Facebook Twitter

საქმე # 010142223701284621

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №30აგ-23 8 თებერვალი, 2024 წელი

ნ-ი ნ, 30აგ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით:

ნ. ნ-ი, დაბადებული .. წლის .... დეკემბერს, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

ნ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ ნ. ნ-ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 2 თვით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით:

მსჯავრდებულ ნ. ნ-ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 6 თვით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით:

დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება – მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ ნ. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, დ. მ-ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება – ნ. ნ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე.

6. 2023 წლის 9 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ნ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ არსებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. მსჯავრდებულის პრობაციაში გამოუცხადებლობის მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (დიაგნოზი - “ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი”). მას შეგნებულად არ აურიდებია თავის პრობაციისათვის.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ნ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორი – ნ. ნ-ი – ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებების გადასინჯვას, სასჯელის შემსუბუქებას.

9. საკასაციო საჩივრის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განჩინება გამოტანილია მსჯავრდებულის დაუსწრებლად. დაკავების შემდეგ, ნ. ნ-მა მის დამცველს განუმარტა მისი ფსიქიკური, ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. მან ადვოკატს სთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში, რაც დ. მ-მა არ შეასრულა. კასატორისათვის უცნობია ადვოკატის ასე მოქცევის მიზეზი. 31.03.2022 წლიდან 18.08.2022 წლამდე ნ. ნ-ს დასმული ჰქონდა დიაგნოზი „ოპიოიდური დამოკიდებულებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი,“ რაც შესაბამისი სამედიცინო ცნობებით დასტურდება. პრობაციის გაცდენის მიზეზი იყო მსჯავრდებულის ფიზიკური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის არგუმენტები, გააანალიზა კასატორის მოსაზრებები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რომელიმე საფუძველს/წინაპირობას.

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ნ-ი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განჩინების გადასინჯვას, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმდა და სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით მიექცა აღსასრულებლად (რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარჩა უცვლელად).

3. ზემოხსენებული, 2022 წლის 20 ივლისის განჩინების თანახმად, ნ. ნ-ს გამოსაცდელი ვადა დაეწყო – 2021 წლის 29 იანვარს, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2025 წლის 28 სექტემბერს. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას ამ პერიოდში, კერძოდ, 2022 წლის 31 მარტიდან 2022 წლის 18 აგვისტომდე (ე.ი დაახლოებით, ხუთი თვე) დაესვა დიაგნოზი „ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი.“ ფსიქიკურმა და ფიზიკურმა პრობლემამ კი კასატორის მტკიცებით, გამოცხადების ვალდებულების დარღვევა გამოიწვია. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2022 წლის 20 ივლისის განჩინება (პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ) თავად დაცვის მხარემ, ნ. ნ-ის ადვოკატმა გაასაჩივრა, რაც 2022 წლის 9 ნოემბერს არ დაკმაყოფილდა (ესე იგი, დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა სწორედ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს უკვე დასმული ჰქონდა მის მიერ მითითებული დიაგნოზი). ამასთან, ნ. ნ-ი არ ყოფილა შეზღუდული, დამატებით წარედგინა მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოსათვის.

4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ნ. ნ-ს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გადასასინჯი განაჩენის დადგენის დროს ცნობილი არ იყო და ამავდროულად, დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის რომელიმე წინაპირობას.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე საფუძველს და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება – მსჯავრდებულ ნ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი