Facebook Twitter

საქმე N 330100120004019853

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №978აპ-23 16 იანვარი, 2024 წელი

ბ-ი ნ., №978აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამარათლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ბ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის ს117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2015 წლიდან – 2020 წლის 21 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ნ. ბ–ი, რომელიც 2020 წლის 14 თებერვლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. დ–თან და რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი და შემდგომში ყოფილი მეუღლე, როგორც ქალი ვალდებული იყო ქმრის, როგორც მამაკაცის მითითებებს დამორჩილებოდა, უკონტროლებდა მას მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებს, სოციალურ ქსელსა და მედია აქტივობებს, ფინანსური ხარჯების განკარგვას, უკრძალავდა მუშაობას და უზღუდავდა კარიერული განვითარების უფლებას, მიაჩნდა, რომ ნ. დ–ს სოციალური მოვალეობა ბავშვის მოვლითა და საყოფაცხოვრებო საქმიანობით შემოიფარგლებოდა, ხოლო ნ. დ–ს მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას. კერძოდ: 2015 წლიდან – 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთში ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №.....-ში და ქ. თ–ში, ჭ–ს გამზირი №..-ში თანაცხოვრებისას, ასევე, საქართველოში და საზღვარგარეთ სხვადასხვა მისამართებზე, როგორც პირადად, ასევე კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ნ. ბ–ი სისტემატურად, კვირაში დაახლოებით 2-ჯერ, ხოლო 2017 წლიდან 2019 წლის 30 აპრილამდე დროის მონაკვეთში, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ნ. დ–ს, აგინებდა, ეძახდა უშნოს, მახინჯს, ვირთხას, უსაქმურს და მიმართავდა სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. შეურაცხყოფის თანხლებით ამტვრევდა სახლში განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს და დასჯის მიზნით, ნ. დ–ს უზღუდავდა ოჯახის ფინანსებზე წვდომას, სამოდელო კარიერის დაწყების მცდელობისას, თავისი როლის უპირატესობის განმტკიცების მიზნით, ცდილობდა მეუღლის გარეგნობისა და პიროვნების დაკნინებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამცირებდა მას. ასევე, 2019 წლის პირველი მაისიდან 2020 წლის 21 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ჭ–ს გამზირი №..-ში და სხვადასხვა მისამართებზე, სისტემატურად, თვეში ერთხელ, კვლავ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იდენტური ხასიათის ქმედებებით ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ. დ–ს, მათ შორის 2020 წლის 21 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს დასახლება, ............ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, აგინა, შეანერწყვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნ. დ–მა ნ. ბ–ს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების სისტემატური ხასიათიდან, ფსიქოლოგიური ძალადობის ინტენსივობიდან გამომდინარე განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

1.3. 2018 წლის 28 აგვისტოს, ნ–ში, მ–ზე მდებარე სასტუმროში „D–e“, ნ. ბ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. დ–ი, როგორც ქალი ვალდებული იყო ქმრის, როგორც მამაკაცის მითითებებს დამორჩილებოდა, უკონტროლებდა მას მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებს, სოციალურ ქსელსა და მედია აქტივობებს, ფინანსური ხარჯების განკარგვას, უკრძალავდა მუშაობას და უზღუდავდა კარიერული განვითარების უფლებას, მიაჩნდა, რომ ნ. დ–ს სოციალური მოვალეობა ბავშვის მოვლითა და საყოფაცხოვრებო საქმიანობით შემოიფარგლებოდა, მას შემდგომ, რაც მეუღლემ გაბედა ოჯახის ფინანსური რესურსის განკარგვით დაინტერესება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა ნ. დ–ს მიმართ, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფების თანხლებით მიუთითებდა, რომ მას არავინ არაფერს ეკითხებოდა და აღარ დაესვა შეკითხვები, რა დროსაც თმა ძლიერად მოქაჩა მას, ასევე ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რის შემდგომაც ესროლა ჩოგნების შესანახი ჩანთა საწოლში მყოფს, რაც ნ. დ–ს მოხვდა თავისა და ზედა ტანის არეში. ძალადობის შედეგად ნ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2019 წლის 1 აპრილს, ქ. თ–ში, .........ს გამზირი №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. ბ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. დ–ი, როგორც ქალი ვალდებული იყო ქმრის, როგორც მამაკაცის მითითებებს დამორჩილებოდა, უკონტროლებდა მას მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებს, სოციალურ ქსელსა და მედია აქტივობებს, ფინანსური ხარჯების განკარგვას, უკრძალავდა მუშაობას და უზღუდავდა კარიერული განვითარების უფლებას, მიაჩნდა, რომ ნ. დ–ს სოციალური მოვალეობა ბავშვის მოვლითა და საყოფაცხოვრებო საქმიანობით შემოიფარგლებოდა, მას შემდგომ, რაც დედამთილმა ნ. დ–ს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის: ნ. დ–ს მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელი და ხელის მტევანი გადაუგრიხა. ძალადობის შედეგად ნ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2019 წლის 30 აპრილს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩაზე, ავტომანქანაში, ნ. ბ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. დ–ი, როგორც ქალი ვალდებული იყო ქმრის, როგორც მამაკაცის მითითებებს დამორჩილებოდა, უკონტროლებდა მას მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებს, სოციალურ ქსელსა და მედია აქტივობებს, ფინანსური ხარჯების განკარგვას, უკრძალავდა მუშაობას და უზღუდავდა კარიერული განვითარების უფლებას, მიაჩნდა, რომ ნ. დ–ს სოციალური მოვალეობა ბავშვის მოვლითა და საყოფაცხოვრებო საქმიანობით შემოიფარგლებოდა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის: ნ. დ–ს მიმართ. კერძოდ, ნ. ბ–ი შეეცადა ნ. დ–სთვის მობილური ტელეფონის წართმევას, ვინაიდან ჰქონდა ეჭვი, რომ ამ უკანასკნელს მობილურ ტელეფონში ძალადობის დამადასტურებელი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ვინაიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო აღნიშნული ვერ მოახერხა, ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის სახის, ხელებისა და ფეხების მიდამოში, ასევე თმა ძლიერ მოქაჩა. ძალადობის შედეგად ნ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2020 წლის 21 მაისს, დაახლოებით 15:30 საათიდან – 15:48 საათამდე დროის მონაკვეთში, ნ. ბ–ს მშობლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მისამართი: ქ. თ–ი, ა–ს დასახლება, ............ის ქუჩა №.., ნ. ბ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან წარსულში რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. დ–ი, როგორც ქალი ვალდებული იყო ყოფილი ქმრის, როგორც მამაკაცის მითითებებს დამორჩილებოდა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მისი და ნ. დ–ს 5 წლის შვილის – ლ. ბ–ს თანდასწრებით, ოჯახური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის – ნ. დ–ს მიმართ. კერძოდ, მისი მშობლების სახლთან, არასრულწლოვანი შვილის – ლ. ბ–ს წამოსაყვანად მისულ ნ. დ–ის, ურთიერთშელაპარაკებისას გამოხატული წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებისას, ფეხი მოაყოლა კუთვნილი ავტომანქანის კარში, ხელი, რომელშიც ბლაგვი საგანი, სავარაუდოდ ავტომანქანის გასაღები ეჭირა, მოუჭირა მარჯვენა მკლავის მიდამოში, რის შემდგომაც ხელი ჩაარტყა თავში, ხოლო აღნიშნულის შემდგომ, დაახლოებით 2 წუთში, ხელი, აღნიშნულ ბლაგვ საგანთან ერთად დაარტყა ნ. დ–ს მარჯვენა მკლავის ზედა ნაწილში, ხელი მოუჭირა მკლავზე და კვლავ თავში ჩაარტყა ხელი. ძალადობის შედეგად ნ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ბრალდებულის ვერსიის პირობებში, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალსამართებრივ სტანდარტს, რაც სასამარართლოს დაარწმუნებდა ნ. ბ–ის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 აგვსისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, ნ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამარათლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნათია გურულმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. ბ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 3 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნათია გურულმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენის გაუქმება და ნ. ბ–ს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა ნ. ბ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. კერძოდ, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდთან მიმართებით გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულ ნ. დ–ს ჩვენება, რომელმაც სრულად და თანმიმდევრულად აღწერა 2013 წლიდან მოყოლებული მასზე განხორცილებეული სიტყივიერი შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები, რომლებმაც თანაცხოვრების ბოლო ეტაპზე – 2019 წლის მაისამდე თითქმის ყოველდღიური ხასიათი შეიძინა და თანაცხოვრების შემდგომაც 2020 წლის 21 მაისამდე არ შეწყვეტილა. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს მოწმეების: ც. მ–ს, მ. ე–ს, ე. ფ–ს, მ. ს–ს ჩვენებები, რომლებიც არაერთხელ შესწრებიან ნ. დ–ს მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტს, ასევე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებები და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ ნ. ბ–მა ნ. დ–ს დაუბლოკა საბანკო ბარათი და ეს ქმედება ნ. დ–ს დასჯას დაუკავშირა. 2018 წლის 28 აგვისტოს განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ა-ში, რა დროსაც ნ. ბ–მა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თმით ათრია, ხელები და ფეხები ურტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. რა დროსაც მიიღო გადაწყვეტილება ტელეფონზე ჩაეწერა კონფლიქტი. ნ–მა ჩოგნების შესანახი ჩანთა, მასში მოთავსებული ჩოგნებით ესროლა ლოგინში მწოლიარე დაზარალებულს, რაც მოხვდა თავისა და ტანის არეში. ძალადობის ეს ეპიზოდი გამყარებულია ნ. დ–ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და გადაღებული ვიდეოჩანაწერებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების ჩვენებებით. აღნიშნული მტკიცებულელებებით დგინდება, რომ როდესაც ნ. დ–ი ესაუბრება ნ. ბ–ს მის მიერ განხორციელებული ძალადობების თაობაზე ეს უკანასკნელი დუმს და არ უარყოფს, რაც მიუთითებს, რომ ნ. ბ–მა ნამდვილად იძალადა ნ. დ–ზე. ბრალდების მხარის შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დადგინდა, რომ 2019 წლის 1 და 30 აპრილს ნ. ბ–იმა იძალადა მეუღლეზე. კერძოდ, დაზარალებულის სასამართლოში მიცემული ჩვენებით და მის მიერ გადაღებული ფოტოთი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ასევე მოწმეების: მ. ს–ს, ც. მ–ს და ნ. ნ–ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ნ. ბ–ს მიერ ძალადობის ჩადენა. 21 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს როგორც მოწმეების ჩვენებები, ასევე 112-ში განხორციელებული ზარი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების ჩვენებები და ფოტოსურათი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნ. მ–ს სახლის გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერები. ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარეს მიმხრობილი მოწმეების: კ. ფ. დ. ლ–ს, ნ. ნ–ს, ი. ჯ–ს და ნ. მ–ს ჩვენებები, რადგან ისინი ინფორმაციის ფალსიფიცირებით ცდილობენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ განაჩენში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, სადაც სრულად განსხვავებული მტკიცებულებითი სტანდარტია ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაწესებული.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ნ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი – გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულმა განმარტა, რომ 2013 წელს იქორწინა ნ. ბ–ზე. ქორწილის დღესვე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, უჩქმიტა მკლავზე. დაახლოებით 6 თვეში გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობები. 2015 წლიდან ბავშვის გაჩენის შემდეგ, ნ. ბ–ი აიძულებდა, დაკავებულიყო მხოლოდ შვილის აღზრდით და საოჯახო საქმეებით, პროტესტის შემთხვევაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება განსაკუთრებით გახშირდა 2017 წლიდან და მიიღო თითქმის ყოველდღიური ხასიათი. ამ პერიოდიდან ნ. ბ–მა ინტენსიურად დაიწყო საუბარი განქორწინებაზე, თუმცა მას არ სურდა ოჯახის დანგრევა. 2018 ან 2019 წელს მშობლებისგან შეიტყო, რომ მისგან დამოუკიდებლად, მათთან მივიდა ნ. ბ–ი და სთხოვა დახმარება ნ. დ–ს დაყოლიებაში ცივილურად, სასამართლო დავის გარეშე განქორწინებაზე, ნ. ბ–ს ეს ჟესტიც მისთვის იყო დამამცირებელი და დამაკნინებელი, რამეთუ ბრალდებული ასეთ სენსიტიურ და პირად საკითხებს მეუღლის გარეშე აგვარებდა. იგი სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, საკუთარი თავის მიმართ გახდა ზედმეტად თვითკრიტიკული, დაკარგა თვითშეფასების უნარი, ჩამოუყალიბდა არასრულფასოვნების კომპლექსი, ფიქრობდა, რომ იყო ყველაზე შეუხედავი, წარუმატებელი, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის.

5.3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება სავალდებულო უტყუარობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რადგან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........... დასკვნის გამცემი ექსპერტის მ. მ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ყოფილი მეუღლის - ნ. ბ–ს და დედამთილის – ნ. ნ–ს – ქმედებები ცალ-ცალკე აღებული არ არის საკმარისი იმისთვის, რათა თითოეულის ქმედება ტანჯვის განცდისთვის საკმარისად ჩაითვალოს, ეს იყო ერთიანი ფონი ოჯახში. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპალაციო სასამართლოს მსჯელობასა და მიღებულ გადაწყვეტილებას ამ ეპიზოდში ნ. ბ–ს გამართლების შესახებ.

5.4. რაც შეეხება, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (სამი ეპიზოდი) საკასაციო პალატა განმარტავს, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაზარალებულის განმარტება მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, აუცილებელია, გამყარებული იყოს სხვა მტკიცებულებებით, რადგან მისი ნათქვამის საპირწონედ წარმოდგენილია ბრალდებულის ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტებს და აცხადებს, რომ არავითარი ძალადობა არ განუხორციელებია, ხოლო იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ სამართლის ნორმების სრული დაცვით შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულბები და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

5.5. 2020 წლის 21 მაისს ნ. ბ–ს მიერ ნ. დ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთი მხრივ დაზარალებულის ჩვენება რომლის თანახმადაც, ბ–ების საცხოვრებელ სახლთან ნ. ბ–მა დაუწყო ჯაჯგური, თავში ჩაარტყა ხელი და ლ. ბ–სი ხელიდან გამოგლიჯა. მას შემდეგ კი, რაც ეზოში შესულს გინებით და მუქარით, ჯოხით ხელში, გამოეკიდა ნ. ბ–ს მამა იგი შვილთან ერთად, რომელიც ხელში ჰყავდა აყვანილი ქუჩაში გაიქცა. მათ უკან დაედევნა ნ. ბ–ი, რომელმაც კვლავ მოუჭირა გასაღებიანი ხელი და კიდევ ერთხელ ჩაარტყა ხელი თავში. ხოლო მეორე მხრივ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება ფიზიკური ძალადობის ფაქტი. დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება არც 2020 წლის 21 მაისის ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით, რომელშიც ფიზიკური ძალადობა არ ფიქსირდება. კერძოდ, ეზოდან გამოსვლის შემდეგ ნ. დ–ი ბავშვით ხელში და ნ. ბ–ი, ოდნავ ეფარებიან კადრს, თუმცა მზის შუქზე, მკაფიოდ ჩანს მათი სხეულის ჩრდილები, ასევე ამ ჩრდილებით ჩანს, რომ ნ. ბ–ს ნ. დ–ს სხეულთან არ აქვს ახლო კონტაქტი. ამ კადრიდან მალევე ნ. ბ–ი ბრუნდება სახლში, ხოლო ნ. დ–ი შვილთან ერთად გადის კამერის არეალიდან. დაზარალებულის ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება მეორე დღეს მასთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელშიც ნ. დ–ი არ უთითებს ნ. ბ–ს მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. 2020 წლის 23 მაისს, განმეორებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ. დ–ი უკვე უთითებს ძალადობაზე, თუმცა განსხვავებულად – არა გასაღებიანი ხელით ჯაჯგურსა ან ხელის მოჭერაზე, არამედ აცხადებს, რომ გასაღები ჩაარტყა მარჯვენა მკლავის არეში და თავში კი ხელი, მაშინ, როცა ატირებული ბავშვი ეჭირა ხელში. ასევე უთითებს ადგილს, სადაც წამოეწია ყოფილი მეუღლე, ხელში ეკავა ავტომანქანის გასაღები, რომელიც ერთხელ ჩაარტყა მარჯვენა მკლავის არეში, ასევე თავში ერთხელ ჩაარტყა ხელი. რაც შეეხება დაზარალებულის მკლავზე არსებულ დაზიანებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნის შემდგენი ექსპერტის – ქ. ბ–ს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, ნ. დ–ის ექსპერტიზა ჩაუტარდა 2020 წლის 22 მაისს, რა დროსაც მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა მცირე ზომის სისხლნაჟღენთი, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმეში მითითებულ თარიღს – 2020 წლის 21 მაისს, თუმცა ექსპერტიზას არ შეუძლია ზუსტად დაადგინოს, ეს დაზიანება მიღებულია ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თუ ინციდენტის შემდეგ. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ნ. დ–ს მხარზე არ იქნა ნანახი ის ექსკორიაცია, რაც პაციენტის სამედიცინო ბარათშია აღწერილი. მანვე მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ თუკი ექსკორიაცია მიღებული იქნებოდა 21 მაისს, მისი მორფოლოგიიდან გამომდინარე, კვალი 22 მაისს ხილული უნდა ყოფილიყო. ექსპერტმა იგივე კატეგორიულობით განმარტა, რომ ექსკორიაცია მისი მორფოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, სისხლნაჟღენთის სახეს ვერ მიიღებდა.

5.6. შესაბამისად ბრალდების არც ამ ნაწილში იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული დაზიანება გამოიწვია ნ. ბ–ს ქმედებამ, ასეთი კი წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არათუ არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა ნ. ბ–ს დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.8. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ოჯახში ძალადობის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მისაღწევია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ნათია გურულის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე