Facebook Twitter

საქმე N 100100122006163303

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე N1197აპ-23 23 იანვარი 2024 წელი

ბ–ე ი., №1197აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ბ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ჭ–ა ლ. ტ–ს ქ. N..-ში არსებულ სასურსათო მარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. ჭ–ა ტ–ს ქ.N..-ში მცხოვრებ ზ. ფ–სთან მივიდა მისი ნაცნობი ადრე ნასამართლევი ქ. ჭ–ში .........ის N..-ში მცხოვრები ი. ბ–ე და იმ მოტივით, რომ იყო ციხიდან ახალი გამოსული და ჭირდებოდა ფული ზ. ფ–ს მოთხოვა მისთვის გადაეხადა ფულადი თანხა, რაზედაც ზ. ფ–სემ უარი განაცხადა. ი. ბ–ე თანხის მიცემაზე უარის გამო განაწყენდა, აშკარა უკმაყოფილება და წყენა გამოხატა ზ. ფ–ს მიმართ და დაემუქრა შემდეგი სიტყვებით ,,დაგანახებ თუ არ გაქვს ფულიო“, რაც ზ. ფ–მ აღიქვა შენიღბულ რეალურ მუქარად მიხვდა, რომ ი. ბ–ს შესაძლოა განეხორციელებინა ისეთი ქმედება, რაც ზიანს მიაყენებდა მას, მის ოჯახს და მის ქონებას.

1.3. 2022 წლის 18 ივლისს დაახლოებით 23:30 საათზე, ი. ბ–მ იმის გამო, რომ ზ. ფ–მ მას არ გადაუხადა მის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხა, ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ქ. ჭ–ში ...........ის ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ პარკირებულ ზ. ფ–ს კუთვნილ 2010 წელს გამოშვებული ,,AUDI Q7“ მარკის ავტომანქანას, რითაც ზ. ფ–ს მიადგა 2860 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით, ი. ბ–ე საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ი. ბ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

2.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ფრიდონ სვანიძემ. პროკურორმა მოითხოვა ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობა ქმედებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2.4. განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. მ–მა. სააპელაციო საჩივრით მან მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფრიდონ სვანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, თ. მ–სის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2023 წლის 26 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. მ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოებს ან რომელიც მათ დაუშვეს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას. დაცვის მხარის პოზიციით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. ბ–ს მიერ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტი. დაზარალებულმა ზ. ფ–მ სასამართლოს მიაწოდა არადამაჯერებელი ინფორმაცია, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ფაქტიურად სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიცემულ სავარაუდო ჩვენებაზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები არის აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო და არ არის უტყუარი და სანდო, რადგან მათ მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიწოდებულ ინფორმაციებს შორის არის აშკარა სხვაობები, წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან. შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი გულისხმობს მტკიცებულებათა შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ბ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათგან მომდინარე ფაქტების დადასტურება.

5.5. დაზარალებულ - ზ. ფ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ავტომანქანის აფეთქებიდან 2-3 წამში დაინახა ი. ბ–ე, რომელიც მანქანის გვერდიდან გამოვიდა და გაიქცა. მან იცნო ი. ბ–ე, რადგან იმ დღეს ჰყავდა ნანახი და დაიმახსოვრა მისი აღნაგობა და სახის მოყვანილობა. მსჯავრდებულის მამამ კი მას მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გადასცა 1400 ლარი. მან მეზობელს – ბ. გ-ს – განუცხადა, რომ ს. ბ–მ დაწვა მანაქანა.

5.6. მოწმე ბ. გ–ს ჩვენების თანახმად, მან დაინახა, რომ მისი მეზობლის - ზ. ფ–სის ავტომანქანას ეკიდა ცეცხლი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას ზ. ფ–მ უთხრა, რომ ავტომანქანა დაუწვა ი. ბ–მ. ავტომანქანის დაზიანების ფაქტი დასტურდება აგრეთვე მოწმე კობა მიროტაძის ჩვენებით.

5.7. 2022 წლის 19 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება) დგინდება, რომ „აუდი ქ 7“-ის მარკის ავტომანქანას ე.წ. ბამპერზე, მაშუქ ფარზე და საბარგულის თუნუქზე აღენიშნება დაზიანებები, კერძოდ გამურვის და ლღობის სახით, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ხანძრის გაჩენის შედეგად. „აუდი ქ 7“-ის მარკის ავტომანქანას ვიზუალური დათვალიერებით წინა მარჯვენა ,,ტურბინის პლასმასზე“, წინა მარჯვენა ფრთის ქვეშაგებში ე.წ. პადკრინიკის შუა ნაწილში, პლასმასის წყლის მცირე ავზზე ე.წ. „ბაჩოკზე“ აღენიშნება დაზიანებები, კერძოდ გამურვის და ლღობის სახით, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ცეცხლის წაკიდების შედეგად. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ზ. ფ–ე განმარტავს, რომ 2022 წლის 18 ივლისს იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში .............ის ქ. N..-ში რა დროსაც დაახლოებით 23:30 საათზე მან გაიგო ხმაური, რა დროსაც გამოიხედა თავისი საძინებელი ოთახიდან და დაინახა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანის მარჯვენა უკანა მხარეს იდგა ქ. ჭ–ში მცხოვრები მისი ნაცნობი ი. ას ძე ბ–ე და ხელში ეჭირა ცეცხლმოკიდებული რაღაც ნივთი. მან მანქანას მოუკიდა ცეცხლი და გაიქცა ..........ის N..-ში მდებარე კორპუსის მიმართულებით.

5.8. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის ს.ტ./№.......... დასკვნის თანახმად (უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება), ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტების და ს.ს. N ........... საქმის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ 2022 წლის 18 ივლისს ქ. ჭ–ში ტ–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი, ა/მ AUDI Q7 სახ. ნომრით .......... ხანძრის ფაქტზე: 1.ხანძრის გამომწვევი მიზეზია, ღია ცეცხლის წყაროს (ანთებული ასანთი, ანთებული სანთებელა) ზემოქმედება წვად მასალაზე. 2.ხანძრის კერა მდებარეობს ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს ბამპერის კუთხის ზონაში და წინა მარჯვენა მხარეს, საბურავის გუმბათის ზონაში, კერძოდ იკვეთება ერთმანეთისგან ურთიერთდამოუკიდებული, ერთმანეთთან მიზეზ შედეგობრივ კავშირში არმყოფი ორი ანთების წერტილი. 3. ექსპერტიზაზე წარდგენილ N.. გრუნტის ნიმუშს აღენიშნება ნავთობპროდუქტის კვალი.

5.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის N.......... დასკვნის (უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება) თანახმად, 2010 წლის გამოშვების „AUDI Q7“ მარკის და მოდელის სახ. ნომ. .......... ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა 2022 წლის 18 ივლისის მდგომარეობით შეადგენს - 2860 ლარს.

5.10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეფუძნება მხოლოდ სავარაუდო მტკიცებულებებს.

5.11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობს დაზარალებულ ზ. ფ–ს ჩვენების, ისევე როგორც ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი. დაზარალებულის ჩვენება არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით. ამასთან, იგი სრულად თანხვედრილია სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, ექსპერიზის დასკვნებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე