Facebook Twitter

საქმე N 020100121004631361

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1108აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი

ბ–ა გ., №1108აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ–ა (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 5 მარტს, დღის საათებში, გ. ბ–ა გაბრაზებული იმით, რომ მეუღლემ, ნ. ს–მ, შეხვედრაზე უარი უთხრა, სატელეფონო საუბრისას დაემუქრა მას, უთხრა, რომ მივიდოდა მასთან და სცემდა, რაც ნ. ს–ამ აღიქვა მისი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად, მიიჩნია რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ იყო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენით გ. ბ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 18 აპრილს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს გ. ბ–ს ბრალეულობას. დაზარალებულმა ნ. ს–მ, ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლე, თუმცა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, რაც ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის კლასიკურ ქცევას. 2021 წლის 10 მარტს, პოლიციის თანამშრომლები თავადვე შეესწრნენ დაზარალებულსა და გ. ბ–ას შორის არსებულ ხმამაღალ საუბარს და სწორედ ამიტომ მიუახლოვდნენ მათ. ქალბატონმა განუცხადა, რომ აპირებდა დაშორებას და ეშინოდა, გ. ბ–ს რამე არ დაეშავებინა მისთვის. მისი განმარტებით, მეუღლე, გ. ბ–ა რამდენიმე დღით ადრე დაემუქრა ცემით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი, ასევე დადასტურებულია უდავოდ ცნობილი ე. ს–ას გამოკითხვის ოქმით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებებად უნდა მიეჩნია დაზარალებულებთან პირველად შემხებლობაში მყოფი, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების და დაზარალებულის დედის, ე. ს–ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები. სწორედ მათ გადმოსცეს დაზარალებულის მონათხრობი, აღწერეს დაზარალებულის ემოციური მდგომარება, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს პირდაპირ მტკიცებულებებად, აღნიშნულის დასასაბუთებლად, კასატორი საკასაციო საჩივარში იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებას. კასატორის მითითებით, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა დანაშაულის ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ორი პირდაპირი ჩვენების მოძიება, ვინაიდან მუქარის ფაქტს მხოლოდ გ. ბ–ა და ნ. ს–ა შეესწრნენ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ბ–ას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულმა ნ. ს–მ (მეუღლემ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ბ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. მოწმეების: მ. ც–ს, ლ. ს–ს, ნ. გ–ს, ზ. ჩ–ს და ე. ს–ს გამოკითხვის ოქმები მხარეებმა გახადეს უდავოდ და ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

5.5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: მოწმეების - ნ.გ–ს, ლ. ს–ას და ე. ს–ს გამოკითხვის ოქმებზე, რომლის თანახმადაც, კასატორის მითითითებით დასტურდება გ. ბ–ს მიერ ნ. ს–ას მიმართ, 2021 წლის 5 მარტს განხორციელებული მუქარის ფაქტი. ნ. გ–ს და ლ. ს–ს გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ მუშაობენ საპატრულო პოლიციაში. 2021 წლის 10 მარტს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, როდესაც შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ხმამაღლა ესაუბრებოდა იქვე მდგომ ქალბატონს. მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა და სანთებელა ძირს დაანარცხა, რის შემდეგაც მიუახლოვდნენ მათ და ჰკითხეს ვინაობა. მამაკაცი გ. ბ–ა აღმოჩნდა, ხოლო ქალბატონი - ნ. ს–ა. ნ. ს–ას ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, რა დროსაც მათ განუმარტა, რომ მეუღლესთან განქორწინებას აპირებდა და ეშინოდა, რამე არ დაეშავებინა მისთვის, ვინაიდან რამდენიმე დღით ადრე, ტელეფონის მეშვეობით, ცემით დაემუქრა, რაც რეალურად აღიქვა. აღნიშნულის შემდეგ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, ასევე ლ. ს–მ მომხდარ ფაქტზე შეატყობინა პოლიციის სამორიგეოს. მოწმე - ე. ს–ას გამოკითხვის ოქმით კი ირკვევა, რომ ნ. ს–სგან გადმოცემით იცის, რომ გ. ბ–ა მას დაემუქრა ცემით, შედეგად კი ნ. ს–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5.6. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ გ. ბ–ს მიერ მეუღლის, ნ. ს–ას მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტს. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, დაზარალებულებთან პირველად შემხებლობაში მყოფი, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების და დაზარალებულის დედის, ე. ს–ას უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის, ნ. გ–სთვის, ლ. ს–ასთვის და ე. ს–ასთვის მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. გ–ა და ლ. ს–ა არიან 2021 წლის 10 მარტს, დაზარალებულსა და გამართლებულს შორის მომხდარი ხმამაღალი საუბრის შემსწრენი და არა, 2021 წლის 5 მარტს, მომხდარი შესაძლო მუქარისა, შესაბამისად, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, დაზარალებულთან პირველად შემხებლობაში მყოფი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციადაც ვერ იქნება გაზიარებული. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ბ–ს მხრიდან დაზარალებულზე ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტს და ამის შედეგად - საფუძვლიანი შიშის გაჩენას წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.

5.11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ასევე უმნიშვნელოა მოწმე მ. შ–ს ჩვენების მტკიცებულებითი ღირებულებაც, ვინაიდან მან მხოლოდ მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სინამდვილე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურა და შემხებლობაში არაა გ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით.

5.12. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, ასევე უთითებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გ. ბ–აას სასარგებლოდ.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე