საქმე # 010100120003977470
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1130აპ-23 ქ. თბილისი
მ-ძე რ, 1130აპ-23 30 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით:
1.1. რ. მ-ძე, - დაბადებული .. წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 11 აგვისტოდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-მ ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 11 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ-თი-ო-ის საავტომობილო გზაზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ას ტერიტორიაზე განთავსებულ ბენზინგასამართ სადგურ „ნ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხ-ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ. კ-ძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-ეს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ჯ. კ-ე ნასვამ რ. მ-ს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა ქუჩაში პოლიციელების მისამართით წარმოთქმული ხმამაღალი გინება და ცდილობდნენ მის დამშვიდებას. მას წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობა და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები. აღნიშნულის საფუძველზე, რ. მ-მ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანის გამოყენებით მარჯვენა ხელზე მიაყენა ჭრილობა ჯ. კ-ს, ხოლო მარჯვენა გვერდის არეში ძლიერად ჩაარტყა ფეხი გ. კ-ს, რამაც გამოიწვია ჯ. კ-სა და გ. კ-ის ჯანმრთელობის ხელყოფა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. რ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
3.3. რ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 11 აგვისტოდან.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ რ. მ-ის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - შემადგენლობა და მისი ქმედება შეფასდა, როგორც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. შესაბამისად, რ. მ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით - პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის.
8. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია - მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებაში: ა) პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით); აგრეთვე ბ) აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
9. საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობებთან მიმართებით განმარტებულია (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N468აპ-20) შემდეგი: იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ რ. მ-ის მიზანი იყო პოლიციელთა საქმიანობისათვის, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ძალადობით ხელის შეშლა და შეწყვეტა, არის მართებული და გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:
11. დაზარალებულ ჯ. კ-ის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 11 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციელებთან - ნ. ო-ნ და დ. ხ-ნ ერთად. ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ას ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან მომხდარი იყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, მანქანა იყო ელექტრო ბოძს შეჯახებული. ვინაიდან ფაქტი ხ-ის პოლიციის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენდა, აცნობეს აღნიშნული შემთხევის შესახებ. პოლიციის მუშაკების მოსვლამდე გაესაუბრნენ ავტომანქანის მძღოლს - რ. მ-ს და აღენიშნებოდა დაზიანებები. მან უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე. ხ-ის პოლიციის განყოფილების მუშაკებმა გ. კ-მ და ჯ. ხ-მა მოსვლის შემდეგ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დასურათება. ამ დროს რ. მ-ძე გახდა აგრესიული, ამოიღო ჯიბიდან გასახსნელი დანა და გაიწია პოლიციელ ჯ. ხ-ზე დასარტყმელად. ეს რომ დაინახა, (ჯ. კ-მ) წინ გადაუდგა რ. მ-ს, რომლის მოქნეული დანით მიიღო დაზიანება. რ. მ-მ ასევე ფეხი დაარტყა მეორე პოლიციელს - გ. კ-ს, რის შემდეგ იგი დააკავეს. ასევე იქ იყო გ. შ-ძე, რომელიც ცდილობდა პოლიციისათვის ხელის შეშლას, ამასობაში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და აღმოუჩინეს დახმარება.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ჯ. კ-ზე მიყენებულია დაზიანება მჩხვლეტავ მჭრელი საგნის გამოყენებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
13. დაზარალებულ გ. კ-ის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში. შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ გ-თან, გაზგასამართ სადგურთან მოხდა ავტოავარია, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს. ის და ჯ. ხ-ი წავიდნენ შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მანქანით. ადგილზე მისვლისას დაინახეს მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლიდანაც, დაახლოებით 20-30 მეტრში, იმყოფებოდა რ. მ-ე. მას ადრეც იცნობდა ქ-ან. იქვე იდგა პოლიციის მანქანა და პოლიციელები - კ-იძე და ხ-ში. მ-ძე ჩამუხლული იყო. მივიდა და ჰკითხა, ხომ არაფერი აწუხებდა, რომ სასწრაფო გამოეძახებინა. მან უარი განაცხადა, კარგად ვარო. ამის შემდეგ წავიდა და დაიწყო ავტომანქანის შემოწმება და ნახაზის გაკეთება. მის უკან იდგა ხ-ი, ამ დროს მ-მ დაუწყო გინება, აგრესია გამოავლინა ხ-ის მიმართ, რაც ძალიან გაუკვირდათ, რადგან მანამდე მშვიდად იყო, აგინებდა დედას, ის (გ. კ-ძე) ამშვიდებდა და თანდათან უახლოვდებოდა. ამის შემდეგ მ-მ ამოიღო დანა და მოუქნია ხ-ს, მაგრამ არ მოხვდა მას დანა. კ-ძე ამშვიდებდა რაც შეეძლო და შემდეგ ეს მოქნეული დანა მას (კ-ეს) მოხვდა და მარჯვენა ხელი გადაუჭრა. დაინახა ჯ-ს ხელიდან სისხლის როგორ ასხამდა, შემდეგ ვინმესთვის რომ არ დაერტყა კიდევ თვითონაც მივარდა მასთან, და ცდილობდა დანის გამორთმევას. ამ ჭიდაობის დროს მუხლი მოარტყა მარჯვენა მხარეს, უცებ სუნთქვა შეეკრა, მაგრამ დანა როგორც იქნა წაართვეს. ამასობაში მოვიდა მ-ს მეგობარი შ-ძე და ხელს უშლიდა მათ მ-ის დაკავებაში. მათ დააკავეს მ-ძე და შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს, რადგან კ-ს სჭირდებოდა დახმარება, დაჭრილი იყო. შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, მ-ის დანა ამოიღეს მისგან (გ. კ-ან) და შედგა ოქმი. მ-ს დახმარება რომ შეთავაზეს, სახეზე გაწითლებული იყო ნერვიულობისაგან, სახეზე ნაკაწრები ჰქონდა, არასისხლმდენი. თვითონ ნახაზს აკეთებდა და ფოტოებს იღებდა, ამ დროს ხ-ი შემთხვევის ადგილს ათვალიერებდა. მ-ს და ხ-ს შორის ჩადგა კ-ძე. მას მოხვდა ხ-ის მოქნეული დანა მარჯვენა ხელზე. დაკავების დროს რომ უძალიანდებოდათ მ-ძე, მაშინ ჩაარტყა მან მუხლი გვერდში. როცა რ. მ-ს მოუწოდეს, რომ გაჩერებულიყო, ის იძახდა როგორ გაბედეთო. დანა რომ გამოართვეს რ. მ-ს, ამ დროს მოვიდა მისი მეგობარი. გვიან გაიგო, რომ ის იყო შ-ძე, როდის მოვიდა და საიდან, არ მიუქცევია ყურადღება. ის (კ-ძე) საავადმყოფოში გადაიყვანეს, რენდგენი გადაუღეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და ერთ სააათში გამოუშვეს. მ-ის დანა მისგან ამოიღო გამომძიებელმა და შედგა ოქმი. დანა იყო დასაკეცი. 20 წელია ქ-ში მუშაობს და ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გ. კ-ს დაესვა დიაგნოზი - გულმკერდის წინა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმა, ხოლო სამედიცინო საბუთების ჩანაწერების თანახმად, მას ფიზიკური დაზიანების ობიექტური კვალი არ აღენიშნება.
15. მოწმე დ. ხ-ის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 11 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, ნ. ო-სა და ჯ. კ-ან ერთად. 2-დან 3 საათამდე სოფელ გ-ან გაზგასამართ სადგურთან მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მეწყვილემ - ჯ. კ-მ დაურეკა პოლიციის განყოფილებას, ისინი დაელოდნენ ხ-ის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ადგილზე უნდა შეესწავლათ სიტუაცია. აღნიშნულ პიროვნებას, მძღოლს, კ-ძე შეეკითხა, სჭირდებოდა თუ არა სამედიცინო დახმარება, რაზეც მან უარი განუცხადა, შემდეგ ვინაობა ჰკითხა და მან უპასუხა, რომ იყო რ. მ-ძე, ქ-ან და ეს მანქანა იყო მისი. პოლიციის მოსვლამდე მ-ძე იყო მშვიდად, რომ გადმოვიდნენ მანქანიდან კ-ძე და ხ-ი, ის გახდა აგრესიული ხ-ის მიმართ, თან ეუბნებოდა, მოგკლავ, თავს მოგაჭრიო. ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და მოუქნია ხ-ს, რომელსაც გადაეფარა კ-ძე და გადაუჭრა ხელი. გ. კ-ს მარჯვენა მხარეს ჩაარტყა ფეხი. გამოძახების შემდეგ ადგილზე მოვიდა საგამოძიებო ჯგუფი, წაუკითხეს უფლებები მ-ს და წაიყვანეს ქ-ის პოლიციის განყოფილებაში. მ-ს რაღაც ნაკაწრები ჰქონდა სახეზე და შეთავაზეს სასწრაფოს გამოძახება. ხ-ის პოლიციის თანამშრომლები, დაახლოებით 10 წუთში, მოვიდნენ, მანამდე მ-ძე მშვიდად იყო. პოლიციელები სამსახურის პიკაპით მოვიდნენ შესაბამისი ფორმით. მისთვის უცნობია, რატომ გახდა აგრესიული მ-ძე ხ-ის მიმართ, ფაქტიურად მისალმების შემდეგ გამოავლინა აგრესია, კ-ძე და ხ-ი დაახლოებით ერთმანეთისაგან ნახევარი მეტრის მოშორებით იდგნენ, ხოლო მ-ძე ამათგან 3 მეტრის მოშორებით.
16. მოწმე ჯ. ხ-ის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 11 აგვისტოს, იმყოფებოდა სამსახურში, შეტყობინება შემოვიდა ავარიის შესახებ, რომ არის ავტოსაგზაო შემთხვევა. შემთხვევაზე გავიდა თვითონ და გ. კ-ძე, შემთხვევის ადგილზე პოლიციის განყოფილებიდან დახვდნენ კ-ძე, ო-ძე და ხ-ში. ავტომანქანა ბოძს იყო დაჯახებული და ადგილზე იმყოფებოდა მოქალაქე, მანქანის მძღოლი. როდესაც დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ნახაზების შედგენა და ადგილზე ფოტოების გადაღება, რ. მ-ძე გახდა აგრესიული, დაუწყო გინება, ბოლოს დანით წამოვიდა მისკენ. ეს შეამჩნია ჯ. კ-მ და გადაეფარა წინ. მ-მ მოუქნია დანა, რის გამოც ხელი ჰქონდა გადაჭრილი, ჯ-ს ხელიდან სისხლი წამოუვიდა, იგი (ჯ. ხ-ი) და გ. აკავებდნენ, მაგრამ ხელი შეუშალა მოქალაქე გ. შ-მ, როგორც მერე გაიგეს, ის მ-ის მეგობარი ყოფილა. მ-ძე შემდეგ დ. ხ-მა დააკავა ადმინისტრაციული წესით. გამოიძახეს და მოვიდა ჯგუფი დაკავებისათვის, აუხსნეს ყველაფერი და გადაიყვანეს სამმართველოში. რ-მა უარი განუცხადა სამედიცინო დახმარებაზე, მერე დაიწყეს სურათების გადაღება, ოქმის შედგენა, ფოტოების გადაღების დროს გახდა აგრესიული, მანამდე კომუნიკაცია არ ჰქონიათ, არც კონფლიქტი, უბრალოდ იცოდა, რომ იყო ქობულეთელი. მისკენ დანით მაშინ წამოვიდა, როდესაც მანქანასთან იდგა ახლოს და სურათების გადაღება დაიწყო, მაშინ გამოხატა აგრესია და ჯ-იმ დაიცვა. მარცხენა ხელის არეში მოხვდა დანა ჯ-ს. ნ. ო-მ აღმოუჩინა დახმარება, რაღაცით გადაუხვია ხელი. რ. მ-ძე აგრესიული იყო მათ მიმართ, შ-ძეც აგრესიული იყო, ფეხი ჩაარტყა კ-ეს. შ-ძე მერე მოვიდა, თავიდანვე იქ არ ყოფილა. დაკავებიდან წაყვანამდე დაახლოებით ნახევარი საათი გავიდა. სასწრაფო მოვიდა და კ-ძე წაიყვანა, მას (ჯ. ხ-ს) დაზიანება არ ჰქონია. შეტყობინება ავტოავარიაზე შემოვიდა ჯ. კ-ან. მისვლისას მანქანა ქუჩაში იდგა, ბოძს შეჯახებული. რა თქმა უნდა, რ. მ-ძე აღელვებული და თან ნასვამი იყო. რ-ის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხელები არ გადაუგრეხია და არც რაგბის ბურთივით გაუგდია საცემად.
17. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ნ. ო-ემ.
18. ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა პოლიციელ გ. კ-ნ ამოიღო რ. მ-ზე წართმეული დანა.
19. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით რ. მ-ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.
21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით დასტურდება შემდეგი: თავდაპირველად, შემთხვევის ადგილზე, იქ, სადაც იყო რ. მ-ის ავტოსაგზაო შემთხვევა, მოვიდნენ მ-ეს პოლიციის განყოფილების მუშაკები - ჯ. კ-ძე, ნ. ო-ძე და დ. ხ-ი. სწორედ მათ გამოიძახეს ხ-ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიასაც წარმოადგენდა შემთხვევის ადგილი. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით დასტურდება აგრეთვე ის გარემოება, რომ ხ-ის პოლიციის თანამშრომელთა მისვლამდე, რ. მ-ძე აგრესიას არანაირად გამოხატავდა, პასუხობდა მათ შეკითხვებს და აღნიშნავდა, რომ სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროებოდა. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მივიდა ხ-ის პოლიციის თანამშრომელთა ეკიპაჟი და ჯ. ხ-მა, ასევე გ. კ-მ დაიწყეს ავტოავარიის შემთხვევის გამო საპროცესო მოვალოებების შესრულება (კერძოდ, ჯ. ხ-მა შემთხვევის ადგილზე ნახაზის შედგენა, ფოტოსურათების გადაღება, ხოლო გ. კ-მ - ნახაზის შედგენა), რ. მ-ძე გახდა აგრესიული, ამოიღო დანა და წავიდა ჯ. ხ-ნ. როცა მოუწოდეს გაჩერებულიყო, იძახდა თქვენ როგორ გაბედეთო. პოლიციის ყველა თანამშრომელმა - ჯ. ხ-მა, გ. კ-მ, ჯ. კ-მ, დ. ხ-მა, ნ. ო-მ ერთნაირად აღწერა, რომ რ. მ-ძე აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც ხ-ის პოლიციის თანამშრომლებმა - ჯ. ხ-მა და გ. კ-მ დაიწყეს ნახაზის შედგენა და დასურათება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
22. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი, ზემომითითებული პირდაპირი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ რ. მ-ის მიერ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჩადენილი ძალადობა არ ყოფილა დაკავშირებული ზოგადად მათი, როგორც პოლიციის თანამშრომლების საქმიანობასთან, არამედ მისი ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ხელი შეეშალა პოლიციის თანამშრომლების საქმიანობისთვის, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, ავტოავარიის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და ნახაზის შედგენისას, რასაც, შესაძლოა, შემდგომში მისი პასუხისმგებლობა მოჰყოლოდა. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება საერთო სურათი აღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, რაც, ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია მსჯავრდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
23. რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. მ-ს მიერ ჩადენილ ძალადობას - დანის მოქნევას ჯ. ხ-ის, რომელიც მოხვდა ჯ. კ-ს და რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ასევე ფეხის დარტყმას გ. კ-ის, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ აღნიშნულს სრულად მოიცავს ძალადობით ჩადენილი პოლიციის მუშაკისადმი წინააღმდეგობა, რადგან ძალადობაში მოიაზრება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება (მხოლოდ მსუბუქი დაზიანება, რადგან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დაზიანება დამატებით კვალიფიკაციას საჭიროებს), თავისუფლების შეზღუდვა და სხვა.
24. ამრიგად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებაზე, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი