Facebook Twitter

საქმე N 010100121004694680

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1112აპ-23 30 იანვარი, 2024 წელი

გ. ბ., №1112აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. გ.(პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზარახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-ს მდებარე ბ. გ-სა და ბ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას, ბ. გ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით თანნაქონი თოფიდან გასროლით სახის არეში ჭრილობები მიაყენა ოჯახის წევრს, ძმას - ბ. გ-ეს, რის შემდგომაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით ბ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. გ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და მისთვის ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სეტქემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 28 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და მისთვის ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებენ ბ. გ-ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სასამართლო სხდომაზე ბ. გ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ბ. გ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, ბ. გ-სა და ბ. გ-ეს შორის მომხდარი დაპირისპირება გარდაცვლილის ინიცირებული იყო. მოწმე ბ. ყ-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს მას ბ. გ-ს სახლის მხრიდან მოესმა ყვირილისა და ჩხუბის ხმა. მისვლისას ნახა, რომ ბ. და ბ. გ-ი ჩხუბობდნენ, რა დროსაც ბ. გ-ს ხელში ეჭირა წალდი და იწევდა ბ. გ-ს დასარტყმელად. ბ. გ-ს კი წალდზე ხელები ჰქონდა ჩავლებული და ცდილობდა მის შეჩერებას. იგი შეეცადა ძმების გაშველებას, ჩადგა მათ შორის, მანაც ჩაავლო ხელი წალდს და ცდილობდა შეეჩერებინა ბ. გ-ე, რომელიც ემუქრებოდა ბ. გ-ს და წალდით მიიწევდა მისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ კონფლიქტის დროს ბ. გ-ე იმყოფებოდა თავდაცვით პოზიციაში. მას შემდეგ, რაც ბ. გ-ე გაერიდა ბ. გ-ს, ეს უკანასკნელი კვლავ ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას და წალდის სავარაუდოდ მოკვლის მიზნით დარტყმას. მოწმის განმარტებით, ბ. გ-ს სახისა და ხელების არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, დაჩეხილი ჰქონდა ხელები და სისხლი მოსდიოდა, როგორც ხელიდან ასევე სახიდანაც. ბ. გ-ს კი დაზიანების კვალი არ შეუნიშნავს. მოწმის განმარტებით, იგი კონფლიქტის დროს აკავებდა ბ. გ-ს და ბ. გ-სგან იდგა ზურგით. შესაბამისად, იგი ვერ დაინახავდა ბ. გ-ს მიერ თოფში ტყვიების ჩადებისა და სროლის ფაქტს. მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია რაღაც ნაწილში რომ არასარწმუნოა დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც. მოწმე ბ. ყ-მ განმარტა, რომ გასროლის დროს იგი ბ. გ-სგან დაახლოებით მეტრ ნახევარში იდგა, ბ. გ.- დაახლოებით მეტრ ნახევარში, აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ბ. და ბ. გ-ს შორის მანძლი იყო სამი მეტრი. ბრალდების მხარის დამაზუსტებელ შეკითხვაზე კი მოწმემ მანძილი დაახლოებით 1,5-2 მეტრამდე დაიყვანა. ექსპერტ ლ. ფ-ს ჩვენებით კი გასროლა, რომელმაც ბ. გ-ს სიკვდილი გამოიწვია არ შეიძლება 50 სანტიმეტრზე შორი მანძილიდან ყოფილიყო განხორციელებული, რადგან სხვა შემთხვევაში საფანტი მოასწრებდა გაშლას, ამ შემთხვევაში კი საფანტი ერთ მთლიან მასად იყო სხეულში შესული. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ მოწმე ბ. ყ-მ სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და იგი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. გასათვალისწინებელია მოწმეების - ნ. და ნ. გ-ს ჩვენებებიც, რომლებმაც დაადასატურეს, რომ კონფლიქტის წამომწყები იყო ბ. გ, რომელსაც საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის გაყოფის დროს უკმაყოფილება მოუვიდა ბ. გ., რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ბ. მუდმივად გამოხატავდა უკმაყოფილებას და ბ. გ-ს სთხოვდა ოჯახთან ერთად წასულიყო სახლიდან და სახლი და მიწის ნაკვეთი დაეტოვებინა მისთვის, თუმცა ბ. გ-ს მასთან მაინც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2021 წლის 16 აპრილს, საღამოს, დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ მათ გაიგონეს ხმამაღალი ლაპარაკი და ლანძღვა-გინება, გაიხედეს ფანჯარიდან და დაინახეს, რომ ბ. გ. მისული იყო ბ. გ-სთან, ხელში ეჭირა წალდი, რომელიც რამდენჯერმე მოუქნია ბ. გ-ს და ემუქრებოდა მოკვლით. ბ. გ. კი ცდილობდა მის ფოცხით მოგერიებას. ცოტა ხანში ბ. გ. გაერიდა ბ. გ., თუმცა ეს უკანასკნელი კვლავ მივიდა მათთან წალდით ხელში, გამოხატავდა აგრესიას, ყვიროდა, ბ. გ. ემუქრებოდა რომ მოკლავდა და მიიწევდა მისკენ წალდის დასარტყმელად. ისინი მოუწოდებდნენ ბ. გაჩერებულიყო, თუმცა ის არ ჩერდებოდა და იქნევდა ხელ-ფეხს, რომელიც სახეშიც ჩაარტყა ბ. გ-ს. ხმაურზე მათთან მივიდა მეზობელი - ბ. ყ., რომელიც ჩადგა ძმების შუაში და ცდილობდა ბ-ს დაწყნარებას, მაგრამ იგი არ მშვიდდებოდა და მიიწევდა ბ. გ-ს მოსაკლავად. ამ დროს ბ. გ. გაერიდა ბ. გ-ს, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც მიიწევდა მისკენ, ბ. კი ეუბნებოდა - წასულიყო. ამ დროს ნ. გ. გახდა ცუდად. ნ. გ. დაიხარა მის მოსასულიერებლად, რის შემდეგაც არაფერი დაუნახავთ, ნახეს მხოლოდ ძირს დაგდებული ბ. გ., რომელსაც სახეზე ჰქონდა სისხლი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა იყო გარდაცვლილი. ბ. გ., რომ ბ. გ-ს მოკვლას ცდილობდა დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ ბ. გ-ს აღენიშნებოდა უსწოროკუთხოვანი ნაფლეთოვანი ზედაპირული ჭრილობები, სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნაკაწრები. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის, წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დანარჩენი დაზიანებები კი განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ბ.გ-ს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ძმის - ბ. გ-ს მოკვლა, რა დროსაც ბ. გ.იცავდა თავს და თავდაცვის დროს გაუფრთხილებელმა გასროლამ გამოიწვია ბ. გ-ს გარდაცვალება. გარდა ამისა, ბ.გ-ს განზრახვაზე მიუთითებს მოწმე გ. გ-ს ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ მან შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა ბ. გ., რომელიც იყო ძალიან აგრესიული, ძმის - ბ. გ-ს მიმართ გამოხატავდა აგრესიას და ამბობდა, რომ ბ. თავისი ოჯახით უნდა წასულიყო სახლიდან, რადგან სახლი და მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მას. იგი არაერთხელ შესწრებია ბ. გ-ს მხრიდან ბ. გ-ს მიმართ აგრესიასა და მუქარას. მოწმე ზ. გ-მ კი დაადასტურა, რომ ბ. გ. რამდენიმე წელი ემუქრებოდა ბ. გ-ს სახლკარის გადაწვითა და მოკვლით თუ ის და მისი ოჯახი არ წავიდოდნენ სახლიდან. 2021 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ბ.-ს მუქარა და დაინახა, რომ მას ხელში ეჭირა წალდი. კასატორი ასევე უთითებს, რომ არასრულწლოვანი მოწმე - ნ. გ. საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. ამასთან, აღნიშნული მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმე ბ. ყ-ს ჩვენებას. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მოწმე ლ. ფ-ს ჩვენებით, გასროლა განხორციელდა დაახლოებით 50 სანტიმეტრის მანძილიდან, დახრილი ტრაექტორიით, ზემოდან ქვემოთ. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავს პირდაპირი დამიზნებით, განზრახ სროლას. სავარაუდოდ ძიძგილაობის დროს ორივე მათგანს ხელი თოფზე ჰქონდა ჩავლებული, რა დროსაც მოხდა შემთხვევითი გასროლა. ბ. გ-ს სანადირო თოფი თან ჰქონდა მხოლოდ ძმის შესაშინებლად და მისი აგრესიის შესაჩერებლად და არა მის მოსაკლავად. იგი იცავდა თავს, რა დროსაც მოხდა შემთხვევითი გასროლა. კასატორი ასევე უთითებს, რომ არასწორია ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბ. გ-მ შეგნებულად აიღო თოფი, რომელშიც ჩააწყო ტყვიები, შემდეგ განზრახ დაუმიზნა და თითქოსდა შურისძიების მიზნით მოკლა ბ. გ., თუმცა არავის დაუნახავს ბ.გ-ს მიერ თოფის აღების, მასში მასრების ჩაწყობისა და დამიზნების ფაქტი. შესაძლებელია სანადირო თოფში თავიდანვე ყოფილიყო მასრები მოთავსებული და ამის შესახებ არ სცოდნოდა ბ. გ-ს. მან თოფი აიღო შესაშინებლად, იცავდა თავს და იგერიებდა მოძალადეს, რომელიც ცდილობდა მისი სიცოცხლის ხელყოფას, რა დროსაც გაუფრთხილებლობით მოხდა ადამიანის გარდაცვალება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ. გ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ბ. გ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ბ. გ-მ ბ. გ-ს თოფიდან გასროლით სახის არეში მიაყენა დაზიანებები, მაგრამ არ ეთანხმება მსჯავრდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ ბ. გ-ს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა და იგი მხოლოდ თავს იცავდა, რა დროსაც გაუფრთხილებლობით მოხდა გასროლა, რამაც ბ. გ-ს სიკვდილი გამოიწვია.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის უფლებამონაცვლე - მ. დ-ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ბ. გ. იყო მისი მეუღლე, რომელსაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ბ. გ-სთან. მათი კონფლიქტის მიზეზი იყო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა, რის გამოც ისინი ფიზიკურად ხშირად ეხებოდნენ ერთმანეთს. კონფლიქტის დროს ბ. გ. შედიოდა ხოლმე სახლში თოფის გამოსატანად და ემუქრებოდა ბ. გ-ს. 2021 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, საიდან დაბრუნებულიც არ შეუშვეს ეზოში და უთხრეს, რომ მისი მეუღლე მოკლეს. გარდა ამისა, მას შვილებმა უამბეს რომ ბ. გ-მ სასტიკად მოკლა მათი მამა - ბ. გ.. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ასევე განმარტა, რომ მომხდარის შემდეგ მისი შვილები იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში, დღემდე ფსიქოლოგთან გადიან რეაბილიტაციას, არიან შიშის ქვეშ და ფიქრობენ, რომ თუ ბ. გ. საპყრობილედან გამოვა მათაც მოკლავს.

5.6. მოწმე დ. ბ. ჩვენებით კი ირკვევა, რომ ძმები გ-ბი არიან მისი მეუღლის მამის ძმისშვილები. 2021 წლის 16 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 18:00 საათისთვის, მას დაუკავშირდა ბ. გ. და უთხრა, რომ ძმასთან - ბ. გ-სთან ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი და მისულიყო მასთან, რაზეც უპასუხა, რომ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ ეცალა და თუ კონფლიქტი მოუგვარებელი იყო დაერეკა 112-ში, ან თვითონ უზრუნველყოფდა პოლიციის თანამშრომლების მასთან მისვლას. მას ბ. გ-მ უპასუხა, რომ პოლიციის დახმარებას არ საჭიროებოდა და გაუთიშა ტელეფონი. დაახლოებით ოც წუთში მან გადაურეკა ბ. გ-ს და ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდა დახმარება და პოლიციის ჩართულობა, რაზეც ამ უკანასკნელმა უთხრა უარი. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში პოლიციაში შევიდა შეტყობინება მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმის ბ. ყ-ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 16 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ყვირილი, რასაც თავიდან არ მიაქცია ყურადღება. ყვირილის გამძაფრების შემდეგ კი, გაიქცა ბ. და ბ. გ-ის სახლისკენ და ნახა, რომ უფრო ბ. გ-ს სახლის მხარეს ჩხუბობდნენ ძმები, რა დროსაც ბ. გ-ს ხელში ეჭირა წალდი, რომელზეც ჩაჭიდებული იყო ბ. გ.. იგი შეეცადა მათ გაშველებას და ცდილობდა ბ-ს წალდის წართმევას, მაგრამ ხელი ვერ გააშვებინა. ძიძგილაობის დროს ბ. გ-მ წალდს ხელი გაუშვა, თუმცა თვითონ კვლავ ცდილობდა ბ. გ-ს წალდის წართმევას, რა დროსაც მას ბ. უთხრა - „ბ. გავიდა თოფის გამოსატანადო“. სწორედ ამ დროს დაინახა, რომ მის ზურგს უკან თოფით ხელში გამოჩნდა ბ. გ., რომელიც გამოემართა მათკენ. იმ დროს, როდესაც ბ. ძალიან მიუახლოვდა მათ, მან წალდს ხელი გაუშვა და ინსტიქტურად გაიწია გვერდზე, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა. გასროლამდე იგი იყურებოდა ბ-ს მიმართულებით და სთხოვდა არ ესროლა თოფიდან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ წალდზე ჩაჭიდებულები ძმები ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. წალდზე იყო სისხლიც და ბ-ს ორივე ხელი ჰქონდა დაზიანებული. უფრო მეტი შეურაცხყოფა და აგრესია მოდიოდა ბ. გ-ს მხრიდან. გასროლის დროს ძმებს შორის მანძილი 1-1,5 მეტრი იყო. იგივე მანძილი იქნებოდა მასსა და ბ. გ-ს შორის. გასროლის დროს ბ-ს თოფი ბ-ს ტანსზევით თავისუფალ მდგომარეობაში ეჭირა. მას და ბ. გ-ს თოფთან შეხება არ ჰქონიათ. როდესაც იგი ძმებს შორის ჩადგა და ცდილობდა ბ-ს წალდის წართმევას, ამ დროს წალდის ბასრი მხარე მისკენ იყო მიმართული. მართალია კონფლიქტის დროს სახლის ეზოში იმყოფებოდნენ ბ. გ-ს შვილები, მაგრამ ძმების გაშველების პროცესში იყო მარტო, სხვა არავინ დახმარებია. მოწმის განმარტებით, გასროლის შემდეგ ბ. გ. ნანობდა, იყო ძალიან აღელვებული და ამბობდა „ეს რა გავაკეთეო“, ყველა იყო შოკირებულები. ჩხუბისას ბ. ცდილობდა ბ-სთან მიახლოებას და იყო აგრესიული, თვითონ კი ცდილობდა ბ-ს შეჩერებას. იმ დროს როდესაც ბ. გავიდა, იგი მარტო დარჩა ბ, რომელიც იყო აგრესიული, მაგრამ ბ-ს არ მისდევდა. მან ძალის გამოყენებით შეძლო ბ-ს მისი სახლის მიმართულებით მცირედით გაწევა. მოწმე კ. ყ-მ კი განმარტა, რომ 2021 წლის 16 აპრილს ბ. გ-ს სახლის ეზოდან მოესმა ხმაური. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ბ. იდგა ჭიშკრის შესასვლელთან, მისი ძმა - ბ. გ. კი ეგდო მიწაზე. ეზოში იმყოფებოდა ბ. ყ-ც. ბ. გ. ამბობდა ,,ეს რა გავაკეთე, ძმამ თავი მომაკვლევინაო“ და სთხოვდა სასწრაფოში დაერეკა, რომ იქნებ გადაერჩინათ.

5.8. არასრულწლოვანი მოწმის ნ. გ-ს ჩვენებით კი ირკვევა, რომ 2021 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მამამისი - ბ. გ. წაეჩხუბა ბ. გ-ს. ჩხუბის დროს, ეზოში შევიდა ბ. ყ-ც. ჩხუბისას ბ. გ. წავიდა თოფის გამოსატანად, რა დროსაც ბ.გ-მ უთხრა ბ-ს - ,,ეხლა ბ-მ თოფი უნდა გამოიტანოსო“, რაზეც ბ-მ უპასუხა - ,,მაშინ გავიქცეთო“. მას ბ. უთხრა ,,მთელი ცხოვრება თოფით მემუქრებაო“. ამ დროს ბ. გ-მ გამოიტანა და ტენიდა თოფს, შემდეგ ბ. გ-ს უთხრა ,,წალდი დაუშვიო“, რის შემდეგაც გაისროლა თოფიდან, რაც პირდაპირ სახეში მოხვდა ბ. გ-ს და სისხლმა „იშხრიალა“, მერე ბ. დაეცა. ამის შემდეგ ბ. გ-მ თქვა ,,სასწრაფოში დარეკეთო“. ბ. ყ-ძე იდგა ბ. და ბ. გ-ს შორის, წალდს ეჭიდებოდა და ეუბნებოდა ,,წალდი მე მომეცითო“. როდესაც ბ. თოფიდან ესროლა ბ. გ-ს, ამ დროს ბ-ს წალდი უკან ჰქონდა წაღებული.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ. გ-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ბ. გ. არის მისი მამა. მისი ოჯახის სახლსა და ბ. გ-ს სახლს აქვს ერთი შესასვლელი, საერთო ჭიშკარი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლის მეორე სართულზე, რა დროსაც მასთან შევიდა და - ნ. გ. და უთხრა გაიხედე ფანჯარაში, ხმაური და ჩხუბიაო. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ მან ფანჯრიდან დაინახა, რომ ბიძამისი - ბ. გ. იმყოფებოდა სახლის ზედა მხარეს არსებულ მიწის ნაკვეთზე და უყვიროდა ბ.გ-ს, რომელიც იდგა მისგან ოდნავ ზემოთ და ემუქრებოდა თუ სახლიდან არ წახვალთ, სახლს გადავწვავო. ბ. გ-ს ხელში ეჭირა წალდი და ბ-ს ფეხებთან ურტყამდა. ბ. კი ეუბნებოდა სახლში წასულიყო. მოწმის განმარტებით ძმებს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. ამის შემდეგ ბ. გ. მივიდა მასთან და სთხოვა საზღვარგარეთ მყოფ ძმასთან დაერეკა, რომელიც აგვარებდა ხოლმე მათ კონფლიქტს, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. რის შემდეგაც ბ. ჩავიდა სახლის პირველ სართულზე, სადაც ასევე ჩავიდა ბ. გ. წალდით ხელში და კვლავ აგრძელებდა ყვირილსა და წალდის მოქნევას. ბ. გ. ეჭიდებოდა წალდს და ცდილობდა თავის დაცვასა და დარტყმების არიდებას. ბ. გ. კი ფეხს და თავს ურტყამდა ძმას. ძიძგილაობაში გადაინაცვლეს ბ-ს სახლის ეზოს შუა ნაწილისკენ, რა დროსაც ხმაურზე და ყვირილზე მათთან მივიდა მეზობელი - ბ. ყ. ბ. კვლავ იწევდა ბ-სკენ, რომელსაც აგინებდა და ემუქრებოდა. ძმებს ძირითადად აშველებდა ბ. ყ, თვითონ კი დასთან ერთად სთხოვდა ბ-ს დამშვიდებულიყო, მაგრამ ამ უკანასკნელს არავისი ესმოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამ დროს მან დაკარგა გონება, ზურგით დაეცა ძირს და ვეღარ ხედავდა რა ხდებოდა, მაგრამ ესმოდა ყვირილის ხმა. გონზე მოსვლისას, დაინახა რომ ბიძამისი ძირს ესვენა, რომელსაც წალდი კვლავ ხელში ეჭირა, მაგრამ რა დაზიანებები ჰქონდა მიღებული არ შეუნიშნავს. ბ. გ. კი თავში ირტყამდა ხელებს. იმ დროს ყველანი იყვნენ შოკურ მდგომარეობაში და უჭირს ფაქტების გახსენება. სასწრაფოში დარეკვის მომენტში შენიშნა, რომ მამას ხელები ჰქონდა დაზიანებული, რაც დაიზიანა ბ. ჩხუბის დროს. მთელი კონფლიქტის განმავლობაში ბ. გ. მოკვლით ემუქრებოდა ბ. გ-ს. ბ. ყ.კი აკავებდა ბ-ს, რომელიც მიიწევდა ბ-სკენ.

5.10. მოწმე ზ. გ-ძემ კი განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური და გაიგო რომ მისი მეუღლე - ბ. გ-ძე ძმას - ბ. გ-ს ეუბნებოდა „წადი ბ. სახლში, დამანებე თავიო“. ამის შემდეგ ბ. შევიდა სახლში და სთხოვა დაერეკათ საზღვარგარეთ მყოფი შვილისთვის. ამ დროს, ბ. გ-ძე ყვირილითა და წალდით ხელში მიუახლოვდა მათ სახლს და აპირებდა შესვლას, რა დროსაც ბ-მ კვლავ სთხოვდა სახლში წასულიყო. ის და მისი ქალიშვილებიც სთხოვდნენ ბ. დამშვიდებულიყო, მაგრამ იგი არ მშვიდდებოდა. ძმები ნელა-ნელა გადავიდნენ ეზოს შუა ნაწილში, რა დროსაც მათთან მივარდა მეზობელი ბ. ყ-ძე. მოწმის განმარტებით, მას შვილმა - ნ. გ-მ უთხრა, რომ ნ. გ. გახდა ცუდად, რა დროსაც უცებ გაიგო სროლის ხმა, მაგრამ არაფერი დაუნახავს, რადგან იმყოფებოდა სახლში. ასევე არ დაუნახავს თოფი. კონფლიქტის დროს ბ. ბ-ს უყვიროდა წადით ყველანი და სახლი დაცალეთო. ასევე, ემუქრებოდა მოკვლით. კონფლიქტის დროს ბ-ს წალდი ვერავინ გამოართვა. ბ. გ. ფიქრობდა ბავშვებს არ მოხვედროდათ წალდი. ძმებს შორის უთანხმოებასა და შელაპარაკებას ადრეც ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნასვამები იყვნენ. კონფლიქტის მიზეზი მიწის ნაკვეთი და სახლი იყო. კონფლიქტის ინიციატორი ყოველთვის იყო ბ., რომელიც იძახდა, რომ პატარა ვარ და სახლი ჩემიაო.

5.11. მოწმე გ. გ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2021 წლის 16 აპრილს შემთხვევამდე ორი საათით ადრე შეხვდა ბ. გ-ს, რომელმაც უთხრა ბ. გ. უნდა გავაგდო სახლიდანო, მაგრამ არ უთქვამს მოვკლავო, აგრესიულად იყო განწყობილი. შემდეგ გაიგო, რომ ბ-მ მოკლა ბ.. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევამდე ათი დღით ადრეც უთხრა ბ., რომ ბ. უნდა გაეგდო სახლიდან და იმუქრებოდა მისი მისამართით.

5.12. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ბ. გ-სა და ბ. გ-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ბ. გ.ე წალდით ხელში იწევდა ბ. გ-სკენ, თუმცა ამავე ჩვენებებით საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაპირისპირების განმუხტვის მიზნით კონფლიქტში ჩაერია მეზობელი ბ. ყ., რომელიც ძმებს მოუწოდებდა შეეწყვიტათ ჩხუბი, თუმცა გარდაცვლილი არ ემორჩილებოდა მის მოწოდებას. იმ დროს როდესაც ბ. ყ. ცდილობდა ბ. გ-ს წალდის წართმევას, ბ. გ. განერიდა კონფლიქტის ზონას. ამასთან, ნ. ყ-მ განმარტა, რომ ბ. გ-ს ბ. გ. უკან არ დადევნებია. ამ დროს მან დაინახა, რომ ბ. გ. თოფით ხელში მიუახლოვდა მათ და თოფიდან ესროლა ბ. გ-ს. ის, რომ გასროლის ხმის შემდეგ ბ. გ-ს ცხედარი ეგდო მიწაზე ასევე დაადასტურა ნ. გ-მ, რომელსაც სროლის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა დაინახა იქვე მყოფი მამა - ბ. გ., რომელიც თავში ირტყამდა ხელებს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ გასროლის მომენტში ბ. გ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე აღარ ემუქრებოდა და იგი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამასთან, მხოლოდ ის, რომ ბ. გ-ს აღენიშნებოდა უსწოროკიდებიანი ნაფლეთოვანი ზედაპირული ჭრილობები, სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნაკაწრები, არ მიუთითებს მის აუიცლებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნას.

5.13. ის, რომ ბ.გ. გარდაიცვალა ბ. გ-ს მიერ მიყენებული დაზიანებებით დასტურდება მოწმე ლ. ფ-ს ჩვენებითა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნით, რომლებითაც ირკვევა, რომ ბ. გ-ს სიკვდილის მიზეზია - სისხლჩაქცევები ტვინის რბილ ქსოვილებში, მაგარი და რბილი გარსების ქვეშ, თავის ტვინის ქსოვილებზე ზეწოლით, სახისა და ქალის ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები, განვითარებული ზედა ტუჩისა და ცხვირის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, ბ. გ-ს სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი, არაუმეტეს 8 საათისა. ბ. გ-ს გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ზედა ტუჩისა და ცხვირის მიდამოში, ზედა ყბის, ცხვირის, ცხავისა და სოლისებური ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების ჭრილობის არხის მიმართულებით გადანაცვლებით, ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, ქვემოდან ოდნავ ზემოთ, მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ, ჭრილობის არხი სიგრძით დაახლოებით 11 სმ-მდე. მასიური სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის მიმართულებით რბილ ქსოვილებში, თავის ტვინის მაგარი და რბილი გარსების ქვეშ, თავის ტვინის ქსოვილების დიფუზური დაზიანებითა და სისხლჩაქცევებით. ნაჭდევები შუბლისა და ცხვირის მიდამოში. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ზედა ტუჩისა და ცხვირის მიდამოში განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვების (საფანტი) გასროლის შედეგად და წარმოადგენს შესავალ ხვრელს. გვამიდან აღებული კანის პრეპარატის სამედიცინო-კრიმინალისტიკური გამოკვლევით, სროლის თანხმლები ფაქტორები მიღებული ვერ იქნა. აღნიშნულისა და გვამის გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით, სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან, საფანტის კომპაქტური მოქმედების ზონაში. დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანება განვითარებულია სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში. ნაჭდევები ცხვირის წინა ზედაპირზე და შუბლის ზედა მარცხენა კუთხეში განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილამდე ახლო დროის მონაკვეთში, არ იმყოფება პირდაპირ კავშირში დამდგარ შედეგთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ნაჭდევი შუბლის მარჯვენა ქვედა კუთხეში განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილამდე შედარებით შორი (3-4 დღე) დროის მონაკვეთში, არ იმყოფება პირდაპირ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. გარდა ამისა, მოწმე ლ. ფ-მ დამატებით განმარტა, რომ დასკვნაში აღნიშნულია, რომ გასროლა განხორციელდა ახლო მანძილიდან, რაც ყველა ფაქტორის მხედველობაში (ჭვარტლის, დენთის კვალი ვერ იქნა მიღებული, მთლიანად საფანტი შესულია მხოლოდ ერთი ჭრილობიდან, საფანტმა ვერ მოასწრო გაშლა) მიღებით მოიცავს 50 სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე მანძილს. მიუხედავად იმისა, რომ გასროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან, ოდნავ ქვემოდან ზემოთ, თითქმის ჰორიზონტალურად - მიბჯენით გასროლას არ ჰქონია ადგილი. შორი მანძილიდან (2-3 მეტრი) გასროლის შემთხვევაში კი, აუცილებლად იქნებოდა დამატებითი ჭრილობები.

5.14. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N..... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ გამოსაკვლევი იარაღი (პაკეტი კოდით FCD) წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 16 კალიბრის გლუვლულიან, სანადირო დანიშნულების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ „3K“ მოდელის N თოფს. იგი ტექნიკურად გაუმართავია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. თუმცა ვარგისია სროლისათვის; გამოსაკვლევი თოფიდან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ; მოწმე ნ. მ-მა კი დამატებით განმარტა, რომ თუ იარაღი უძრავად დევს და მასზე არ ხდება რაიმე ზემოქმედება, რაც მყისიერ დარტყმას ან ბიძგს გამოიწვევს, გასროლა არ მოხდებოდა. ძიძგილაობის დროს თუ თოფის სასხლეტს ხელი არ გამოკარი ისე გასროლა არ განხორციელდება. მაგალითად თოფს თუ კონდახის მხრიდან მიწაზე მაგრად დაარტყამ, შეიძლება გავარდეს, ხოლო ლულის მხრიდან თუ დაარტყამ არ გავარდება. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი სასხლეტზე გამოკვრის გარეშე გასროლა ვერ განხორციელდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გასროლა ძიძგილაობის დროს შემთხვევით განხორციელდა. ამასთან, მოწმე ბიძინა ყურშუბაძის ჩვენებებით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ბონდო გორგილაძე თოფით ხელში გამოჩნდა, მასთან ახლოს არავინ მისულა, მათ შორის არც ბ. გ. და მათ შორის ძიძგილაობას ადგილი აღარ ჰქონია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ ბ. გ. მოქმედებდა ბ. გ-ს მოკვლის განზრახვით.

5.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე