Facebook Twitter

საქმე # 010100122006485849

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№1131აპ-23 თბილისი

შ-ძე ჯ, 1131აპ-23 7 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ჯ. შ-ს ბრალად დაედო, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2021 წლის 25 აპრილს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ბ-ში, ვ-ას ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. შ-მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის (რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას) ლ. ც-ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში და ხელებზე ძლიერად მოქაჩა, რის შედეგად ლ. ც-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2021 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ-ში, ტ. ა-ს ქუჩაზე მდებარე ,,შავი ზღვის მოლის’’ პარკინგზე, ჯ. შ-მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის (რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას) ლ. ც-ს მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში და ხელებზე ძლიერად მოქაჩა. ძალადობის შედეგად, ლ. ც-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით:

ჯ. შ-ე, დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების 2022 წლის 4 ივნისის ეპიზოდში.

ჯ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენი ჯ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორი, პროკურორი – ნიკა მენთეშაშვილი – ითხოვს სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ჯ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) და შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულებები დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ადასტურებს ჯ. შ-ის მიერ ოჯახში ძალადობის ორივე ფაქტის ჩადენას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ არის დასაბუთებული და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

5. დაცვის მხარემ, ადვოკატმა მ. ზ-მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ ჯ. ზ-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორ ეპიზოდად (2021 წლის 25 აპრილი და 2021 წლის 4 ივნისი), რომელთაგანაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მხოლოდ 2021 წლის 25 აპრილის ეპიზოდში. შესაბამისად, პროკურორის საკასაციო საჩივარი უკავშირდება მეორე, 2021 წლის 4 ივნისის ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის მიხედვით, ხსენებული ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ვერ დასტურდება (კერძოდ, იგულისხმება: დაზარალებულისა და მოწმე მ. შ-ის ჩვენებები, №.. შეტყობინება, №... შემაკავებელი ორდერი, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აგრეთვე აპელირებს პროკურორი).

9. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ლ. ც-მ მოცემულ ეპიზოდზე განმარტა, რომ ჯ. შ-ძე მისი მეუღლეა, ჰყავთ ორი შვილი. ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ. ჯ. შ-ძე ხშირად გამოხატავდა გაღიზიანებას მის მიმართ და იყო აგრესიული. 2021 წლის 4 ივნისს ჯ-ის ავტომანქანით წავიდნენ სუპერმარკეტ ,,კ-ში.“ გზაში კონდიციონერთან დაკავშირებით შეკამათდნენ. ჯ-ი საყვედურობდა, თუ რატომ ვერ გათვალა კონდიციონერის სიგრძე. მანქანიდან გადასვლისას, ქმარმა შეაგინა, რაც ძალიან ეწყინა, ისევ მანქანაში ჩაჯდა და განუცხადა, რომ აღარ შევიდოდა მარკეტში მასთან ერთად. გაბრაზებულმა ჯ. შ-მ სახეში, კერძოდ, მარცხენა ლოყაზე გაარტყა ხელი, რაც ძალიან ეტკინა. შემდეგ ხელები დაუჭირა და არ აძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას. ხელზე სილურჯეები დარჩა, სახეც შესიებული ჰქონდა.

10. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა ამ ფაქტის მართებულობა, კერძოდ, მოწმე მ. შ-ძე პირადად ამ ფაქტს არ შესწრებია. 2021 წლის 4 ივნისს მან დედისგან შეიტყო, რომ პროდუქტების საყიდლად ,,კ-ში“ წასულმა მშობლებმა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ავტომანქანაში იკამათეს, რა დროსაც ჯ-მა მეუღლეს ხელი გაარტყა სახეში.

11. თავად ჯ. შ-მ წარდგენილი ბრალდებით თავი არ ცნო დამნაშავედ და უარყო 2021 წლის 4 ივნისს ,,კ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

12. სხვა მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მიერ მითითებულ 2021 წლის 4 ივნისს მომხდარ ფაქტს დამატებით, უტყუარად გაამყარებდა საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივი გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და აღნიშნავს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

13. რაც შეეხება მსჯავრდებულთათვის განსაზღვრულ სასჯელს, კასატორს არ მიუთითებია რაიმე, ახალი სახის გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც, საკასაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლას. პროკურორი მხოლოდ მოთხოვნის ნაწილში მიუთითებს მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ყოველგვარ არგუმენტზე აპელირების გარეშე. შესაბამისად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი