საქმე # 190100122005431143
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1086აპ-23 ქ. თბილისი
ტ-ე გ, 1086აპ-23 30 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ტ-ეს, - დაბადებულს --- წლის 2- სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა; პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განმსჭვალული გ. ტ-ე, რადგან ყოფილ მეუღლეს თვლიდა საკუთრებად და ვალდებულად, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ კვლავ მასთან ეცხოვრა, მივიდა ქალაქ რ-ი, მ- მიკრორაიონის N--ში მდებარე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ. მ-ს საცხოვრებელი ბინის კართან, დაიწყო კარზე ბრახუნი და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მოსთხოვა ბინაში შეშვება, რითაც მან არ შეასრულა 2021 წლის 23 დეკემბერს გამოცემული N-- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება არ მიახლოებოდა იმ სახლს, სადაც მსხვერპლი - ნ-- მ--ცხოვრობდა.
· 2021 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქალაქ რ-ი, მ- მიკრორაიონის N- კორპუსის მიმდებარედ, გ. ტ-ემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს. თ–ს, რომელიც მონაწილეობას იღებდა მისი ბრალდებულის სახით დაკავებაში, გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, იმ მიზნით, რომ ს. თ–ს მისთვის გაეშვა ხელი და არ დაეკავებინა, მუშტი დაარტყა სახის მარცხენა ნაწილში. აღნიშნული ქმედებით ს. თ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქალაქ რ-ი, ფ-ს ქუჩა N--ში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების რ-ს განყოფილების იზოლატორის N- საკანში გ. ტ-ე თავს დაესხა ამავე იზოლატორის უმცროს ინსპექტორს, პოლიციელ ა. თ-–ს, რომელიც დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შინაგაწესის დაცვის მოთხოვნით, მოუწოდებდა მას შეეწყვიტა საკნიდან გინება და ლანძღვა, საკნის კარზე წიხლების დარტყმა, ასევე არ მიეყენებინა თვითდაზიანება. თავდაპირველად, გ. ტ-ემ საკანში შესულ ა. თ–ს რამდენჯერმე მოუქნია მუშტები, შემდეგ კი სვიტერსა და პერანგზე ძლიერად ჩამოქაჩა, რა დროსაც ა. თ–მა კისრის მიდამოში განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაუზიანდა მითითებული ტანსაცმელი. გ. ტ-ე ასევე შეეცადა, რომ დაეზიანებინა ა. თ-ის შარვალი და წაექცია იგი, რისი საშუალებაც არ მისცეს ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების რ--------ს განყოფილების იზოლატორის თანამშრომლებმა და დაადეს ხელბორკილი.
· 2021 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქალაქ რ-ი, ფ--ს ქუჩა N---ში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების რ-ს განყოფილების იზოლატორის N- საკანში, გ. ტ-ემ, რომელსაც დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შინაგაწესის დარღვევისათვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - ა. თ-მა, თ. ნ-მა და გ. ბ-ა დაადეს ხელბორკილი, აღნიშნულ პირებს უთხრა, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან გასვლისთანავე დაბრიდავდა, რა დროსაც ა. თ–ს, თ- ნ-სა და გ. ბ–ს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით:
2.1. გ. ტ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გ. ტ-ის მიმართ მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.3. გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენის გაუქმება, გ. ტ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია რელევანტური, დასაშვები და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა. სწორედ ამ სამ კრიტერიუმზე დაყრდნობით წყვეტს სასამართლო, გაიზიაროს თუ არა საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულება.
3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. ტ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
4. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ტ-ის ბრალდების ეპიზოდი:
4.1. N3377234 შეტყობინების მიხედვით (ინიციატორია მ. ნ), ყოფილი მეუღლე - ალკოჰოლური სასმლით მთვრალი გ. ტ-ე სისტემატურად მიდიოდა ამ ტერიტორიაზე. ინიციატორი ითხოვდა შემაკავებელი ორდერს. საუბრის დროს წავიდა ეს მამაკაცი, მაგრამ ნ. მ. ვარაუდობდა, რომ კიდევ მივა.
4.2. N---- შეტყობინების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სამმართველოდან 19:09 შევიდა შეტყობინება (განმცხადებელი მ. გ-ი), რომ ქ. რ-ი, მაღაზია ,,ო-ს“ მენეჯერმა ნ. მ-მა განაცხადა, რომ მასთან მაღაზიაში მისული იყო ყოფილი მეუღლე - გ. ტ-ე, რომელიც ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას გ. ტ-ე ადგილზე არ იმყოფებოდა, რის გამოც შემაკავებელი ორდერი ვერ გამოიცა.
4.3. N3378349 შეტყობინების მიხედვით, 2021 წლის 23 დეკემბერს, რ--ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების სამორიგეო ნაწილში, ტელეფონის ნომრით N--- დაუკავშირდა ამავე განყოფილების თანამშრომელი დ. ფ--ე. მან განაცხადა, რომ დაუკავშირდა ნ. მ. და უთხრა, რომ მისი ყოფილი მეუღლე - გ. ტ-ე გამოცხადდა მის საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც აბრახუნებდა კარზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები.
4.4. დაზარალებულმა ნ. მ--მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გ. ტ-ე მასთან სამსახურში მივიდა ნასვამი. მან უთხრა, რომ სახლში წასულიყო, ასევე დარეკა პოლიციაში, თუმცა ამ დროისთვის გ. მაღაზიაში აღარ იმყოფებოდა. მან მოითხოვა გ--ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რადგან არ სიამოვნებდა მისი ნასვამი სამსახურში მისვლა და ხელს უშლიდა. სახლში მისვლისას დაინახა, რომ გ. ტ-ე სახლთან ახლოს იმყოფებოდა და კვლავ დარეკა პოლიციაში, რომ მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის ვალდებულებები. პოლიციელები მალე მივიდნენ და, როგორც იცის, გ. მაშინ დააკავეს. მისთვის არ არის ცნობილი გადაეცა თუ არა მას შემაკავებელი ორდერი და განემარტა თუ არა აკრძალვის შესახებ. პოლიცია იმ მიზნით გამოიძახა, რომ არ სურდა ნასვამ პირთან კომუნიკაცია.
4.5. გ. ტ-ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2021 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სოფელ კ-ში და უნდოდა მეუღლესთან შეხვედრა. რადგან სამსახურში არ დახვდა, სახლში მივიდა და მან კარი არ გაუღო. სადარბაზოდან გასვლის დროს პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უთხრეს, რომ დაარღვია შემაკავებელი ორდერი და უნდა დაეკავებინათ. ვინაიდან მის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა და მისთვის აღნიშნული გარემოება არავის უცნობებია, არ დაეთანხმა და დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა. იგი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და დაადეს ბორკილები. საკანში მოთავსების შემდეგ აღარ ახსოვს რა მოხდა.
4.6. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია: „შემაკავებელი ორდერით ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა მოძალადის მიერ საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა ანდა მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება, ესე იგი ქმედება, რომლის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება“. განსახილველი საჩივრის ფარგლებში, გ. ტ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი შეეხება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას. ხსენებული დანაშაული წარმოადგენს ამკრძალავ ბლანკეტურ ნორმას, რომელშიც მოცემული არ არის შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების არსი და აღნიშნული საკითხი რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც აწესრიგებს შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და შედგენის წესს. ამდენად, დანაშაულის ობიექტური მხარის გამოკვლევისას, უნდა დადგინდეს შემაკავებელი ორდერის სათანადო წესით გამოცემის ფაქტი და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით - კონკრეტულად რაში ვლინდება დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა.
4.7. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2021 წლის 17 მარტს მოქმედი რედაქცია) მე-10 მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, ხოლო შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ამავე მუხლის მე-33 ნაწილის თანახმად: „თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი“. ამავე მუხლის მე-36 ნაწილის თანახმად: „შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში“. ამავე მუხლის მე-38 ნაწილის თანახმად: „მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში“.
4.8. საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 23 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში შევიდა სამი შეტყობინება. ნ. მ-მა თავდაპირველად პოლიციისგან ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, როდესაც გ. ტ-ე მასთან მაღაზიაში იმყოფებოდა და არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. საპატრულო პოლიციის მისვლისას გ. ტ-ე ადგილზე არ იმყოფებოდა და შემაკავებელი ორდერი ვერ გამოიცა. ბოლო შეტყობინება პოლიციის პირველ განყოფილებაში შესულია დ. ფ-ის მიერ. მისი თქმით, კვლავ დაუკავშირდა ნ. მ. პირად ტელეფონის ნომერზე და უთხრა, რომ გ. ტ-ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერი და აბრახუნებდა კარზე. პირველი შეტყობინება შესულია 17 საათსა და 54 წუთზე, მეორე - 19 საათსა და 9 წუთზე, ხოლო მესამე - 21 საათსა და 35 წუთზე.
4.9. საქმეში მოთავსებულია 2021 წლის 23 დეკემბერს, 19 საათსა და 41 წუთზე გამოცემული №- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, გ. ტ-ეს აეკრძალა ნ. მ--ს საცხოვრებელ სახლსა და სამუშაო ადგილთან მიახლოება და ამასთანავე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 30 დღის ვადით; ასევე - 2021 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული გ. ტ-ის გაფრთხილების ოქმი, რომელზეც გაფრთხილების დროდ მითითებულია 20 საათი და 55 წუთი. ამ ოქმის თანახმად, გ. ტ-ე გაეცნო შემაკავებელ ორდერსა და ოქმს, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და არ ჩაიბარა შემაკავებელი ორდერის ასლი.
4.10. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ტ-ე ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მივიდა 2021 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე, რითაც მან არ შეასრულა 2021 წლის 23 დეკემბერს გამოცემული N--- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, არ მიახლოებოდა იმ სახლს, სადაც მსხვერპლი - ნ. მ. ცხოვრობდა.
4.11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: აღნიშნული ფორმულირების მიხედვით, სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ 20 საათისა და 35 წუთისთვის - გ. ტ-ემ უკვე იცოდა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის არსებობის შესახებ; თუმცა საქმეში არსებული, გ. ტ-ის გაფრთხილების შესახებ ოქმის თანახმად (ტ.1.ს.ფ.12), იგი მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე პოლიციელებმა - დ. ფ-ემ და თ. ფ-ა გააფრთხილეს 2021 წლის 23 დეკემბერს, 20 საათსა და 55 წუთზე. ამდენად, ზემოხსენებული წერილობითი მტკიცებულება ეწინააღმდეგება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებას. აღნიშნული წინააღმდეგობა არ შეიძლება მიჩნეული იქნას უმნიშვნელოდ, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა გ. ტ-ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი.
5. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ტ-ის ბრალდების ეპიზოდი:
5.1. მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ. ფ-ემ აჩვენა, რომ 2021 წლის 23 დეკემბერს მათთან განყოფილებაში შევიდა შეტყობინება. ქალბატონი, რომელიც მაღაზია „ო-ში“ მუშაობდა, აცხადებდა, რომ ყოფილი მეუღლე აწუხებდა და უნდოდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. ისინი გამოცხადდნენ მისამართზე, ქალბატონი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, რა დროსაც გ. ტ-ე იმ მისამართზე არ იმყოფებოდა. განყოფილებაში გაესაუბრნენ ქალბატონს, შემდეგ შეავსეს შემაკავებელი ორდერი გ. ტ-ის მიმართ, თუმცა მასთან დაკავშირება და ორდერის თაობაზე გაფრთხილება ვერ მოახერხეს. ზუსტი დრო არ ახსოვს, ქალბატონმა კვლავ დაურეკა და შეატყობინა, რომ გ. ტ-ე მასთან სახლში იყო მისული და აწუხებდა. მოწმის ჩვენებით, იგი თანამშრომელ თ. ფ-ნ ერთად გამოცხადდა მისამართზე, კორპუსის ეზოში ნახეს ნასვამი გ. ტ-ე, აუხსნეს მას მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე. ამ დროს გ-მ ეს აგრესიულად, არასერიოზულად მიიღო, თუმცა მათ (პოლიციელებმა) გაფრთხილების ოქმი მაინც შეადგინეს, რაზეც მან ხელი არ მოაწერა. შემდეგ დ. ფ-ეს დაურეკა ქალბატონმა და შეატყობინა, რომ გ. ტ-ე მასთან სახლში იყო მოსული, კარზე აბრახუნებდა და ილანძღებოდა. პოლიციის თანამშრომლები წავიდნენ შემთხვევის ადგილზე და გ. დააკავეს.
5.2. მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა თ. ფ-ა აჩვენა, რომ 2021 წლის 23 დეკემბერს, მოქალაქე ნ. მ-ს სატელეფონო ზარის საფუძველზე, ორ თანამშრომელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც კორპუსის ეზოში, სადარბაზოსთან შეამჩნიეს ნასვამი გ. ტ-ე, რომელსაც დაუძახეს და წარუდგინეს თავი, როგორც პოლიციელებმა. იგი გახდა აგრესიული, გაუწია პოლიციელებს წინააღმდეგობა, გორაობდა ძირს, ყვიროდა, იგინებოდა, იქნევდა ხელებსა და ფეხებს, რა დროსაც განზრახ, მიზანმიმართულად, ფიზიკურად იძალადა პოლიციელ ს. თ-ზე. გ. ტ-ის დაკავების საფუძველი იყო იმ დღეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების დარღვევა.
5.3. მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ს. თ-მა განმარტა, რომ 2021 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დ. ფ-ეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ნ. მ. მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი და ამის მიუხედავად, მივიდა მასთან სახლში. შეტყობინების საფუძველზე, იგი თ. ფ-ა და დ. ფ-ესთან ერთად, პოლიციის მანქანით, დაუყოვნებლივ გაემართა მისამართზე. ადგილზე მისვლისას დაინახეს გ. ტ-ე, მოუწოდეს შეჩერებისკენ. გ. პოლიციელთა დანახვაზე გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თ. ფ-ა განუმარტა, რომ იყო დაკავებული შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო და დაიწყო დაკავების ოქმის შედგენა, გ. ტ-ე კი უფრო აგრესიული გახდა, იქნევდა ხელებსა და ფეხებს, ცდილობდა გაქცევას. ამ დროს მან გამიზნულად მოიქნია ხელი და დაარტყა მოწმეს სახის მარცხენა მხარეს, ლოყის მიდამოში, რის გამოც განიცადა ტკივილი.
5.4. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული გ. ტ-ე მის მიმართ სისხლისსმართლებრივი დევნის დაწყების პირველივე ეტაპიდან ამტკიცებდა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე არავის გაუფრთხილებია, შემთხვევის დღეს იგი მხოლოდ ერთხელ მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინასთან და პოლიციის თანამშრომლებიც დაკავებისას ნახა; იგი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და დაადეს ხელბორკილი. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნაცვლად იმისა, რომ გ. ტ-ის მიერ გაჟღერებული არგუმენტების გასაბათილებლად გამოძიების ეტაპზევე ჩაეტარებინა გარკვეული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები - ვიდეო-ჩანაწერი, დაეკითხა ნეიტრალური მოწმეები, მოეძიებინა და ამოეღო მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ბრალდების მხარე შემოიფარგლა მხოლოდ მსჯავრდებულის დამკავებელი პოლიციის თანამშრომლების დაკითხვით.
5.5. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით, გ. ტ-ის ბრალდებულად დაკავებას, რომლის დროსაც, თითქოსდა, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკურად იძალადა პოლიციელ ს. თ-ზე, ადგილი ჰქონდა საღამოს საათებში, ღია სივრცეში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, თუმცა პოლიციელთა ჩვენებების გასამყარებლად, ბრალდების მხარეს არ დაუდგენია და გამოუკითხავს ნეიტრალური პირები, რომელთა თვალთახედვის არეში ტარდებოდა ზემოხსენებული მოქმედებები.
5.6. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს - მისი პირადი უსაფრთხოება. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ქმედების მოცემული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას.
5.7. საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ტ-ესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი (გარდა პოლიციელების ჩვენებებისა), აშკარა და უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ პოლიციელები ახორციელებდნენ კანონიერ საქმიანობას, გ. ტ-ის ქმედებები პოლიციის მუშაკების კანონიერი საქმიანობის შეწყვეტასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას ემსახურებოდა.
5.8. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენა მხარეთა კომპეტენციაა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასარკვევად, ბრალდების მხარეს შეეძლო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით მოეპოვებინა რელევანტური მტკიცებულებები, დაეკითხა შემთხვევის თვითმხილველი გარეშე პირები, რომლებიც უტყუარობისა და სანდოობის თვალსაზრისით, უფრო სარწმუნოს გახდიდნენ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებით მიუთითა, რომ ეროვნული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად არაერთგვაროვან მიდგომას და ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. პოლიციელთა ჩვენებების უპირობოდ გაზიარება საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დეკლარირებულ საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ტ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. სახელმწიფო ბრალმდებელი - ლაშა მერაბიშვილი საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს მსჯავრდებულ გ. ტ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კასატორის მოსაზრებით, გ. ტ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:
7.1. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ იზოლატორში წინასწარ ბრალდებულად დაკავებული გ. ტ-ის ზოგადი მუქარა, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან გასვლისთანავე „დაბრიდავდა“ მათ (იზოლატორის თანამშრომლებს) მაშინ, როდესაც დაკავებულის რეალურად გათავისუფლების მოლოდინი ობიექტურად არ არსებობდა, ვერ შექმნიდა რეალურად დაზარალებულთა სიმშვიდის დარღვევის, აფორიაქების, დაშინების განცდას, მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნებას. დაზარალებულების პოზიცია მუქარის განხორციელების რეალურობის შესახებ არის აბსტრაქტული, გადაჭარბებული და არ გააჩნია საფრთხის ის ხარისხი, რაც მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს შექმნიდა.
7.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება - გ. ტ-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია აშკარა და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. ტ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
7.3. დაზარალებულ ა. თ–ის ჩვენებით, ქ. რ-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და 2021 წლის 23-24 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს დაკავებული გ. ტ-ე. იგი გარკვეული პროცედურების გავლის დროს უწევდა მათ წინააღმდეგობას, კერძოდ, უარს აცხადებდა საკანში მოთავსებაზე და მოუწიათ ძალის გამოყენება. დაკავებულს ცოტა ხანი ეძინა და უკვე დაახლოებით 03:30 საათიდან აბრახუნებდა კარზე, ყვიროდა და აყენებდა მათ შეურაცხყოფას. უხსნიდნენ, რომ იგი არღვევდა შინაგანაწესს, ამშვიდებდნენ მას, თუმცა არ ჩერდებოდა და ამბობდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს. საფრთხის თავიდან ასარიდებლად შევიდნენ საკანში; გ. ტ-ე კვლავ არ გაჩერდა, მოიქნია ხელ-ფეხი, შემოიხია ტანისამოსი და იძულებული გახდნენ დაედოთ ბორკილები. გ. არ ჩერდებოდა, აგინებდა და ემუქრებოდა, რომ დაწესებულებიდან გასვლისთანავე მოკლავდა მათ. ექიმი გარკვეული პერიოდულობით ნახულობდა მას საკანში, თუმცა მათაც აგინებდა. ბორკილების დადების დროს გ. ტ-ე სწვდა მას კისრის არეში და ტანისამოსი ჩამოქაჩა, იგი დაეკიდა პიჯაკის საყელოზე და ამ მომენტში ტკივილი განიცადა.
7.4. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა თ. ნ-მა. მან დამატებით განმარტა, რომ გ. ტ-ე დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო აგრესიული, ყვიროდა, აბრახუნებდა რკინის კარზე, იმუქრებოდა თვითდაზიანებების მიყენებით, აყენებდა მათ შეურაცხყოფას და ხელს უშლიდა იზოლატორის მუშაობას. მისი დამშვიდებისა და ბორკილების დადების მიზნით შევიდნენ საკანში. როდესაც ა. თ–ი მიუახლოვდა მას, გ. ტ-ემ ხელები მოიქნია, თუმცა არავის მოხვედრია. ა–ი შემოეხვია და ამ დროს იგი სწვდა კისრის არეში და მოქაჩა ტანისამოსი. ბორკილების დადების შემდეგ ხან იატაკზე იჯდა, ხან საწოლზე და ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით.
7.5. მოწმე მ. მ-ა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მუშაობს ექიმად და სამედიცინო დახმარებას უწევს იქ მოთავსებულ პირებს. გ. ტ-ე სამსახურის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას და აყენებდა მათ შეურაცხყოფას, მუშტებს ურტყამდა კარს, ყვიროდა, იყო აგრესიული და იმუქრებოდა. იგი საჭიროებდა ვიზუალურ მეთვალყურეობას, რომ შეუძლოდ არ გამხდარიყო, ამიტომ მასთან უშუალო კომუნიკიაცია ჰქონდა საკანშიც და მის გარეთ. ცდილობდა მის დამშვიდებას. პირველადი შემოწმებაც მან ჩაუტარა და ასახა ყველა ის დაზიანება, რაც აღენიშნებოდა.
7.6. გ. ტ-ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაადასტურა ასევე დაზარალებულმა გ. ბ-ა, რომელიც თ. ნ-სა და ა. თ-თან ერთად იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. მანვე განმარტა, რომ გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რადგან დაკავებული იყო აგრესიული, ყვიროდა და აყენებდა მათ შეურაცხყოფას.
7.7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მთვრალი გ. ტ-ე დროებითი მოთავსების იზოლატორში არ ემორჩილებოდა შინაგანაწესს, შეურაცხყოფას აყენებდა და წინააღმდეგობას უწევდა თანამშრომლებს. თვითდაზიანებების თავიდან აცილებისა და წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, გ ტ-ეს საკანში დაადეს ბორკილები და ამ მომენტში იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. თ–ს, თ. ნ-სა და გ. ბ–ს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გ. ტ-ის აგრესიული ქცევიდან გამომდინარე, გაუჩნდათ მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
7.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
7.9. ამდენად, მუქარის შემადგენლობა სახეზე გვაქვს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს დაემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით და ეს მუქარა ადამიანს გაუჩენს მუქარის აღსრულების საფუძვლიან შიშს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მუქარა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია, რომლისთვისაც აუცილებელია, მუქარის შედეგად პირს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო თუ მუქარას ამგვარი შიში არ გამოუწვევია, ასეთ დროს დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. აქვე მნიშვნელოვანია არამხოლოდ ზოგადად შიშის გაჩენა, არამედ ის, რომ შიში გამოწვეული იყოს კონკრეტული მუქარის შედეგად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი და იგი უნდა გამოიხატებოდეს: ა) სიცოცხლის მოსპობის, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ან გ) ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას. შესაბამისად, შიში უნდა გამოიწვიოს კონკრეტულმა მუქარამ, რომელიც უნდა მიემართებოდეს ზემოაღნიშნული სამი სამართლებრივი სიკეთიდან ერთ-ერთს მაინც, სხვა შემთხვევაში მუქარა, თუნდაც იგი იწვევდეს მისი განხორციელების საფუძვლიან შიშს, მოქმედი კანონმდებლობით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
7.10. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულებმა - ა. თ–მა, თ. ნ–მა და გ. ბ-ა განმარტეს, რომ აგრესიული გ. ტ-ის მხრიდან განხორციელებული მუქარისას გაუჩნდათ შიში, გარკვეულწილად განიცადეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ნამდვილად და შესაძლებლად დაუშვეს, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასული გ. ტ-ე მათ სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. დამუქრებისას გ. ტ-ის მიზანი იყო მითითებული პირების დაშინება, რათა მისთვის აღარ დაედოთ ბორკილი და მიეცათ არეულობის მოწყობის საშუალება.
7.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ტ-ისათვის ბრალადშერაცხული ქმედების (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) ჩადენა და იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
8. საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ტ-ის ბრალდების ეპიზოდი:
8.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტაციას, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ტ-ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა.
8.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმადაც, გ. ტ-ემ ძალადობა განახორციელა პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რადგან მიაჩნდა, რომ არ უნდა მოთავსებულიყო დროებითი დაკავების იზოლატორში და არ სურდა საკანში ყოფნა, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, ესენია დაზარალებულების - ა. თ–ის, თ. ნ-ის ჩვენებები, მოწმე მ. მ-ს ჩვენება, რომლებიც საკასაციო სასამართლომ უკვე მიმოიხილა.
8.3. ასევე სიმთვრალეზე შემოწმების შესახებ N3726 ოქმს თანახმად, ალკოტესტის საშუალებით სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმდა გ. ტ-ე, რომელსაც დაუდგინდა 3,296 პრომილი ალკოჰოლური თრობა.
8.4. ამოღების ოქმით დაზარალებულ ა. თ–ისაგან ამოღებულ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორის სამსახურებრივი უნიფორმა, მუქი ფერის სვიტერი, რომელსაც წინ მარჯვენა მხარეს აწერია „შსს“, მარცხენა მხარეს „დმი“.
8.5. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ა. თ-ის ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის, გახევისა და ღილების ამოგლეჯის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. სასამართლო ხდომაზე დათვალიერებულდა ზემოაღნიშნული ტანსაცმელი - სვიტერი სამხრეებით, გრძელსახელოიანი მაისური და შარვალი, რომლებსაც აღენიშნებოდა დაზიანებები.
8.6. საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2011 წლის 27 იანვრის ბრძანებით ა. თ-–ი დაინიშნა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიცის სამმართველოს რ--ს დაცვის პოლიციის სამსახურის ობიექტების დაცვის დანაყოფების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ლილო საბაჟო ტერმინალის დაცვის უმცროს ინსპექტორის თანამდებობზე „პოლიციის რიგითის“ სპეციალური წოდების მინიჭებით.
8.7. სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-ემ დროებითი მოთავსების იზოლატორში ა. თ-ის მიმართ ძალადობრივი ქმედებით ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი სამსახურებრივი საქმიანობის შეცვლის/შეწყვეტის მიზნით, ვინაიდან გ. ტ-ე ამ მომენტში იმყოფებოდა პოლიციის დაწესებულებაში და პოლიციელი მისგან მოითხოვდა წესრიგის დაცვას, რასაც იგი აპროტესტებდა; მან კისრის არეში მოქაჩვისა და ტანისამოსის დაზიანებით გზით წინააღმდეგობა გაუწია.
8.8. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით - პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის.
8.9. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია - მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებაში: ა) პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით); აგრეთვე ბ) აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
8.10. საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობებთან მიმართებით განმარტებულია (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N468აპ-20) შემდეგი: იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება, თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა, თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.
8.11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს აზრით, გ. ტ-ეს ამოძრავებდა შურისძიების გრძნობა, რადგან ა. თ–მა სხვა პირებთან ერთად, პროპორციული ძალის გამოყენებით, შეიყვანა იგი საკანში და შემდეგ მოუწოდა დამშვიდებისკენ. გ. ტ-ე საკანში შესულ ა. თ-ს უეცრად დაესხა თავს და იძალადა მასზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: გ. ტ-ის ქმედება რომ განხორციელებულიყო ხელბორკილის დადების დროს, ან დაკავებისას, მაშინ შესაძლოა სასამართლოს ემსჯელა მისი მხრიდან წინააღმდეგობაზე ა. თ–ის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს არ მოხდარა. გ. ტ-ის მიმართ ჯერ არ მიმდინარეობდა ისეთი ქმედებები, რომ მისგან თავის დასაღწევად მას დასჭირვებოდა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა.
8.12. საკასაციო სასამართლო გ. ტ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის ქმედების სამართლებრივი შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგინდა ის გარემოება, რომ დაზარალებული თავდაპირველად გ. ტ-ეს მოუწოდებდა შეეწყვიტა საკნიდან გინება და ლანძღვა, საკნის კარზე წიხლის დარტყმა, ასევე არ მიეყენებინა თვითდაზიანება. ა. თ–ი ძალადობის ობიექტი გახდა მაშინ, როცა თვითდაზიანების საფრთხის თავიდან ასარიდებლად პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ საკანში, თუმცა გ. ტ-ე კვლავ არ ჩერდებოდა. მან საკანში შესულ ა. თ–ს რამდენჯერმე მოუქნია მუშტები, შემდეგ კი ძლიერად ჩამოქაჩა სვიტერსა და პერანგზე, რა დროსაც ა. თ–მა კისრის მიდამოში განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაუზიანდა ტანსაცმელი. გ. ტ-ე ასევე შეეცადა, რომ დაეზიანებინა ა. თ-ი და წაექცია იგი, რისი საშუალებაც არ მისცეს ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების რ--ს განყოფილების იზოლატორის თანამშრომლებმა.
8.13. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება საერთო სურათი აღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით.
8.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ტ-ის მიერ პოლიციის თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ძალადობა დაკავშირებული იყო ზოგადად მისი, როგორც პოლიციის თანამშრომლის საქმიანობასთან, რაც უპირობოდ გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას, რისი გათვალისწინებითაც, უნდა შეიცვალოს მსჯავრად შერაცხული ქმედების კვალიფიკაცია, გ. ტ-ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, როგორც ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების, ასევე - სასჯელის ნაწილშიც.
9. გ. ტ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:
9.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
9.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
9.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ”ე” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 27 მაისს.
9.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
9.5. საკასაციო სასამართლო სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს, კერძოდ: ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული; გ. ტ-ე ნასამართლევია და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით (დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით) გ. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ გ. ტ-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. გ. ტ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გ. ტ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
5. გ. ტ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
6. გ. ტ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულების - ა. თ-ის, თ. ნ-ისა და გ ბ–ის ეპიზოდი), 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ა. თ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულების - ა. თ-ის, თ. ნ-ისა და გ. ბ–ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ა. თ-ის ეპიზოდი) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. ტ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2021 წლის 23 დეკემბრიდან;
8. ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე ამოღებული ა. თ–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი