Facebook Twitter

საქმე N 160100121004741300

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1050აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი

გ–ი ზ., №1050აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. გ–იი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსკ-ის) 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, კერძოდ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ზ. გ–ის სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თავის თანასოფლელ ა. ნ–სთან. 2019 წელს, ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია, ზ. გ–მა ა. ნ–ა წაიყვანა მ–ს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ტყეში საკუთარი ავტომანქანა „მერსედესით“, (სახელმწიფო ნომრით ............), მასთან სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით. სექსუალური კავშირის დამყარებამდე ზ. გ–მა, ა. ნ–სგან ფარულად, ავტომანქანის სალონში დაამონტაჟა თავისი მობილური ტელეფონი და ჩართო ტელეფონის ვიდეოკამერა. აღნიშნული გზით, მან უკანონოდ გადაიღო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილი იყო ა. ნ–სთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტი. ზ. გ–მა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი და ფოტოსურათები, სადაც ა. ნ–ა დაფიქსირებული იყო შიშველ მდგომარეობაში, უკანონოდ შეინახა საკუთარ მობილურ ტელეფონში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ზ. გ–ს მიერ ა. ნ–ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტი. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განაჩენით, ზ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ. გ–ს დამნაშავედ ცნობა, დანაშაულისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 7 მარტის განაჩენი ზ. გ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 28 ივლისს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. გ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ზ. გ–ს ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ დაზარალებულ ა. ნ–ს გამოძიებისას დაფიქსირებული პოზიციით, რომ მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ვიდეო ზ. გ–მა გადაიღო მისი ნებართვის გარეშე და არ უნდა გაეზიარებინათ მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რა დროსაც დაზარალებული არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში მის მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციას და განმარტა, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება მოხდა მისი თანხმობით. ბრალდების მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ზ. გ–ს ტელეფონში არსებულ ინტიმურ ფოტოებზე ა. ნ–ა იყო აღბეჭდილი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბარალდებით ზ. გ–ს გამართლების შესახებ და განმარტავს, რომ ადამიანის შიშველი სხეულის გამოსახულების და მისი სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა წარმოადგენს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, დაფარულია გარეშე პირთათვის და განეკუთვნება ადამიანის განსაკუთრებულად დაცულ პირად საიდუმლოებას. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს რა შემთხვევაში ითვლება პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვება უკანონოდ. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება გულისხმობს პირის წინასწარი ნებართვის გარეშე, მისგან მალულად, ამგვარი ინფორმაციის ასახვას ან აღბეჭდვას ფოტო/ვიდეო ან სხვა მასალაზე. დაზარალებულმა ა. ნ–მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ. გ–ს მიერ სურათების გადაღების ფაქტი, მათ შორის ზ. გ–მა ავტომანქანაში გადაუღო ტანზევით შიშველს, რაც მასთან შეთანხმებით მოხდა. შესაბამისად, ვინაიდან ვერ დადასტურდა ზ. გ–ს მიერ ა. ნ–სთვის პირადი სადუმლოს ამსხაველი ფოტოების უკანონოდ გადაღების ფაქტი მის ქმედებაში გამოკვეთილი არ არის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სასამართლოს განაჩენის დადგენის დროს უნდა ეხელმძღვანელა დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციით და არ უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოში მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N............ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ზ. გ–ს ბრალდებისათვის არარელევანტურია.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე