიმრების, მათ შორის, პ. მ-ის პალატაში დაბრუნების შემდეგ დაწესებულების დირექტორის – მ. ს-ის – განკარგულებით, პ. მ-ის საკანში შეიყვანეს ზ. ვ-ი, რომელმაც არ იცოდა მისი იქ მიყვანის მიზეზი. პ. მ-მა ზ. ვ-ის ნდობის მოსაპოვებლად მასთან გამართულ საუბარს, რომელიც დამონტაჟებული ფარული კამერის ხილვადობისა და სმენადობის არეში მიმდინარეობდა, დაასწრო მასთან ერთად პალატაში მყოფი, ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’ მ. ზ-ი, რომელმაც ასევე არაფერი იცოდა დაგეგმილი საუბრის შინაარსისა და ფარული კამერის შესახებ. მათ შორის საუბარი შედგა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ვ-ნი ეჭვის თვალით უყურებდა, პ. მ-მა საერთოდ აღარაფერი თქვა ბ. ა-ს მიერ მიცემული დავალების თაობაზე. საუბარი მიმდინარეობდა 2006 წლის 25 მარტს, 18:50 საათიდან 19:10 საათამდე, რაც ჩაიწერა ვიდეო და აუდიოფირზე. აღნიშნულ საუბარს დაწესებულების დირექტორის – მ. ს-ის სამუშაო კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსის – დ. ჭ-ს დავალებით, მონიტორის საშუალებით უთვალთვალებდა ამავე განყოფილების თანამშრომელი გ. შ-ა. მან საუბრის დასრულების შემდეგ ფირი გადაწერა მეხსიერების ბარათზე, ე.წ. ,,ფლეშკაზე” და გადასცა დ. ჭ-ს, რომელმაც ეს ფირი გადასცა ბ. ა-ს. ფირის მოსმენის შემდეგ ბ. ა-ია დარწმუნდა, რომ პ. მ-მა დავალება არ შეასრულა და განიზრახა მისთვის და ზ. ვ-ის ანგარიშის გასწორება.

2006 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 01:00 საათზე, იგი მასთან დაახლოებულ და სანდო პირებთან: მ. ქ-ნ, დ. ჭ-სა და რ. ჭ-ან, ასევე №... საპყრობილის დირექტორ გ. ფ-ან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა, დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები: პ. მ-ი და ზ. ვ-ნი. მან ასევე მოითხოვა ამავე დაწესებულების პატიმრების: გ. ა-სა და ლ. ც-ს მიყვანაც, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ პ. მ-სა და ზ. ვ-ნ, რათა შეენიღბა მისი უკანონო დავალების შეუსრულებლობისათვის ანგარიშსწორების მიზანი. პირველად დირექტორის კაბინეტში შეიყვანეს პ. მ-ი, რომელსაც ბ. ა-მ დაანახა მის ხელთ არსებული ვიდეოკასეტა და უთხრა: ,,შენ ხომ მაინც არ გააკეთე რასაც შეგვპირდი, ახლა დედას გიტირებთო.“ პ. მ-ი დასვეს და სხვა პატიმრების თვალწინ მ. ქ-მ დაიწყო მისთვის თმის შეჭრა. შეჭრილ თმას უწყობდა ჯიბეში, რითაც მას, როგორც ავტორიტეტს, ამცირებდნენ, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ამის შემდეგ კაბინეტში შეიყვანეს ზ. ვ-ნი და გ. ა-ნი. ბ. ა-ა რიგრიგობით ეკითხებოდა მათ, თუ რა დღე, რიცხვი და რომელი წელი იყო, რითაც ახდენდა პატიმრების პროვოცირებას კონფლიქტზე. გ. ა-ნ მან მიიღო პასუხი: ,,– მე რას მეკითხები, თვითონ არ იცი, რა რიცხვია?’’ ამაზე ბ. ა-ია მივიდა და დამცირების მიზნით სახეში შეაფურთხა გ. ა-ს, რითაც შეურაცხყო მისი პირადი ღირსება და პატივი. გ. ა-მა მას საპასუხოდ ხელი გაარტყა. ამის შემდეგ, ბ. ა-მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დ. ჭ-ნ, მ. ქ-ნ, რ. ჭ-ა და სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა-ს, ზ. ვ-სა და პ. მ-ს. ბ. ა-ა ხელთნაქონი პისტოლეტის ტარს ურტყამდა გ. ა-ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. პარალელურად, ბ. ა-მ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი. ამის შემდეგ ისინი გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი, ლ. ც-ნი, რომელსაც ბ. ა-ს დავალებით, დ. ჭ-მ, მ. ქ-მ, რ. ჭ-მ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ასევე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც კვლავ სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ზ. ვ-ს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა, დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასხეს საბადრაგო ავტომანქანაში და კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულების პატიმრები: მ. ზ-ი და ნ. მ-ძე.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ პატიმრები: პ. მ-ი, ე.წ. ,,კანონიერი ქურდები”, ინვალიდის სავარძელში მჯდომი მ. ზ-ი, ასევე სმენადაკარგული და მეტყველებისუნარმოკლებული ნ. მ-ე – იმყოფებოდნენ დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ისინი საჭიროებდნენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და სპეციფიკურ მოვლას, სწორედ სამკურნალო და არა სხვა დაწესებულების პირობებში. ნ. მ-ს ადეკვატური მკურნალობის გაგრძელება შეეძლო მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის ტუბდაწესებულებაში, თუმცა მისი იქ გადაყვანა ოპერატიული თვალსაზრისით არ იყო გამართლებული, ხოლო მსგავსი პირობების შექმნა შეეძლო მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებას. ამდენად, ამ სამი პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეძლო გამოეწვია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა მათი კანონით დაცული უფლება, გაევლოთ დაავადების ადეკვატური მკურნალობის კურსი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, პ. მ-ის, მ. ზ-ის, ნ. მ-ს, ზ. ვ-ს, გ. ა-ის, ლ. ც-ის ბადრაგირებით დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №372 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების 6.3 მუხლის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებისა და 19.7 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას არ იქნა გათვალისწინებული დაცული კონტინგენტი, კრიმინალური ავტორიტეტები და მათი მოქმედების შესაძლო ხასიათი. ადმინისტრაციის ასეთ კანონშეუსაბამო მოქმედებას დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი და დესტაბილიზაციის მცდელობა, კერძოდ, ყველას დასანახად პატიმრების, მათ შორის, მსჯავრდებულებთან გავლენის მქონე კრიმინალური ავტორიტეტების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ გამოიწვია სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, ასევე მღელვარების ტალღა გადაეცა მეზობლად მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. და №.. საპყრობილეებს, რამაც გამოიწვია მათი ფუნქციონირების მოშლა, ასევე საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება და პროტესტი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. რ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

რ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით – 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, რ. ჭ-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, რ. ჭ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით – 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3.000 ლარი.

3.2. დ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

დ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით – 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დ. ჭ-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, დ. ჭ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით – 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი.

3.3. მ. ქ-ა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

მ. ქ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით – 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მ. ქ-ას ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, მ. ქ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი.

3.4. ბ. ა-ა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ბ. ა-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ბ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 4 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით – 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ბ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ ბ. ა-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით – 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 4 000 ლარი.

ბ. ა-ს სასჯელი აეთვალა – 2013 წლის 2 მარტიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის №101 ბრძანების საფუძველზე, ბ. ა-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის N7 ბრძანების საფუძველზე, რ. ჭ-ძე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის N3 ბრძანების საფუძველზე, მ. ქ-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N.. საპყრობილის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის N7 ბრძანების საფუძველზე, დ. ჭ-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

2006 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 01:00 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბ. ა-ია, მ. ქ-ნ, დ. ჭ-ნ, რ. ჭ-ნ, გ. ფ-სა და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები: პ. მ-ი, ზ. ვ-ნი, გ. ა-ი და ლ. ც-ნი. დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ბ. ა-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მსჯავრდებულს და შემდეგ მათი დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, დ. ჭ-ნ, მ. ქ-ნ, რ. ჭ-სა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა-ს, ზ. ვ-სა და პ. მ-ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. მსჯავრდებულების ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა გაგრძელდა დაწესებულების პირველი სართულის დერეფანშიც, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ. ც-ნი, რომელსაც, ბ. ა-ს დავალებით, დ. ჭ-მ, მ. ქ-მ, რ. ჭ-მ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დამცირების, ღირსებისა და პატივისშემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

მთავარი პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს პრეზიდენტის N03/11/01 2013 წლის 3 ნოემბრის განკარგულებით ბ. ა-ია შეწყალებული და გათავისუფლებულია, საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,დ,“ ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების მიმართვით ირკვევა, რომ 2020 წლის 4 ივლისს N.. პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს ექსტრადირებული მსჯავრდებული დ. ჭ-ა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-მა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-მა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

13. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N316365/27 დაწესებულების მომართვიდან ირკვევა, რომ N.. პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 17 სექტემბერს შეასახლეს მ. ქ-ა.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი მ. ქ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ვ-მა გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრით ადვოკატმა მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და მისი სასჯელისგან გათავისუფლება.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2023 წლის 17 ივლისის განაჩენით:

ადვოკატ მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი მ. ქ-ს მიმართ დარჩა უცვლელად;

ამასთან, მ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო საქართველოში მისი პენიტენციური დაწესებულებაში მოთავსების დღიდან 2021 წლის 17 სექტემბრიდან;

მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრამდე და 10.09.2021 წლიდან 17.09.2021 წლამდე.

16. კასატორი, მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ია, ითხოვს მ. ქ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2023 წლის 17 ივლისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის სრულად გამართლებას; ადვოკატი მიუთითებს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს: მ. ს-ის, ვ. ჯ-ის, დ. ც-ის აუდიოჩანაწერი და სასამართლო სხდომაზე ისინი დაიკითხნენ, ხოლო აუდიოჩანაწერი გამოიკვლიონ; ადვოკატი აგრეთვე ითხოვს სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 9 დეკემბრის ეუთო/ოდირის დასკვნის მტკიცებულების სახით დართვასა და გამოკვლევას.

16.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა განაჩენი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანა ისე, რომ მას არ ჰქონია ბრალდებულის ზეპირი ან წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობა. ადვოკატი მოცემული არგუმენტის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილზე. პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამასთან, პრეიუდიციად ცნობის დროს ბრალდებულის წერილობითი თანხმობა არ წარმოდგენილა. მართალია, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლი პირდაპირ არ ითხოვს ბრალდებულის წერილობით თანხმობას, მაგრამ ამ უფლების დელეგირება ადვოკატისათვის დაუშვებელია. საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მეორე ნაწილში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას ესაჭიროება ბრალდებულის წერილობითი თანხმობა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევაზე.

16.2. ადვოკატი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ძირითადი მოწმეები და დაზარალებულები დაიკითხნენ რამდენჯერმე. პირველად მათ მიუთითეს, რომ მოგონილი ძალადობა განახორციელა სპეც. დანიშნულების რაზმმა; 1 წლის შემდეგ, ყველას გაახსენდა, რომ ძალადობაში მონაწილეობდნენ მ. ქ-ა და სხვა პირები. მათი ჩვენების შეცვლა პირდაპირ უკავშირდება მ. ს-ის, ვ. ჯ-სა და დ. ც-ის აუდიოჩანაწერს. მ. ს-ნი განიხილავს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, იგი ახსენებს ციხის ბუნტის საქმეს. დაცვის მხარემ აგრეთვე იშუამდგომლა ეუთო/ოდირის დასკვნის მტკიცებულებად დართვის თაობაზე, რომელიც შეეხება, მათ შორის, მ. ქ-ს სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს. ყველა აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს მ. ქ-ს მიმართ უფლებათა დარღვევას. პროკურატურას დღემდე არ წარმოუდგენია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, უშუალოდ ამ სისხლის სამართლის საქმის გამო გადმოსცეს თუ არა მ. ქ-ა.

17. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა მ. ქ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

17.1. პროკურორი უთითებს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი არ უკრძალავს პირს უარი განაცხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაზე, თუმცა, უარი უნდა იყოს ცალსახა და პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური გარანტიებით. მ. ქ-ა გამოძიების სტადიაზე, პირველსა და მეორე ინსტანციებში წარმოდგენილი იყო მისი ინტერესების დამცველით. სააპელაციო სასამართლოში ადვოკატმა, მ. ვ-მა, თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს იმ მოტივით, რომ თითქოს, მსჯავრდებული მას არ ენდობოდა, მაშინ როდესაც, ამჟამინდელი მდგომარეობით, იგი მ. ქ-ს ინტერესებს იცავს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, შესაგებლის ავტორი არ ეთანხმება დაცვის მხარეს – ახალი მტკიცებულებების დართვაზე (რომელთა წარმომავლობა გაურკვეველია და რომელთა ჩანაწერშიც რეალურად, არაიდენტიფიცირებული პირები იკვეთებიან).

18. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

19. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაცვის მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა შესაბამისად, განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

20. ადვოკატი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა განაჩენი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანა, ისე რომ მას არ გააჩნდა ბრალდებულის ზეპირი ან წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობა. ადვოკატი მოცემული არგუმენტის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილს. საჩივარში დაცვის მხარე აგრეთვე მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლზეც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ეყრდნობა ზემოხსენებულ მუხლებს, ვინაიდან, ისინი უკავშირდება: სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმას (საქართველოს სსსკ-ის XXI თავი, საპროცესო შეთანხმება) და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. როგორც უკვე მიეთითა, ხსენებული ნორმები დაკავშირებულია საპროცესო შეთანხმებასთან, რაც მ. ქ-ს მიმართ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ გაფორმებულა/არ განხილულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია აღნიშნულ მუხლებზე კასატორის აპელირება, ვინაიდან ისინი არ მიესადაგება ადვოკატის არგუმენტების შინაარსს (ბრალდებულის ზეპირი ან წერილობითი ფორმით გამოხატულ თანხმობასთან მიმართებით). სასამართლოში, საქმის წინასასამართლო სხდომისა და არსებითად განხილვისას, ბრალდებულ მ. ქ-ას ინტერესებს იცავდა მისი ადვოკატი, კერძოდ, წინასასამართლო სხდომა მოცემულ საქმეზე ჩატარდა: 2013 წლის 10 ივლისსა და 17 ივლისს. იმ დროისათვის, მ. ქ-ს ჰყავდა ორი ადვოკატი: გ. ო-ი (ორდერი ტ.14, ს.ფ.83, გაცემულია: 10/07/2013, ინტერესების დაცვის ლოკაცია: სასამართლო) და მ. ვ-ი (ორდერი ტ.13, ს.ფ.83, გაცემულია: 11/06/2013, ინტერესების დაცვის ლოკაცია: გამოძიება და სასამართლო). აღნიშნულის შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის არცერთი სხდომა მ. ქ-ს ადვოკატის გარეშე არ ჩატარებულა. შესაბამისად, ძებნილი ბრალდებულის, მ. ქ-ს მონაწილეობის გარეშე განაჩენის გამოტანით, მისი რომელიმე პროცესუალური უფლება არ დარღვეულა.

21. საკასაციო საჩივარში აგრეთვე მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის თაობაზე, რითაც მან დაარღვია ბრალდებულის უფლება, თავად დაკითხოს მოწმეები.

22. საკასაციო სასამართლო მოცემულ პოზიციასთან დაკავშირებით პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე (საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განიხილა სისხლის სამართლის საქმეში შეჯიბრებითი მოდელის მახასიათებლები და ნათლად მიუთითა, რომ თავად „...მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნულში მათ შორის ბუნებრივია, იგულისხმება მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაც.

23. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკევევა, წინასასამართლო სხდომაზე მხარეები სადავოდ ხდიდნენ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა, 2013 წლის 31 ივლისს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ, კერძოდ, ადვოკატებმა: მ. ვ-მა, რ. ს-მ, გ. ო-მა შუამდგომლობის საფუძველზე (ტ.14, ს.ფ.145) მოითხოვეს ბრალდების შესახებ დადგენილებებისა და პირველი წარდგენის სასამართლოს განჩინებების გარდა, უდავოდ ყოფილიყო ცნობილი საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად ყველა მტკიცებულება. 2013 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომაზე, პროკურორს საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს და სასამართლომ ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა დაცვის მხარის ზემოხსენებული შუამდგომლობა (იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.14, ს.ფ.140-144). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული შუამდგომლობა წარდგენილი იყო მსჯავრდებულის ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატების მიერ და მათი პოზიცია იყო ერთგვაროვანი. შესაბამისად, დაცვის მხარისათვის, მათივე საქმიანობიდან გამომდინარე, ცნობილი იყო მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის სამართლებრივი არსი, შედეგები (მტკიცებულებებში მითითებული გარემოებებისა და ფაქტების სასამართლოში გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად და დადგენილად მიჩნევის მნიშვნელობა).

24. ამასთან, როგორც სააპელაციო საჩივარში მ. ქ-ას ინტერსების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-მა მიუთითა (15/10/2021), პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა შეთანხმება ბრალის დადგენილების გარდა, ყველა მტკიცებულების უდაოდ მიჩნევაზე წარმოადგენდა დაცვის მხარის სტრატეგიას, რადგანაც იმ ეტაპისათვის ბრალდების მხარის ყველა მოწმეს, მათ შორის, დაზარალებულებს, გამოძიების სტადიაზე რამდენიმე ჩვენება ჰქონდათ მიცემული, რომლებიც იყო ურთიერთსაწინააღმდეგო.

25. ამდენად, მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა უდაოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება განხორციელდა იმ პირობებში, რომ ადვოკატთათვის არამხოლოდ უტყუარად გასაგები იყო მტკიცებულებათა პრეიუდიციად მიჩნევის სამართლებრივი არსი, არამედ თავად დაცვის მხარის მითითებითვე, გამოიკვეთა შუამდგომლობის კონკრეტული მოტივაცია/სტრატეგიაც. შესაბამისად, დაცვის მხარემ პოზიცია მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევასთან დაკავშირებით, სასამართლოს წინაშე ცალსახად და მკაფიოდ გამოხატა.

26. ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკასაციო სასამართლო დამატებით ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N533აპ-21 განჩინებასაც (რომელიც შეეხება ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ დ. ჭ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარს). ხსენებული გადაწყვეტილებით საკასაციო პალატამ განმარტა, საქართველოს სსსკ-ის 297-ე და 73-ე მუხლების ურთიერთმიმართება და აღნიშნა, რომ: “საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, მართალია, ადგენს სპეციალურ რეგულირებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენი გამოტანილი იყო ბრალდებულის დაუსწრებლად, მაგრამ იმავდროულად, მკაფიოდ უთითებს, რომ გამოირიცხება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისა და წესის გამოყენება და არა საქართველოს სსსკ-ის სხვა ნორმებით (მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლით) გათვალისწინებული შეზღუდვები. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისა და განაჩენის დადგენის შემთხვევაში, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ გამოიყენება, მაგალითად, ამავე მუხლის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, დაცვის მხარის ნამდვილი ნების საფუძველზე, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შემთხვევაში საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, რადგან დაცვის მხარე ამ უფლებით სარგებლობაზე ნებაყოფლობით აცხადებს უარს. შესაბამისად, პრეიუდიციულად დადგენილად ცნობილი ფაქტის უარყოფა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში და არ გულისხმობს დაცვის მხარის შესაძლებლობას (ძებნილი ბრალდებულის შემთხვევაში) საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიკვლიოს ყველა ის მტკიცებულება, რომელთა გამოკვლევაც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა დაცვის მხარის გადაწყვეტილებით.“

27. მ. ქ-ს ინტერესების დამცველი გ. გ-ია საკასაციო საჩივარში აგრეთვე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატმა მ. ვ-მა იშუამდგომლა თვითაცილების თაობაზე, რადგან მას არ გააჩნდა მ. ქ-ს წერილობითი თანხმობა მათ შორის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ თვითაცილებასთან დაკავშირებულ პოზიციებს არგუმენტირებული პასუხი გასცა როგორც სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე პროკურორმა (წარმოდგენილ შესაგებელში). კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენში ვრცლად არის აღნიშნული საკითხი მიმოხილული. სასამართლომ მოცემული პოზიცია მიიჩნია არადამაჯერებლად, რადგანაც, ერთი მხრივ, მ. ქ-ა უთითებდა, რომ მ. ვ-ი უხეშად არღევდა მის უფლებებს (დაასახელა ის გარემოება, რომ ადვოკატმა მსჯავრდებულთან ვითომდა, შეთანხმების გარეშე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებები გახადა უდავოდ), ხოლო მეორე მხრივ, სხვა სისხლის სამართლის საქმეებში მის დაცვას კვლავ მ. ვ-ი განაგრძობდა. შესაბამისად, თუკი ერთ სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატი მოხსენიებულია, როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დამრღვევად და ამის გამო მსჯავრდებულს სურს მისი აცილება, გაუგებარია, სხვა სისხლის სამართლის საქმეში კვლავ იმავე პირის ინტერესებს, იგივე ადვოკატი რატომ იცავს.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის არგუმენტები იმ მტკიცებულებათა მსჯავრდებულთან ერთად უშუალოდ გამოკვლევის თაობაზე, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობით ცნობილ იქნა უდავოდ, უსაფუძლოა და არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

29. საკასაციო პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოწმეთა ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ რამდენჯერმე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ წლების განმავლობაში, რამდენჯერმე იკითხება, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ მოწმის მიერ ყველა ეტაპზე გაცხადებული ინფორმაცია იყოს აბსოლუტურად ერთმანეთის იდენტური. მოცემულ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ გარემოებებს: თუ რა შეკითხვები დაესვა პირს კონკრეტული დაკითხვის დღეს, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ხომ არ უჭირდა ფაქტების გადმოცემა, საქმისათვის მნიშვნელოვანი, არსებითი სახის რომელი გარემოებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწმე ხომ არ იმყოფებოდა მოწყვლად მდგომარეობაში და ასე შემდეგ. მოცემული საკითხი ყოველ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულთა დაკითხვის დროს, 2006 წელს, გამომძიებლების მხრიდან არ დასმულა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ბ. ა-ს ახლდნენ თან; დაზარალებულები ერთობლივად მიუთითებდნენ მოცემულ პროცესში ნიღბიანი ადამიანების მონაწილეობაზე (ისინი მათ სცემდნენ). ძალადობისას სხვა პირთა ყოფნა მათ არ გამოურიცხავთ. ამასთან, შეკითხვები, ძირითადად, შეეხებოდა ციხეში ბუნტის მოწყობის საკითხს (დაზარალებულების მონაწილეობას). 2006 წლის 13 აპრილს, ზ. ვ-მა მიუთითა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და გამოძიებას ჩვენებას ვერ მისცემდა. 2006 წლის 13 აპრილს თავისუფალი თხრობის რეჟიმში, მ. ქ-ზე პირდაპირი ფორმით მიუთითა პ. მ-მა, ვინაიდან მ. ქ-მ მაკრატლით უშუალოდ მას მოაჭრა თმა და ჩაუდო ჯიბეში. შემდგომ წლებში, მათ შორის, 2012-2013 წლების დაკითხვების დროს კი დაზარალებულებმა მიუთითეს იმ პირთა ვინაობაზე (მათ შორის მ. ქ-ზე), რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებში და კვლავ დააზუსტეს 2006 წლის 27 მარტს მომხდარი მოვლენები (ამასთან, გ. ა-ა და ზ. ვ-მა მიუთითეს, რომ მ. ქ-ა თმის შეჭრით შეურაცხყოფას აყენებდა პ. მ-ს). მოწმეთა ჩვენებების ანალიზით დგინდება, რომ ისინი ავსებენ ერთმანეთს და მათ შორის არსებითი სახის წინააღმდეგობა ძირითად საკითხთან მიმართებით არ იკვეთება.

30. მოცემულ საქმეში სასამართლო ითვალისწინებს დახურულ სივრცეში ჩადენილი სისტემური დანაშაულის სპეციფიკას და იმ გარემოებას, რომ მოწმეები გამოძიების მიმდინარეობისას რჩებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დახურულ სივრცეში ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოწმეთა და დაზარალებულთა შეზღუდული წრე და უნდა შეფასდეს, მათი მეშვეობით რამდენად არის შესაძლებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე დანაშაულების სურათის აღდგენის შესაძლებლობა (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №255აპ-20 გადაწყვეტილება).

31. სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს მოწმე გ. ფ-ის (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N.. საპყრობილის დირექტორი დანაშაულის ჩადენის დროს) 2012 წლის 3 დეკემბრისა და 2013 წლის 13 ივნისის გამოკითხვის ოქმებს (ტ. 11, ს.ფ 119-122 და ტ. 13, ს.ფ 188-190). მოცემული გამოკითხვის ოქმებით დგინდება მ. ქ-ს შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე ყოფნა, ხოლო შემდგომში, დაკონკრეტებულია ამავე პირის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

32. შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებზე, მ. ქ-ას ადგილზე ყოფნასა, მის მიერ ძალადობის ჩადენაზე მიუთითებს მოწმე მ. ს-ეც, მისი 2012 წლის 10 დეკემბრისა და 2013 წლის 17 ივნისის გამოკითხვის ოქმებში (ტ. 11, ს.ფ. 159-164 და ტ. 13, ს.ფ 194-196).

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N... (ზ. ვ-ის შესახებ), Nა/I781 (გ. ა-ს შესახებ), Nა/I783 (პ მ-ის შესახებ), Nა/I780 (ლ. ც-ის შესახებ) დასკვნები (მიუხედავად იმისა, რომ ლ. ც-სა და გ. ა-ის სხეულზე აღმოჩნდა გარკვეული დაზიანებებისა და შეხორცების კვალი, რომლებიც ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს) არ იძლევა 2006 წლის 27 მარტს მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაზარალებულთა ფიზიკური დაზიანებების კვალისა და მათი ჯანმრთელობის სრული სურათის აღდგენის შესაძლებლობას, რადგან ექსპერტიზა ჩატარდა 2006 წლის 13 აპრილს, ესე იგი, შემთხვევიდან, 16 დღის შემდეგ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 17 იანვრის N455აპ-18 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან.“ თუმცა, აღნიშნული მსჯელობა არ გულისხმობს, რომ მოსამართლემ პროცესის მიღმა, დამოუკიდებლად და კრიტიკულად არ უნდა შეაფასოს როგორც მტკიცებულების შინაარსი, ისე მისი კავშირი სხვა მტკიცებულებებთან. რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა წარმოადგენს იმ სამ უმთავრეს ელემენტს, რომლებზე დაყრდნობითაც საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №682აპ-21 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ვრცლად მიმოიხილა და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შინაარსი და მის საფუძველზე დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

34. ფიზიკური ძალის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომლებსაც შეზღუდული აქვთ თავისუფლება, ან, რომლის წინააღმდეგადაც მოქმედებენ სამართალდამცავი პირები, როდესაც ამგვარი მოპყრობა არსებითად არ არის განპირობებული პირის ქცევით, აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას, ფაქტობრივად, მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევას წარმოადგენს (იხილეთ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,Bouyid v. Belgium,“ 23380/09, ii-20, 28.09.2015). მოპყრობა არის „ღირსების შემლახველი,“ როდესაც იგი მსხვერპლში იწვევს შიშს, შეშფოთებასა და არასრულფასოვნებას, რასაც შეუძლია მისი დამცირება და დაკნინება და, სავარაუდოდ, მისი ფიზიკური თუ სულიერი წინააღმდეგობის გატეხვა, ან როდესაც მიზნად ისახავს, აიძულოს მსხვერპლი თავისი სურვილის ან შეგნების წინააღმდეგ იმოქმედოს (იხილეთ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Gäfgen v. Germany, 22978/05, §89, 01.06.2010). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,სად“-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა დაწესებულებაში 2006 წლის 27 მარტს, დაწესებულების დირექტორის კაბინეტში თავისუფლებაშეზღუდული გ. ა-ის, ზ. ვ-სა და პ. მ-სათვის ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენება, მსჯავრდებულების ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა, რომელიც გაგრძელდა დაწესებულების დერეფანშიც, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს ლ. ც-ნი, რომელსაც სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა, ერთობლივად აღებული, არასათანადო მოპყრობის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად სცილდება სასჯელის მოხდის ბუნებრივად თანმდევ მინიმალურ სატანჯველს და წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას.

35. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აგრეთვე უთითებს, რომ პროკურატურას დღემდე არ წარმოუდგენია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება – უშუალოდ ამ საქმის გამო გადმოეცა თუ არა მ. ქ-ა საქართველოს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ქ-ს საექსტრადიციო მასალების საქმეზე დართვის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა, რაც სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა. მოცემულ მასალებში წარმოდგენილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების სამმართველოს უფროსის წერილი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის საფუძველზე დაკმაყოფილდა 04.10.2017 წლის (აგრეთვე 09.11.2017 წლისა და 09.12.2017 წლის) შუამდგომლობა მ. ქ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და განაჩენების აღსრულების თაობაზე. ხსენებული შუამდგომლობა (დამატებითი ინფორმაცია, დამატებითი შუამდგომლობა) თან ერთვის პროკურორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ მასალებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი შეეხება განსახილველ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის აღსასრულებლად მ. ქ-ს გადმოცემის თხოვნას.

36. რაც შეეხება ეუთოს ანგარიშსა და აუდიოჩანაწერების ახალი მტკიცებულების სახით სისხლის სამართლის საქმეზე დართვას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარეს კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).

37. ამდენად, ვინაიდან, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრით საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

38. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

რ. ნადარაია