Facebook Twitter

საქმე # 010100122005978976

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1184აპ-23 ქ. თბილისი

ჩ-ი ნ, 1184აპ-23 7 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ჩ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 15 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ-ში, ფ. ხ-ს გამზირის N..-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ნ-ის“ მიმდებარედ განთავსებული „ს-ის“ ბანკომატის თანხის მოსაწოდებელი მექანიზმიდან, ნ. ჩ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. ბ-ის კუთვნილ ფულად თანხას 1000 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

2.1. ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გამართლებულ ნ. ჩ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება, ნ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2. ქმედების ფარული ფორმით ჩადენა და 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ხოლო აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან.

8. დაზარალებულ ნ. ბ-ის ჩვენებით, მუშაობს შპს ,,...-ში“. 2022 წლის 15 მაისს კუთვნილი ხელფასის ასაღებად მივიდა ფ. ხ-ის N..-ში არსებული ,,ნ-ს“ ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ,,ს-ის“ ბანკომატთან. აპარატში მოათავსა ბარათი, შეიყვანა კოდი და მოითხოვა 2070 ლარის განაღდება. ბანკომატის ეკრანზე გამოსახულმა ტექსტმა ამცნო, რომ ბანკომატში არასაკმარისი თანხა იყო ამ მოცულობის თანხის გასანაღდებლად. ამიტომ უფრო მცირე თანხის - 1000 ლარის გამოტანა გადაწყვიტა, თუმცა ბანკომატმა არც ეს თანხა გასცა. იფიქრა, რომ ამ ოდენობის თანხის გაცემაც შეუძლებელი იყო და წავიდა. რამდენიმე წუთში მიიღო სმს, რომ მისი ანგარიშიდან მოხდა თანხის განაღდება. დაბრუნდა უკან, მივიდა ბანკომატთან, მაგრამ ვერავინ ნახა, არც თანხა იყო სადმე. დარეკა ბანკში, სადაც ოპერატორმა დაუდასტურა, რომ თანხა ნამდვილად გატანილი იყო მისი ანგარიშიდან. მიმართა პოლიციას.

9. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ,,ს-ან“ გამოთხოვილი ნ. ბ-ის საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ 2022 წლის 15 მაისს მოხდა ამ ანგარიშიდან 1000 ლარის განაღდება.

10. ნ. ჩ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2022 წლის 15 მაისს მეგობრებთან - მ. ს-ან და ჯ. ც-ნ ერთად თავისი ავტომანქანით ქალაქში გადაადგილდებოდა. სურდა ანგარიშიდან თანხის მოხსნა, ამიტომ მივიდა ბენზინგასამართ სადგურ ,,ნ-ან“ მდებარე ,,ს-ის“ ბანკომატთან. მეგობრები მასთან ერთად არ გადასულან, მანქანაში ელოდნენ. ის იყო ბარათი უნდა მოეთავსებინა აპარატში, როცა შეატყო, რომ ,,აპარატი ხმაურობდა“, შემდეგ კი თანხა ამოაგდო. მიიხედ-მოიხედა, მხოლოდ ერთი ადამიანი შენიშნა სიახლოვეს, გამოელაპარაკა და ჰკითხა, ხომ არ იცოდა, ვისი შეიძლება ყოფილიყო ეს თანხა, თუმცა მან არაფერი იცოდა. აიღო ეს თანხა - 1000 ლარი, რადგან ამ ოდენობის თანხას უყურადღებოდ ვერ მიატოვებდა და გადაწყვიტა ,,ს-ის“ რომელიმე ფილიალში მოეკითხა მისი სავარაუდო პატრონი, რათა თანხა დაებრუნებინა. მეგობრებსაც უთხრა მომხდარის შესახებ. მივიდნენ ,,ს-ის“ ერთ-ერთ ფილიალთან, რომელიც დასვენების დღის გამო არ მუშაობდა. იქ გაესაუბრნენ მომსახურე პერსონალს, რომელმაც განუცხადა, რომ თანხის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ვერ მიაწოდებდნენ მის მონაცემებს, ამასთან იყო კვირა დღე, ფილიალი არ მუშაობდა და მომდევნო დღეებში დაუკავშირდებოდნენ თანხასთან დაკავშირებით ბანკიდან ან პოლიციიდან. ამის შემდეგ ,,ს-ის“ კიდევ ორ ფილიალს ესტუმრნენ იმ მიზეზით, რომ გაერკვიათ რაიმე თანხის მესაკუთრის შესახებ, მაგრამ არც ის ფილიალები მუშაობდა. სწორედ ამ დროს ბიცოლა ჰყავდა გარდაცვლილი; იმ და მომდევნო დღეს ვეღარ შეძლო თანხასთან დაკავშირებით საკუთარი ინციატივით სადმე მისვლა და სიტუაციის მოკითხვა. 18 მაისს კი უკვე პოლიციიდან დაუკავშირდნენ და განყოფილებაში მისვლა სთხოვეს.

11. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას მ. ს-მ და ჯ. ც-მ.

12. ამდენად, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ნ. ჩ-მა ბენზინგასამართ სადგურ ,,ნ-ზე“ მდებარე ,,ს-ის“ ბანკომატიდან აიღო ის თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

14. ქურდობა განზრახი დანაშაულია, კერძოდ მისი ჩამდენი უნდა აცნობიერებდეს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგობას, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განსაზღვრა სახეზეა, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას.

15. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებითაც ჩანს, თუ როგორ იხედება ბანკომატთან მდგარი ჭაღარათმიანი მამაკაცი ირგვლივ, თითქოს ვიღაცას ეძებს, ესაუბრება სიახლოვეს მდგარ მამაკაცს, შემდეგ უბრუნდება ისევ ბანკომატს და ამის შემდეგ ტოვებს აღნიშნულ ტერიტორიას. ამ დროისთვის კი ავტომობილი, რომლითაც დაზარალებული გადაადგილდებოდა, უკვე წასულია იმ ტერიტორიიდან. ასევე, ნ. ჩ-ს მისი თანმხლები პირებისთვის არ დაუმალავს ბანკომატიდან სხვისი თანხის აღების ფაქტი, მათ მოუთხრო მომხდარის შესახებ და მათთან ერთად დაიწყო თანხის მფლობელის მოძიება, კერძოდ მიაკითხა ,,ს-ის" რამდენიმე ფილიალს და აღმოჩნდა, რომ კვირა დღის გამო ფილიალები არ მუშაობდნენ, ხოლო ,,ს-ის“ ერთ-ერთ ფილიალში განუცხადეს, რომ თანხის მფლობელის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო ბანკი ასეთ ინფორმაციას ვერ გასცემდა, თუმცა ასევე უთხრეს, რომ ბანკომატზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეშვეობით იოლად დაადგენდნენ თანხის ამომღების ვინაობას და თავად მიაკითხავდნენ.

16. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ნ. ჩ-ი იმ და მომდევნო დღეს გარდაცვლილი ახლობლის ოჯახში იმყოფებოდა და სამძიმარს იღებდა (წარმოდგენილია მ. ბ-ს გარდაცვალების მოწმობის ასლი); დადგენილია, რომ ნ. ჩ-ი მესამე დღეს, 2022 წლის 18 მაისს, გამოძახებისთანავე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და წარადგინა ბანკომატიდან აღებული თანხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ნ. ჩ-ი შეცდა, როდესაც თავად არ მიაკითხა პოლიციის განყოფილებას თანხის დაბრუნების მიზნით, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მის ქმედებაში თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვას. ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ნ. ჩ-ის მიერ სხვისი კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების ფაქტი.

17. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი